ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2014


ტყვიის წვიმები

ტყვიის წვიმები

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

უჩინარდება დღე უდროულო,
მიმწუხრში მტვრიან თვალებს აცეცებ
და ჩიტისფერი წვიმა პოულობს
ქარში დაფანტულ გულის ნამცეცებს...

ნოტებს ეხები მხოლოდ თითებით,
განიცდი ზარებს დაურეკავებს,
გარს გახვევია წვიმის ჩიტები
და ნაწილ-ნაწილ შენს გულს კენკავენ...

ისევ ბებერი მთვარე აყეფდა,
ისევ გაიხსნა, ისევ გეტკინა,
იმდენჯერ დაგწყდა გული ამ ქვეყნად,
რომ ფეთქავს მხოლოდ წყვეტილ-წყვეტილად...

ტყვიის წვიმებმა გაგვანებივრა,
გასასვლელს ვეძებთ დენთის ზამთრიდან,
ჩვენ გარეული ფრინველები ვართ,
და თოფის ლულებს შორის დავფრინავთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები