ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
6 თებერვალი, 2014


== ზარი ==

                           
                                                      (ნახევრად ნამდვილი ამბავი)

  სანამ ჩვენს გმირებს ჯერ კიდევ დილის მშვიდი ძილით სძინავთ, სანამ მათი სასთუმალი ყოველდღიური საზრუნავ–საფიქრალით სავსე თავების სიმძიმეს ჯერ კიდევ იმჩნევს,მინდა, მოვასწრო და ორიოდ სიტყვა ვთქვა, თორემ, მერე ვინ რას დაგაცდის. მითუმეტეს, რომ ის დღე თენდება, რომელიც, აგერ, უკვე მერამდენე წელიწადია ისეთ  მოვლენებს იტევს – მე რომ გადამაწყვეტინა ჯერ დავკვირვებოდი და მერე უკვე - თქვენთვის მეამბნა.     
  მოკლედ, არის თარიღები, რომელთაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება : ტრადიციული, გამოცდილებისმიერი და თუ გნებავთ, მისტიური თვალსაზრისითაც კი.
  საოცარია ცხოვრება.
  ოდესმე თუ ვინმე, ან რამე წააქცევდა ბრგე, ახოვან, კარგ მომლხენ და კაი დამრტყმელ ვაჟკაცად ცნობილ – კუკურიე კოტრიკაძეს, სიზმრადაც ვერ დავიჯერებდი. კი ბატონო, ბოლო წლებში, საფეთქლებთან ჭაღარაც კი შეერია, ვაღიარებ. მაგრამ, სასიკვდილო ჯერ რა სჭირდა.
  წააქცია მაინც გაბრიელმა და როგორც იტყვიან, ზეციურ საიმქვეყანოს  ერთი ბრგე, ახოვანი,კარგი მომლხენი და კაი დამრტყმელი ვაჟკაციც შეემატა.
სიკვდილის წინ დაიჯინა – ერთი ლექსი მაქვსო დაწერილი და მაინცადამაინც ის ლექსი მინდა  ამოტვიფროთ ჩემს საფლავზე: „ ბედმა ავად მამალვინა, რომ მიყვარდა მე მალინა“–ო.
აიჩეჩეს მხრები, აგონია თუა სასიკვდილო. ბოდვაო. ვერც თავი გაუგეს–ვერც ბოლო. მაგრამ,რაღას იზამდნენ– უკანასკნელი სურვილი, უკანასკნელიაო და ამოუჩუქურთმეს მარმარილოს დაფაზე.
  მოკლედ, დაამწუხრა, მეუღლე– ნაილი, შვილები– ვასო, კუკურიე უმცროსი, თამილა და ვალოდია, დეიდები,მამიდები,ბიძები, ერთიც ცოცხლადშერჩენილი ბაბუა, მეზობლები, ახლობლები, თანამშრომლები, თანამესუფრენი, თანამეინახენი, თანასოფლელნი, თანა...თანა...თანა...
    იგლოვეს და ისეთი პატივით მიაბარეს მიწას კუკურიე კოტრიკაძე, როგორც მის მრავალსუფრანათამადევ  სახელს შეეფერებოდა.
    არ ეთქმის მაგის სულს სამდურავი ნამდვილად...პირველ ხანებში, რამდენჯერ, სასაფლაოზე ამოვლილს მის სამარესთან შეკრებილი შეზარხოშებული მეგობრობა დამინახავს – სარეველა ბალახი არ გაახარეს ზედ. ყანწით ამბობდნენ ძმაბიჭის მოსაგონარს და ყანწითვე ასხამდნენ ღვინოს იქ,სადაც გული ეგულვოდათ მისი.
  კი,თავიდან ყველაფერი ისე იყო, როგორც წესია და რიგი. ოჯახთან მიკითხვა და –„ჩვენ რა შეგვიძლია, რით გვიმსახურებო“, „ვინმე ხომ არ ბედავს ჩვენი ძმის და მეგობრის დანატოვარის შევიწროვებასო“, „ რას შევეჭიდოთ–რა სადარდებელი შეგიმსუბუქოთო“... მაგრამ, სხვას ვინ ჩაჰყოლია საფლავში, კუკურიეს რომ ჩაჰყოლოდნენ და...მილაგდ–მოლაგდა ნელ–ნელა ყველა და ყველაფერი თავ–თავის ადგილას.
    ჰოდა, ამ კუკურიე კოტრიკაძის გარდაცვალებიდან მისი მეჩვიდმეტე თუ მეთვრამეტე დაბადების დღე თენდება ახლა და ამ დღეს უკავშირდება ის უცნაური ამბავიც სწორედ, რომელმაც ჩემი ძვირფასი ყურადღება მიიპყრო.

= ნაილი =
 
    გათენდა.
    „ნეტავ, დღესაც თუ...?!“ –პირველივე აზრი რაც ჯერვერმოფხიზლებულ გონებას  უღიტინებს.
    ფეხები ფლოსტებში გაჰყო. არ ეჩქარება დღეს. ახსენდება, პირველ წლებში, ეს დღე რომ თენდებოდა – სულმოუთქმელად მოხვევდა ხელს წინა დღისით მომზადებულ შეჭამანდებს, განსაკუთრებით იმ სახეობებს, კუკურის რომელიც უყვარდა სიცოცხლეში, ღვინოსაც მოსინჯავდა ბარგში, არ დამრჩესო და სასაფლაოსკენ მიიჩქაროდა. არ ყოფილა შემთხვევა - ჟოლო დავიწყებოდეს. დაალაგებდა საფლავის ქვასთან ამ ჟოლოს და წაიკითხავდა მერამდენედ ქვაზე ამოტვიფრულ ლექსს.
    რაც დაქვრივდა და ოთხი შვილი შერჩა მარტოს გასაზრდელად, მაშინ მიხვდა, რამხელა ძალა ჰქონია თუნდაც დღენიადაგ მოიქეიფე მისი ქმრის ცოცხლად გვერდში დგომას, სხვა თუ არაფერი, შეხედულებით იყო ისეთი – ავს უყენებდა თვალს და ეს უსურური ქალიც თურმე რამოდენა  ძალას გრძნობდა იმისგან. ხელიდან როცა გამოეცალა კუკური,  მაშინ კიდევ მეტად მიხვდა კაცის ფასს ოჯახში.
  კი, უდარდელის შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი მეუღლე, თავშისაცემი არაფერი აქვსო, იფიქრებდა საკითხში ღრმად არჩახედული კაცი.  ნაილიმ ისიც იცოდა, ხანდახან სხვა ბუდეებსაც რომ გადაუფრენდა–ხოლმე მისი ქმარი და სხვა ქალების სიყვარულს შეირგებდა, მაგრამ, პატიობდა მისი ოთხი შვილის მამას და იმასაც ხვდებოდა გუმანით,  არც თუ მთლად უდარდელი უნდა ყოფილიყო კაცი. საფეთქლებიც კი შეუჭაღარავდა მის თანამეცხედრეს და სულ მალე შერჩა კიდეც გაციებულ ცხედრად საცოდავი კუკურიე.
  გაუჭირდა. ძალიანაც. მაგრამ რაღას იზამდა–შვილები ჰყავდა წამოსაჩიტი და გზაზე დასაყენებელი. შეიძლო კიდეც ავად თუ კარგად. ასწავლა. დააოჯახა. ყველას თავისი კუთხე გამოუჩინა. ქალაქში სამაგალითო იყო როგორც დედა და ღირსეული ქვრივი. ისეთი იყო სწორედ – როგორც აწგანსვენებულ კოტრიკაძეს შეეფერება.
  ქმრის გარდაცვალებიდან მეოთხე თუ მეხუთე წელს აღმოაჩინა რომ კუკურის დაბადების დღეზე წინა წლებშიც ასე მოხდა ყოველთვის. ანუ, ნაშუადღევს გაისმებოდა ტელეფონის ზარი კოტრიკაძეების ოჯახში. უპასუხებდა ნაილი. ხმას არ იღებდა არავინ. მეოთხე თუ მეხუთე წელს მიხვდა ნაილი, რომ აქ ყველაფერი ისე ვერ იყო – ჩვეულებრივ ამბად რომ მონათლავდა დაკვირვებული კაცი. შეუჩნდა მოურჩენელი ფიქრი და რაც მეტს ფიქრობდა,მით მეტად რწმუნდებოდა –უეჭველად, რაღაც ხერხებით თუ მანქანებით კუკურის სული მიკავშირდება მისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს და მაგებინებს, რომ იქიდანაც ჩვენზე ფიქრობს და ჩვენთან არისო.
აი, დღესაც იმიტომ არ ჩქარობს წასვლას საფლავზე. ზარს ელოდება ჯერ... კუკურიმ უნდა დაურეკოს.
  დაასწრებენ დღესაც ასვლას მეუღლის მეგობრები, როგორც შარშან, შარშარწინ, იმის წინაც...მოასუფთვებენ იქაურობას. ყვავილებსაც დაალაგებენ. ვინ იცის, გულში რას ფიქრობენ– ნაილი არ უვლისო, ნაილიმ დაივიწყა სათაყვანებელი მეუღლეო...რა ქნას?! ვერავის უამბობს კუკურიეს ზარების შესახებ. გიჟად ჩათვლიან და მორჩა.

= მალინა =
თვალი და გული ერთდროულად დაუყენა სუფრის თავში ყანწმომარჯვებული კუკურიეს დანახვამ. ქელეხი იყო, ახსოვს. ვისი – ეგ აღარ ახსოვს. კუკურის მის ცხოვრებაში შემოჭრამ – სხვანაირი გახადა ყველაფერი. მაინც, მეორე იყო ყოველთვის. გრძნობდა და იცოდა, რომ მეორე იყო.  განა რამეს აკლებდა კუკურიე?! მაგრამ, მაინც სხვის მეუღლედ და სხვისი შვილების მამად რჩებოდა.
არადა, რარიგად უყვარდათ ერთმანეთი. მხოლოდ ფილმებში ან რომანებში რომაა– ისე. თან როგორ უფრთხილდებოდნენ, არ გაეგო ვინმეს, არ დაებინძურებინათ ბოროტი სიტყვით თუ უადგილო ჩარევით. ვის აუხსნიდნენ. ვინ გაუგებდა.
  რამდენჯერ გადაწყვიტეს გაქცევა. თვალს მიფარება. გაბედნიერება ეთმანეთთან და ერთმანეთით. ვერა. ვერ დგამდნენ ნაბიჯს. ხან ნაილის ახალი ფეხმძიმობა უშლიდათ ხელს, ხან რომელიმე ნათესავის გარდაცვალება, არ იქნა და არ დაილია მიზეზები. გაგიჟებას არაფერი დააკლდებოდა–ხოლმე. ისე გაუწყრებოდა კუკურიეს, თითქოს იმისი ბრალი ყოფილიყოს ნათესავის სიკვდილი ან ნაილის მოულოდნელი ორსულობა.  მიახლიდნენ ერთმანეთს რაც სათქმელი იყო, გაიბუტებოდნენ, მოშორდებოდნენ ერთმანეთს – იმ დრომდე, სანამ კუკური დაბოღმილზე ერთს გვარიანად არ გამოთვრებოდა და რწევა–რწევით არ მიადგებოდა ისევ თავის „ერთდერთ პატრონსა და გულშემატკივარს“ – პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული ქალიც ისევ დიდსულოვნად გაუხსნიდა თავისი სახლისა და გულის კარს და გვრიტობდნენ და ჭუკჭუკებდნენ ძველებურად ახალ მიზეზამდე. არადა, რაც დრო გადიოდა – მით იზრდებოდა მიზეზთა რიცხვი და ძველებური საპატიოობითაც აღარ გამოირჩეოდნენ. იზრდებოდა კინკლაობის, თავზეტილოდადებული პოზების და კუკურიეს საფეთქლებთან ჭაღარების რიცხვიც. 
და მაინც, აღმერთებდა. მისნაირი არავინ ეგონა ქვეყანაზე და თავის ცხოვრებასაც იმ წამს დაუსვა წერტილი –რა წამსაც კუკურის უხუჭავდა თვალებს ნაილის აკანკალებული ხელი. გამოიკეტა. გაემიჯნა სამყაროს და  სიკვდილის იმედით და მოლოდინით, იქ მაინც მივასწრო მისვლა ნაილისო, – აზრით გულს ხელი დაიკრიფა.
  ასე ჩაიტანა თავისი გულის საიდუმლო კუკურიემ საფლავში.
  ...პირველ წლებში, უხაროდა კიდეც, მის ზარს რომ პასუხობდნენ. მერე და მერე, სიბრაზე შემოაწვა. ასე უცებ დაივიწყაო ქმარი. საფლავზეც აღარ კადრულობსო მისვლას. ეგეთ ქალებსაა ზუსტად ქმრები რომ ღალატობენ და სითბოს, ყურადღებას და ზრუნვას სხვასთან ივსებენ და იკმაყოფილებენო. ნაღვლიანი სიბრაზით მიადგებოდა სამარეს. დააცქერდებოდა მარმარილოს ქვას, ჩურჩულით ამოთქვამდა კუკურიეს ერთადერთ „შედევრს“ : „ბედმა ავად მამალვინა, რომ მიყვარდა მე მალინა“–ო და წრფელად გულაჩუყებული დასტიროდა თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, დაკარგულ ახალგაზრდობას, უშვილძიროდ გადაგებას, ნაილის გაცივსისხლიანებას და ყველაფერს ერთად  –თან მომრავლებულ სარეველას გლეჯდა ფესვიანად მალინა.


 
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები