ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ღამის 2 საათი და 45 წუთი. ჩაწკვარამებულ ოთახში, იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე ვწევარ, ემბრიონის პოზაში და ვფიქრობ... თითქმის ყველაფერზე, გარდა შენს. წვიმის წვეთების ხმა წვდება ჩემს ყურებს და მეფიქრება იმაზე, რატომ მახსენდება ასე მოძალებით ჩემი ქუჩა. ამდენი ათასი კილომეტრით შორს, ხმას როგორ შეუძლია გაფიქრებინოს ბავშვობაზე და გამხმარი პალმების ქუჩაზე. და ახლა, როცა იატაკზე ემბრიონის პოზად მოკეცილი ვწევარ, რატომ ვზივარ ჩემი ძველი სახლის სახურავზე და რატომ მეშინია სველ შიფერზე ფეხის დასხლტომის. რატომაა ასეთი სიწყნარე? რატომ მახსენდება ერთი შემოდგომის საღამო, მანქანების საბურავების კივილმა მთელი ქუჩა გარეთ რომ გამოგვფინა. დავინახეთ გაზონზე ამოტრიალებული მანქანა და შუაზე გადატეხილი ერთი გამხმარი პალმა. მახსოვს, როგორ მივცვივდით დიდები, პატარები, ქალები, კაცები მანქანასთან და ჩემმა მეზობლებმა როგორ გადმოათრიეს სალონიდან გულწასული ახალგაზრდა გოგო. მახსოვს, შავი სიცარიელე მარჯვენა თვალის ადგილას, როცა ქუთუთო ზემოთ აუწიეს და როგორ უჩრიდა იმ სიცარიელეში თეთრ, სველ მარლას ჩემი ექიმი მეზობელი რატომ მეფიქრება გადმოვარდნილ თვალის კაკალზე ამ სიბნელეში, იატაკზე ოთხად მოკეცილს, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერზე მეფიქრება, გარდა შენს... მახსოვს, იმ ექიმი მეზობლის ქორწილი, როგორ იქცა კაცი წმინდანად სამეზობლოში და როგორ მოწიწებით განეწყო მთელი უბანი უცებ მის მიმართ. როგორ ვერ ამოძრავებდა მარჯვენა შუშის თვალს დედოფალი ქორწილში და როგორ იძახდა მთვრალი კოსტია- ამ კაცის გულისთვის მუხლზე გადავიმტვრევ ნებისმიერსო. ეს კოსტია იყო სახლში თეთრი ბილეთი რომ ქონდა. საგიჟეში გატარებულ წლებს თავისი ექნა, თუმცა ნორმალური იყო, ციხისთვის ასარიდებლად მოიგიჟიანა თავი და ისე შევიდა როლში, ეჭვი არავის შეუტანია. ის კი არა, გიჟები ბელადს ეძახდნენ, თურმე. მთავარი ფსიქიატრი ,, სემიჩკაზე” ეგზავნებოდაო. კაცი ყველას ტოლი იყო - პატარებთანაც ისე სერიოზულად ლაპარაკობდა, როგორც დიდებთან და ორნაირი ხალხი არსებობდა - ან უყვარდათ, ან ერიდებოდნენ. მახსოვს, გელას მაღაზიასთან, ბირჟაზე როგორ მოვიდა და გვითხრა:- გამოვექანები და ამ გადახურულს ფეხს ავარტყამ ნახტომში, თქვენ დასალევი იკისრეთო. მამისტოლა კაცი სამ ეტრიან გადახურულზე გვენიძლავებოდა- ფეხს ავარტყამო. ჩავთვალეთ, დაგვცინის-თქო. კაიო, ერთი პივა მიყიდეთ და ისე ავარტყამო. ერთმა ჩვენგანმა- რაღაცა, სიტყვაში გვატყვილებ კოსტია, თავი გაგვანებეო. რა გჭირთო ბიჯო, რა უტრაკოები ხართო, ხელი ჩაიქნია და გზა გააგრძელა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და გავიცინეთ, სისულელებზე სულ ვღადაობდით. უცებ მობრუნდა: - ჯანდაბას თქვენი თავი, ათ-ათ ბუქნზე გენიძლავებით, გამოვექანები და ამ ჭერს ტრაკს ავარტყამო. გელა გამოვიდა ამ დროს მაღაზიიდან, მოგვიტრიალდა და გვითხრა:-ვინმე არ დაენიძლავოთ, ბიჯო, განაკეთები აქვსო. კოსტია, თავის ძაღლის გარდა, ვერავისას იტანდა. სამი ძაღლი ყავდა -ორი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, ერთი საკუთარი თავივით. მის კარის მეზობელს-კაფიას (თუმცა მაშინ ჯერ კიდე კაფიას არ ეძახდნენ), ყავდა პიტბული, უფრო სწორად, როგორც თვითონ ამბობდა, ამერიკული პიტბულ ტერიერი. კაფია ჩემი ტოლი იყო და კოსტია სულ მეუბნებოდა- ძაღლი პატრონს ასე დამსგავსებოდა, მე არ მინახიაო. კაფიასი რა ვთქვა და ძაღლი მართლა დებილი ყავდა. ეზოში, სარეცხისთვის გაბმულ მავთულზე, ერთი ბათინკის ძირი ეკიდა თოკით, სანამ ეს ძაღლი პატარა იყო, მთლიანი ბათინკი ეკიდა და კაფია თავის ძაღლს ავარჯიშებდა- მოჩხუბარი უნდა გავზარდოო. გაურხევდი თუ არა მავთულს, ძაღლიც მივარდებოდა, ახტებოდა, კბილებით ჩააფრინდებოდა ამ ბათინკს და ეკიდა სარეცხივით. კოსტია უძახდა, სულ გაფენილი რო გყავს ძაღლი, არ გამოგიხუნოს მზემო. ბოლოს, კაფიაც დარწმუნდა მისი ძაღლის სიდებილეში, აღარ ბრაზდებოდა. ეს ძაღლი ლეკვი რომ იყო, კოსტიამ ჩამოუარა ჭიშკართან- რას შვება გურამია შენი ძაღლიო? ამანაც- რას იზამს, ჭამის გიჟიაო. ბიჯოო, კოსტიამ უთხრა, მასე ვარჯიშს, კბილები ჩაამტვრიე მაგ ძაღლს და მინეტი ასწავლე, ჯობიაო. გაიზარდა ეს ძაღლი და რომ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, სულ ეუბნებოდა, გეუბნებოდი მე შენ, რაც უნდა გექნაო. კოსტია ციროზით მოკვდა ხუთი წლის წინ. კაფიას გურამი კუხიანიძეს ეძახდნენ. კაიხელა იყო, კაფია რომ შეერქვა. ერთხელ, ვიღაცეებმა სცემეს, სახლში მივიდა, გასისხლულია სულ. დიდი, ყასბების დანა აუღია და მიდის, მიბანცალებს მთვრალი ამ გამხმარი პალმების ხეივანში. საიდანღაც, პირველი რაიონული განყოფილების თანამშრომელები გამომძვრალან და დაუჭერიათ, ხელში ამხელა დანით. -ბიჭებო, თავი ხელში აიყვანეთო!- მილიციელებს ელაზღანდარავებოდა. ჩატენეს. გამომძიებელი ეკითხება თურმე- სად მიდიოდიო. შეყვარებულთანო -უპასუხია. ამხელა დანა რად გინდოდაო და ამითი გზას ვიკაფავდიო. ვინ გამოიტანა ეს ნათქვამი, არ ვიცი. იმ დღიდან გურამ კუხიანიძე ყველამ დაივიწყა და კაფია შეერქვა. კაფიასთან ვართ ერთხელ ბიჭები. მოსაწევს ველოდებით. ბოცოვიჩმა უნდა მოიტანოს, ეგ სულ მაგარს ჩითავდა და ცოტა შეიგვიანა, წარამარა აივანზე გავდივართ, სიგარეტს ვეწევით, გარეთ თოვლია, მუხლებამდე. სახლში კაფია სიგარეტს ვის მოაწევინებდა- ხატები მიკიდიაო, თქვენნაირი ურწმუნო კი არ ვარო და ჩვენც ხატების და კაფიას ხათრით, აივანზე ვიყინებოდით. მოვიდა როგორც იქნა ბოცოვიჩიც, მოიტანა. აუცილებლად ბოთლშიო. მოიძებნა ბოთლიც, სიგარეტიდან ვერცხლის ქაღალდი გამოვაძვრეთ, ორად გავკეცეთ და ბოთლს ზევიდან დავაფარეთ, თითით ღრმული გავაკეთეთ და თავზე მაგრად შემოვაპრესეთ. ნემსი გექნება სახლში-თქო, კაფიას ვუთხარი. ეძება, ეძება და ვერ იპოვნა. ასანთის ღერი იყოს-თქო და ასანთიც ვერსად ნახა. არადა, ამ ღრმულს ჩახვრეტა უნდა, თორემ კაპიკია ისე მისი ფასი და მოუთმენლად ველოდებით, რამეს თუ იპოვის კაფია. ვერ იპოვა ვერაფერი. ჩამოგვიჯდა წინ და სახეზე ეტყობა- მისი ტვინი გაფაციცებით მუშაობს, სად შეიძლება იპოვოს ნემსი ან ასანთის ღერი, ან რაიმე, რითიც ჩავხვრიტავთ და უცებ სახე გაუნათდა- წამოხტა, ხატებთან მივიდა, პატარა ხატი ჩამოხსნა, კედლიდან ლურსმანი გამოაძრო, მოვიდა ბოთლთან, ჩახვრიტა, მერე ის ლურსმანი ისევ თავის ადგილას შეაძვრინა და ხატი, როგორც ეკიდა, ისე ჩამოკიდა. მერე არაფრით ოთახში არ მოგვაწევინა, ხატებთან არ შეიძლებაო. კაფიამაც ჩამოიტანა ერთხელ სოფლიდან ერთი ცელოფნის პარკით პლანი. მოდის თურმე თავისით, მილიციამ შეუჩერა ფეხებში- რა გიდევს ბიჯო მაგ პარკშიო. ამასაც, გაღიზიანებულს, უთქვამს - რა მიდევს და პლანიო. იცინე, იცინე შენ და ერთხელაც მიგაჯენთ კალაბოკას გვერდშიო, მიუძახიათ თანამშრომლებს და წასულან. კალაბოკა იყო კაცი, მეზობლის გასვენებისთვის, სოფელში წავიდა ღვინის ჩამოსატანად და ხუთი წლის მერე დაბრუნდა. ის ხუთი წელი რომ მოიხადა, რამდენიმე თვეში საყულიაში დაიჭირეს, ვიღაცას ყელში ჩაარტყა დანა თურმე. ეგრევე ხმა გავრცელდა- კალაბოკამ თავი მოაჭრა ვიღაცასო, სასამართლოზეც ამას ეკითხებოდა თურმე მოსამართლე, რა მიზეზით მოაჭერიო. ძაან ბევრ კითხვებს მისვამდაო, უპასუხნია. იმის მერე ის გარეთ არ გამოსულა... ორი თვის წინ გავიცანი აქ ერთი, კალაბოკასთან ერთად მჯდარა საკანში. ასე იძახისო, თუ აქედან როდისმე გავედი, კუდიანი დევიატი უნდა ვიყიდოო. თოთხმეტი წელია კაცს გარეთ არ გამოუხედია. კალაბოკა პირველი სროკიდან რომ გამოსულა, რუსთავში დახვედრიან მამაჩემი, კოსტია, გელა და ბოცოვიჩის მამა, ბოცა. ბავშვობის მეგობრობა და გამხმარი პალმების ქუჩა, ამდენი საერთო ქონიათ და გელას აუტეხია, თბილისში, რესტორანში უნდა ვიქეიფოთო. დიღმის გზაზე შესულან და მაგრად დამთვრალან. ყოველ სადღეგრძელოზე გელა დგება თურმე ,მიდის დამკვრელებთან და სიმღერებს უკვეთავს, ოღონდ აუცილებლად ხმამაღლა აცხადებინებს- ,, ეს სიმღერა ეძღვნება ქუთაისლებს”. ასე, თხუთმეტჯერ ამღერა და ყველაზე „ეძღვნება ქუთაისლებსო“. ყველა სუფრასთან თბილისელები მსხდარან და ამ ქუთაისლებმა ტვინი წაჭამეს. კალაბოკას უთქვამს, ე ბიჯოო, თბილისლები არიან, თბილისში ქეიფობენ და ნუ შეიტყანი ამ ქუთაისლებითო. წამოსვლისას, გელას არცერთისთვის არ დაუჯერებია, მაინც მისულა დამკვრელებთან, მოდიან უკვე თურმე და მომღერალი აცხადებს- „შემდეგი სიმღერა ეძღვნება აქ მჯდომ ყველა თბილისელს, ქუთაისელებისგან...” როგორი სიამოვნებით დავლევდი ახლა გამხმარი პალმების ხეივანში, უღმერთოდ დავლევდი. მერე სახლში ძლივს შევბანცალდებოდი და ხალიჩაზე დავწვებოდი, როგორც ა, ხლა აქ, ემბრიონის პოზაში. და მერე. . . ყველაფერზე ვიფიქრებდი, გარდა შენს... გელა- ჩემი კოპწი,ა მუდამ ჰალსტუხიანი, ულვაშა მეზობელი, თავისი სურსათის მაღაზია რომ ქონდა, წარწერით ,,ნისია? ააპა პააა”. ერთხელ, თურმე, საიდანღაც მოდიან მანქანით, ნასვამები და ავტოინსპექტორს გაუჩერებია, მანქანა უნდა ჩამოგართვათო, თუ არაოდა, იმხელა თანხა მოუთხოვია, მანქანას ვატნევდითო- მამაჩემი ყვებოდა. გელა გადმოსულა ბანცალით, „გაიშნიკს“ ეუბნება - რა კაცი ხარ ამისთანა, ქართულ ფილმებს რო არ უყურებო. დაბნეულა ის- როგორ არ ვუყურებო, თან გაშტერებული მისჩერებია თურმე, ულვაშიანი მსახიობი ვინ ვიციო. გამოწკეპილი სულ დადიოდა გელა. - მერე, თუ უყურებ, მე ვერ მიცანიო და დაუძაბია იმ კაცსაც გონება, ვერ გაუხსენებია გელა ვერცერთი ფილმიდან. ბიჯო, ,,ცისფერი მთები” ნანახი არ გაქვსო? როგორ არაო, შეურაცხყოფილი დარჩენილა კაცი. მერე, გივი ვარ მე, რა ვერ მიცანიო- წყენა ვერ დაუმალავს გელას. არ ვიცი, რამდენი იფიქრა „გაიშნიკმა“, მაგრამ უცებ მოტეხილა კაცი, მაპატიეთო უთქვამს, ვერ გიცანითო უცებ, ფრთხილად იმგზავრეთ და ზელიონნაია ვამ დაროგაო, გამოუშვია ასე. ხშირად ამბობდა, სიმთვრალეში- მასონები და ილუმინატები არ ვიცი მე, მსოფლიოს აფერისტები მართავენ, ბიძიაო! მამაჩემი რომ მოკვდა, მახსოვს, მეუბნებოდა- თუ რამე მოგინდება ან არ მოგინდება, ეგრევე დამირეკეო. გელას დედა, გუგულა,… ღრმად მოხუცებული, პატარა, შავებიანი ქალი, დაიკარგა ერთხელ და სამი დღე გამწარებული ეძებდნენ ყველგან, მთელი სანათესავო შეაწრიალეს, ქალაქის მილიციაც ეძებდა. ბოლოს, პატარა შვილიშვილმა იპოვა, ეზოს ბოლოში, საქათმეში მჯდარა, თავისთვის. გაცოფებული გელა ეჩხუბებოდა, სამი დღე რას აკეთებდი საქათმეშიო, გუგულა საწყალი თვალებით ქვემოდან უყურებდა თურმე და ერთი წამით ჩავფიქრდი, შვილოო, უთქვამს. მახსოვს ეს შავებიანი, კეთილი ქალი და მცემს მისი გათლილი ვაშლის სუნი. აქვე, ხალიჩის გვერდით მედოს თითქოს. ,,ერთი წამით ჩავფიქრდი”-ზე მეფიქრება, გათლილ ვაშლზე მეფიქრება, ყველაფერზე მეფიქრება, გარდა შენს. გელა პროსტატის კიბოთი მოკვდა, აქ გავიგე მისი სიკვდილის ამბავი, მინდოდა მეტირა, ვერ ვქენი. ვინც ვერ ტირის, იმას ტირილად ეფიქრებაო. ტირილი ცრემლია, თვალს წყდება და მიდის, ფიქრი თავშია, ვერც წყდება და ვერც მიდის. ამიტომაა, როცა ხშირად ტირიან, ნერვები მეშლება. და ამიტომაც დღეს ყველაფერზე ვფიქრობ, გარდა შენს. ბოცოვიჩის მამა ჩემი ნათლია იყო. მე და ბოცოვიჩს უცნაური მეგობრობა გვქონდა, რამდენჯერაც სხვები ერთად გაგვისისხლია, ორჯერ მეტად ერთმანეთი გვეყოლება განასისხლი. მახსოვს, ერთხელ, მორიგი ჩხუბის მერე, მამამისმა ორივე როგორ დაგვაპანჩურა. მაგრამ ეს ბავშვობაში იყო, ჭკუა რომ შემოგვერია, ერთმანეთის ფასი არავინ გვყავდა. ,,ბოცას” რატომ შეარქვეს თურმე ბოცა: „პრავის“ გამოცდას აბარებდა. ბოლო საფეხური ქონია დარჩენილი- მანქანის გარაჟში ჩაყენება. ნერვიულობს და ნერვიულობს. გამომცდელი გვერდით უზის და რას ნერვიულობ, როგორც შენ გარაჟში აყენებ, აქაც ისე ჩააყენეო, დამშვიდებულა თურმე ცოტათი და ჩაუყენებია. გადმოსულა მანქანიდან გამომცდელი, ხედავს, მანქანას მარჯვნივ დიდი ადგილი დარჩა კედლიდან, მარცხნივ ძალიან ახლოსაა მისული. ეგი რა ქენიო?- ეუბნება თურმე, შუაში უნდა ჩაგეყენებინა ზუსტადო, ,,ბოცა” მისულა იმ მხარეზე, სადაც დიდი ადგილი დარჩა და აქანა ბოცები მიწყვიაო მეო, განუცხადებია. ხოდა, ამიტომ შეერქვა ბოცა, მის შვილს- ბოცოვიჩი. 13 წლიდან ვიტყუებოდით მე და ბოცოვიჩი, ქალთან ნამყოფი როგორ არ ვართ-თქო. სინამდვილეში, მე 15 წლის ვიყავი, ეს რომ მოხდა. მე, ბოცოვიჩი და შოთია ვიყავით.. იმ დროს ცნობილი მამაშა, ქალბატონი იზა იყო, თავის ერთოთახიანში, სამი ქალი ყავდა, ერთმანეთზე მახინჯები. ოღონდ ტყუილისგან თავი დამეხსნა და სილამაზეს რას ვჩიოდი. სპილენძი ჩავაბარეთ და 18 ლარი გვქონდა. რეზინები, მგზავრობა და სამი კაცი 15 ლარით დავესხით თავს იზას. -ჩემო იზაბელა, გამოიყვანე შენი მზეთუნახავებიო- შოთია ეკაიფებოდა. ერთი ახალგაზრდა იყო, ერთი ორმოცდაათ წლამდე და ერთი შედარებით ნორმალური. იმ ნორმალურმა- ოცი ლარიო. იზამ ჩუმად გვითხრა- ეგ აქ არ რჩება, ჩემი არაა, ვერ დაგეხმარებითო. ამ ორიდან, რომელიც გინდათ, ხუთ- ხუთ ლარად სამივეს მოგარგებთო. შოთიას გულში ამოეჭრა ის ოცლარიანი და ელაპარაკება და ელაპარაკება. ბავშვები ვიყავით. არ დააკლო. ყელში ამოუვიდა ამასაც და ეუბნება- ოცი ლარი მომეცი და გახურებულ მანტიროვკას გავიყრი და არ გამოვიღებ, სანამ არ გაცივდებაო. სამივე შევთანხმდით ახალგაზრდას ავიყვანდით, პირველი მე შევიდოდი, მეორე ბოცოვიჩი და ბოლოს შოთია. შოთია მიღებული იყო, ჩაი დამალევინე ჩემო იზაბელა და ბიის კომპოტი ჩემზე იყოსო. ბოცოვიჩს თავის გაჭირვება ქონდა, მთელი გზა ეფსმებოდა, ერთი სული ქონდა, ტუალეტი ენახა. იზამ ხელით ანიშნ,ა სადაც იყო და ჩაი არა, ისო - შოთიას უპასუხა. ქალმა ხელი დამავლო და სამზარეულოში გამიყვანა, გაზის ქურასთან იდგა ვიწრო საწოლი. შოთიას ხმა გავიგონე, ასე შესვლა და გამოსვლა, ერთი როგორ ქენიო და მე ცოტაც მაწუხებს, ძმაოო, ბოცოვიჩმა უპასუხა. იზას დამრიგებლური ნათქვამი მახსოვს- ვინც მეტს ითმენს, იგი უფრო მეტის ღირსია ცხოვრებაშიო. შუა პროცესში ვიყავი, იზა რომ შემოვიდა, გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა, ნუ მომაქცევთ მე ყურადღებასო. არც მიმიქცევია. ყველაფერი ისე მოხდა როგორც პირველად ხდება, სწრაფად და უგემურად, მაგრამ სიამაყე ფარავს ყველაფერს. სიამაყე იმისა, რომ უკვე კაცი ხარ და აღარ გეშინია იმის, რომ ვინმე ტყუილში დაგიჭერს. მერე, მეორედ რომ დავადექით, თხუთმეტი ლარი და სამლიტრიანით ბიის კომპოტი გვქონდა. საწყალი ბებიაჩემი იმდენ ხანს ჯავრობდა, სად გამებნა ერთი ბანკაო... ჩვიდმეტი წელი იმ ასაკების რიცხვში შედის, როცა რაღაცეების გაფუჭებაში რომანტიკას ხედავ. მაშინ ზუსტად ჩვიდმეტი წლის ვიყავი. წვიმიანი საღამო იყო. უკვე ბნელდებოდა, ბოცოვიჩი რომ მოვიდა, ხელში უზარმაზარი ,,ლომი” ეჭირა - გრძელი, მაჯაზე მსხვილი, ლითონის ძალაყინი. ქოშინებდა. სად გქონდა ან რა ჯანდაბად გინდა მეთქი და რუსლანიას მოვპარეო, დღესო, ეგ უნდა დავსაჯოო, მეუბნება. ვიცი, ახლა სადაცაა და მისი მანქანა ამით შუაზე უნდა გავკეცოო. რა ჯანდაბა გჭირს?- ვეკითხები, ვხედავ -სულ ცახცახებს.- ბიჯო, ბოცა გამილახა დღესო. ბოცა როგორ გალახა მაგ ახვარმა მეთქი. უცებ გადმომედო ბოცოვიჩის განწყობა და უკვე არანაკლებ მინდა, როგორმე დავსაჯოთ ეგ რუსლანია. - კაროჩე, ქუჩის თავში, ბინის ქვეშ აყენია მისი მანქანა. ჩვენ ავალთ სახურავზე და იქედან ამას გადმოვაგდებთ, მოკიდე ხელი- ეგი მის მანქანას დედას მოუტყნავს, შუაზე გააპობს. მერე იმტვრიოს თავი, მისი ლომი ვინ ესროლაო. უკვე რომანტიკამ მომიცვა მთლად. წარმოვიდგინე, ცოტა ხნის მერე, ყველაფერი რომ მიწყნარდება, უბანში რომ ვიტყვით, ვინ გაკეცა შუაზე რუსლანიას მანქანა და როგორ. ახლავე წავიდეთ მეთქი და არა, კიდე კარგად დაბნელდესო. წვიმდა უსაშველოდ. უკვე კარგად ბნელა, თავსხმაა, მივდივართ იმ ბინისკენ შიდა ქუჩებით, ამ ღამეში და თან, ასეთ წვიმაში, გარეთ ვინ გამოიხედავს, მაგრამ, ჩვენ გვგონია, დიდ საქმეს ვაკეთებთ. იმ ბინის თავზე რამდენჯერმე კანაპლია გაგვიბოლებია. მეორე სადარბაზოში ცხოვრობდა ერთი. ვიცოდით, როგორც ავიდოდით. ვხედავ, დგას აგერ რუსლანიას მანქანა. ამ შუაღამით აქ რა უნდა, მაგრამ რა ჩემი საქმეა- მთავარია, რამდენიმე წუთში ეს მანქანა დაიბრაგუნებს. ბინის მეორე მხრიდან მანქანამ შემოუხვია. ჩვენ სადარბაზოს ამოვეფარეთ. მანქანის შუქზე წამით მოვკარი თვალი- რუსლანიას ტოიოტა კარინაში არავინ იჯდა. ძალიანაც კარგი. გაქცევასაც თავისუფლად მოვასწრებთ. ის მანქანა პირველ სადარბაზოსთან გაჩერდა და მძღოლი რომ არ დასველებულიყო, სირბილით შევარდა სადარბაზოში. ავედით სახურავზე. სველი ლომი ცხვირსახოცებით მაინც გავწმინდეთ. გადავხედეთ, გავზომეთ, იმ მძიმე ლომს მე წვეტიანი ბოლოდან მოვკიდე ხელი, იმან მეორედან. -ერთი, ორი და სამიიი, გავუშვიით! მე გავუშვი ადრე თუ იმან დააგვიანა ხელის გაშვება, არ ვიცი. მანქანას მოხვდა, მაგრამ, ჰორიზონტალურად კი არ დაეცა სახურავზე, , შუბივით ჩაერჭო მანქანაში, თითქმის ბოლომდე. -შუაზე ვერ გავღუნეთ, მარა, ზატო სკვაზნიაკი ექნება, ასე უკეთესიაო. რამდენიმე წამში ავითესეთ. ხალხს უკვე შუქი აენთო ხმაურზე, , ქვევით იხედებოდნენ.. ალბათ, შეამჩნევენ მაგრამ ჩვენ უკვე სახლებში ვიქნებით. -შენ დედასაც არ შევეცი აბ,ა რუსლანია?! მასე სადააა გალახვა, ვიძახით. მეორე დილით, გვიან გამაღვიძა კივილმა, მეზობელი კიოდა, მგონი- მეზობლებიც. გავედი, აქეთ ბებიაჩემი მოთქვამს. -გლოვის დღე გაქვთ თუ რა ჯანდაბაა-თქო? და ეს რა დაგვემართაო, ბებია, ეს რა დაგვემართაო. იტყვი თუ სხვას ვკითხო ახლა ვინმეს მეთქი. რუსლანია ხო იცი შენ, საბაჟოზე რო მუშაობდაო. ე ბიჯო, ქალო, ნუ დამტანჯე, რუსლანიას შენზე კარგად ვიცნობ. მკვდარი იპოვეს მის მანქანაში წუხელო და დამარტყა თავში. რითი მომკვდარა?- ვკითხულობ. ჯერ ერთი, ბებიაჩემი ასე რუსლანიას არ იტირებდა და მერე, ტირილის ხმა იმ მხრიდან მოდის, საითაც რუსლანია არ ცხოვრობს და რა ხდება ნეტავ? - მანქანაში იპოვეს თურმე, დიდი რკინა ქონდა გაყრილი მუცელში, მარა, მარტო კი არ უპოვნიათ, ბებია, თურმე. ჩვენი ექიმის ცოლიც იქ ყოფილა, იმასაც მუცელში ქონია გაყრილი ეს რკინა, ბებია. ტიტვლები უნახიათ ორივე, რკინაზე წამოცმული. დილამდე აძრობდნენ თურმე იმ რკინას- ამას საიდუმლოსავით მიყვებოდა ბებიაჩემი და მივხვდი მე, არც ერთ მათგანს რომ არ გლოვობდა. სხვას გლოვობდა და რაც პირველი მომივიდა აზრად, ბოცოვიჩთან გაქცევა იყო - იქნება, მკვლელი არ ვიყო როგორმე. განგრეულ კაიფში დამხვდა ბოცოვიჩი.რა გჭირს-თქო. დავბრიდეთო და იქვე სავარძელში მივეგდე და მომაწევინე -თქო, ვუთხარი. არ მაქო, ვიღაცეებმა დამიჩხირესო. პირველად გაიჩხირა. მივხვდი, ამას ჩემზე მეტად უჭირდა. -ბიჯო, იცი თურმე ვის ტყნავდა ეგ შენი რუსლანა? ვიციო და ვხედავ, აშკარად ტირის. ე ბიჯო, იგი ბოზი ყოფილა და ეგ რუსლანა ნაბოზარი! სასიკვდილოებიც იყვნენ, მაგათ დედებს შევეცი!- ვიყვირე და ავღრიალდი მეც. ჩემს ცახცახზე თვითონ დაწყნარდა, წყალი მომიტანა. -შენები სად არიან?- ვკითხე, ცოტა რომ დავმშვიდდი. -სოფელში წავიდნენ გუშინ დილით. - ბოცა? -ბოცაც. -აბა, რუსლანამ როგორ ცემა? - არ უცემია... - ჯანდაბა! შენ იცოდი? -ვიცოდი რო ეჩალიჩებოდა, მაგის დედას შევეცი- აყვირდა უცებ. -დავინახე ერთხელ, როგორ გაზასა. ერთხელ ტრაკზე მიეფერა, მანქანაში ისვამდა და სეირნობდნენ. გუშინ რო ჩაისვა, მეთქი, ამის დედა უნდა მოიტყნას. ტაქსით გავყევი და ეგერ გაჩერდა ბოლოში. ხიდთან გადმოვიდნენ და შევიდნენ. ეგრევე გამოვბრუნდი, მაგის სახლში გადავძვერი და ლომი მოვპარე -შუაზე რო გავკეცავ მის მანქანას, მერე მაინც შეეშვას -თქო. ჩვენ რო მივედით, გამოსულან უკვე და ის კი არა, მანქანაში გაუგრძელებიათ ან შეიძლება დაკეტილი დახვდათ ან გასაღები დარჩათ... ერთმანეთი დავარწმუნეთ, რომ იმსახურებდნენ სიკვდილს და დავიფიცეთ, რომ სანამ ცოცხლები ვართ, არასოდეს ვიტყოდით. სახლში დავბრუნდი. ოთახში ჩავიკეტე. ვიღაცა მოვიდა და ბებიაჩემმა ისევ უარესი კივილი მორთო. ახლა ამ ქალს სანამ არ ვუბღავლებ, მანამ იკივლებს და გავედი, რომ მეთქვა- მე რო მოვკვდები, მერე მიტირე მასე-თქო. მეზობელი დამხვდა- ექიმმა თავი მოიკლაო. პირში გაუსვრია. გამოვვარდი და სად, სად და სახურავზე ავედი. წვიმდა გადაუღებლად. სველ შიფერზე ფეხი მისხლტებოდა და მაინც მივცოცავდი. ბოლოს დავჯექი და ვიტირე. ბევრი ვიტირე. ექიმი დაასაფლავეს, საგვარეულო სასაფლაოზე. მისი ცოლი- არ ვიცი სად. რუსლანის ოჯახი გადავიდა და გამხმარი პალმების ქუჩა ამოიგდეს თავიდან. მე რომ სამედიცინოზე ჩავაბარე, ბოცოვიჩი იმ წელს გაიპარა წამალში. შუადღის პირველის ნახევარი. გავიღვიძე. დამესიზმრე. პატარა ბიჭი ვიწექი გამხმარი პალმების ხეივანში და ბალახის ღერს ვღეჭავდი. შენ მოდიოდი, თმაგაშლილი და თავისუფალი. მე კი ბავშვურად გიყურებდი და მიყვარდებოდი. ყველა პალმა მწვანედ ხასხასებდა. პაციენტებს ყოველთვის ვერიდებოდი. გუშინ, მიმღებში რომ მოგიყვანეს, უკვე ვიცოდი, ღამით ბავშვობა გამახსენდებოდა. მუხლი გადავარჩინეთ, ტერფი -ვერა. ბევრი ვეცადე, შენზე არ მეფიქრა. დღეს მოვალ და ამპუტირებულ ფეხზე დაგხედავ... და გამხმარი პალმების ქუჩაზე მოგიყვები. . . .
გამხმარი პალმების ქუჩაზე მზე ამოდიოდა შორს, გოდოგნის წმინდა გიორგის ეკლესიასთან და ჩადიოდა, სადაც ბოლო ცხრასართულიანი ბინა იდგა. მზის ჩასვლასთან, მეცხრე სართულზე, ცხოვრობდა თამუნია. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. ეს ის ასაკია, როცა ღობეებიდან ალუმინის ფიგურების პარვა დამთავრებული გვაქვს. უკბილო ღობეები მომრავლდა ქუთაისში. სამაგიეროდ, ალუმინის ფასი ოთხჯერ თუ ხუთჯერ გაიზარდა. მოკლედ, ერთ ღობის სვეტზე შესკუპებულ ალუმინის მტრედს უკვე კარგი ფასი აქვს. დაკვირვება კი უნდოდა ისე, ბევრი თუჯის იყო და თუ შეგეშლებოდა, ტყუილა ათრევდი, არავინ ჩაიბარებდა. ასეც მოგვსვლია, კაცო... თამუნია გიჟდებოდა მტრედებზე, ოღონდ არა ალუმინისაზე. მე თამუნიაზე ვგიჟდებოდი და როგორც მერე აღმოჩნდა, თურმე არა მარტო მე. ვისხედით ერთხელ მისი ბინის სახურავზე, ვიღაცის ანტენის ძირში და მიყვებოდა, თურმე სადღაც უნახავს წარმოუდგენელი რამ- თეთრი, ქუნქულა მტრედები ჰაერში სალტოებს აკეთებდნენო და ჩემი ოცნებაა, ვინმემ მაჩუქოსო, ვგიჟდებიო. იქეთ ვიღაცას ყოლიაო, ხელს ჩემი სახლისკენ იშვერს და ვამჩნევ- გარუჯულ ფეხებზე თხელი, ფრიალა კაბა როგორ უსრიალდება ბარძაყებისკენ. ვეუბნები, შენ უეჭველად გეყოლება მასეთი მტრედი-თქო. ცხელი ტუჩებით მკოცნის ლოყაზე და გარბის. ,,მეიცა”-ვუყვირი, მაგრამ არ დამიცადა, თავის სადარბაზოში ისე ჩახტა, თეთრი ტრუსიკის გაელვებამ მთელ ტანში დამაჟრიალა. მე მეორე სადარბაზოდან გამოვედი. ტვინში მარტო თეთრი მტრედები და თეთრი ტრუსიკი მიტრიალებდა, უფრო სწორად, თეთრი, აკრობატი ტრუსიკები დაფრინავდნენ და სალტოებს აკეთებდნენ. ბიჭები,,სტოპიატს” თამაშობდნენ ჩეჩელაშვილების გარაჟზე. მათამაშეთ-თქო და ვერ ხედავ, ორი ორზე ვართო. ე, ბიჯო ნუ იზეთებით, ტაშტი_მუშტი ვიქნები ან ცალკარობია მაინც ითამაშეთ, თამაში მინდა მე-თქო. ვხედავ, ბოცოვიჩს დღეს რაღაც გაბრწყინებული თვალები აქვს და განსაკუთრებით მებლატავება, მოვრჩებით და მერეო. sportuli Sarvali „ნასკებში“ Cაvitanie, ბურთი დავითრიე და ჰე, თავიდან მე ვიქნები კარებში, ორამდე იყოს-თქო. მაგარი ჭინჭყლი პიდარასტი ხარო,-მითხრეს და დამნებდნენ. ვითამაშეთ დიდხანს, მერე კიდევ შემოგვემატა ხალხი. ბოლოს, გაოფლილები პალმების ხეივანში გავედით და დავეყარეთ. გურამია მაჩვენებს, სექსის კარტი დაუთრევია სადღაც. მე ეგ დღეს არ მჭირდებოდეს, მაგრამ მაინც ინტერესით ვათვალიერებ. ვუბრუნებ და შოთიას ვეკითხები, მილერია რამდენად ყიდის თავის მტრედებს-თქო. მილერია ჩვენი მეზობელია. ეზოში დიდი გალიები აქვს, შაშვები, აკრობატი მტრედები და მწყერიც ყავს. უყვარს კაცს. მარჯვენა ფეხი ხისა აქვს და სულ მოჭრილი ფეხის თითები ექავება. მტრედებს ხანდახან გალიიდან უშვებს და სახლის სახურავზე სხედან ფეხებგაბანჯგვლულები. ათი ლარი ერთი ცალიო და ახლა ვკითხულობ, ძაღლი თუ ყავს -ათი ლარის შოვნის რა შანსი იყო. ყავს ერთი სეტერი, არც ყეფს და არც იკბინებაო. ბოცოვიჩი ეკითხება, ბევრი ყავს ხოო და ქვეყნისო,-პასუხობს გურამია. ეგენი უფრო ახლოს ცხოვრობენ მილერიასთან, მე მოშორებით, ბოცოვიჩი კიდევ უფრო მოშორებით. ბოლოს, ბოცოვიჩს დამ მოაკითხა, მამიკო გიძახისო. შოთია, ვზროსლები იდგნენ იქეთ, იმათ მიეტუზა. დავრჩით მე და გურამია. თავის კარტი უკავია და ათვალიერებს და ათვალიერებს. ამხელა როგორ ეტევათო?--მეკითხება. მაგ თემაზე ლაპარაკი ყველას გვიყვარდა, მაგრამ ახლა სხვა ჯავრი მაქვს და ვეუბნები, მომაპარიე ერთი მტრედი-თქო და რა ჩემ სიქიმად გინდაო. მეთქი შეყვარებულისთვის მინდა, შე მართლა სიქიმო, რა ლაპარაკია-თქო. მასე გეთქვა მერეო და მე მაქიდან რაო. რანაირი ძმაკაცი ხარ-თქო, ვეუბნები. ,,ნაკლეიკების” კოლექცია რომ მაქვს, იმას მოგცემ-თქო და შეიყარე ტრაკშიო. იდი ნა ხუი, მარტო მივხედავ-თქო. ვაცადოთ, კარგად დაღამდება და შევხედოთო. მარა მეყოლება მეც შეყვარებულიო,-მითხრა. ჩემი ძმა ხარ, უჯიგრესი-თქო,M მხარი რომ იწყება, იქ მსუბუქად მუჭი ჩავარტყი და ხელი გადავხვიე. ცოტა ხანს ისრესდა და მაგინებდა. დაგერხა გურამია, ვეღარ იხმარ მარჯვენას-თქო, ვეხუმრებოდი... დაღამებული იყო კაი ხნის, მილერიას ჩიხთან რომ მივედით. მე ძაღლს გაგირთობ, შენ გალიაში შედიო,-მითხრა გურამიამ. სახლიდან ჩართული ტელევიზორის ხმა ისმოდა, უყურებდნენ. ხო არ იკბინებიან, თუ იცი? ამნაირი დოდო რაფერ ხარ, მტრედი როდის იკბინებაო. წადი შენიც-თქო და გალია გავაღე. ერთი კი დავიჭირე, მაგრამ ისეთი დგაფუნი ატეხეს, გალიის დაკეტვა ვერც მოვასწარი, ისე გამოვიქეცით. რომელი ხარ მაქანაო -იძახდა ვიღაც, მაგრამ ჩვენ უკვე სხვა ქუჩაზე ვიყავით. Mმაგარია!- ვეუბნები გურამიას, ვალი მექნება შენი, ახლა სად შევინახოთ ოღონდ? მიუყვანე შენს შეყვარებულსო. ამ შუაღამეზე ვის მივუყვან ამას. ბოლოს გადავწყვიტე: სახლში მივედი, სარდაფში ჩუმად ჩავედი, პლასტმასის ტაშტი ამოვაბრუნე, შიგნით ჩემი მტრედი შევსვი და რომ არ გაგუდულიყო, პატარა ტოტი დავუტნიე. დილას ადრევე ავდგები და ეგრევე თამუნიას წავუყვან მეთქი. Mმეორე დილას წამოვხტი, რაც შეიძლება მალე უნდა მივუყვანო მტრედი თამუნიას. ვხედავ - მამაჩემი მილერიას ელაპარაკება. მეთქი მორჩა, დარხეული მაქვს. მამაჩემი ეუბნება- თუ უეჭველი არ იცი, ცემაში ნუ მომაკვლევინებო... არა, მთლად მასე არ ვიციო -აწყვეტინებს მილერია, ძაან მივამსგავსე, მარა მოკვლა რას უშველის საქმესო. ბოვში არ მიეჩვიოს ცუდს, თვარა მტრედი ოცი მყავს კიდოო. __შედი სახლში!-მამაჩემი მეუბნება და მეც მილერიას ცხვირწინ ყოფნა სულ არ მსიამოვნებდა. ბებიაჩემი სადღაც მიდიოდა, ტყემალი უნდა ამოვიტანოო. ამხელა კაცი აგერ ვარ, ვერ იტყვი-თქო? სირბილით წავედი. მე ჩემი მეწვოდა, მაგრამ ბებიაჩემმა იმდენი მლოცა, მივხვდი - ყველა წყენა და გაბრაზება, რაც ჩემს კისერზე იყო, დავიწყებული ქონდა. ახლა თუ რამე, გამომექომაგება კიდევაც. ამოვედი. მამაჩემმა, რა გითხარი მე შენო. ბებიამ ტყემალზე ჩამიშვა-თქო და დავანახე ბორჯომის მწვანე ბოთლი. რომელმა მოპარეთ, ბიჯო, მილერიას მტრედიო. მამა, გუშინ ხო შემხედე, რომელზე დავწექი? სანამ მე არ მოვალ, არ დაგინახო სახლიდან გასულიო. ათი წუთის მერე წავიდა. ოცი წუთის მერე თამუნიას ბინის სახურავზე ვიჯექი, ბედნიერი თამუნიას ყურებით ვტკბებოდი. თავის პატარა ხელებში მოექცია თეთრი, შეშინებული მტრედი და ნისკარტზე კოცნიდა. მთელი ორი საათი მღეროდა ელემენტებიანი პატარა მაგნიტოფონი, რომელშიც მანიკიურით გადაბმული კასეტა იდო, ინგლისური წარწერით „სალვატორე ადამო.“ ვცეკვავდით და ვცეკვავდით, ცეკვის დროს ნაზად მეხებოდა, ხანდახან ლოყაზე მკოცნიდა და ვგრძნობდი, მე უფრო მაღლა ვიყავი, ვიდრე მზე. ბგერები, სხივები, შავგრემანი კანი და ანტენაზე ფეხით მიბმული თეთრი აკრობატი მტრედი მეგონა იმ წამს სრული ბედნიერება. საღამოს მამაჩემმა კარგად გამჯორა. ბებიაჩემს უთქვამს, სადღაც იყო გაპარულიო და ერთი ამბავი დავაწიე, მილერია მაბრალებს, მისი გულობიზა რატო მირტყამ-თქო. ქალივით ნუ ტლიკინობ, ბიჯოო და უფრო მეტი მომხვდა. სამაგიეროდ, საღამოს საჭმელი არ ვჭამე და ისე დავწექი, ხმა არ ამომიღია. Mმეორე დილას, მე რომ ავდექი, მამაჩემი ეზოში ბროწეულის ნერგს რგავდა. ჩემდა გასაკვირად, სიცილით მითხრა- დღეს ბოცასთან ყოფილა მილერია, ახლა მის ბოვშს აბრალებსო. გუშინ ჩემსას აბრალებდა, მაგის არაკაც დედასაც შევეცი ერთიო. ხო გამლახე ტყვილა-თქო და ბიჯო, ეზოს რო მიხედო ხანდახან, ხო შეგიძლია, რას გავს, არ გრცხვენია შენ თვითონო? რახან ბანზე ამიგდო სიტყვა, კი მომეშვა და რაღაცეებშიც მივეხმარე. საღამოს ბოცოვიჩი მირეკავს სახლში, ხეივანში გამოდი ორ წუთშიო. მეგონა, ფეხბურთის თამაშს აპირებდნენ, მაგრამ შორიდანვე დავინახე, მარტო იდგა. მისალმებული არ ვიყავი, პირდაპირ კბილებში მატაკა მუჭი, მერე თვალში და სიმწრისგან ძირს დავეცი, ხელებს ვაცეცებ, იქნება ქვა ეგდოს სადმე, თავში რომ ვრეკო. უცებ სახეში ცემა შეწყვიტა და ჩემს ყურთან მიწას დაუშინა მუჭი გამეტებით. დრო ვიხელთე და გადავაქციე, იქვე ქვას დავწვდი და რაც ძალი და ღონე მქონდა, სახეში მოვუქნიე. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ პირდაპირ ცხვირთან კი გავუჩერე მოქნეული ქვიანი მუჭი. რა გინდა, ბიჯო, რა, ვყვირი არადამიანური ხმით და, როგორც ჩანს, ისეთი სახე მქონდა, თვითონაც შეეშინდა. თუ გიყვარდა, რატო არ თქვი, ჩუმალა რატო ხარო. რაის ჩუმალა... და…მოკლედ, დადგინდა: მეც და ბოცოვიჩსაც გვამასხარავებდა თამუნია, მე რომ მტრედი ვაჩუქე, იმ საღამოს ბოცოვიჩმაც მოპარა თურმე მტრედი მილერიას და აჩუქა. თამუნიასაც მიუყვანია ბოცოვიჩი გალიასთან, სადაც ერთი მტრედი უკვე ყავდა და მე არ დავიჯერე, მარა ამან თქვა, ტუჩებში მაკოცაო... მეც ვთქვი - მუხლებზე ვეფერებოდი-თქო. ბევრი ვაგინეთ იმ დღეს თამუნიას. იმ ღამით მესხიშვილის ქუჩაზე, ერთი ლამაზი, მწვანე ჭიშკრის პატრონს, ღობიდან ააცალეს ორი ალუმინის მტრედი. მეორე დილით თამუნია რომ გამოვიდა სადარბაზოში, აკრობატი მტრედებისთვის თვალის შესავლებად, ქუნქულა მშვიდობის ფრინველების ნაცვლად ალუმინის მტრედები დახვდა. მილერია გახარებული იყო, მომიფრინდნენ ჩემი მტრედები უკანო. არადა, ჩვენ პალმების ხეივანში გავუშვით. . . თამუნია თხუთმეტი წლის იყო, რომ გათხოვდა. მერე გაცილდა ქმარს, მერე ისევ გათხოვდა და კიდევ რომ გაცილდა, ბოზი ერქვა უკვე. მეც რამდენჯერმე ვახსენე ბოზად. ბოცოვიჩს არ მახსოვს, ბოზად ეხსენებინოს. ხუთი წლის მერე სადღაც გადავიდნენ საცხოვრებლად, აღარავის გვინახია. მამაჩემის დასაფლავებაზე მილერიამ შვიდი თეთრი მტრედი გაუშვა საფლავთან. კაი ხნის მერე, ისეთი მობილური რომ ვიყიდე, მუსიკის ჩაწერა რომ შეიძლებოდა, პირველი რაც ჩავწერე, სალვატორე ადამოს სიმღერები იყო. ცოტა ხანში ვიღაცამ გვასწავლა, ,,სვეჩის თავის” ნატეხები რას უშვებოდა მანქანის მინებს... რაც თავი მახსოვს, ხიდიდან რო ვიყურები, სულ თავბრუ მეხვევა. მაშინაც ხიდზე ვიდექით მე, გურამია და ბოცოვიჩი. ვერ გადავხტები აქედან?-გვეკითხება ბოცოვიჩი და გადახტება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვპასუხობთ, რა შანსია-თქო, დეგენიზლაებითო, ხუთი სურვილი და ისკუპე-თქო და დამთავრებული არ მქონდა დგაფანი გავიგონე უკვე. გურამიასაც მაგრა შეეშინდა და მეც, მარა თავი რო ამოყო წყლიდან, გულიანად ვაგინეთ, რა დებილი ხარ, შე შობელძაღლო, ხუთი სურვილიზა რაფერ იკლავდი თავსო,-გურამია უძახოდა. გამოვიდა ბოცოვიჩი ნაპირზე გაწუწული. გაბადრული აქ სახე, რამდენი სურვილი მაქ? მეკითხება, ,,ხუთი”-ვეუბნები. ,,სულ რამდენი მაქ”. ,,ასათი”-ვეუბნები. ,,ასთხუთმეტი”_მისწორებს. ,,ორასი გქონდეს თუ გინდა, რათ გინდა თუ არ იყენებ?”-სულ ასე სურვილებზე მენიძლავება და არ მოუთხოვია ჯერ. რისთვის აგროვებს არ ვიცი მაგრამ, მე მგონი სურვილები კიდია ამას, ამ ამბავს რო მოვყვებით და ბოცოვიჩი ნაგიჟარიას რო ვიტყვით, ეს უნდა. ხან ხიდიდან გადახტა, ხან ბაგრატის გალავნიდან, ხან გახურებული რკინა დაიდო ხელზე, ხან რა და ხან რა. ერგება სურვილები და არ ითხოვს, ნაგიჟარია აბა რაა. მე ხომ ვიცი, ასეთი ლაპარაკი სიამოვნებს და უფრო არ მომთხოვს ჩაბარებას, თორე ბევრი დაგროვდა ძაან. წარა-მარა ვუძახი ,,გიჟი ხარ ბიძია შენ” და კმაყოფილი იღიმის. ოღასკურას რომ აუყვები სათავისკენ, კაი-კაი ადგილებია და კიბორჩხალები ბევრი, დავდიოდით ხოლმე იქ ანკესებით, თევზსაც ვიჭერდით, კიბორჩხალებსაც და თუ ვინმეს ღობეში ალუმინი ან სპილენძი ქონდა გვაპატიონ და იმასაც ვხსნიდით. ერთხელაც ასე დავიღალეთ სიარულით, შუა ტყეში ვართ მე, შოთია, გურამია, ბოცოვიჩი. მე და ბოცოვიჩი ვიძახით, დავბრუნდეთ სახლში-თქო და ისინი იძახიან კიდე ზევით ავუყვეთო. ბოლოს ისინი გავუშვით, ჩვენ აქ დაგელოდებით-თქო და მოეფარენ თუ არა თვალს, ჯიბიდან სახლში მოპარული ასტრის ღერი ამოვიღე და გავაფუილეთ. იქვე ერთი გამხმარი ხე იყო ფუღუროთი, ბზიკები შეფრინდებოდნენ, გამოფრინდებოდნენ. ვეუბნები, რამდენ სურვილზე შეყოფ ხელს იმ ფუღუროში-თქო და რამდენზეც გინდაო. მიდი და ბარემ ას ოცი მექნება-თქო, ვუთხარი სიცილით. წამოდგა. ჯერ ხეს შემოუარა მცოდნე კაცივით, ზომა-წონა რაღაცა და ავიდა. ფუღურომდე მიაღწია თუ არა, შიგნით არც შეუხედავს, ხელი შეყო. მერე ერთი იკივლა უფრო, ვიდრე იყვირა და სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოფრინდა შენი ბოცოვიჩი. სიცილი ამიტყდა, მაგრამ რომ მივედი, სახეზე შემეყინა სიცილი. ეგდო და არაადამიანური სახე ქონდა. ორივე ხელი მარჯვენა ფეხზე ეკიდა, თავზე ბზიკები ეხვია, ბღაოდა და ბღაოდა. Fფეხზე დავხედე და მაგრად კი შემეშინდა ისე, მუხლს ქვევით ფეხი გონიოსავით ქონდა. მოტეხილი რომ იყო კი მივხვდი. ამის ბღავილში რაც მოვახერხე, მოკოტრება ვცადე, მაგრამ ბზიკებმა მეც მიკბინეს ერთ- ორ ადგილას და მივხვდი, პანიკაში ვვარდებოდი. ეს ღრიალებს სულის წასვლამდე, სულ გაფითრებულია და რაც მოვიფიქრე, მივათრიე წყლამდე და შევიყვანე. ყვირის, ყვირის, არ ჩერდება. არადა, წყალში იქნება ბზიკები მოვიცილოთ. Bბზიკები, როგორც იქნა გაფრინდნენ და ახლა ეს მკბენს, რამე მიშველე, რამე ქენიო. რაც შემიძლია ვყვირი: ,,გურამია, შოთია, მოდით!”-არ ჩანს არც ერთი. უცებ, ერთიანად მოდუნდა ბოცოვიჩი, ჩვარივით გახდა, წყალში ვართ ჩაწოლილები, ხელები კისერზე მაქვ შემოხვეული და მეთქი, ხო არ გაიგუდა, ,,ბიჯო, ბიჯო!”-ვუძახი და სახეში ვულაწუნებ. არ იღებს ხმას. ავდექი და წყალში ჩავაყვინთინე. წყალშივე გაახილა თვალები. ,,რა გჭირს, ბიჯო, ცოტა გაუძელი!”-ვუყვირი. ფეხს დახედა, ვაიმე, ჩემიო, დაიწყო ღრიალი. ამოვიყვანე წყლიდან, მაჯა აქ ჩადებული ხელში და სიმწრისგან ღეჭავს. ნაპირზე გავათრიე. ისე ქოშინებს, მგონია გული უნდა გადმოაგდოს პირიდან. უცებ საყელოში მწვდება და მეუბნება -მომკალი! -ბიჯო, შენ ალაოდ ხო არა ხარ?-ვეუბნები და ვტრიალდები, რომ ზურგზე მოვიკოტრო.…აააააა!-ყვირის და ხელს გამეტებით სახეში მილაწუნებს. მომკალი, მომკალი შენი! ისე დამიღრიალა, გონებაში რაღაც წამის მეათედებში განათდა შეკითხვა ,,რითი მოვკლა?” და ელვის სისწრაფითვე ჩაქრა. ,,ნუ ატრაკებ, ბოცოვიჩ”-ვეუბნები. ისე, მეც ვატყობ, რომ შეშინებული ვარ. -ხო მაქ სურვილები, კბილებში გამოსცრა სიმწრისგან აჭარხლებული სახით და თითები ისე ჩამაჭირა, სული გამძვრა... მომკალი, მომკალი შენი, მომკალი-თქვა...ღრიალებს. ფეხს დავხედე,-მოწყვეტილივით აგდია და ,,მოგკლა, ხო შე ნაბოზარო?”-ისე დავუღრიალე, წამით შეწყვიტა ძაგძაგი. ,,მოგკლა, ხო?”-ვყვირი, რაც ძალა და ღონე მაქვს. სწრაფად დავწვდი იქვე მსხვილ ტოტი რომ ეგდო და ბეჭებზე გადავუჭირე. ,,ვაიმე დედა!”-აღრიალდა. ვურტყამ და ვურტყამ ამხელა კეტს და ბღავის და ბღავის. უკვე მარტო ,,ვაის” რომ იძახდა და აღარ იგინებოდა, შევეშვი. ძალაგამოცლილი და აქოშინებული ჯოხს დავეყრდენი. ,,მოგკლა ხო, შე ნაბოზარო ბოვშო, მოგკლა?! მოვკლა თურმე ეგი”. აღრჭიალებს კბილებს, მაგრამ აღარ ყვირის, კაი დაბეგვილია. -გზამდე გავალთ და მანქანას გავაჩერებთ, ზურგით გაგათრევ... ,,არ შემიძლია”-მეუბნება დაქანცული ხმით. ,,ხმა ჩეიგდე შენ”-ვეუბნები და ძალით ვეჭიდები, ზურგზე მოვიგდო იქნება. Aამ დროს შოთიას ყვირილი მომესმა შორიდან, ,,ოუო”-ყვიროდა. ,,იგენიც მევიდენ... ახლა უკვე გავალთ”-ვეუბნები და გვერდით მივუჯექი, გადარჩენილივით. ფეხი რომ მოურჩა, ალაგ-ალაგ სილურჯეები კიდევ ქონდა ბეჭებზე. მამამისს, სანამ სიმართლე არ ვუთხარით, მანამდე ვერ დავაჯარეთ, რომ ცემაში არ მოუტეხია ფეხი მისი შვილისთვის არავის. მთელი კვირა მეზობელი კაცები ბოცოვიჩზე ლაპარაკობდნენ, ხუმრობდნენ, მამამისის შვილი ნორმალური რაფერ გამევიდოდაო, მთელი უბნის ბიჭები ვიძახდით: სუnელია, სიკვდილს რაფერ ითხოვდა-თქო. მერე რამდენი ამ ამბავს გავიხსენებდით, სულ ისე იღიმებოდა ბოცოვიჩი, კმაყოფილი იყო აშკარად. ოღონდ ,ვერაფრით ამოვხსენი, ყველაზე მეტად რითი. რამდენი ამ თემაზე ჩამოგვივარდებოდა ლაპარაკი, სულ სიცილით მეუბნებოდა, ხო დააკატავე ისეო... სახლში მარტო როცა ვიყავი, ბიჭები ჩემთან ვიკრიბებოდით, შოთიას თავის ვიდეო გადმოქონდა და სტალონეს და ჩაკ ნორისის ფილმებს ვუყურებდით. იშვიათი სიამოვნება კი იყო. ჯერ ბებიაჩემი სახლიდან არ გადიოდა, იშვიათად მეზობლებთან თუ გადავიდოდა ხოლმე, მაგრამ, თუ გადავიდოდა, კაი ხანს უყვარდა ჭორაობა. თან, შოთიაც სულ ხომ ვერ გადმოიტანდა თავის ,,პრისტავკას”. ერთი სიტყვით, იშვიათი დღე იყო და „რემბოს“ ვუყურებდით. კაფიამ აიჩემა, პორნოს ვუყუროთო. არ გვქონდა კასეტა. Kკაფია თავიდანვე ასეთი ,,აზაბოჩენი” იყო. სკოლა რომ დაამთავრა, თხელი ნაჭრის შარვალი იყიდა. ცეცხლის ფასი გადაახდევინა დედამისს. ბანკეტის მერე არ ჩაუცვამს, ძაან თხელია, მარცხვენსო,-გამოგვიტყდა ერთხელ. უკვე დიდი იყო, ქუჩაში, ბებიამისთან ერთად გვეგონა დავინახეთ და თურმე ვიღაცა ,,პიანი ბაზრის” ქალი აუგდია. ქუთაისი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ლამაზი ბოზი იშვიათად რომ იპოვო კაცმა. Kკაფიას ბებია რატომ გვეგონა ბოზი, უფრო სწორად, ვიღაც ბოზი რატომ გავდა ასე ბებიამისს, არ ვიცი. მოკლედ შოთია ეუბნება კაფიას, გამოგასირებს ამდენი ხელცქვიტობიაო და ის ეუბნება, რა იყოთ, ბიჯო, ქალები რაფერ არ გევასებათო. ვის არ ევასებოდა, მაგრამ არ იყო კასეტა. ე, ბიჯო ვუყუროთ კინოს, რა იქნება.-ამბობს ბოცოვიჩი და მე რემბოს კი მირჩევნია ტიტველი ქალები, მაგრამ ვიწყებთ ყურებას. ბებიაჩემი რომ მოვიდა, რემბოს მუცელი ახალი გაკერილი ქონდა. ტვინი წაგვჭამა, გამორთეთ, რა იქნება, ნუ ახოციებთ ერთმანეთსო. სახლში რა გვეკეთებია, თუ არ ვუყურებდით და ეზოში გამოვილალეთ. წინა ღამით პალმების ხეივნიდან ვუყურეთ ვარსკვლავთცვენას. იმის მერე იმდენი მოწყვეტილი ვარსკვლავი არც მინახავს. კაფიამ დაიჯინა, გინდა თუ არა, ჩემი ეზოდან უნდა გეყურებიათ თქვენ, რამდენი წყდებოდაო. კაფია, ვარსვლავთცვენის ყურება გირჩევნია თუ ტიტველი ქალების-თქო და კაფიას ნაპასუხები არ ჰქონდა, ოთხივეს ვარსკვლავები ზუსტად იმაზე გვეკიდა, რაც ასე გვაიძულებდა, ქალები აგვერჩია, მინიმუმ ასეთი არჩევანის დროს მაინც. მაშინ იყო, ღობიდან დავინახეთ თამუნია, მზის ჩასვლიდან ჩვენი მიმართულებით მოდიოდა. გათხოვილი იყო უკვე და ამასო, კაფია იძახის, ისე ვიზამდი, წელში გადავტეხავდიო და მეც არ მესიამოვნა, მაგრამ ბოცოვიჩმა ადგა და ბლის მოზრდილი წკნელი გადაუჭირა, ხო ტყნავ მთელი დღეა ტვინსო. კაფია კი არა და, მე ხომ ვიცოდი ბოცოვიჩის (და სხვათაშორის ჩემიც) ძველი სიყვარულის ამბები, მეც არ ველოდებოდი ასეთ რამეს. კაფია სიმწრისგან რომ შეხტა, ღობიდანაც ფეხი დაუსხლტა და მუცელი გამოშვერილ რკინაზე გადაიხია. სისხლი რომ დავინახეთ, ყველას შეგვეშინდა. ბოცოვიჩმა თვითონ დაუძახა ბებიაჩემს, ამანაც ერთი წივილ-კივილი ატეხა. შეიყარა ხალხი. ღრმად არ იყო და არაფერი მაგრამ, მოყვა მაინც ამბები, ბოცას ბიჭმა გურამიკოს მუცელი გამოფატრაო და ასეთები. Kკაფია ექიმთან გააქანეს, გასაკერიც არ იყო, უბრალოდ დაუმუშავა ქირურგმა.Kკი იძახდა ისე, ჩემით ჩამოვსრიალდიო, მაგრამ მე მგონი ბებიაჩემმა ჩაგვიშვა. საღამოს, კაფია ქუჩაში რას გამოვიდოდა და ბოცოვიჩი მე და შოთიამ კაცებივით დავისვით, მაგი რავა შეიძლება, ბოლოსდაბოლოს ვიღაცაა, აბა რაა შენთვის თამუნია-თქო. არ ამოუღია ხმა. მერე, შოთია რომ სახლში წავიდა, ნასკი ჩაიწია, კოჭთან შრამი მაჩვენა. მაშინ თითქმის ყველა ვიწვავდით სხეულზე რაღაცეებს. ჩამქრალი ასანთის ღერს ენაზე დაისველებდი და მერე კანზე კარგად გაუხახუნებდი რამდენჯერმე. მტკივნეული არ იყო და ნაწიბური ისეთივე რჩებოდა, როგორიც დამწვრობის დროს. „თამუნა“ ეწერა. არც მე მეხატა სკიპტრაზე შემოხვეული გველი, მაგრამ კოჭზე წაწერილ ,,თამუნა”-ზე კი ვიცინე ბევრი. ეწყინა მაგრად. ყველა ერთმანეთზე სირები ხართ თქვენო. პრინციპში, შოთიას ვაფშე ,,დედა” ეწერა და მაგის გამო დედამისი სულ უძახდა, შენ მოუკვდი, შვილო, დედაშენსო და კაფიას ,,ჟევესესე” ეწერა რუსულად მთლად, მაგრამ ბოცოვიჩს თუ კოჭზე თამუნა ეწერებოდა, ნაღდად არ მეგონა. დაივიწყე თამუნია, ნუ გაატრაკე საქმე-თქო და დავიწყებული მაქვს კაცო, არ ინერვიულო შენო,-ისე მითხრა, ვითომ ჩემი ბრალი იყო, თამუნია რომ არ შეიქნა იმ წარწერის ღირსი. სახლში რომ მისულა, ბოცა გაცოფებული დახვედრია -რა უქენი, ბიჯო, ბოვშვსო და ვინ დაუჯერებდა, რომ მუცელი ამან არ გამოფატრა, რომ მხოლოდ წკეპლა გადაარტყა დამრიგებლურად. კარგადაც გაულახია შენი ბოცოვიჩი. ამასაც ეგონა ალბათ, მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგააო და შენო, მამამისისთვის უთქვამს, რაც ჩემზე ამაგი გაქვს, რაც ჩემი გულისთვის დაგიხარჯია ფული, საჭმელში, ტანსაცმელში, სათამშოებში და ყველაფერში, ჩამოწერე, შეკრიბე და იმ ფულს უკან დაგიბრუნებ, როცა იქნება, შენი ვალი რო აღარ მქონდესო. გაფითრებულა ბოცა თურმე:- ოხ, შენი დედა მოვტყან, რაც მე შენი ყვერები მაქვს ნაკოცნი, იგი გადამიხადე, თუ ასე მაგარი ხარ და ფული სულ არ მინდა არაფრადო. მეორე დღეს შოთია ეკაიფებოდა კაფიას- ტყვილა გაყურებიე რემბოს, შენით უნდა ამეგეკერა ჭრილობაო. ბოცოვიჩი ეუბნებოდა, შენი გასაღები ხელი მამაჩემმა გეიღოო. ბებიაჩემმა, ჯახა-ჯუხის ყურება აღარ გევიგონო ამ სახლშიო. იმ ზაფხულს, სამედიცინოზე რომ ჩავაბარე და მთელი სამეზობლოს ქალები რომ მაქებდნენ და მადიდებდნენ, ბოცოვიჩმა დამირეკა ერთ დილას, ფული მჭირდება ძალიან და თხოვე ბებიაშენს, ორი დღით მასესხოსო. ბებიაჩემი მაგას ფულს არ ასესხებდა და მე ხომ ას ლარს ცოცხალი თავით არ მომცემდა. გელას ვთხოვ-თქო და ძმურად, ვისაც გინდა თხოვე, ორი დღით მინდა, მეტით არაო. გელას მაღაზიასთან მივედი. მისი ხუთი წლის თავგასიებული შვილი იჯდა ბორდიურზე. სადაა მამაშენი-თქო და მაღაზიაშიაო, თან სილაში სიმახინჯეებს ხატავს და ნახე რა დავხატეო, მეუბნება. რა არის რეზიკო მაგი?-ვეკითხები და ყვავილებიაო. -რო არ გავს? -მამის სულს ვფიცავარ! -მეუბნება და თვალებში მიყურებს. -ნუ მდობ, შე ვირიშვილო, ცოცხლად მიწაში!-დაგვადგა თავზე გელა და შვილს თმაზე ისე წამოარტყა, არც შეხებია. , -გელა ბიძია, ფული ხო არ გექნება რამე, ორი დღით... -რამდენი გინდაო,-ჯიბეში ჩაიყო ხელი ისე, ჩემსკენ არც შემოუხედავს, სილაში ფიგურებს უყურებდა. -ასი ლარი! უცებ შემომხედა -ხო მშვიდობააო. -კი, საბუთების ფული მაქ შესატანი. მაღაზიაში შევიდა უსიტყვოდ და გამომიტანა. -სანამ ცოცხალი ვარ, არ გინდა და რო მოვკვდები, კი მიეცი ამასო- მეუბნება. -- -ორ დღეში მოგიტან-თქო, ვეუბნები ჯიუტად. რეზიკოს თავზე ხელი გადავუსვი, ნახატებს სერიოზული სახით დავაკვირდი და გენიოსი ხარ შენ-თქო-ვუთხარი. არა ვარ მე გენიოსიო,-აუცრემლიანდა უცებ თვალები, დედიკოსი და მამიკოსი ვარ მეო. მე წამოვედი. გელას შვილი აეტატებინა და იცინოდა, რეზიკოს წყლიანი თვალები ისე უბრწყინავდა, ტირილი ერჩია ყველაფერს. ბოცოვიჩი ტაქსით მოვიდა, ვიღაცის დაბადების დღეზე მივდივარ, საჩუქრის ფულიაო, მითხრა, გამომართვა და წავიდა. Mმერე შოთიამ მომიყვა, ღამდებოდაო, წყალტუბოს გადასახვევთან ფეხებთან გამიჩერა ტაქსმაო, ბოცოვიჩს გადმოუყვია თავი და სახლში თუ მოდიხარ, ჩაჯექიო. კიკვიძის ძეგლთან მილიციის ერთი მანქანა წინ ჩადგომიათ, მეორე უკან. გაუჩერებიათ. ბოცოვიჩი და შოთია ცემა-ცემით გადმოუყვანიათ და სადაა წამალიო,უყვიროდნენ თურმე. თავიდან მეგონაო, შოთია ყვებოდა, რამე შარში ხო არ გაეხვია ეს ჩემისაო, მარა, ბოცოვიჩს ერთი ამბები დაუწევია, პატარა სპექტაკლები დაუდგია, რა წამალი, რის წამალიო. მე ნათესავებიდან მოვდივარ, ეს საერთოდ ეგერ ჩევისვით, მეზობლები ვართო. ტაქსის მძღოლიც უაზროდ თვალებს აცეცებდა და შეშინებული უდასტურებდა ყველაფერს თურმე. წახდომიათ ნირი მილიციელებს. ორივე დაუჩხრეკიათ, ტაქსისტიც მიუყოლებიათ და მანქანა სულ მისხალ-მისხალ დაუთვალიერებიათ. ვერ იპოვეს ვერაფერი თურმე. მერე, ვერსად რომ ვერ ნახეს ნარკოტიკები, ბარემ ფეხებზეც გაიხადეთო, უთქვამთ იხტიბარგატეხილებს. შოთიამ, უცებ გავიხადეო, ბოცოვიჩი ჩხუბობდა და დავახსნევინებ თქვენს თავსო, უყვიროდა თურმე ამ მილიციელებს. გაუხდია ბოლოსდაბოლოს ფეხსაცმელი ბოცოვიჩსაც და ამოუტრიალებია, ორივე ცარიელი იყო და ერთი ნაყვავილარი სახის ახალგაზრდა თანამშრომელი ამბობს, ნასკებიც გაიხადეო. რა ვეღარ გაიგეთო, უთქვია ბოცოვიჩს, ხელები კოჭის ორივე მხარეს მოუკიდებია ნასკისთვის, გაუწევია და გაბერტყილ ნასკს იმდენი მტვერი გაუშვია, კაი, კაი, წადით , სადაც მიდიხართო, გამოუშვიათ. ის ღამე იყო, კაფია მოვარდა ჩემთან აქოშინებული, ბოცოვიჩი სასწრაფოთი წაიყვანესო. . .
. . . ცხრა წლის წინ, პირველი კურსი რომ დავხურე, რა თქმა უნდა, მაშინვე ქუთაისში გავიქეცი. კაი ღამე იყო, რომ ჩავედი. ბებიაჩემმა იმდენი მკოცნა, მლოცა და იმდენჯერ მითხრა, მამაშენის შვილი ზუსტადაც ყველას უნდა ჯობდეს უბანშიო, არაქათი სულ გამომაცალა. ...ჯერ ვიგრძენი, როგორ გადაიქცა ჩემი საწოლი ცისფერ ღრუბელად, მერე როგორ დაეშვა მიწაზე ღრუბელი და გამუქდა, გაშავდა, მერე მსუბუქად დავხტი მიწაზე, ჩოხის კალთები ავიკეცე, შავ მერანს შემოვახტი, ყურებსშორის ხელი დავუსვი, მერე კისერზე. მერე მსუბუქად ქუსლი ვატაკე და პირდაპირ მტრის ჯარში შევვარდი. შუბები მივულეწე, ჩემები ყველა ციდან მიყურებდნენ. მამაჩემს ბაბუაჩემი აქებდა, ბაბუაჩემს მამამისი, იმას მისი მამა და ყველა სიხარულიან-ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ. მე ვიჯექი შავ ცხენზე, საგვარეულო ფარ-ხმლით, ვიქნევდი მარჯვნივ და მარცხნივ. მთელი ზეციური საქართველო მიყურებდა. ვიბრძოდი, როგორც შემძლო, თავგანწირვით, გასავათებამდე. მღეროდნენ ცაში. სიტყვები ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა: ,,დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან” ,,ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?”,,მერე როგორ დროს?” ,,ეგებ წავიდნენ, გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?” აღწევდა ტვინამდე სიტყვები ნაწყვეტებად... თვალები გავახილე და მობილურზე დაყენებული მაღვიძარა გამოვრთე, მთელი წელი გონაშვილის ,,დაიგვიანეს” მაღვიძებდა. ბებიაჩემს არ ეძინა, ,,კუხნაში” საქმიანობდა. გარეთ გამოსვლისას მომაძახა-სად მიდიხარო? მოვალ მალე მეთქი და ბოცოვიჩთან წავედი... გაღიმებული დამხვდა. გვერდით ჩამოვუჯექი. - რავა ხარ ბოცოვიჩ, შე ჩათლახო? ჩამევედი მე. ქუთაისში ვარ. მაგარი პიდარასტი ბიჭი ხარ შენ. ვაფშე, ლაპარაკის ღირსი არახარ, მარა... სად წადი ერთი, რას გავდა შენი საქციელი? შენ ყოფილხარ ნაძირალა. კი, ეს სიტყვა თბილისში ვისწავლე, უფრო სწორად მანამდეც ვიცოდი, მარა არ ვხმარობდი. კაი როჟები არიან, მარა ნაბიჭვარი გასდით და პატრონის გინება არა... ისე მაგარი კია თბილისი. მართლა მაგარია. რა მაგრად ჩამომაკითხე, ბიჯო, შეენ?! მაგრად დავანგრიეთ იქაურობა... ოხ, ბოცოვიჩ, შენი... არ მინდა ახლა დაცინვები და იგენი, ვიქნები ექიმი მე. რაის ექიმი და ექიმი. ვალი მაქ სამყაროსი, ერთი კაი ექიმი ,ხო იცი ... რამდენი რამე ვნახე იცი? იმენნა გატყავებული ხალხი, პატარა ბავშვები სინჯარებში, ბანკასავითაა სინჯარა... სიმახინჯეები და რა ვიცი, რა არა. იმნაირი სიმახინჯეები ვნახე, კაფია ანგელოზია იმგენთან. ბოცოვიჩ, ხო ვართ ჩვენ მაგრები? Aაი, მე, შენ, გურამია, შოთია -ვინც ჩვენ ვართ, ხო იმენნა ძაან მაგრები ვართ. ვართ და ნუ დაიწყებ ახლა, გადამიღუნეთ აგერო. ნუ გევასება ეს ჩათლახობები. ვართ ჩვენ მაგრები, რატო არ ვიცი, მარა თბილისში მივხვდი, რო ვართ. ჩვენ კი არა, მეoTxე ჩიხელებიც მაგრები არიან, კაფიას პიტბულიც მაგარი ჭკვიანია დაჟე. შენც მაგარი საგინებელი ხარ. შენ კი იცი, რო ასეა, გაქებ-იცინი, გლანძღავ-იცინი... ბოცოვიჩ, ხო კაი გოგო იყო თამუნია? კი წაიბოზებდა მარა, მე მგონია, მაინც კაი გოგო იყო. სიმართლე გითხრა, შენ და თამუნია უფრო კარგი წყვილი იქნებოდით, ვიდრე მე და თამუნია. ბოცოვიჩ, შენი... რამდენი ხანია არ მინახიხარ და ხო მაგინებინებ თავს... კაროჩე, წავალ ახლა მე. არ დაგავიწყდეს, შენზე გატეხილში რო ვარ. მაგას როდის გაპატიებ, არ ვიცი. მეც გავიღიმებ მასე და ვნახავ მერე, რაფერაც ამიხსნი მაგ ყველაფერს. სექტემბრამდე ქუთაისში ვარ. ნუ გეშინია, არ მოგენატრები . . . წამოვდექი, შარვალი ჩამოვიფერთხე. მერე შევამჩნიე, მეორე მხარეს ნეკის სიმსხო სანთელი ენთო, მეოთხედი დარჩენილიყო. ცოტა შემეშინდა, ამ დილა უთენია ვინ დაანთო-თქო. პატარა ჭიშკარი გამოვიხურე და იქეთ წავედი, სადაც ჩემები მელოდნენ. მამაჩემის საფლავთან წვერებიანი ,,ბოცა” იჯდა, ლიტრიანი არაყის ბოთლი ედო გვერდით და ხელში პლასტმასის თეთრი ჭიქა ეჭირა, ნახევრად სავსე. კაი მთვრალი იყო. მაგრად გაუხარდა ჩემი დანახვა, უკვე სახლში მივდიოდიო. კიდე ერთი ნახევარლიტრიანი და ,,პეჩენია” ამომატანინა. მაგრად დავთვერი იმ დილას. სახლში რომ მივედი, ბებიაჩემმა- ვაიმე, თბილისმა თლა გამიფუჭა ბოვში გონიაო -იბუზღუნა. არაფრის თავი არ მქონდა. ლოგინზე მივეგდე გაუხდელად. ტაშტი მომიტანა, ცუდად ხო არ ხარ, ბებია, დაგიკავებ შუბლსო. ე, ქალო...-წავიხრიალე და უკვე სიზმარს ვხედავდი... ეზოში კარალიოკის ქვეშ იჯდნენ მამაჩემი და ბოცოვიჩი, წინ ერთი ლიტრიანით არაყი ედოთ და „პეჩენია“ ორივე მთვრალები იყვნენ. მამაჩემი რაღაც ამბავს უყვებოდა და ხელებს იქნევდა, მთელი ხმით ხარხარებდნენ...
აგვისტოს უსაშველო გვალვა იდგა. ბებიაჩემის სამთვიან ხვეწნას ეღებოდა ბოლო –წიგნების თაროს ვაჭედებდი მისაღები ოთახის კედელზე, რაზეც რუსული კლასიკის ტომები უნდა შემოედო, მტრის თვალების დასავსებად. უცებ ქუჩაში დიდი ხმაური ატყდა: ,,თქვენი დედის ნაღველი მოვტყან ყველასი! თქვე ტრაკიდან გაგდებულებო, თქვენ! ფურთხით ნაკეთები ხართ სუყველა!” საპასუხო ღრიალი და გინებებიც აღწევდა. ბებიაჩემი ყავას სვამდა და ყველს და პურს აყოლებდა. ყურები ისე ცქვიტა, შეეტყო, მიხვდა რომ გადაიდო თაროს გაკეთება კარგა ხნით. იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩაში ასე ბინძურად გურამია კუხიანიძე იგინებოდა მარტო. დავყარე ლურსმნები, ჩაქუჩი თავისით დაეცა და გარეთ გავვარდი. მეოთხე ჩიხელებს მოექციათ შუაში გურამია და ისე ურტყამდნენ, კინაღამ ქუჩაში გადასვლა გადამაფიქრებინეს. არ მეგონა თუ ოდესმე ჩაქუჩის ხელიდან გაშვებას ვინანებდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო -ჭიშკარი გავაღე და ამ ბრბოში შევვარდი. სანამ შემამჩნიეს, ერთი-ორს კი ვბეზე, რაც შემeძლო, მაგრამ ყველა რომ მომიბრუნდა, გამიგდეს მეც ფეხებში. თვლას და დამახსოვრებას აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ ხელები ავიფარე სახეზე და რაც შემეძლო, ყვირილი მოვრთე, რომ იქნება მეზობლებისთვის ხმა მიმეწვდინა– ამ ჩვენს ქუჩაზე მეოთხე ჩიხელები გვირტყამდნენ. მერე ქალის კივილი და წყევლა გავიგონე და თითებს შორის ნაპრალიდან თვალი მოვკარი- ბებიაჩემი იყო, ხელში ჩემი გაგდებული რეზინისტარიანი ჩაქუჩი ეჭირა და ჩემსკენ მორბოდა. მეზობლებიც გადმოდიოდნენ უკვე ეზოებიდან. ამათაც თავი გაგვანებეს და გაიქცნენ. თორმეტი კაცი იყო, კაფია იძახდა,ოცდაათი იყვნენო, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა- ოცდაათი კაცის საქმე კი გააკეთეს . ბებიაჩემი მომვარდა– არიქა, ხო ხარ ცოცხალიო. -ე ქალო, შემეშვი. სისხლი არ მდიოდა და გვერდების ტკივილი, რაც შემეძლო დავმალე და წამოვხტი. კაფია ვერ დგებოდა– ტუჩიდან, წარბიდან, ცხვირიდან, მუხლებიდან და იდაყვებიდან სისხლი დიოდa . დაესივნენ ქალები, ზოგმა–არიქა წყალიო, ზოგმა –სასწრაფოო. სასწრაფოზე ადრე პოლიცია მოვარდა. გელას ნაცნობები აღმოჩნდნენ. ბოვშები წაკინკლავდნენო და გააბრუნა უკან. მე მომავალი ექიმი ვიყავი და დიდი არაფერი, კაფია კი დაიმახსოვრეს. მოკლედ, სასწაული მოახდინეს მეოთხე ქუჩელებმა პალმების ქუჩაზე– პალმების ქუჩელი გალახეს და ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა. საღამოსვე შეიკრიბა მთელი ქუჩა: მე, კაფია, შოთია, გელა, კოსტია, ბოცა და კიდევ იყვნენ ვიღაცეები, არ მახსოვს. კაფიამ მოყვა: ვიღაც გოგო არის მეოთხე ჩიხელი, სულ ვიღაცეებს აძლევს და გაჩერებაზე დავინახე, სტოლბას მიყრდნობილი, ვიღაცას ემესიჯებოდაო. - რატომ აყენებ, გოგონა, სტოლბას ამდენ ჯაფას, თავისუფლად შეგიძლია მე მომეყრდო აგერო. იმას უთქვამს, შენ რა უშიშარი ყოფილხარ, მე რასაც ვეყრდნობი, ყველაფერს ძლიერად და მიწაზეც თუ ვარ, მყარად ვდგავარო. ამასაც არ დაუხანებია და გოგონა, შენს ფეხებს რა უნდა მიწაზე საერთოდო და მისი გაკვირვებული სახე რომ დაუნახავს, აგერ უნდა მეწყოს ბეჭებზეო,– დაუყოლებია. მოკლედ, იმდენი უქნია, სახლამდე გაუცილებია კაფიას ის გოგო და იმასაც უბანში მობირჟავე ბიჭებისთვის რაღაცა ისეთი წაუჩურჩულებია, სანამ პალმების ქუჩამდე მოვაღწევდი, ათჯერ დემეწიენ და მირტყესო, –კაფიამ. კოსტიამ კი უთხრა, შენ შენ ძაღლზე დებილი ხარ, ბიძიაო, მაგრმა მონდომება იყო საჭირო და მოიძებნებოდა კაფიას გამამართლებელიც რამე. კალაბოკასთან დავრეკავო, გელამ თქვა და დარეკეს. მე თბილისში მომიწია წამოსვლა და კაფიამ მომიყვა მერე : კოსტიას და გელას, სამი თუ ოთხი მეოთხე ჩიხელი გამოუყვანიათ და ვინც ყველაზე მეტს მირტყამდა, ხის სკამი გადავალეწეო. შოთიამ მითხრა, შენ გული არ დაგწყდეს, ყველას კარგად დავუბაგუნეთო. კალაბოკასთვის ბლომად „პერედაჩი“ შეუგზავნიათ. მე ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს სამართალი პატარა ლეკვი იყო და კალაბოკას ყავდა საკანში. სულ შიოდა ამ სამართალს, მარა კალაბოკა მარტო ათასში ერთხელ აჭმევდა პურს. ძაღლს რომ შია და პურს მიუგდებ, ახლა ჭამის დრო არააო, მაგაზე სად იფიქრებს, დაეტაკება და შეჭამს იმ წამში. ბევრი ხვეწნის და ლოდინის მერე, ეღირსა ბებიაჩემს, როგორც იქნა, წიგნების თარო მისაღებ ოთახში. შემოაწყო თავისი საყვარელი რუსული კლასიკის წიგნები და მე მგონი, მართლა დაუფსო მტერს თვალები, იმიტომ რომ ჩვენთან მოსული მტერი მე არ მინახავს, ვეღარ გვაგნებდნენ ალბათ და იმიტომ. წიგნები ჩემთვის მოსაწევის შესანახი და დასაპრესი ადგილი იყო და შემჩნეული მქონდა, ,,დონ კიხოტში” შენახული პლანი უფრო გვაბრუებდა, ვიდრე რუს კლასიკოსებში. ერთხელაც, მე და კაფია ვზივართ ჩემთან აივანზე. თეთრი ვარდების სუნით გაჟღენთილია ჰაერი. კაი დადონკიხოტებულები ვართ და კაფია მეუბნება, გელამ მითხრაო, ყველაზე მაგარი კაიფი ოჯახია, შეეშვით ამ მოსაწევსო. წამალს არც ერთი არ ვიკეთებდით, მაგრამ ბოცოვიჩის სიკვდილის მერე, ყველა მაინც ეჭვის თუ შიშის თვალით გვიყურებდა და შანსს არ უშვებდნენ ჩვენს დასამოძღვრად. მე ვუთხარი– კაფია, ჩემი ოჯახი ბებიაჩემია და მაინცდამაინც პრიხოდი ბებიაჩემს არა აქვს–თქო. ხელს იქნევს ჩემზე- შენო, სამედიცინოში კი არა, კემბრიჯში რო ჩაგებარებინა, მაინც სირბანჯოლა იქნებოდიო. მეო, ისეთი ქალი მინდა ცოლადო, რომელიც გელას სიტყვებში დამარწმუნებსო. მე მართლა გაკვირვებული ვიყავი- არ მეგონა ამხელა თუ გაზრდილიყო კაფია და მისთვის ქალი სექსის გარდა სხვა რამესთანაც თუ ასოცირდებოდა. მაინც ვეუბნები- შენ რომ წამოგყვება , კაფია, მაგნაირი ქალი არ გამოგადგება–თქო. არა მარტო სიტყვებით, თვალებითაც და ოხვრითაც გამოხატა დიდი წუხილი კაფიამ- გეივსო ქვეყანა შენნაირი სირებითო. სანამ საპასუხოდ რამე მწარეს მოვიფიქრებდი, ბებიაჩემმა გამოგვხედა,– ტელეფონზე გეძახიანო, მითხრა. შოთია რეკავდა ქუჩის აპარატიდან, ათ წუთში ბოცოვიჩის საფლავზე იყავითო. რა ხდება–თქო და ათ წუთში გეტყვითო. წავედით. შორიდანვე დავინახეთ, იმ ქვის წინ იჯდა, რომელზეც მოცინარი ბოცოვიჩი ეხატა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. –რა იყო ბიჯო რა ცეცხლზე დაგვდევი? ძალიან ბევრ ტანჯვაგამოვლილი კაცის თვალებით ამოგვხედა. –ბიჯო, აქ ვიღაც გოგო იყო, შორიდან დავინახე და რო მოვედი, სადღაც გაქრაო. ხელით პატარა ფურისულების თაიგული დაგვანახა ბოცოვიჩის გულზე. კაფიას სახეზე შევატყვე, ახლა გინებას დაიწყებდა– ამისთვის მოგვიყვანე აქო და მე თამუნია ამომიტივტივდა თავში. ori წელი არ მენახა და დავიწყებულიც მყავდა, მაგრამ ისე გავბრაზდი, უფრო სწორად, ისე შემშურდა ბოცოვიჩის, კაფიას არ დავაცადე : -შენ, ბიჯო, სულ გამოყლევდი თუ რა გჭირს, მაგიტო მოგვიყვანე ეს ფაქტი ხალხი აქ? შოთია, ვითომც არაფერი, ჯიბეში ხელს იყოფს, შეკრულ ცხვირსახოცს იღებს და ხსნის. რაღაც სიმახინჯე იყო თავიდან, მერე კაფიას შეძახილზე მივხვდი, რო ჩემზე ადრე მიხვდა, რაც იყო, მერე ბიბილო გავარჩიე და მეც მივხვდი. ნახევარი ყური იყო. -ვისია ბიჯო ეგი?- ეკითხება კაფია და მე ვიგრძენი, როგორ თავისით გადამეყლაპა ნერწყვი. -ბარიგის!- ცალყბად მოგვიგდო, მერე კბილებს შორის ჩარჩენილი საჭმელი გამოისრუტა, დარდიმანდი კაცის სახით ადგა, ცერა თითი ენაზე დაისველა და ბოცოვიჩის სურათზე წვიმის კვალი წაშალა. -სად მიაგენი, მაგის დედას შევეცი!– ავტეხეთ მე და კაფიამ. ჩვენც ვეძებდით, მარა ჩვენ უფრო ისე ვეძებდით. თუ გადავეყრებოდით სადმე, იცოცხლე, ვიზამდით საქნელს, ამას კიდე წყალტუბოში უსატკავია, სემის ნაპირას დავიჭირე, იჩხერდაო, მთლიანი ყურის მოჭრა მინდოდა , მარა ზემოდან უნდა ჩამომესვა, მე ქვევიდან ავუსვიო. შოთიასი სულ მჯეროდა, მაგრამ იმ დღეს ერთი ათად შემიყვარდა. შენ ძებნას უეჭველი დაგიწყებენ და ისევე კალაბოკასთან დავრეკოთო, –კაფიამ. შოთიამ ერთი კვირა სოფელში დავიმალები და რო ჩაწყნარდება ყველაფერი, მერე ვქნათ მაგ ყველაფერიო. არიქა, ფული ხო არ გინდა, არიქა რა გჭირდება და სამგზავრო კი მაქ და სოფელში ფული რათ მინდაო. მერე დამაკვირდა, ისე მა სპორტული მათხოვეო,– მითხრა. იქვე მივეცი. მაგრად მინდოდა, მეც მყოლოდა მტერი. დაშლას რომ ვაპირებდით, შოთიამ აიღო ეს ნახევარი ყური და ბიბილოთი სასაფლაოს ღობის რკინის წვეტზე ჩამოაცვა– იყოს აგერო. გამოვიხურეთ ჭიშკარი და კაფია შებრუნდა, აქ რო ქალები ამოვლენ, გული გაუსკდებათო. სასაფლაოს ძირში ქუჩის ძაღლები ნაგავში იქექებოდნენ. შუაში ჩავუგდეთ ბარიგის მეასედი. შოთია სადგურში წავიდა ტაქსით. ჩვენ ფეხით სახლისკენ. ,,რეზიუმეს” ნაგლეჯში გახვეული და ,,დონ კიხოტში“ შენახული მოსაწევი კიდე გვიშველის–თქო, ვაგულიანებდი კაფიას, რომელიც ხმას არ იღებდა და ნერვებს ძალიან მიშლიდა. უბანში შევედით. გელას მაღაზიასთან სვამდნენ გელა, კოსტია და კაფიას მამა ზურია. არეულ სახეებზე რომ შეგვხედეს, რა მოხდაო. არაფერს ვეუბნებით. უფრო სწორად, კაფია მასწრებს პასუხს, სულ არ უნდა, რომ მამამისმა გაიგოს. ზურია მეკუბოვე იყო და ერთი ჩვევა ქონდა, კვირა დღეს თავის ტყემლის არაყს გადმოიტანდა ქუჩაში-ვისაც კუბო გავუმზადე, იმათ მოსაგონრად ვაკეთებო, ასე ამბობდა. იმ ხალხს ყველას ერთ ჭიქაში კი ატევდა, მაგრამ ესეც საქმე იყო. მოკლედ, თქვით -არ ვიტყვით, თქვითო და უცებ, კაფიას თვალი გაუშტერდა. გავაყოლე მის მზერას თვალი და ვხედავ, შოთიას ჭიშკართან მანქანები ჩერდება. პოლიცია ხო არაა–თქო, ვიფიქრე. თვალით ვანიშნე კაფიას, წამო–თქო და წამოვედით. ჩავუაროთ და იქნება თვითონ გამოგველაპარაკონ. –სამი ვარიანტია,– მეუბნება გზაში კაფია,– ან პოლიციამ გაიგო და შოთიას ეძებენ, ან ბარიგას ხალხია და შოთიას ეძებენ, ან ვაფშე სხვა ხალხია და შოთია მაგრა კიდიათ. – თუ სხვები არიან, გადავშალოთ ჩვენი მწუხარე სახის რაინდი.– ვეუბნები მე. ორივე მანქანა ,, ხულიგანკა” იყო. პირველში სუფთად გაპარსული პუტკუნა კაცი გვეცა თვალში– თავი შებინტული და ყურთან გამობერილი ქონდა. მივხვდით ყველაფერს და შევეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად ჩაგვევლო გვერდი, მშვენივრადაც გამოგვივიდა, იმიტომ რომ იმათ მარტო თვალი გამოგვაყოლეს. ეზოში ჩავედით კაფიასთან. რა ვქნათ, რა ვქნათ და მალვას რა აზრი აქვს, ვუთხრათ კაცებს–თქო და ვუთხრათო, დამიქნია ჩუმად თავი. გამოვედით ეზოდან ისე, ვითომც არაფერი, ჩავუარეთ, რვა კაცი იყვნენ ორივე მანქანაში სულ. რას დაწრიალობთო, გელა გვეუბნება და ავდექით და ყველაფერი მოვყევით. ეგერ არიან მანქანები–თქო და კოსტიას და გელას თვალებში მაშინვე გაჩნდა ნაპერწკლები. ზურიამ, იქნება ვაფშე სხვები არიენო და ასეთები... ახლავე გავარკვევო– თქვა გელამ და წავიდა. კოსტიამაც გაიწია, მაგრამ ჩვენ სამმა გავაჩერეთ. ფხიზელი გიჟი იყო და ნასვამი რა იქნებოდა. იქნება და მართლა სხვები არიან–თქო. ტყუილად შარი რათ გვინდოდა. არადა, ნერვები უკვე მაკანკალებს და რომ არ შემამჩნიონ, მაგრა ცივა, არა?– ვიძახი წარამარა. წადი შენ სახლშიო,– უთხრა კაფიამ მამამისს და იმან პასუხად იმნაირი შეაგინა, კოსტიასაც კი გაეცინა, წამით დაავიწყდა ის მანქანებიანი ხალხი. გელა მივიდა იმ მანქანასთან, რომელშიც შეხვეულთავიანი კაცი იჯდა, ჩაწეულ ფანჯარაზე იდაყვებით დაეყრდნო და რაღაცას ელაპარაკება. გავიდა ათი წუთი. ჩვენ აქედან ვუყურებთ. ლაპარაკობენ. ინტერესით ვკვდები, რას ლაპარაკობენ, მაგრამ მისვლა არ გვინდა- ვაიდა ყველაფერი გავაფუჭოთ. უცებ, მეორე მანქანიდან გადმოვიდნენ და გელას უკან დაუდგნენ. ამანაც ერთი შემოხედა და ერთს რაღაცა უთხრა. იმან უარის ნიშნად თავი გადააქნია, მეორემ ამ დროს ჯიბეები მოიქექა და სიგარეტი გაუწოდა. მერე ,მეორე ხელით ანთებული სანთებელა მიაწოდა. გელამ სიაგრეტს მოუკიდა და ვითომც არაფერი, ისევ ხელით ჩამოეყრდნო ფანჯარაზე და ახლა ისე ელაპარაკება, ამათ ვინც უკან უდგას, ყურადღებას აღარ აქცევს. ბოლოს იმათაც იკადრეს მანქანიდან გადმოსვლა და ეს თავშეხვეული ხელებს იქნევს წარამარა, გაშმაგებით. მერე გელასთან ახლოს მივიდა. ვხედავთ საჩვენებელ თითს აიღებს, გელას გულზე დაარტყამს, აიღებს, ისევ დაარტყამს. მოკლედ გაცხარებით რაღაცას უხსნის. გელას სახე არ ჩანდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იღიმებოდა. უცებ კოსტია ხელიდან დაგვისხლტა და რომ მეგონა იქეთ გაიქცეოდა, მაღაზიაში შევარდა. უკან აღარც გავკიდებივარ. მთელი ყურადღება გელასკენ გვაქვს გადატანილი. ერთი წუთი არ იქნებოდა გასული, გამოვიდა მაღაზიიდან. მაჯებზე ტუალეტის ქაღალდები აქვს სქლად დახვეული და თვალებიდან სულ ცოფებს ყრის. მე და კაფიამ ვუტიეთ, ზურიამ შვილს პლასტმასის ჭიქა მიაწოდა, მიდი ერთი წყალი გამომიტანე მაღაზიიდანო. ამ დროს კოსტიამ თავის ჭიქაში ჩასხმული არაყი ერთ მაჯაზე დაიპირქვავა და გელას ჭიქაში ჩასხმული– მეორე მაჯაზე. კაფიამ მამამისს წყალი მოუტანა, იმან თითები პირთან მიიტანა, უცნაური ხმა გამოსცა და კბილების პროტეზი ჭიქაში ჩააგდო. ამ დროს კოსტიამ სანთებელა გაუკიდა და ჯერ ერთ მაჯაზე მოიკიდა, მერე მეორეზე და ადგილიდან მოწყდა, ზურიაც გამოეკიდა ჩვეული გინებებით და ბა–ბან! – მოვედით აზრზე და მოვწყდით ადგილებიდან მე და კაფიაც. მერე გელა ყვებოდა, ანთებულხელებიანი კოსტია რო დავინახე, სანამ მომასწრებდნენ, კი ვაჯახე, აბა რა მექნაო. ის ბარიგა ფეხზე აღარც ამდგარა. ატყდა, მარა რა ატყდა! სულ დააქოთეს. მე და კაფიაც ვჩხუბობდით, მაგრამ უფრო ვიგინებოდით. მერე ერთი მეზობელიც წამოგვეშველა, მილერიამ თავისი ორლულიანი თოფი ისროლა ჰაერში. კაი დასისხლიანებულებმა ძლივს მოახერხეს ჩახტომა მანქანებში და პუტვა-პუტვით გაიქცნენ. კოსტიას მაჯები კაი დამწვარი ქონდა. ჩემთან ჩავიყვანე ეზოში. არაფერი არ მინდაო, მარა აღარ მოვეშვით. ბებიაჩემმა აისორის მალამო გამომიტანა– შენ წაუსვიო. წავუსვი. გამოვა ამისგან ექიმიო– ეუბნებოდა გელა ბებიაჩემს და პატარა გოგოსავით დარბოდა სიხარულისგან ამხელა ქალი. -ჩამევიდეს ბიჯო შოთიკია, აგერ იყოს, მაგენს მოვუტყნავ დედის ტრაკსო, –იძახდა შიგადაშიგ კოსტია და ჯერ კიდე ქოშინებდა. ის დარჩენილი არაყი ჩემს ეზოში მოვიტანეთ. კაფიას მამამ ერთი ბოთლი კიდევ გადმოიტანა, ბებიაჩემმა ყველი, პური, მჟავე კიტრი და ერთი თეფში აჯაფსანდალი გამოგვიტანა. მე ყურში ჩამჩურჩულა– შენ ნუ დალევ, ბებიაო. მე რავა დავლევ–თქო, ვუთხარი და გასავსებად დავუდგი ჩემი ჭიქა კაფიას. იმ დღეს ბავშვობა იხსენეს. ვიჯექი და ვუსმენდი. ვფიქრობდი- ღმერთო, გეხვეწები, ამგენის ხნის რო ვიქნები, მეც ასეთი ვიყო, რა იქნება–თქო. ერთ–ერთ სადღეგრძელოზე, უკვე კაი მთვრალი რომ ვიყავი, ცრემლი ძლივს შევიკავე. ახლავე მოვალ–თქო და „პადვალში“ ჩავედი. მამაჩემის ბავშვობაში კედელზე მის მიხატულ პალმებს ვუყურებდი და ცრემლები ღაპა–ღუპით მდიოდა. ბოლოს დამიძახეს– სად გაქრიო, პიმპილას მჟავე ავიღე და ამოვედი. კაფია და მამამისი აღარ დამხვდნენ, სახლში წავიდნენო. სამაგიეროდ, ბოცა დამხვდა, გელას და კაფიას ეჯაჯღანებოდა– ამხელა კაცებმა ჭკუა რით ვერ ისწავლეთ, რა დროს თქვენი ჩხუბიაო. ვინ ეტყოდა, ვინც გავლახეთ და კაი, შაკიკი არ დაგმართოს მაგ შარავანდედმაო.– ეძახოდნენ ესენი. ბოცაც მთვრალი იყო, ვალოდია დავასაფლავეთო. გელას ცოდნია, ვინ იყო ვალოდია და კუბო ზურიას ხო არ გაუკეთებიაო, კითხა. მეტი ვინ გაუკეთებდა ბოცას ნაცნობს კუბოს და გელამ თავის ტ-10 ამოიღო და ზურიას ურეკავს სახლის ნომერზე. –ზური, გამარჯობა ბიჯო! –... –ვალოდია ვარ, ბიჯო, კუპრაშვილი... ვინ ვალოდია და... რა გამიკეთე ეგი, ზური, ფეხი ვერ გავშალე შიგნით. ვერ ამიღე ზომა წესიერად? გელას რომ შევატყვეთ, თავის შეკავება უჭირდა, ჩვენც ხარხარი ავტეხეთ. ზურია ეტყობა გინებების დაწყებას აპირებდა. ცივად გაუთიშა ამან. კიდევ დიდხანს ვიცინეთ და ვილაპარაკეთ გვიანობამდე. მერე, რომ წავიდნენ, პალმების ხეივანში გავედი. ბალახზე დავწექი და მთვარეს ვუყურე კაი ხანს. ისე გავდა საზამთროს ნაჭერს, კურკებიც კი გავურჩიე. მაშინ პირველად არ გავექეცი ფიქრს ქალზე, რომლის სურათიც მამაჩემის სიკვდილის მერე მისი საწერი მაგიდის უჯრაში ვნახე. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, კალაბოკასთან დაირეკა და ისე მოგვარდა ეს ამბები, ბარიგა და მისი ხალხი თვალით არც ერთს გვინახავს. შოთიაც ერთ კვირაში სახლში იყო. ერთი კი იყო– კაცი , რომელსაც შოთიამ ყური მოაჭრა, ბარიგა კი გახლდათ, მაგრამ ის ბარიგა არ შეიქნა, ვინაც ბოცოვიჩს წამალი მიყიდა. ამას მაინც არაფერი გაურთულებია. მერე შოთიას ცხოვრება შეიცვალა: დედამისი ძუძუს კიბომ შეიწირა, მამამისი რუსეთში წავიდა და მალიარობდა. სულ მარტო იყო და ლოთობდა. ერთხელ, გარეთ თოვლჭყაპი იყო, ჩვენც სიცივეს კაფიას შავი ღვინით და კომბოსტოს მწნილით ვებრძოდით. შოთიამ თქვა, კაცის ცხოვრება თოვლზე დატოვებულ ნაფეხურებს არ უნდა გავდესო, იმიტო რო თოვლი დედამოტყნულია, როცხა უეჭველი გადნებაო. მე საკურორტოში გაბზრიალებული ტარიანი ამოვიღე და ამის მერე უფრო საინტერესო ხდები–თქო ვუთხარი. ორი ნაფაზი დაარტყა შოთიამ, ჯერ ახველა, მერე გადმოაფურთხა და თქვა, მონასტერში უნდა წავიდეო. წავიდა. ამის მერე რაღაცნაირად გამასწრო აზროვნებით შოთიამ და ასევე რაღაცნაირად დავშორდით. თუ კაიფში არ ვიყავი, ისე ვერ ვუსმენდი და თუ კაიფში ვიყავი, ეკლესიაში ნაღდად არ მივდიოდი. მოკლედ, როცა გამხმარი პალმების ქუჩაზე გამოჩნდებოდა მამა შიო და მეც ქუთაისში ვიყავი, ერთმანეთს მოვიკითხავდით და ეს იყო. თუ დაბოლილი ვიყავი, სანამ სახლში არ წამომყვებოდა, არ ვეშვებოდი, ბებიაჩემი ჩამოგვიჯდებოდა და გვისმენდა, გინათებს გონია ღმერთი გონებასო,– ჩამირთავდა ხოლმე შიგადაშიგ. რა იცოდა ბებიაჩემმა, იმ ღმერთს, მე რომ გონებას მინათებდა, კაფია სხვენში მალავდა, რძით რწყავდა და მისთვის, გელას ბავშვს საქათმიდან ქათმის სკინტს აპარიებდა, სასუქად. ერთხელაც, ბებიაჩემი, მოსახუფად გამზადებულ კიტრით სავსე სამლიტრიან ქილებში, ასპირინის ტაბლეტებს ყრიდა. მე იქვე ხაფანგს ვაწყობდი , ბებიაჩემის ნაპოვნ ვირთხის სოროსთან უნდა დამედო. კაფია მოვარდა, შოთიას ოპერაციას უკეთებენო. წარსულს კაცს ვერ ამოაჭრი. მეთქი, რა ოპერაცია დაჭირდა, მაგრამ, ბებიაჩემის შეცხადებამ და კაფიას მოქუფრულმა სახემ კი შემაშფოთეს. მომავალი ექიმი ვიყავი, ოპერაციის მეტი რა მენახა და ვითომ არ ვიტყობ მომხდარს. ვიღაცას თოფი გავარდნია და ამას მოხვედრია ტყვია მუცელში. გავარდნია, იგი ხო არაა,–ვიძახდი და საჩქაროდ ვიცმევდი. კლინიკურში დაუწვენიათო. მივედით. ამდენი ბერი და მღვდელი ერთად ნანახი არ მყავდა, არც მერე მინახავს. მე და კაფია მეზობლები ვიყავით, გამხმარი პალმების ქუჩელები, მარტო მაშინ ვლოცულობდით, როცა რამე გვიჭირდა და დავაყარეთ კითხვები. ერთ იქაურ მოსახლეს გაუსვრია და მამა შიოსთვის შემთხვევით მოუხვედრებია. თვითონაც იქვე იყო და ყველაზე მეტს ნერვიულობდა. თავიდან, მეთქი ახლა ამას გარეთ გავიყვან და შოთიას ოპერაციას რომ მორჩებიან, მერე ამას მიხედავენ–თქო, მაგრამ კაცი ჩემზე მეტად კანკალებდა ნერვიულობისგან, აშკარად ეტყობოდა, რომ განიცდიდა მომხდარს. ექიმიც გამოვიდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რეანიმაციაში გადავიყვანთ დროებითო. ამ დროს კაფია იმ უბედურ მსროლელთან მივიდა. -მე გურამი ვარ, კუხიანიძეო. თუ შოთია მოკვდება, ფეხებით დაგკიდებ და ყელს ისე გამოგჭრი და სანამ სისხლისგან არ დაიწრიტები, შენი ჩამომხსნელის დედას მოვტყნავო–ეუბნება. ფუ, კაფია–მეთქი, მაინც გაუთლელი ხარ, მაინც ვერ ისწავლე ლაპარაკი! რა თქმა იყო, მაგრამ იმ კაცს ზუსტად ისე შევხედე, როგორც კაფია უყურებდა. იმას თავის შიშიც ყოფნიდა- ორივე შვილებს გეფიცებით, მშობლების საფლავს გეფიცებით, თუ ძალით მდომოდაო, ნეტა მე მომხვედროდაო, ღმერთოო, ცაში აიხედა, ნუ გამხდი კაცის მკვლელს, რა იქნებაო. კაფიამ საჩვენებელი თითი ისე აწია ცისკენ, თვითონ არ აუხედია და ამას ეუბნება, იმ პატიოსან კაცს ნუ გარევ შენს ჩაჯმულ საქმეშიო. მოკლედ, მე ხომ მიმაჩნდა, რომ ხეპრე იყო, ახლა უკვე, მთელი იქ მყოფ სამღვდელოებასაც ასე მიაჩნდა. ის ღამე ანაფორიან ხალხთან ერთად გავატარეთ საავადმყოფოს ეზოში. დილით, მზემ რომ ფანჯრები ააპრიალა, ექიმი გამოვიდა და მდგომარეობა დამძიმდაო. იმ კაცმა ისე შეხედა კაფიას, თითქოს ახლა აპირებდა კაფია დანაპირების ასრულებას. მოკლედ, ვერ გამოდიოდა ვერაფრით შოთია კომიდან, მესამე დღეს იმედი გადაგვეწურა მისი გამოსვლის. მე და კაფია შევედით პალატაში. იწვა ქერა თმა–წვერგაბურძგნული, მიტკლის ფერი ედო. ასე გამხდარი და წმინდანის სახის შოთია მე არ მახსოვდა. საკმევლის სუნი იდგა ირგვლივ. ყურთან ტუჩები მივუტანე და შოთია–თქო,– ვუთხარი,– ბოზიშვილი ვიყო, შენ და ბოცოვიჩი თუ ერთად ხართ უკვე, როდესმე, სადმე არ გადამეყაროთ, თორე... აი, კეთილებს მოგიტყნავთ! კაფია უხერხულად შეიშმუშნა და მეც მივხვდი, ბერს რომ კეთილებს შეაგინებს კაცი, კაფიაზე არ უნდა ფიქრობდეს, ხეპრეაო, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე სიჩუმე ჩამოწვა და მარტო სასუნთქი აპარატის ხმა ისმოდა. კაფია საწოლზე ჩამოუჯდა. ახლა თვითონ მიუტანა ტუჩები ყურთან და ისეთი ხმით, მეც რომ გამბურძგლა, დაიწყო: გამხმარ პალმების ქუჩაზე ცაზე მისხმული მელანი შავი ღრუბლების ჯინაზე ჯერაც არ გამოლეულა!– ეს ლექსი იყო უხსოვარ დროს დაწერილი. მე, ბოცოვიჩმა, კაფიამ და შოთიამ დავწერეთ თითო ბწკარად, ბალახებზე რომ ვიწექით, პალმების ხეივანში. მაშინ პატარები ვიყავით და მერეც ბევრჯერ ვიხსენებდით. ბოცოვიჩის სიკვდილის მერე ნაღდად არ გამხსენებია კი არა, თუ მახსოვდა, ისიც არ ვიცოდი. ქუთუთოები რომ შეერხა მამა შიოს, შევამჩნიე და არ ვთქვი. კაფია ადგა და გარეთ გავიდა. მე ყვრიმალზე ვაკოცე შოთიას და კაფიას გავყევი. ათ დღეში შოთია დაუბრუნდა მონასტერს. საბოლოოდ აგვიკრძალა ბავშვობის სახელის დაძახება– მხოლოდ და მხოლოდ მამა შიოო. ერთხელ კაფიას ვუთხარი, თუ კიდე რამე მოხდება ცუდი, გეხვეწები შენ აღარ მომიტანო ამბავი–თქო. ეწყინა და მლანძღა, რაც შეძლო. მერე , რომ დავფიქრდი, დებილურად გამომივიდა და ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ, ყოველთვის, როცა ამ თემაზე ლაპარაკს ვიწყებდი, ის გინებას მიწყებდა და მეც სულ არ მებოდიშებოდა. სამედიცინო რომ დავამთავრე, საზღვარგარეთ გადავწყვიტეთ მე და ბებიაჩემმა ჩემი სწავლის გაგრძელება. თბილისიდან მივფრინავდი, დილის ათ საათზე. ცხრის ნახევარზე დამირეკა კაფიამ–შენნაირი პიდარასტი კაცის მნახველი არა ვარ და ვაფშე, არ უნდა გეუბნებოდე, მარა ცოლი მოვიყვანეო. კი მივხვდი, რასაც გულისხმობდა, მაგრამ დილის ცხრის ნახევარზე ცოლი ვერ დავუჯერე ვერაფრით. კიდევ რაცხეებს ღადაობ და ამხელა გზაზე ვადგავარ, ჩემი ნერვების მოშლა ღმერთმა თუ გაპატია, მე არ გაპატიებ–თქო. დეგენიზლაები, თუ გინდაო. დამალაპარაკე–თქო და მართლა დამალაპარაკა. შე ჩათლახო გურამია, ასე პროჭი რაფერ შეიქენი, რო მივდივარ ,ახლა რამ მოგაყვანია–თქო. -არ მინდოდა ისე წასულიყავი, ერთი კაი ამბავი ჩემგან არ გაგეგოო. ბევრიც ვაგინე და ბევრიც ვულოცე, ვკოცნე კიდევაც ტელეფონიდან . მე ვუთხარი, მეორე ზაფხულს ჩამოვალ და სამი არ დამხვდებით და შენი ფუმფულა ადგილები ბებიაჩემის ჯოხით დაწითლდება–თქო. მეორე ზაფხულს ვერ ჩავედი. მხოლოდ მესამე ზაფხულს ჩავედი ორი კვირით და კაფია უკვე დასერიოზულებული ოჯახის კაცი დამხვდა, კისერზე შემომჯდარი პატარა ვაჟკაცით. მის მერე ხუთი წელი გავიდა. აქ შევრჩი. ყოველ მეორე-მესამე დღეს ვუყურებდი, კომპიუტერის ეკრანზე, როგორ ნელ–ნელა ილეოდა და პატარავდებოდა ბებიაჩემი და როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მის კალთაში გურამიას შვილები... თამუნია რომ მოიყვანეს საავადმყოფოში, მეორე დღეს ზურიამ დამირეკა სკაიპში. კაფია სადაა–თქო და ქუჩაშიაო. არც ბებიაჩემი ჩანდა და გამიკვირდა. მერე თავს არ ვუტყდებოდი, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე. მოკვდა ყველაზე დიდი ბებია დედამიწაზე და დარჩა ყველაზე ნაძირალა შვილიშვილი, დღეს-ხვალეს გადაყოლილი, რვა წლის მანძილზე სახლიდან წამოსული. ზურიას უთქმელად გავუთიშე და ქუჩაში გავვარდი. მთელი ღამე ვიარე. როგორ არაფერი მოხდა ამ რვა წლის მანძილზე და რამდენი რამე მოხდა ბოლო ორი დღის განმავლობაში. ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა და მეგონა ვერ ვტიროდი. დილით სამსახურში მივედი და თამუნიას პალატაში შევედი,სალვატორე ადამოსსიმრერებს უსმენდა. კარგად მოგხედავენ და ზეგ გაგწერენ–თქო, ვუთხარი. მერე უფროსობასთან რაღაცეები შევათანხმე, ბაზარში წავედი, ერთი მოზრდილი გალია და ორი აკრობატი თეთრი მტრედი ვიყიდე, საავადმყოფოში დავბრუნდი, დარაჯს ცოტა ფული ვაჩუქე, ორ დღეში, იმ ქართველ გოგოს რომ გაწერენ, ეს ჩემგან გადაეცით-თქო, დავუბარე და მტრედებიანი გალია დავუტოვე. მერე ყველას დავემშვიდობე და მატარებლით ჯერ იმ ქალაქში ჩავედი, სადაც აეროპორტი იყო, მერე იქედან კოპიტნარის აეროპორტში ჩამოვფრინდი. ტაქსი დავიჭირე და გამხმარი პალმების ქუჩაზე წავედი. ბევრი რამე შეცვლილა: აღარცერთი გამხმარი პალმა, ყველა ერთიანად ამოუთხრიათ და ახლა, ახლადდარგული პალმები მწვანედ ლივლივებენ. ისეთი გრძნობა მქონდა, გული კი არა, სამყაროც გაშეშდა თითქოს. ჩემი ჭიშკარი ღია იყო. ეზოში მეზობლის კაცები იყვნენ, სახლში- ქალები. ჩემოდანი ჭიშკართან დავაგდე და სახლში ისე შევედი, არავის შევუმჩნევივარ. მერე ყველაფერი აირია. ვიღაცეებს უხაროდათ აშკარად, ვიღაცეებს უხაროდათ, მაგრამ რომ არ მწყენოდა, ვერ ამჟღავნებდნენ, ვიღაცეები მკოცნიდნენ, ვიღაცეები მეხვეოდნენ. ვიღაცეებმა ხმამაღლაც გაიცინეს. ყველას ცრემლი ქონდა თვალებში. იმ ღამეს საჭმელი და ღვინო გადმოიტანა კაფიამ სახლიდან. ორ–ორი ჭიქა დავლიეთ. მარტო არ მტოვებდა და ძალით გავაგდე. მერე ჯერ ბებიაჩემის კუბოსთან ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე ავდექი და მის ლოგინში ჩავწექი. როგორც იქნა, გაიჟღინთა ჰაერი ძველი სუნით; როგორც იქნა, ვიგრძენი, რომ სახლში ვარ; როგორც იქნა, აღვიქვი, რომ ბებიაჩემი აღარ არის... დილას უთენია გამეღვიძა. შარვლიდან სიგარეტი და სანთებელა ამოვიღე და ის იყო ისევ ლოგინში ჩავწექი, ბალიშის ქვემოდან ფურცლის კუთხე გამოჩნდა.
,, ბებია, რაფერ მემენატრე, რო იცოდე! ახლა მამაშენი და ცხონებული ბაბუაშენი დამესიზმრნენ, თითქოს სახლში მევიდნენ და ვერ გავყარე გარეთ. შენ ექიმი ხარ, ბებია და ექიმს როდის იყო სიკვდილის ეშინოდა, არც მე მეშინია. გათენდება და დავწვავ ამ წერილს საერთოდ. რა დროს ჩემი სიკვდილია, შენს ქორწილში ჩემი სადღეგრძელო თუ არ მევისმინე, ისე რავა მოვკვდები. მარა ვერაფრით ვერ გავყარე, ბებია და შენ რო მიყვარხარ, ხო იცი და იქანე თუ ვიქენი, იქანაც რო მეყვარები, მაგას თქმა რათ უნდა. ცოტა კი შემეშინდა , მარა ახლა სანთელი ავანთე აგერ და აღარ მეშინია. ისე, კომპოტები ქვეყნის გავაკეთე, ფეიხოიები ცალკე ალაგია, 12 ბანკაა. ადესაც გავაკეთე, ბიაც და ალუბალიც. ტყლაპიც გავაკეთე, კი გეცოდინება შენ, პროთრომბინიზა როა კაი. ბევრია და გურამიას ბოვშს უყვარს ნამეტანი (უმცროსს). რო ჩამოხვალ, მე თუ არ ვიქენი, შენ მაგის შემჭმელი არა ხარ და მიეცი. გელას ცოლზე 20 ლარი მაქ გატნეული და თუ დაგჭირდა, ქე გამოართვი. ჩერდაკში ნიგოზებში 250 ლარია, პენსია და ეზოში ბეტონი დაასხი, ტალახს მიაქ აქაურობა წვიმები როა. არაყიც მაქვს შკაფში,– ზურიამ მომიკითხა saახალწლod, ხუთიანი იყო. სამი ლიტრაა დარჩენილი, მარა ერთიანად ნუ დალევ, დილაობით საჭმელზე ასი გრამი მიაყოლე, დეზინფექციაა. აღარ შემიძლია, ბებია, თვარა წერილებს კი არა, დავკრავდი ახლა ფეხს და ჩამევიდოდი მაგერ, სულ რო არ მელოდები, ისე მარა, აღარაა ძველი ჯანი. გაკოცე ბებია და სადაც არ უნდა ვიყო, შორს არ ვიქნები, იცოდე. ღამე თუ შექცივდეს, ფუფაიკის საროჩკა, შკაფს რო გამოაღებ, ვეშოლკაზე კიდია, შეხედავ...”
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წესი და რიგი იყო. ბებიაჩემი გავასვენე და დავმარხე შვილსა და ქმარს შორის. გასვენებაში ისე დავთვერი, რომ არ მეკადრებოდა. მეორე დილას, ჩემი ეზოდან ლაპარაკმა გამაღვიძა. ფანჯარაში გავიხედე . არავინ ჩანდა, არადა, ხმა აშკარად ისმის და აგერ, ბლის ხეზე არ არიან აპარულები ვიღაცა ბავშვები? ახალი პალმები კი არა, მთლად სექვოიები რომ დარგონ ამათმა, მაინც ბავშვობები მეორდება. სამზარეულოს კარადა გამოვაღე. პატარა, ბროლის გრაფინში არაყი გადმოვასხი, ტყლაპი ამოვიიღლიავე და ეზოში ჩავედი. –ბიჯო, მატლები არ აქ მა ბალს?–ავძახე ზევით. დაფეთებულებმა შეწყვიტეს ჭამა და დაბნეულებს ისეთი სახე ჰქონდათ, ვერსად რომ ვერ გარბიხარ, არადა რომ არ იცი, რა გელოდება. –ჩამოდით აგერ, დეზინფექცია ჩავატაროთ. თან დევილოცებით... ოთხი იყვნენ. გამოცდილი მსმელებივით დამიდგნენ წინ. ვინები ხართ-თქო და ქუთაისლები ვართო. არც მე ვარ სოფლიდან ჩამოსული, მე ვუთხარი. ვისები ხართ-თქო და ზოგის მამას ვიცნობდი, ზოგის დედას. ჩვენი დაძმაკაცების ყველამ უნდა დალიოს-თქო . ჩემზე უკეთესად დალიეს. ორ ჭიქაში გამითამამდნენ და სამ ჭიქაში ერთმანეთს აღარ აცლიდნენ ლაპარაკს. ახლა, ბიჭებო, მოდი ამ ჩვენს გამხმარ პალმების ქუჩას გაუმარჯოს მეთქი და ალმაცერად შემომხედეს. ღმერთმა ნუ გაახმოსო, მითხრეს. გამეღიმა, გაეცინათ. კიდევ რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და ზედმეტი რომ მოდიოდათ , გეყოფათ ახლა და ხვალ რომ მოხვალთ, დამიძახეთ და ერთი პატარა თასი მომიკრიფეთ მეც, რამდენი ხანია არ მიჭამია-თქო ვუთხარი. სიამოვნებით დამეთანხმენ და ღობეზე გადმომხტარები ჭიშკარში გაბარბაცდნენ. ერთხანს სკამეიკაზე ვიჯექი ეზოში, გრაფინში ჩარჩენილ არაყსაც გამოვუყვანე წირვა. საერთოდ, ადამიანები როცა კვდებიან, უფრო ძვირფასები ხდებიან, სახლები, რომლებსაც ვტოვებთ ,უფრო მეტად გვიყვარდება, ქუჩები, რომლებიც აღარ არსებობენ, ძალიან გვენატრებიან და იქნებ, სიცოცხლე მართლა იმითი ფასდება, ვინ რა დაკარგა ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ასეთების გულში ყოველთვის უფრო მეტი სიყვარულია. ეს კიდევ, აქეთ მიდგები თუ იქეთ, მაინც გაიძულებს იცოცხლო, თუნდაც ზუსტად იმიტომ, რომ შენთან ერთად ის სიყვარულიც არ მოკვდეს. ანუ სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ სიყვარული არ გადაშენდეს. სიყვარული, კიდევ იმიტომ რომ... როცა ვამჩნევ, სწორად ვფიქრობ, ბოლომდე არასდროს მივყვები. ესაა , თორემ, ბოლოსდაბოლოს, მართლა როდის იყო ექიმებს სიკვდილის გვეშინოდა?! მიტყეპებულივით აჩნდა მზე ცას და ისე აცხუნებდა, თითქოს ქვეყნის გადაწვა უნდოდა. ჩამეძინა. ჯაჯგურმა გამომაღვიძა, თავზე კაფია და მამა შიო მადგნენ და გურამიას პატარა შვილი ტყლაპის ნაგლეჯს მართმევდა მუჭიდან. პალმებისკენ გავიხედე- ,,ფეხები მოჭამა ძირში", გავიფიქრე. ყველა პალმა მწვანედ ხასხასებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ამბების სიმძიმის მ უხედავად იოლად, ძალდატანების გარეშე და რაღათქმა უნდ საინტერესოდ იკითხება +5 ამბების სიმძიმის მ უხედავად იოლად, ძალდატანების გარეშე და რაღათქმა უნდ საინტერესოდ იკითხება +5
25. არაკაცი ვიყო ,თუ არ მეტიროს ...სიგიჟეა სრული...არც მეგულება დღეს ასე წერდეს ვინმე და თუ არიან და არვიცი,გამაცანით არაკაცი ვიყო ,თუ არ მეტიროს ...სიგიჟეა სრული...არც მეგულება დღეს ასე წერდეს ვინმე და თუ არიან და არვიცი,გამაცანით
24. ძალიან, ძალიან კარგია ძალიან, ძალიან კარგია
23. მე რომ ავიყვანო სანდრო უგლავა ცაში, შეიძლება? :)
პატივისცემით, არაპროფესიონალი მკითხველი. :)) მე რომ ავიყვანო სანდრო უგლავა ცაში, შეიძლება? :)
პატივისცემით, არაპროფესიონალი მკითხველი. :))
22. როცა თავფურცელზე გამოტანილი ნაწარმოებების ლიტერატურული ღირებულება ეჭვქვეშ დავაყენე, მირჩიეს რამდენიმე ავტორი წამეკითხა, მათ შორის თქვენც იყავით. უპირველესად მომეწონა იმიტომ, რომ მოცულობითია და არ არის ჩანახატი, შეიცავს ნამდვილი პროზის ყველა ელემენტს: სიუჟეტის დინამიური განვითარება, ცოცხალი პერსონაჟები, რომელთა ხასიათის გამოკვეთა მათი პორტრეტული აღწერით კი არ ხდება, არამედ თხრობის დროს გამოყენებული სხვადასხვა ხერხით. შენარჩუნებულია მთელი თხრობის მანძილზე ნაწ არმოების დინამიკა და ემოციური თხრობა, რაც ნაწარმოებს საინტერესოს ხდის. არ მიყვარს შეფასების დროს გამოყენებული ეპითეტები: ,, გენიალურია'', ,, ბრწყინვალეა"' და ასე შემდეგ . . .ასეთი შეფასების უკან , მგონია, არაპროფესიონალი მკითხველი იმალება. იმედია, დადებითად მიიღებთ ჩემს შეფასებას, არატიპიურს ამ საიტისათვის_ ავტორი ან ცაში აყავთ ან გადათელავენ. როცა თავფურცელზე გამოტანილი ნაწარმოებების ლიტერატურული ღირებულება ეჭვქვეშ დავაყენე, მირჩიეს რამდენიმე ავტორი წამეკითხა, მათ შორის თქვენც იყავით. უპირველესად მომეწონა იმიტომ, რომ მოცულობითია და არ არის ჩანახატი, შეიცავს ნამდვილი პროზის ყველა ელემენტს: სიუჟეტის დინამიური განვითარება, ცოცხალი პერსონაჟები, რომელთა ხასიათის გამოკვეთა მათი პორტრეტული აღწერით კი არ ხდება, არამედ თხრობის დროს გამოყენებული სხვადასხვა ხერხით. შენარჩუნებულია მთელი თხრობის მანძილზე ნაწ არმოების დინამიკა და ემოციური თხრობა, რაც ნაწარმოებს საინტერესოს ხდის. არ მიყვარს შეფასების დროს გამოყენებული ეპითეტები: ,, გენიალურია``, ,, ბრწყინვალეა"` და ასე შემდეგ . . .ასეთი შეფასების უკან , მგონია, არაპროფესიონალი მკითხველი იმალება. იმედია, დადებითად მიიღებთ ჩემს შეფასებას, არატიპიურს ამ საიტისათვის_ ავტორი ან ცაში აყავთ ან გადათელავენ.
21. შენს ქუჩაზე, შენს სახლთან ახლოს, იმ მონაკვეთზე სადაც ოთხი პალმა უნდა იყოს, შენი სახლის მხარეს ერთი პალმა აკლია. უკვე რამდენი ხანია ვხედავ ნაპალმარ ადგილს და სულ ერთიდაიგივე შეგრძნება მრჩება... ორმოა იქ შავი და მერე ქვაფენილზე შავადაა ხაზი. მე მგონია, რომ ის პალმა გაიპარა. მობეზრდა იქ ყოფნა და წავიდა. კი მოხედა უკან ადგილს სადაც მანამდე იყო და ფილებზე დატოვებული კვალი რომ დაინახა შეიწმინდა მოპირდაპირე მხარეს ფეხები ბალახებში. შენ რათქმაუნდა მეტყვი, რომ რომელიმე ავტოავარიას ემსხვერპლა. მე მჯერა, რომ თბილ ქვეყნებში წავიდა ჩუმად, ისე რომ ბალახებში შეწმენდილი ფეხებით აღარ დატოვა სხვა ადგილებზე კვალი. შენს ქუჩაზე, შენს სახლთან ახლოს, იმ მონაკვეთზე სადაც ოთხი პალმა უნდა იყოს, შენი სახლის მხარეს ერთი პალმა აკლია. უკვე რამდენი ხანია ვხედავ ნაპალმარ ადგილს და სულ ერთიდაიგივე შეგრძნება მრჩება... ორმოა იქ შავი და მერე ქვაფენილზე შავადაა ხაზი. მე მგონია, რომ ის პალმა გაიპარა. მობეზრდა იქ ყოფნა და წავიდა. კი მოხედა უკან ადგილს სადაც მანამდე იყო და ფილებზე დატოვებული კვალი რომ დაინახა შეიწმინდა მოპირდაპირე მხარეს ფეხები ბალახებში. შენ რათქმაუნდა მეტყვი, რომ რომელიმე ავტოავარიას ემსხვერპლა. მე მჯერა, რომ თბილ ქვეყნებში წავიდა ჩუმად, ისე რომ ბალახებში შეწმენდილი ფეხებით აღარ დატოვა სხვა ადგილებზე კვალი.
20. ეს სელინჯერზეც მაგარია და დუმბაძეზეც :) რატომ მაინცდამაინც ამათზე? მე ეს ორი ავტორი გამახსენდა კითხვისას :)
"ბებიაჩემი ყავას სვამდა და ყველს და პურს აყოლებდა" :) (ბებიაჩემიც მაშე შობოდა ენგელსის ქუჩაზე, სტადიონთან:) აი, ხომ თითქოს უბრალო ფრაზაა, სინამდვილეში ელვარე შტრიხია პერსონაჟისთვის. და რამდენი გაქვს კიდევ ასეთი და ამაზე მაგარი! მაგრამ ახლა გავჩერდები, რადგან სწორად ვფიქრობ :)))))))))))
ეს სელინჯერზეც მაგარია და დუმბაძეზეც :) რატომ მაინცდამაინც ამათზე? მე ეს ორი ავტორი გამახსენდა კითხვისას :)
"ბებიაჩემი ყავას სვამდა და ყველს და პურს აყოლებდა" :) (ბებიაჩემიც მაშე შობოდა ენგელსის ქუჩაზე, სტადიონთან:) აი, ხომ თითქოს უბრალო ფრაზაა, სინამდვილეში ელვარე შტრიხია პერსონაჟისთვის. და რამდენი გაქვს კიდევ ასეთი და ამაზე მაგარი! მაგრამ ახლა გავჩერდები, რადგან სწორად ვფიქრობ :)))))))))))
19. კიდევ ერთხელ დავბრუნდი აქ, ისეთი ნაწარმოებია, რომ აგეკვიატება,
ქუთაისში რომ ჩამოვედი პირველი ეგ ვიკითხე გამხმარი პალმების ქუჩა აქ სად არის-მეთქი, ახლა აღმაშენებელს ვეძახი ასე, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა პალმა მწვანედ ხასხასებს.
:))
კიდევ ერთხელ დავბრუნდი აქ, ისეთი ნაწარმოებია, რომ აგეკვიატება,
ქუთაისში რომ ჩამოვედი პირველი ეგ ვიკითხე გამხმარი პალმების ქუჩა აქ სად არის-მეთქი, ახლა აღმაშენებელს ვეძახი ასე, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა პალმა მწვანედ ხასხასებს.
:))
17. უნიჭიერეს პროზაიკოსთან გვაქვს საქმე! უნიჭიერეს პროზაიკოსთან გვაქვს საქმე!
16. აუ, მაგარია ძალიან! +++++++++++++++++++++555555555555555555555555555 აუ, მაგარია ძალიან! +++++++++++++++++++++555555555555555555555555555
15. არავინ მიწყენს მგონი, თუ ვიტყვი, რომ ეს მოთხრობა ჩემი უსაყვარლესია! მე ვხედავ მას და ის მხედავს მე. და ჩემი ,,შემოქმედების" ,,მწვერვალი" ლექსიც ამ მოთხრობამ და უპირველეს ყოვლისა მისმა ავტორმა დამაწერინეს. პატ.ალ.უგლავა! კიდევ ერთხელ, საჯაროდ, მადლობა, რომ ხარ! ესეც იყოს აქ, მე და სანდრიკა თუ სულ ერთადა ვართ, ამათი დაშორება მით უმეტეს არ შეიძლება:
* * * (გამხმარი პალმების ქუჩაზე) გამხმარი პალმების ქუჩაზე ასფალტზე გაშლილი ფოთლები ამაოდ ელიან გამვლელებს ან ქარის გეგმიურ შეხებას და როგორც ტუჩების ჰორიზონტს ვერ კვეთენ აშლილი ფიქრები ქრებიან ჩუმად და დუმილი ამ ფოთლებს ჰოლოკოსტს მოუწყობს. ჩრდილს იხდის და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას დაღლილი ჭიშკარი, თავს ძლივს–ღა იმაგრებს, ამ ზამთარს დათოვლილ ბეჭებში გაწყდება, როგორც პანაშვიდზე მისული, კუთხეში მიმჯდარი მოხუცი, უყურებს ფოთლების სარკეს და თავის თავს უცხადებს სამძიმარს.
არავინ მიწყენს მგონი, თუ ვიტყვი, რომ ეს მოთხრობა ჩემი უსაყვარლესია! მე ვხედავ მას და ის მხედავს მე. და ჩემი ,,შემოქმედების" ,,მწვერვალი" ლექსიც ამ მოთხრობამ და უპირველეს ყოვლისა მისმა ავტორმა დამაწერინეს. პატ.ალ.უგლავა! კიდევ ერთხელ, საჯაროდ, მადლობა, რომ ხარ! ესეც იყოს აქ, მე და სანდრიკა თუ სულ ერთადა ვართ, ამათი დაშორება მით უმეტეს არ შეიძლება:
* * * (გამხმარი პალმების ქუჩაზე) გამხმარი პალმების ქუჩაზე ასფალტზე გაშლილი ფოთლები ამაოდ ელიან გამვლელებს ან ქარის გეგმიურ შეხებას და როგორც ტუჩების ჰორიზონტს ვერ კვეთენ აშლილი ფიქრები ქრებიან ჩუმად და დუმილი ამ ფოთლებს ჰოლოკოსტს მოუწყობს. ჩრდილს იხდის და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას დაღლილი ჭიშკარი, თავს ძლივს–ღა იმაგრებს, ამ ზამთარს დათოვლილ ბეჭებში გაწყდება, როგორც პანაშვიდზე მისული, კუთხეში მიმჯდარი მოხუცი, უყურებს ფოთლების სარკეს და თავის თავს უცხადებს სამძიმარს.
14. დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხე...კიდევ ერთხელ განვიცადე ...კიდევ ერთხელ ვიტირე...კიდევ ენრთხელ ვისიამოვნე... ვფიქრობდი არ მეთქვა, მაგრამ ვერ მოვითმინე...ან რატომ არ უნდა ვთქვა, გინდაც ათასჯერ, რომ ძალიან, ძალიან კარგი პროზაა...:-*
დღეს კიდევ ერთხელ წავიკითხე...კიდევ ერთხელ განვიცადე ...კიდევ ერთხელ ვიტირე...კიდევ ენრთხელ ვისიამოვნე... ვფიქრობდი არ მეთქვა, მაგრამ ვერ მოვითმინე...ან რატომ არ უნდა ვთქვა, გინდაც ათასჯერ, რომ ძალიან, ძალიან კარგი პროზაა...:-*
13. მახსოვს ეს მშვენიერი და ემციური პროზა. 5. მახსოვს ეს მშვენიერი და ემციური პროზა. 5.
12. სანდრო ,შე უძაანმაგრესო შენა :* <3 სანდრო ,შე უძაანმაგრესო შენა :* <3
11. გამიხარდა ეს ჩემი საყვარელი "პალმების ქუჩა"...მიყვარს აქ სეირნობა....555 სანდრო, გილოცავ ქრისტეშობას...წარმატებები გქონოდეს შემოქმეფებაში და ყველაფერშიც კარგო ავტორო...:-* მიყვარხარ ძალიან... გამიხარდა ეს ჩემი საყვარელი "პალმების ქუჩა"...მიყვარს აქ სეირნობა....555 სანდრო, გილოცავ ქრისტეშობას...წარმატებები გქონოდეს შემოქმეფებაში და ყველაფერშიც კარგო ავტორო...:-* მიყვარხარ ძალიან...
10. აი ეს მესმის. ძლიერი პროზაა.2+++++ აი ეს მესმის. ძლიერი პროზაა.2+++++
8. მერე ჯერ ბებიაჩემის კუბოსთან ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე ავდექი და მის ლოგინში ჩავწექი.
გავიმეორებ ორივე ნათიას კომენტარს.
მერე ჯერ ბებიაჩემის კუბოსთან ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე ავდექი და მის ლოგინში ჩავწექი.
გავიმეორებ ორივე ნათიას კომენტარს.
7. :*:*:*:*:*:*:*:*:*:*......................:*
მოთოვა! :))
:*:*:*:*:*:*:*:*:*:*......................:*
მოთოვა! :))
6. ამ ნამუშევრით შედგა ჩემი და ავტორის "ნაცნობობა".
მაშინაც და ახლაც საუკეთესო შთაბეჭდილებით. ამ ნამუშევრით შედგა ჩემი და ავტორის "ნაცნობობა".
მაშინაც და ახლაც საუკეთესო შთაბეჭდილებით.
5. საშინლად კარგია! )) საშინლად კარგია! ))
4. ეს ისეთი ნაწერია, რომელიც ბევრჯერ წაგაკითხებს თავს. თან სულ სხვადასხვანაირად. +7 ეს ისეთი ნაწერია, რომელიც ბევრჯერ წაგაკითხებს თავს. თან სულ სხვადასხვანაირად. +7
3. მშვენიერი პროზაა, მშვენიერი. კარგი იქნება, უფრო ხშირად თუ მოგვანიჭებ აქ ამ სიამოვნებას, შენნაირი პროზაიკოსი მართლაც იშვიათია. რა თქმა უნდა 5. :) მშვენიერი პროზაა, მშვენიერი. კარგი იქნება, უფრო ხშირად თუ მოგვანიჭებ აქ ამ სიამოვნებას, შენნაირი პროზაიკოსი მართლაც იშვიათია. რა თქმა უნდა 5. :)
2. წავიკითხე, მომეწონა, ცრემლებიც მომადგა ბებიას წერილზე :) წავიკითხე, მომეწონა, ცრემლებიც მომადგა ბებიას წერილზე :)
1. სანდრო, ჯერ ერთი, მიხარია რომ დაგვიბრუნე "გამხმარი პალმების ქუჩა", მეორეც,გამახარებ, შენ თვითონაც თუ დაბრუნდები საიტზე. და ბოლოს,წარმატებები ჩემო კარგო. სანდრო, ჯერ ერთი, მიხარია რომ დაგვიბრუნე "გამხმარი პალმების ქუჩა", მეორეც,გამახარებ, შენ თვითონაც თუ დაბრუნდები საიტზე. და ბოლოს,წარმატებები ჩემო კარგო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|