ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუზზი ბუ
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2013


ძალიან მათემატიკური წერილი ლოგისტიკაზე და ინტერიერის დიზაინზე ბიძია-სან ჰარის, იაპონიიდან

ბიძია -სან ჰარი,
ჩემი აივანი გამოშიგნული აგურითაა აწყობილი. სიმაღლეში სამი ფენაა, ჰორიზონტალურად თორმეტი კუბიკი. მარცხნიდან მეშვიდესა და მეექვსეს შორის თუ დაჯდები, საღამოს მზე ორად იყოფა. ბოდიში დაგვიანებული წერილისათვის, რამდენჯერ დაგპირდი და  გადაგაგდე. არ იფიქრო დამავიწყდი, ან მოსაყოლი არაფერი მქონდა, უბრალოდ, ამ ბოლო დროს, ძალიან გრძელი „ბოლო დრო“ რომ გამომივიდა,  შეგრძნება მაქვს, რა წინადადებაც არ უნდა დავწერო, გაუმართავია სტილისტურად და უკიდეგანოდ მოსულელო. ახლაც აივანზე ვიჯექი და ვეწეოდი. საერთოდ აივანზე მოწევა აკრძალულია, საერთოდაც მოწევა კლავსო ამბობენ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი,  წერა რომ კლავს მოწევის გარეშე. სულ მაინტერესებდა, თავი რომ დაანებე ამ სიგარეტს, პირიც დაანებე ? თავპირდანებებული როგორ წერ ნეტა. ჰოდა, ასეთი თორმეტი კუბიკი მაქვს აივანზე, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, არადა, ერთი შეხედვით თორმეტივე ერთნაირი გეგონება. აი, მაგალითად პირველში რომ გიხედო, ვერაფერს დაინახავ, მეორედან მეზობელს თუ აქვს საერცხი გაფენილი, შეგიძლია ახლოდან შეათვალიერო როგორ ტრუსიკებს ხმარობს და ნასკებზე თითი თუ აქვს გამოხეული, მესამედან აუზი ჩანს, სულ მეგონა აუზი რომ ასე ახლოს მქონოდა კვატივით წყალში ვეგდებოდი და ლაყუჩების ამოსვლაზეც კი შეიძლებოდა დაფიქრებულიყო კაცი, მაგრამ სულ სამი-ოთხჯერ თუ ავწიე ტრაკი და ერთი-ორჯერ ჩავყირყუმელავდი კიდეც. მერე მოტივტივე ბეწვი დავინახე და იმის მერე ფეხი არ ჩამიდგამს. მეოთხის დანიშნულება ჯერ ვერ გავარკვიე, სამაგიეროდ მეხუთეა ძალიან მნიშვნელოვანი - მაგის გვერდით მეექვსეა და მეექვსეს მერე მეშვიდე, მაგათ შუა თუ გაიხედავ, ნახევარ-ნახევარი მზეები ამოდიან და ჩადიან ოკეანეში. 
ახლა ისევ შემეპარა ეჭვი იმაში რაც დავწერე. განა იმიტომ რომ რამეს ვიტყუები, უბრალოდ დამავიწყდა კარგი და საყვარელი აზრები საიდან იჩითებოდნენ ხოლმე ჩემს ორგანიზმში. ჩემს მეგობარს ვთხოვე გადახედე მეთქი და მობილიზაცია უნდა მაგასო. რად უნდა ნეტა მობილიზაცია ასეთ აბდა-უბრა წერილს? თუ აბდა-უბდა წერილებს უნდათ მობილიზაცია და მობილიზებულ წერილებს აბდა-უბდა ხასიათი ? ამ ბოლო დროს იმდენ სისულელეზე ვფიქრობ და ვაკეთებ, ხანდახან მერევა რა ვიფიქრე და რა გავაკეთე. საქციელები ფიქრებივით რომ გაგიხდება ან წმინდანი უნდა გამოხვიდე რომ გაიზრდები ან წითელი ფანრების ქუჩაზე უნდა დაიდო ბინა საბოლოოდ.  უკანასკნელად,  რომ მეგონა თავზე შარავანდედი მიჭერდა, აბადოკი აღმოჩნდა და კია აქვე ახლოს ის ქუჩა...  თორმეტ დოლარამდე უნდა ტაქსს იქ მისასვლელად და ვინძილო პირველივე თხუთმეტ წუთში ამოიღო დანახარჯი და თუ გაგიმართლა შეიძლება მოგებაზეც წახვიდე.
შევეშვათ ახლა ამას...
რა გაინტერესებს აბა მითხარი ? აივანზე უკვე მოგიყევი, ოთახის ფსიქოლოგიურ დახასიათებაზე გადავალ: მაქვს ერთი სკამი და საწერი მაგიდა... აუჰ, ახლა რომ დამეყოლებინა ამ წერილს საბეჭდ მანქანაზე ვკრეფ და ფეხზე ვდგავარ მეთქი, შეიძლება მეც დამეჯერებინა ჰემინგუეი რომ ვარ, გამოკოპიტებული, მაგრამ აგერ გათხლაშული ვარ ჩემს ერთადერთ საწოლზე, ლეპტოპი მაქვს მუხლებზე წამოცქვიტებული და გამალებით ვცდილობ გავიხსენო, ჩემი ჩიპსების უკანასკნელი პაკეტი, გუშინ შევიწირე თუ ისევ უჯრაშია გამოჭიმული.
ახლა რომ გითხრა სკაიპით ედგარ ვიბომ დამირეკა მეთქი, დამიჯერებ ? მთვრალი იყო მგონი. არ გაცლიან რა ლიტერატურულად მოთქმა-გოდებას.
ჰო, კიდევ ტელევიზორი მაქვს, რომელიც არ ჩამირთავს და კონდენციონერი, რომელიც არ გამომირთავს.
კარიც, რომელზეც ახლა აკაკუნებენ და ეს ლოჯისტიკური აღწერა უნდა შევწყვიტო. მთავარია რომ პირველი წერილი მოგწერე, პირველი წერილის მერე, მეორე და მესამე წერილები ადვილად უნდა დაიწეროს წესით... ყველაფერში ეგრეა პირველის მერე და რაღა ეს იქნებ გამონაკლისი.
მიყვარხარ ბუძია-სან ჰარი და ჰარი-სან ბუძია,
მზესავით ხარ, ჰომ ხედავ?
შუაზე გაგყავი.
ველი პასუხს,
შენი ძმიშვილი სიუ-სანი ))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები