ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მაისი, 2014


ლექსთაშორისი სტრიქონები ბლოკნოტიდან

სიყვარული და ტკივილი

როცა ვერ ხვდები,
ერთი მეორეში როგორ გადადის,
როცა ეჩვევი
სულ ბოლოს კი, გრძნობ,
რომ ვერცერთს ვეღარ გრძნობ,
და შეშდები,
სიკვდილთან ახლოს.
ასე ვარ ახლა...

>
ახლა თითები დათხვრილი მაქვს მელნით, მეტს ვერ ვწერ,
ოცნება ისევ ახლოსაა, მაგრამ ვერ ვწვდები,
როგორც ყოველთვის ან არასდროს ან როგორც ბევრჯერ,
მშლის და მაშინებს საჩემო და სათუო წლები.

>
ჩემი ფიქრია, ხელგაწვდილი, შველას რომ ითხოვს.

>
რადგან შენ მუზა ხარ,
ლექსია ჩემი სიყვარული.

>
ვგრძნობ, რომ თვალები ჩამიღამდა და გული მეწვის.


>
რომ ავირიდო სინამდვილე და სიმარტივე,
გავინაპირებ უშენობას და ვიმარტვილებ.

>
ისე უბრალოდ შემოგარღვევ დარდის სამოსელს
და ვნების ფურცლებს ჩამოვაცლი მერე გვირილას,
შენი თვალები ისეთ სათუთ სევდას გამოსცემს,
რომ ხედავდე, შეგებრალება.

>
რასაც სინათლე ახლავს, შენა ხარ ყველა ფერი.

>
როცა ლექსს ვწერ, ნუ გგონია გღალატობ,
ერთგულებას ავაფარე ნიღაბი
და ოდესმე ალბათ შენც იამაყებ,
რომ ოდესღაც ჩემი მუზა იყავი.

>
ცას ვეფერები ვარსკვლავებზე
და შენი მზერა ჩემს თმაზე დადის.

>
დრო თითქოს დოგმატია,
საათი - დროყლაპია.

>
უბრალოდ, უნდა დაგივიწყო - უპრიანია,
ჩემკენ ოცნების ახდენებმა დააგვიანეს,
ამ აზრგამოცლილ სიყვარულსაც და ნაგვიანევს,
იქნებ, როგორმე გადავურჩე...
თუმც გვიანია დავიწყება, უპრიანია.

>
დღეს ცა არა ჩანს, დამეხმარეთ ფერთა ხედვაში,
ჯერაც ხომ დაგვრჩა შეუსმელი ლექსის ზედაშე,
და იქნებ ერთად შევაგროვოთ გრძნობები სუფთა,
სიცოცხლეს მჩუქნის სიახლოვე მეგობარ სულთა.

>
და მგონი ისე გადავიღალე,
გულის ტკივილსაც ვერ ვგრძნობ.

>
ლექსი მზის ბილიკით მივიყვანე
გულამდე და გრძნობაც გამუდმივდა,
შენი  მონატრება შევიყვარე
ჩემი ატმისფერი ზაფხულიდან.

>
დროს ნაოჭები მოაშორეთ, გემუდარებით,
თორემ ბერდება.

>
თუკი სული სისხლია,
მე კალამში მისხია.

>
ცაზე მიხატულ კვირტებს ვუმზერ სარკმლიდან
და ყოველდღე ველი ფოთლების შობას.

>
მიმოფანტულია ჩემი სიყვარული
ყველაფერ მშვენიერს დაეძებს ქვეყნად,
და როცა იღლება უზომო ხეტიალით,
ერთად ქუჩდება და გროვდება შენთან.

>
მე მოვალ, როცა ზაფხულის მწვანე
სრულად გადავა შემოდგომაში.

>
მერე ნისლი ჩაესვენა აივნებში,
გაზაფხული მაპარებდა თმაში თითებს,
მელნის დუღილს მივეჩვიე, არ მოვეშვი,
ფრაზებმა კი ერთიანად აიწყვიტეს
და მდინარე გადაცურეს ცხენებივით,
მე რითმა ვარ და სტროფებში ვიძირები,
ვით გრძნობები.

>
და შემოდგომა ქარს დაეტყო ხმაში აქცენტად.

>
დუმილი ამ დროს ლექსებად ადნობს
და უსასრულოდ მიყვარხარ ამ დროს.

>
ჩემს თვალებშია შენი თვალები
და პოეზიის საღამო - სულში.

>
ზამთრის სევდიანი დღიდან
სულში ჩაგიხუტო მინდა.

>
ტალახი ვესროლე შეძახილს,
რომელსაც გახმობა სურდა ხის.

>
ჩემი ყველა ლექსი მე და შენ ვართ.

>
ვეღარაფერს ვუგებ ამინდებს უგემურს.

>
მე ჩემი ცხელი ხელისგულებით,
მსურს დაგიამო თავის ტკივილი,
გასუნთქო ჩემით დაუსრულებლად.

>
მოგიძიე და დავსახლდი შენი გულის მიძინებულ კუთხეში.

>
ჩემს თმას შენახები შენი სუნთქვა,
ახლა ისე მიყვარს, რომ ვგრძნობ გულთან.

>
ჩემს გულს სევდა ჰქვია მეტსახელად.

>
ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივითაა ჩემი განწყობა -
ხან მიწაზე წევს უძრავად, ხანაც ქარი ატარებს წრეზე
და სულ ვიცი, ერთხელაც ფეხს დამაბიჯებენ.

>
დასანანია, რომ რაც არ გვინანია,
იმის სინანული ახლა გვიანია.

>
მე ვეძებ პასუხს,
შეკითხვა არ მსურს.

>
გისოსებიდან მომზირალი თვალები
ყველაზე მძაფრად გრძნობენ თავისუფლებას.

>
შევწვდებით ოცნების იმ თოლიას,
შორს და მიუწვდომელს თითქოს,
შევწვდებით და შევცვლით ისტორიას,
დროს და შევძლებთ ერთად ვიყოთ.

>
მე ჩემგან წავედი,
რადგან ვერ შევძელი წასვლა შენგან.

2007-2008 წწ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები