ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2013


ქალი წარმოსახვა

ქალი დაწყევლილი ნაყოფისარ გამოსაღებად.უკუნითი უკუნისამდე.
სახე სალუქი. საშუალო. თმები მისი ხვეული და ჩახლართული
გზაა ცხოვრების.
ხშირი და ტევადი. ფერით ჟანგი. ღერების ბოლოს ზეთი და ვერცხლი.
ეტყობა , რომ პატრონს არ დაუკლია ცდა პირველსახის შესანარჩუნებლად.
საქციელი ქალური. პრიმიტიული. ბრძოლა ასაკთან. უიმედო ომი.
შუბლი მისი მდელო უდაბური. უმოსავლო. გაუხარელი.
მაღალი და შორს გატყორცნილი. გვალვა გადავლილი ოდნავ.
შიგ მჭიდროდ გამოკრული კაპილარები , გველები ცისფერი.
დაუკვირვებელ თვალისათვის ნაოჭები.
წარბები ყავის. კატაბარდა. უფრო მეტად ახლად გასხლულ ვენახის იერით.
დახრა და შუქჩრდილებში მოჩვენებები.
ქუთუთო მიწისფერი.
წამწამები თოვლით დახრილი ტოტი.
დამძიმებული. დღენიადაგ სურმეს გარეშე.
ჭრილები ღრმა. ახლო. მოგაგონებს ძირით აზიელს. ცრემლისთვის ჭა.
ყვრიმალები , ბორცვები მთისკენ მიმავალი.
ღაწვები შეფაკლული , ხშირი ავადმყოფობისგან , ციებისაგან ,
მეტად კი დაურიდებელი მზერისგან.
ყურები ახლად დაჭერილი , პირგახსნილი მოლუსკები.
ზედ კულულები ჩამოყრილი საფეთქლამდე გაყოლებული.
ცხვირი მოკლე და სწორი. ოდნავ აპრეხილი.
წინასწარ იძლევა პასუხს ყოველ შეკითხვაზე.
ცხვირთან მარცხნივ მეჭეჭი , თითქო ხის ქვეშ ამოსული სოკო.
ტუჩების ზედა ფენა , დაყრილი თეთრი ბუსუსებით. მიმზიდველი.
არასოდეს ნერვიული. უფერული. ტუჩსაცხის უკუგდება.
დახეთქილი. სურნელი სისხლის. თითქოს წვიმისგან აყრილი ქვაფენილი.
კოცნისას ბროწეული , კბენისას ხმა , როგორც ჩვენში იცის კრახუნამ.
პირის გახსნა , შეშუპება სახის.
კბილები , სიმინდის მარცვლების მწკრივი.
ზედ გადაფქული ნამქერის რია - რია.
ყველაფერი ბუნებრივი. პირველყოფილი.
ყელი , სვეტი მარმარილოსი , სივრცეში აწეულ გუმბათის დასაჭერად.
მხრები ოვალი. ტანწყობა. ჰარმონია სრული.
მკერდი , ორი რუ თუ ნაკადული , დაუშრეტელი წყარო უკვდავების.
გულ - მკერდი სითხის რეზერვუარი. მთელ სხეულში გამტარი პულსის.
ნეკნები , ძლიერ ჩასუნთქვისას შემხმარი კანზე , წააგვანან ზიქურათს.
მუცელი , აქლემის ტყავი დამუშავებული. დაორთქლა და აშლა პურის ყანის.
ხელები , თხელი ხმელი წკნელებით გადმოგრეხილი.
მტევნები მომცრო , რბილი ბალიშებისაგან შემდგარი.
ტოვებენ შთაბეჭდილებას მარილიან წყალში დიდხანს ნამყოფის.
დაღლილობის საწოლი ნაკვთთა.
ფრჩხილები ულაქო. ნუნები მქრალი. კრთომა უმიზნო და უნებლიე.
ხელის გულები დაწნული ხეტიალით. რწმენა მიუწვდომლის. შინაგანი.
ფეხები , ყალიბით კვერთხი მბრძანებლისა.
სხეული მოქნილი , შესაშური ნებისმიერისთვის კატისებრთა ოჯახიდან.
ტერფები დაღმართები. ქუსლები იშვიათად. მეტწილად დაბლები.
მიმიკა ორიგინალი. თქმა თვალთმაქცი. ტონი ქედმაღლური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები