. "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?" გვეკითხება ილია. ეს სამი საუნჯე მართლაც ღვთაებრივია, როგორც უფალია სამი და ამავდროულად ერთი, ისეა ჩვენი საუნჯეებიც, ერთმანეთის გარეშე ისინი ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ სიწმინდეს და ვერ იარსებებენ, სამი რამ არის გაერთიანებული ჩვენს სამშობლოში, ენა, მამული და სარწმუნოება. ზუსტად ამ სამშობლოს შენარჩუნებისთვის იბრძვოდნენ და იხოცებოდნენ ჩვენი საამაყო წინაპრები და ჩვენ რა უფლება გვაქვს შევწყვიტოთ, არ გავაგრძელოთ სამშობლოს შენარჩუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლა. "სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი." ამბობს ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. მართლაც საცოდავია ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სამშობლო, ანუ ენა, მამული და სარწმუნოება, სამშობლოსთვის მსახურება ხომ ყველაზე დასაფასებელი სამსახურია, მას კი არ შეუძლია ემსახუროს მას, არ შეუძლია ცხოვრება შესწიროს თავის სამშობლოს და ბოლოს მოკვდეს ამაყი, ბედნიერი და მისი სახელი სამუდამოდ დაიმახსოვრონ თავისმა მემამულეებმა, გაიხსენონ და იამაყონ მისით. მოსიყვარულე შვილს თავისი მშობელი უყვარს მთელი გულით, არა იმიტომ, რომ მისი მშობელი საუკეთესოა, იმიტომ, რომ ის მისია, მისგან მოდის, მის მუცელში შეიქმნა და მისი ორგანიზმიდან იკვებებოდა. სამშობლოს სიყვარული ძალიან გავს მშობლის სიყვარულს, ადამიანი, რომელიც დატოვებს თავის სამშობლოს და სხვა ქვეყანაზე იტყვის, ესაა ჩემი სამშობლოო, ვერც იმ ქვეყნის ღირსეული შვილი იქნება. უფალი გვეუბნება, რომ სხვაც ისევე უნდა გვიყვარდეს როგორც ჩვენი თავი, მაგრამ როგორ შევიყვარებთ სხვას, თუ ჯერ ჩვენი არ გვიყვარს?! როგორ ვუერთგულებთ სხვას, თუ ჩვენის ერთგულები არ ვართ?! მართლაც დაბადებიდან დაჰყვება ადამიანს სამშობლოს ვალი, რომელსაც მთელი ცხოვერების მანძილზე ვერ მოიხდის. როცა ჩვენ ვიბადებით საქართველოში, ქართულ მიწაზე, შევიცნობთ მის მრავალსაუკუნოვან, სისხლით დაწერილ ისტორიას, გავიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ, სისხლს ღვრიდნენ და იხოცებოდნენ ჩვენი წინაპრები იმისთვის, რომ ჩვენამდე მოეტანათ ენა, მამული და სარწმუნოება, ვხვდებით, რომ ჩვენი ყველა სურვილი, ადამიანური ამაოება უნდა შევწიროთ ღვთიურ საუნჯეებს, რომელიც დაგვიწესა ილიამ და მთელი ცხოვრება მათი ერთგულები უნდა ვიყოთ, საქმით, სიტყვით და გონებით, და ესეც არ კმარა, ჩვენი ბოლო წერტილიც, რომლის დასმის დროსაც ყველაზე მშვენიერია ადამიანი, ბოლო ამოსუნთქვაც კი სამშობლოსი უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ადგილი დავიმკვიდროთ იმ წინაპრების გვერდით, რომელთა ცხოვრებამაც გვაჩვენა ყველაზე დასაფასებელი სამსახური, სამშობლოს მსახურება. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, წამიერ სიცოცხლეს და მარადიულ სიცოცხლეს შორის ზღვარს ზუსტად ამ გზით გადავალთ, ყველა თავისებურად, ზოგი მამულს შესწირავს თავს, ღონით და მოხერხებულობით, ზოგი ენას, განათლებით და სიბრძნით, ზოგი კი სარწმუნოებას, ლოცვით და რწმენით, მხოლოდ ასეთი გზის გავლის შემდეგ შეგვეძლება შევხვდეთ წინაპრებს და სიამაყით ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ მოვიხადეთ ვალი სამშობლოს წინაშე და დავიმსახურეთ მათ გვერდით გავატაროთ მთელი უსასრულობა, მარადიულობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|