ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოპენის გოგონა
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2013


შოპენის გოგონა

ადგილი, სადაც მე მომკლეს, წინასწარ იყო მოფენილი ყვავილებით, მაგრამ თოვდა.
გადავწყვიტე თავს უფლება მივცე და ეს ამბავი დავწერო. აჰა ჩემო თავო, შენია ეს ფურლცები და წერე რაც თავში მოგივა...
ვწერ...
ვიწყებ ადგილით, სადაც მე მომკლეს და სადაც ბევრი ყვავილი იყო წინასწარ დაყრილი. ერთ-ერთ იასამნისფერ ყვავილში ფერია ცხოვრობდა და სახელად რატომღაც ფერია ერქვა. მას სახლი დაუნგრიეს, იმისთვის, რომ სიკვდილის წინ თავი მშვიდად მეგრძნო.
ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო. ადამი და ევა უკვე რამდენიმე ათასწლეულის წინ იყვნენ გარდაცვლილები, თუმცა, ჩემ მშობლებსაც ადამი და ევა ერქვათ. ხშირად შემიმჩნევია როგორ დარბოდნენ ოთახებში შიშვლები, ლეღვის ფოთოლიც კი ქონდათ აფარებული, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს საიდან შოულობდნენ.
გასუქდნენ, დაბერდნენ და დაიხოცნენ. დავრჩი მარტო, დამრჩა უამრავი გამხმარი ლეღვის ფოთოლი. მეც გავიხადე ტანსაცმელი და დავიწყე სირბილი ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე, ეზოში, ქუჩაში, საპირფარეშოდ ვაქციე ნაგვის ურნა, ავტობუსის გაჩერება, პოლიციის განყოფილება, მობეზრდათ ჩემი დაჭერა და აღარ მიჭერენ. მდიდარი ვარ, მაგრამ მაინც ყველა გამირბის. ამბობენ, რომ გიჟი ვარ. გიჟი ვარ?
ქალაქის სკვერში, ერთ-ერთ იასამნისფერ ყვავილში ცხოვრობდა გამჭვირვალე ფერია, ყვავილი კი დანამვდილებით ვიცი, რომ არ იყო იასამანი, მხოლოდ ფერი ქონდა მისი. თავს მეც გამჭვირვალედ ვგრძნობდი, ალბათ ამიტომ შევამჩნიეთ მე და ფერიამ ერთმანეთი. მას არც ჯადოსნური ჯოხი ქონდა და არც გოგრის გადაქცევა შეეძლო სამეფო ეტლად, ის უბრალოდ გამჭვირვალე იყო, იასამნისფერ ყვავილში ცხოვრობდა და მხოლოდ მე ვამჩნევდი მას. ორივეს გვიყვარდა კომიქსების კითხვა და ტინკერბელი.
და გამოჩნდა...
შიშველი, საშიში და მშვენიერი... შავ-თმიანი... ბოქვენთან წარწერა - Chopin Girl… შოპენის გოგონა...
ის მოგვიახლოვდა (ფერია არ შეუნიშნავს). დადგა ჩვენს წინ, თმა მკერდზე ქონდა ჩამოშლილი, მარცხენა მხარზე მზის ჭორფლები ეტყობოდა, მაჯაზე ტყავის სამაჯური ეკეთა PEACE სიმბოლოთი. ჩვენ არ გვიკვირდა ერთმანეთის სიშიშვლე. ის მე მიყურებდა, მე კი - მას.
დაიწყო ევროპული წვიმა. ჩვენს ფეხებთან წაილეკა წითელი ქვიშა, ფერიამ ჩემს ხელისგულს შეაფარა თავი. არ შეგვიცვლია პოზა, ამინდი ჩვენზე მეტად გაგიჟდა... გოგონამ თვალები დახუჭა და მთელი ამ დროის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა:
- ,,ეს შოპენია”, - თქვა მან.
წვიმამ გადაიღო, მე ავდექი, შევეხე მის ხელისგულს, - სველი, მაგრამ თბილი ქონდა, ფერია მხარზე დამაჯდა, გავუყევით ტალახიან გზას. ქუჩაში არავინ იყო, გვაკვირდებოდნენ ფანჯრებიდან, ცაზე მზე და მთვარე ერთდროულად ჩანდა, ღრუბელი გაქრა, მიწამ წყურვილი მოიკლა.
მე დიდხანს ვიფიქრე როგორ დამეწყო საუბარი და საბოლოოდ გადავწყვიტე საერთოდ არაფერი მეთქვა.
ნელ-ნელა მთვარე წინა პლანზე წამოიწია, ფეხებმა მიწის სიმშრალე იგრძნეს. მე თვალები დავხუჭე, ვიგრძენი როგორ გაცივდა და გაუხეშდა ჩემს ხელში მისი ხელისგული, ახლა უკვე მას ვეჭირე მე და არა პირიქით. თანდათან ნაბიჯს აუჩქარა, ხელზე ისე მომიჭირა, რომ მომინდა დამეყვირა, მაგრამ სადღაც შიგნით ჩავკალი ხმა, თვალები არ გამიხელია, მე მისის სახელიც არ ვიცოდი, მხოლოდ შოპენის გოგონა... ის უკვე გარბოდა სინათლეზე ოდნავ ნელა, მიმათრევდა, მეხეხებოდა ფეხები, ტკივილისგან ტკივილის შეგრძნება დავკარგე, გავხდი უწონო, უსხეულო და მთელი სამყარო შემოვიდა ჩემში...
პირველი, რაც დავინახე იყო ხეებზე ჩამოდებული ცა, დიდებული სურათია, თუმცაღა არაფერი სურათზე მეტი. ხელში საიდანღაც ჰალსტუხი აღმომაჩნდა. დავხედეთუარა გველივით შემომეხვია კისერზე, სახეზე წამოვწითლდი, თუმცა სუნთქვა შემეძლო. მოედო ჩემი სხეულის ყველა ნერვულ დაბოლოებას, შეძვრა ჩემს ტვინში და ნახა უამრავი სიბინძურე, ყველაფერი წაშალა და დატოვა სიბნელე განათებული წარწერით - ,,დუტ! მამა-მამა, არ შეიძლება!”
მიწა გაიპო და დავინახე ვულკანზე მოლივლივე ჩემი მაგიდა, ჩემი პერსონალური კომპიუტერი, ტელეფონი.
თითი დავატკაცუნე. გადავეშვი პირდაპირ ცეცხლში. როგორღაც მოვკალათდი სავარძელში, ფეხები ცეცხლის აბაზანაში ჩავყავი, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი, მივცურდი მაგიდასთან, კლავიატურას თითები მოვარგე, ღრმად ჩავისუნთქე ფერფლიანი ჰაერი და დავიწყე წერა:
- 1+1=2
- 2-1+1=2
- 2-(1+1)=0
- 2+0=2
- 2+0=20
- 20-2*2-(1+1) =14
- 14+2*44=102
- 102+3*3=111
- 123 321 456 654 789 987 111...
ჩვენ ვმუშაობთ გონებრივად, ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენ მოგვაქვს სიყვარული, სიხარული და სითბო, ჩვენ ვჭამთ, სხვასაც ვამჭმევთ, ჩველ კეთილი რასა ვართ, ჩვენ არ ვნადირობთ და არ ვღმუით, ჩვენ ბალახსაც არ ვძოვთ, თუმცა ნებისმიერ ასაკში ვწოვთ ერთმანეთს ძუძუს, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ბედნიერები ვართ, ჩვენ მოგვწონს გაოფლიანება და ოფლით გამომცხვარი ცხელი პურები, მოგვწონს ჯგუფური ვახშამი და ღეჭვის ხმა, გამოგვდის წყვილ-წყვილად ქორწინება, თუმცა სამ-სამად ჯერ არავის გამოსვლია, გვიყვარს უკულტურო თემებად ჩამოყალიბება და ვფართოვდებით შვილებად, შვილიშვილებად, ჩვენ საყვარელი არსებები ვართ და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს სხვა საყვარელი არსებების მოშინაურება, ის კი არ ვიცით, რომ პირიქით - ჩვენ ვუშინაურდებით მათ. ბევრია სამუშაო... ძალიან ბევრი...
- 1+1=2
- 2-1+1=2
- . . .
შევწყვიტე წერა... მიმოვიხედე ირგვლივ და დავინახე ჩემი უამრავი მე, ყველა ერთ პოზაში, წელში მოხრილი, სახე მონიტორზე მიყინული.
მე და ჩემი ყველა მე ერთად მივექანებოდით ვულკანური ჩანჩქერისკენ. ჰალსტუხების ბოლოებმა გრავიტაციის მიმართულება შეიცვალეს და როცა ჩვენი ნივთები უფსკრულში გადაიჩეხნენ ჩვენ მათზე ჩამოკიდებულები აღმოვჩნდით, ტელეფონის გადარჩენა მოვასწარი, იმ იმედით, რომ მერე ვინმე გადაგვარჩენდა მე და ჩემ დანარჩენ მეებს, ჰალსტუხები კი უმოწყოლად გვახრჩობდნენ, ჩვენ უმწეოდ ვფართხალებდით, ისმოდა ხროტინი, ზოგიერთი მაშინვე მოკვდა, ფეხები არცერთს არ გვქონდა შერჩენილი, მხოლოდ მუხლის ზედა ნაწილი, ირგვლივ შავი კვამლი გვეხვია და მომენტებში ცხელი მიწა გვეშხეფებოდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვიყავით, ასე ერთად და ამდენი არასდროს ვყოფილვართ.
ტელეფონში შემოსული ბოლო ზარი ავკრიფე, როგორღაც ყურთან მივიტანე, ავტომოპასუხემ მიპასუხა:
- აირჩიეთ კომპოზიტორი, რომელსაც სიკვდილის წინ მოუსმენდით: 1. შოპენი, 2. შოპენი, 3. შოპენი...
                                                          ****
- ისევ შენ?
- ისევ მე.
- ისევ შიშვლები ვართ?
- ისევ...
- ვინ ხარ?
- შოპენის გოგონა.
- მთელი ეს ჰოლივუდური სპეცეფექტები ჩემთვის არის?
- ჰო.
- გინდა რომ შევიცვალო?
- ჰო.
- კარგი.
- კარგი.
                                                              ***
კუნძული.. ვცდილობ დავიჭირო რადიო-სიხშირეები.. ერთდროულად მესმის აფრიკული როკვა და ჰავაური მელოდიები.. ჩემს თავზე დაფრინავენ ბუზები და მათ  ზემოთ თვითმფრინავები, -  მიჭირს  გარჩევა. მზის სხივმა ღრუბელი გამოხია და პირდაპირ ჩემკენ გამოექანა.. ვხედავ ოქროსფერთმიან ფრთიან თავის ქალას, გოგონაა, დაფრინავს ჩემს ირვლივ და თბილად მიღიმის, ის მიცნობს, მე კი მეცნობა მხოლოდ. ჩემი შვილი?
  - გაიღვიძე მამა..
- შენ ჯერ არ დაბადებულხარ.
- შენ დაბადებულიც არ იყავი მე რომ დავიბადე მამა, ახლა კი დროა გაიღვიძო.
სითხეში ვარ.. ვფეთქავ.. უნდა ვიხრჩობოდე, მაგრამ არ ვიხრჩობი. მგონი მხოლოდ გული ვარ. ვიზრდები.. უკვე თავიც მაქვს.. ფეხები.. ეს რაღაც გაუგებრობაა..  ოთხი ფეხი მაქვს და არცერთი ხელი. უკვე ხმები მესმის.. ჭექა-ქუხილს გავს..  სულ უფრო ვიწროვდება კედლები, თუ მე ვფართოვდები? გარედან სითბოს ვგრძნობ.. წყლის დონე იკლებს და მეც მექაჩება. მგონი ვიბადები..
დავიბადე..  ვცდილობ ფეხზე წამოვდგე, ნელ-ნელა თვალებში კადრი სუფთავდება, - ჩემ წინ თეთრი ცხენი წევს, თავზე ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა ადგას  და რაღაცას ეჩურჩულება.
სხეულზე ძლიერ სუნთქვას ვგრძნობ,  პირველ ნაბიჯებს ვდგამ, აი უკვე დედას ვუყურებ თვალებში, - ცრემლიანი აქვს. გოგონა თავზე მზრუნველად მისვამს ხელს და მეუბნება:
  - დაბადების დღეს გილოცავ მამა..
***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები