ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2013


გაგრძელება იქნება?!

1.
… და ვინმეს თუ უფიქრია, რა არის მზის მეორე მხარეს?! ღამეა?! ბნელა?!
სიჩუმეა?! იქნებ სულაც დღეა, სინათლეა და მუდამ მხიარულებაა… თუმცა ჩვენ იქ ხელი არასდროს მიგვიწვდება, ჩვენი ვერცერთი ნაბიჯი ვერ მიაღწევს მზის მეორე მხარეს... რა გვესაქმება იქ?! როცა მზის აქეთ მყოფთ ვერ გაგვიგია რაობა.. ვერ გაგვიგია, რა გვჭირს… რა გვჭირდება ... რა გვტკივა...
იღება კარი. დღეს, ალბათ, უკვე მერამდენედ... ენაჩავარდნილი კაცი ფორიაქისგან ვერ ჩერდება, ბორგავს. შუბლზე უფრო და უფრო ხშირად იდებს ხელს. მისი ნერვიული სახე მის გამოუცდელობაზე მეტყველებდა. ნათელი იყო, რომ პირველ შვილს ელოდებოდა. ოთახში, სადაც, მოლოდინით სავსე მომავალი მამა იდგა, კიდევ იყვნენ კაცები, რომლებიც წყნარად ისხდნენ მისაღების ჟანგიან სკამებზე. ისე ვნებიანად და დამაჯერებლად აბოლებდნენ სიგარეტს, რომ სავარაუდო იყო, მათი გამოცდილება შვილის მოლოდინის ყოფნისას.
კაცი ბორგავს და ცოლზე ფიქრობს, ცოლზე, რომელიც, უიმედობით გაჟღენთილი, სამშობიარო კაბინეტში აღმოჩნდა. გოგონას ლამაზი ნაკვთები ახალგაზრდა ექიმს აბნევდა, თითქოსდა თავისი გასაჭირი არ ჰყოფნიდა მომავალ დედას, რომელმაც არც კი იცოდა, ნახავდა თუ არა შვილს. მისი პრობლემა ვერცერთმა ექიმმა ვერ გაარკვია, ალბათ, მზის მეორე მხარეს თუ იცოდნენ ამ სიავის ამბავი.
ბავშვი დაიბადა. ექიმს კი ჯერ თვალი არ მოუცილებია დედის ნაკვთებისგან, რომლებსაც ნელ-ნელა ნაცრისფერი ეპარებოდა სახეზე. ექთნები დაესივნენ ახლადნამშობიარებ დედას. დედა კი, თავისდაუნებურად, კარგავდა ოთახის სინათლეს თვალებში. ექიმები ვერაფერს შველიდნენ, ყველაფერი აერ-დაერიათ. კაბინეტში ქაოსი იყო. ახალგაზრდა გოგო ღიმილით ემშვიდობებოდა მზის აქეთ მყოფთ, რომლებიც ვერასდროს დაინახავენ მის ღიმილს. მისმა ბაგეებმა, ყველა მსმენელისთვის, მთელი ცხოვრების საფიქრალი კითხვა დატოვა.
- მე წავედი.
- და გაგრძელება იქნება?
  პასუხი არავინ, თუ ვერავინ გასცა...
წუთები გადიოდა, ექიმები კი მდუმარე სახეებით, უსიტყვოდ, ალაგებდნენ ყველაფერს თავის ადგილას, ზედმეტი ბარგი უკვე დაბინავებული ჰქონდათ.
მამა, კვლავ ამბის მოლოდინში, იკვნეტდა ტუჩებს. ირგვლივ რამდენიმე მეგობარი ეხვეოდა, რომლებსაც ვერ გაეყოთ, ვინ იქნებოდა ნათლია. ნათესავებს შამპანური ჰქონდათ მომარჯვებული, იმისთვის, რომ ხმაური აეტეხათ მზის აქეთ მყოფებში. მახარობელი იგვიანებდა, მას დღეს უჩვეული როლი ჰქონდა შესასრულებელი, მისი სახელი მის სიტყვებს ეპაექრებოდნენ...
ქვრივი მამა ვერავის ხედავდა. ეს მტანჯველი ნერვიულობა უკვე ხასიათში გადასდიოდა და აი – „მახარობელიც“ გამოჩნდა.
- გამეზარდაშვილის მამა რომელია? მეგობრებმა ყვირილი ატეხეს. ქვრივი კი, ნერვიულობაში გართული, დროებით დაყრუვდა.
- გამეზარდაშვილის მამა რომელია? - კითხვა გაიმეორა.
- მე, მე ვარ!
- გთხოვთ მობრძანდეთ. და თავის ოთახისკენ მიიპატიჟა.
და უცებ მამას ყველაფერი თავზე დაემხო. მისი ტკივილი მზესაც კი მისწვდა, თუმცა არ გადასცდენია. მიხვდა, რომ ყველფერი ისე მოხდა, როგორც მზის ჩვენს მხარეს ეკუთვნის და როგორც თვითონ ფიქრობდა გულში.
- ნუ... ძალიან გვიჭირს თქვენთვის ამ ამბის შეტყობინება, მაგრამ მოვალენი ვართ, ყველაფერი მოგახსენოთ.
- დიახ, გისმენთ. თქვეს მამის ტუჩებმა, მამა კი იმ წუთიდან იქ აღარ იყო.
- ბავშვი ცოცხალია, თუმცა მის ჯანმრთელობაზე ექიმი მოგახსენებთ. თქვენი მეუღლე კი...
ექიმების მოლოდინი არ გამართლდა, ქვრივი მამა ფეხზე იდგა და ისეთივე სახით იყურებოდა, როგორითაც  მეუღლე მოიყვანა აქ. ამ დროს კი ექიმი ჩაერთო საუბარში.
- თქვენი მეუღლე გარდაიცვალა... შეგიძლიათ, ხვალვე წაიყვანოთ.
ექიმს  გაუმართლა, რომ მამა იმ წუთებში იქ აღარ იყო, მისი ფიქრები დედამიწის ყველაზე ნაგვიან კუთხეში ეყარა.


2.
ოთახში დიდი მთვარეა, იმხელა, რომ მეც კი გამიკვირდა, სევდით გადაღლილს... სულ თეთრია და მისი ნაზი ნაოჭები ახლა უკვე მახინჯათ მეჩვენება. საწოლი თბილია, თუმცა ამას მხოლოდ ლოგიკით ვხვდები, რადგან ჩემი ცხოვრებიდან სითბო უკვე სამუდამოდ წავიდა... წავიდა და ახალა უკვე შავ-თეთრი სურათიდან მიმზერს. ყოველ შეხედვაზე მეღიმება. საოცარია, არა?! გადის წუთები და ველოდები, როდის გამაღვიძებს ჯენეტოს გამაყრუებელი ტირილი ან ჭყავილი. შემდეგ მეც დავასწრებდი წამოდგომას ჩემს ლამაზნაკვთებიანს და ბედნიერი სახით ჩავიწვენდით შუაში. გამიფრინდა, გამიფრინდა ჩენი ოცნება, ჩემი ამოსუნთქვა. ვიცი, რომ ხელები არასდროს გამიცვდება მარმარილოს ფერებით. ხელები, რომლებითაც ამდენი ხანია ვცდილობ, ჯენეტოს ვატკინო ფეხები ან ხელები, თუმცა ვერა და ვერ შევძელი...
უბედური ვარ, უბედური... ბედნიერება ნეტავ სად არის?!.. ომში ნაომარივით წამომახტუნებს ძილში ეს ფიქრები და საკუთარ თავს ვაწყნარებ ხოლმე... ახლა დამშვიდდი და ნურასდროს დაიწუნებ ცხოვრებას. ძილში მაინც ვიყო ოპსტიმისტი. ტირილი მაღვიძებს. მეც წამოვფრინდი, ჩემი ვითომ თბილი საწოლიდან და ჯენეტოს ორივე მხრიდან ხელები მოვკიდე, გულში მაგრად ჩავიხუტე და ცივი საწოლიდან ერთად ჩავაცქერდით შავ-თეთრ, მაგრამ ულამაზეს ნაკვთებს.. ჯენეტო აღარ ტირის, აღარც ხელი მაქვს დამძიმებული, აღარც სუნთქვა მესმის და ისევ სიზმარი, დამცინავი სიზმარი, კიდევ ერთხელ დამცინა ღმერთმა.
ჭრიალა კარი შევაღე, ყოველ დღე იმ იმედით ვაღებ, რომ უკანასკნელი იქნება, მაგრამ... რამდენი თანამშრომელი და პაციენტი გამოიცვალა ამ საავადმყოფომ, მაგრამ ჯენეტო მაინც აქაა. სახელი ჯენეტო ჩემში ყოველთვის მებრძოლ ხასიათს წააგავდა და ამიტომაც დავარქვი ჩემს შვილს, რომ ებრძოლოს ცხოვრებას, თავისთვის და ჩემთვის. შევდივარ ჯენეტოს ოთახში და ყოველ დილას თვალდაჭყეტილი მხვდება. ექიმის სიტყვები უკვე სასაცილოს ჰგავს, რომ ორ თვეში შემეძლება მისი წაყვანა.
ჟენეტო უკვე დიდი ბიჭია. მალე, ალბათ, ჩურჩულსაც დაიწყებს და მკითხავს – „დედიკო სად არის?“ - ასეთი ფიქრებით ვიტკიებ გულს, ჯენეტოს ოთახში მჯდომი, თითქოს ჩემი ტკივილი საკმარისი არ იყოს.
მის  ოთახში მხოლოდ ფანჯარაა საინტერესო, რომელსაც დილიდან საღამომდე ჩასცქერის. ჯენეტოს კიდურები წართმეული აქვს და ორი წელია, ერთსა და იმავე ჩარჩოს უყურებს. საინტერესოა, რა ჩანს მისი თვალებიდან, რას ხედავს გარეთ ამ ორი ნაძვის და ცის გარდა... თუმცა ყველაზე საინტერესო რაც კი მინახავს, ეს ცისფერი ცაა... ჩემთვის იქ ახლა უკვე ყველაფერი ჩანს. ვნატრობ იმ დღეს, რომ მე და ჯენეტო ერთად მივხურავთ ამ გადაღლილ კარს და ჩვენი უბედურებით ვიბედნიერებთ.         
3.
ჟენეტო გაიზარდა, მაგრამ მის ოთახში არც ფანჯარა  გამოცვლილა და არც ფარდები. მეც იგივე ვარ, რაც ვიყავი, ისევ სევდიანი. შეიცვალა მხოლოდ მისი ფიქრები, ალაპარაკდა კიდეც. იმ ფანჯრიდან უკვე სხვა რამეებს ხედავდა, ვიდრე ცა და ნაძვებია. მისი თვალები ყველაფერში ბედნიერებას ეძებდა. ალბათ, იმტომ, რონ უბედურება არც კი იცოდა, რა იყო, რას ერქვა. ეგონა, რომ ყველა ბავშვი მასავით იწვა და მხოლოდ ფიქრები ჰქონდა საჩუქრად ღვთისგან. ყოველ მისვლაზე, უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი მის სულს, მის ფიქრებს. ვუახლოვდებოდი და ვუკითხავდი გალაკტიონის სიტყვებს, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი მთვარე და რომ მეფე იყო და პოეტი და სიმღერით მოკვდა.
ჯენეტომ ნახა მზე, წვიმა, თოვლი, ქარიც, მხოლოდ დედამისი არ უნახავს ჯერ და მიკვირს, რომ არც მეკითხება, სად არის. ალბათ, ჰგონია, რომ დედები არ არსებობენ. არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო, რომ მკითხოს. ჩემს სევდიან თვალებში თუ იპოვის, ჩარჩენილს, მის ლამაზ ღიმილს.
ჯენეტო რაც უფრო იზრდებოდა, მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. ექიმები ყველაფერს საიმედოს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფაქტი ყველაზე უხეში იყო.. მელაპარაკებოდა ყველაფერზე, რასაც გაიფიქრებდა, ყველაზე მეტად კი ჩემი სევდიანი სახე არ მოსწონდა, თვითონ სულ იღიმოდა. ჩემს დაჩაგრულ თვალებში ეძებდა ყველაფერს, რასაც ფანჯრიდან ვერ ხედავდა, თვალებში შეხედვისას გული მტკივდებოდა, თითქოს მანამდე გადავლილი მქონდა. მტკიოდა, რომ ვერ გამყავდა ოთახის იქით, რომ ენახა რამე. ფიქრები მაინც გაუმდიდრდებოდა... მისი შავი ცხოვრება ყავისფერში მაინც გადამეყვანა.
               
4.
ისევ შევაღე დაღლილი კარი. უკვე ჩავეშვი საკუთარ სავარძელში და ჯენეტოს გაღვიძებას დაველოდე. და, აი, გაახილა თავისი ვეებერთელა, მწვანე თვალები. ისეთი ღრმა იყო, მე, გაყინული სულის პატრონიც კი ჩავიძირე. თვალები გაახილა თუ არა, კარგად მომზადებული კითხვა დამისვა.
- რა არის უბედურება?
და მეც შევეცადე, რაც შეიძლებოდა რთულად ამეხსნა, რომ ვერ გაეგო, უბედური მამის შვილს, რა არის უბედურება.
ჩვენ ყველაფერი მოგვწონს და გვიყვარს... ჩვენი მომავალი კი, რომელიც მუდამ მოგონებებით ცხოვრობს, შორს არის, იქ, სადაც კბილებდალესილი ხალხი ერთმანეთისგან ზრუნვას მოითხოვს, თუმცა ერთმანეთის სისხლი ჯერ კიდევ პირში აქვთ ჩაგუბებული... როცა რაღაც შავი ხმა უამრავჯერ იმეორებს შენს სიტყვებს, როცა ემოცია თვალებში გაწვება და ხვდები, რომ შენც დაემსგავსე, ციდან განწირულ, მიწისთვის საჩუქარ ადამიანებს.
მუდამ ფიქრების მოლოდინში ვართ, მაგრამ არაფერია, სიშავის გარდა... გავა დრო და ისევ დაიწყება ერთმანეთის ჭამა და ისევ ვიქნებით პირველები, დემონის შემდეგ... ჩვენ კი, გრძნობამოწყურებულნი, ვნებას ნაზიარებნი, დავემსგავსებით ჩვეულებრივ ადამიანებს... და, ჩვენდაუნებურად, დავიწყებთ თოვას. ციდან მიწამდე, ციდან მიწამდე, ციდან მიწამდე...
მივხვდი, რომ ვერც ვერაფერი გაიგო და ჩემი უბედურებით გაბედნიერებული გამოვედი ოთახიდან.

5.
იმ  ღამეს მთვარე სხვანაირი იყო, თითქოს საწოლიც შეთბაო და წამით ისევ გავიფიქრე, სიზმარი ხომ არ არის-მეთქი.
ჯენეტოს უგრძნობი ხელი მაგრად მქონდა ჩაჭიდებული. ერთმანეთს უსიტყვოდ ვესაუბრებოდით, თვალებს არ ვხუჭავდით. მივხვდი, ბოლოჯერ ვუყურებდი ბედნიერებას თვალებში...  ოთახში არც ფანჯარა და არც ფარდები გამოცვლილა.
- ჯენეტო, ბედნიერი ხარ?
- ბედნიერი ვარ, თან როგორ...
ისე მიპასუხა, თითქოს იცოდა, რომ იმქვეყნად ლამაზნაკვთებიანი დედა ელოდა..
- მაინც რითი ხარ ბედნიერი? რა ნახე ამქვეყნად?
- მე შენს თვალებში სამყარო ვნახე.
ცრემლები, ალბათ, ამ სიტყვების შემდეგ ყველაზე დამცინავი იქნებოდა ჩემი ჯენეტოსთვის და მეც გავუღიმე.
- მამა, როგორც გალაკტიონი, მეც სიმღერით მოვკვდები? – მკითხა ჯენეტომ.
ნეტავ, მცოდნოდა იმ დროს პასუხი. დამტანჯა ახლა ამაზე ფიქრებმა.
ექიმები კარიდან იყურებოდნენ გაფართოებული თვალებით. ვიღაცა, ალბათ, იფიქრებდა, ბავშვის გადარჩენა უნდათ და ვერ ითმენენო, არადა, ცნობისმოყვარეობა შიგნიდან ჭამდათ...
ექიმები შემოცვივდნენ. ჯენეტომ  კი დედის სიტყვები კვადრატში აიყვანა.
- ვინმემ თუ იცის, გაგრძელება იქნება?
პასუხი არავინ, თუ ვერავინ გასცა...
და ახლა, როცა თავდახრილი, წვიმაში მოვდივარ, ვინმეს თუ უფიქრია, რა არის მზის მეორე მხარეს? ღამეა? ბნელა? სიჩუმეა? იქნებ სულაც დღეა, სინათლეა და სულ მუდამ მხიარულებაა... თუმცა, ჩვენ იქ ხელი არასდროს მიგვიწვდება. ჩვენი ვერცერთი ნაბიჯი ვერ მიაღწევს მზის მეორე მხარეს. მაგრამ რა მესაქმება იქ?! როცა მზის აქეთ მყოფს, ვერც კი გამიგია - გამეზარდა შვილი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები