 | ავტორი: მრ-001 ჟანრი: პროზა 30 ნოემბერი, 2008 |
თქვენ მილიონი გელით მიკროდეტექტივი
ის ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო. საბავშვო ბაღი, სკოლის პირველი წლები.. ხვდებით ხომ? ჯერ კიდევ სკოლაში ავითვალწუნეთ. ჩვენ ოთხნი სხვა თანაკლასელებთან ერთად მთელ სკოლას ვაწიოკებდით, ის კი დასვენებაზეც არ შორდებოდა წიგნებს. ნიჭიერი იყო, ჭკვიანი. მაგრამ არც იმდენად რომ ხუთებზე ესწავლა. ამაში ალბათ ისიც უშლიდა ხელს, რომ წიგნების კითხვა სწავლაზე მეტად უყვარდა. ძირითადად მოგზაურობებზე, თავგადასავლებზე – მეოცნებე იყო. მისი ერთადერთი სასაუბრო თემა მოგზაურობა გახლდათ. მთები, ოკეანეები, ჯუნგლები, რაინდები და რა ვიცი კიდევ რა არა.. ყველაფერი იმის გარდა რაც რეალობა იყო და რაც ჩვენთვის იმ ასაკში იყო მნიშვნელოვანი. თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობდა. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. არც ჩვენ გვყავდა მილიონრები მაგრამ მათზე უკეთესად ვცხოვრობდით მუდამ. თანაც ჩვენ სკოლის ასაკშივე ვისწავლეთ ჩვენი სამყოფი ფულის შოვნა, ყველაფერი გვქონდა რასაც მოვინდომებდით. ის კი, როგორც კი წამოიზარდა ხის საამქროში იწყვეტდა წელს კაპიკებისათვის. ჩემთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა, ბავშვობაში ხშირად გვითამაშია ერთად. ალბათ ამიტომაც მის წინაშე თავს ყოველთვის ვალდებულად გვრძნობდი. პატივს ვცემდი როგორც შემეძლო და რამდენჯერმე ისიც კი დავაპირე საქმეზე წამეყვანა მაგრამ ბიჭებმა გადამაფიქრებინეს და კარგადაც მოიქცნენ. მეცოდებოდა მაგრამ საქმეზე წასაყვანი კაცი მართლა არ იყო. მაგაზე დაბნეული და მოუხერხებელი ალბათ სხვა არ არსებობდა. თანაც ისეთი გულუბრყვილო იყო ბავშვიც კი მოატყუებდა. აი ასეთი განხვავებულები ვიყავით, ჩვენ ოთხნი მთელს ქალაქს შიშის ზარს ვცემდით ის კი ფანტაზიორი და ისეთი დაბნეული კაცი იყო რომ გზაზე გადასვლისას შუქნიშანსაც არ უყურებდა. ბავშვობის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩვენ ოთხნი ისევ ერთად ვიყავით, გიო, ჩვენი ჯგუფის ტვინი იყო, მისი დაგეგმილი არცერთი საქმე არასოდეს არ ჩაგვარდნია. რეზო უზარმაზარი ძალის მქონე გოლიათი. ეს კაცი სიტყვებზე მეტად მუშტებით ლაპარაკობდა ყოველთვის და ეს საქმე იმდენად უყვარდა რომ ერთხელ თავისი მოქნეული მუშტი შემთხვევით მომარტყა და 2 კვირა ყბა თაბაშირში მქონდა ჩასმული.. გელა ჩუმი, საქმის ათიანზე გამკეთებელი კაცი იყო. ოქროს ხელები ჰქონდა. მის წინ ყველა კლიტე და დაცვა უსარგებლო ჯართად იქცეოდა. და მე, რალების ორგზის გამარჯვებულს ალბათ ხვდებით რაც მევალებოდა ყველაზე ხშირად. ის კი, მაშინაც და მერეც ჩვენთვის უბრალო გოჩა იყო და მეტი არაფერი. რაღა თქმა უნდა რომ ურთიერთობა საერთოდ არ გვქონდა. იშვიათად თუ შევხვდებოდი და მომიკითხავდა ხოლმე. ჩემს გარდა მგონი არავისთან არც უმეგობრია საერთოდ. ამიტომ არც გამკვირვებია, ერთხელ ჩვენთან მოსულს ჩვენს შორის ყველაზე ღონიერმა – რეზომ კარები ცხვირწინ რომ მიუჯახუნა და ისევ თავის სავარძელში რომ ჩაენარცხა. კიდევ კარგი თვალი მოვკარი ვინც იყო და კარი თვითონ გავუღე თორემ, ალბათ ამის მერე გამბედაობა არც ეყოფოდა რომ თვითონ კიდევ ერთხელ დაეკაკუნებინა. შიგნით რომ შემოვუშვი, ოთახის შუაგულში გაჩერდა და უნდა გენახათ რა სასაცილო სახე მიიღო როცა ოთხივე ერთად მივაშტერდით. რეზოსი განსაკუთრებით ეშინოდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა მისი მკლავების ღონე გამოცდილი – როცა ის ჰაერში სწევდა და დაბლა აღარ უშვებდა ხოლმე. ყველაზე ცუდი და ალბათ მაგარი მტკივნეული ის იყო რომ მხოლოდ შარვლით აჰყავდა ხოლმე. საცოდავი ეხლაც მას მიშტერებოდა და ალბათ საერთოდ აღარც ამოიღებდა ხმას რეზოს რომ არ შეეღრინა – რას მომაშტერდი, თქვი რა გინდაო. ამანაც ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, ამოილუღლუღა – ნაკოლი მოგიტანეთო. სიცილით თუ არ დავიხოცებოდით არ მეგონა.. ეს ყველაზე წარმოუდგენელი რამ იყო რაც შეეძლო ეთქვა. ამას მეც კი ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს. კარგა ხნის სიცილის შემდეგ რეზო წამოდგა და ისევ იქითკენ უპირებდა გაბრძანებას ძველი მეთოდით საიდანაც მოვიდა რომ გიო წამოდგა და ადგილზე დაასმევინა. მის შემხედვარეს ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ისევ ის ძველი გოჩა იდგა ჩვენს წინ და შარვალსაც ძველებურად ისწორებდა. მის შემხედვარეს რომ არ გაგცინებოდა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სიცილი მერე უნდა გენახათ გიომ რომ კითხა რა ნაკოლი მოიტანეო და ამან ქალაქში ყველაზე მდიდარი კაცის სახლი რომ დაასახელა. სახლი რომელიც, გარდა იმისა რომ ციხესიმაგრეზე მაგრად იყო დაცული, ასევე დაცულ ელიტალურ უბანშიც იდგა. ეხლაც კი მეცინება იმ მომენტს რომ ვიხსენებ. საშინლად ვხარხარებდით. საშინლად ეწყინა. გაწითლდა, მე გადმომხედა ნაწყენი თვალებით, შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. თავი უხერხულად ვიგრძენი და მიუხედავად იმისა რომ სიცილს კიდევ ვერ ვიკავებდი უკან გავყევი. პატიოსანი კაცი რომ ასეთ რამეზე დაიწყებს ფიქრს უკვე თავისთავად სასაცილოა მაგრამ მაინც შემეცოდა, ვიცოდი კეთილი გული ქონდა. კიბეებზე დავიწიე.. არც შემოუხედია ჩემთვის. ვცადე გამოვლაპარაკებოდი მაგრამ თითქოს არც მისმენდა. სადარბაზოს შესასვლელთან გავჩერდი. გოჩამ ერთი კი შემომხედა ნაწყენი თვალებით და წავიდა. უჟმურ ხასიათზე დავდექი. ხომ გამოგიცდიათ – ბევრს რომ იცინიხარ და მერე რაღაცა რომ მოგიშლის ნერვებს.. ანდაზაც არის მაგაზე მაგრამ აღარ მახსოვს კარგად. ოთახში რომ დავბრუნდი ყურადღება აღარ მიმიქცევია ბიჭებისთვის რომლებიც რაღაც რვეულს დაჰყურებდნენ. უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს სანამ რეზომ არ დამიძახა. რვეული მაგიდაზე დაედოთ და ყურადღებით ფურცლავდნენ. ეხლა უკვე დავინტერესდი რა ეწერა იმ რვეულში ისეთი რომ რეზოსაც კი თავი ქონდა შიგ ჩარგული. ერთი შეხედვით რაღაც ნახაზებისა და ციფრების გარდა ვერაფერი დავინახე და გიოს გაკვირვებულმა შევხედე. მას არაფერი უპასუხია, წამოავლო რვეულს ხელი და თავის ოთახში შევიდა. ასე იცოდა ხოლმე როცა რამე უნდა გადაეწყვიტა. ეხლა ბიჭებს მოვუბრუნდი გაოცებული და აღმოჩნდა რომ ეს რვეული იმ საცოდავს ამოვარდნოდა ჯიბიდან რეზოს ოინების მერე. ბედი არ გინდა? ამ რვეულში მთელი თავის გეგმა ჰქონია ჩახაზულ–ჩანიშნული. რაღა ბევრი გავაგრძელო, გოჩა თურმე იმ კაცის გვერდზე სახლში მუშაობდა და ისეთი ინფორმაციები ქონდა შეგროვებული სახლის გატეხისთვის კი არა სეიფის გახსნისათვისაც კი არ დაგვჭირდებოდა არანაირი წვალება. დღემდე გაურკვეველია ჩემთვის საიდან მოახერხა ამდენი, მაგრამ ღმერთს გეფიცებით ისეთი რაღაცეები ჰქონდა გაგებული მგონი თვითონ იმ კაცმაც რომ არ იცოდა. ეს ყველაფერი ნაწილი რვეულიდან, ნაწილი კი თვითონ გოჩასგან გავიგეთ ტექნიკურად, როცა საგულდაგულოდ გადაკოპირების შემდეგ რვეული დავუბრუნეთ. ისიც კი გაუგია სეიფში რამდენი ინახებოდა. ეს თანხა კი 8 ციფრისაგან შედგებოდა. ყველაფერი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ მართლა სერიოზულად ვინერვიულეთ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდით. ერთის მხრივ თითქოს ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო მაგრამ ზუსტად ეს გვაშფოთებდა. ყველაფერი იმდენად მარტივი ჩანდა რომ შეუძლებლად გვეჩვენებოდა რამდენიმე ათეული მილიონის ასე უბრალოდ გატანა თუ შეიძლებოდა. ალბათ ასე გავწელავდით კიდევ კარგა ხანს, ზუსტად იმ დღეებში ფული რომ არ დაგვჭირვებოდა. ერთ საღამოს გიომ ყველანი შეგვკრიბა და ერთხმად გადავწყვიტეთ ეს საქმე გაგვეკეთებინა. კიდევ რამოდენიმე დღე მომზადებას მოვანდომეთ და ერთ საღამოს ჩემი მანქანით ვაკისაკენ დავიძარით. გოჩას წაყვანა საქმეზე რა თქმა უნდა არცერთ ჩვენგანს აზრადაც არ მოსვლია. წილში გაყვანას რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით გადავწყვიტოთო გიომ. მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთელი კოდები ჩვენს ხელთ იყო, მაინც მთელი აღჭურვილობითა და 2 სათადარიგო გეგმით მივადექით იმ დასახლებას სადაც "ჩვენი" სახლი იდგა. უკვე ღამდებოდა. მანქანა დასახლების შორიახლოს გავაჩერე და დასაზვერად წავედი. გოჩას ჩანაწერებიდან ვიცოდით კვირის ამ დღეს სახლში არავინ იქნებოდა მაგრამ სიფრთხილეს თავი არასოდეს ტკივა. დასახლებაში უპრობლემოდ შევიპარე. სახლის ახლოს დავიმალე და ყურადღებით შევათვალიერე. მართლაც ცარიელი ჩანდა. ერთი ნათურაც კი არ ენთო არსად. ცოტახანს კიდევ გავჩერდი. როცა დავრწმუნდი სახლში არავინ არ იყო, ჩემი სამალავიდან გამოსვლა დავაპირე და ამ დროს გოჩას მოვკარი თვალი. მეზობელი სახლის ეზოში რაღაცას საქმიანობდა, ურიკაში ნაგავს და მიწას აგროვებდა. შემეშინდა არ დავენახე. ისევ დავიმალე და თვალთვალი დავუწყე. რაღაცნაირად ვიგრძენი თავი.. თითქოს მას ვპარავდი რამეს. გადავწყვიტე, ბიჭები თუ არაფერს მისცემდნენ მე მინც გამენაწილებინა ჩემი წილიდან ფული. გოჩამ ურიკა მალე გაავსო, გარეთ გამოიტანა და დასახლების ბოლოში წავიდა. შევიცადე სანამ თვალს არ მოეფარა და ბიჭებთან დავბრუნდი. სახლი ცარიელი რომ იყო ეს კარგად გვენიშნა ყველას. იარაღები ავიღეთ და ეხლა ყველანი ერთად დავბრუნდით უკან. წესით მე მუდამ მანქანაში ვრჩებოდი ხოლმე, მაგრამ ამჯერად გადაწყვეტილი გვქონდა – თუ რაიმე ისე არ წავიდოდა, სახლის პატრონის ჯიპით გავქცეულიყავით, ამიტომ მეც მათთან ერთად შევიყუჟე სამალავში და ლოდინი დავიწყეთ. მალე კარგად ჩამოღამდა. გოჩაც აღარსად ჩანდა. გელა სამალავიდან გამოვიდა, ღობესთან მივიდა და სახლს გარშემო შემოუარა. ცოტა ხნის შემდეგ გამოგვძახა გზა თავისუფალიაო, დაცვის ის სისტემა რაც მეპატრონეებს ღობეზე ჰქონდათ დაყენებული, გოჩასთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. აი სახლში შესასვლელი კარი კი მართლაც მაგრად აღმოჩნდა დაცული. მის გახსნაზე ალბათ რამოდენიმე წუთი და შეიძლება მთელი საათიც დაგვჭირვებოდა. გელამ გიორგის შეხედა და უსიტყვო თანხმობის შემდეგ კარებთან დამაგრებულ კლავიატურაზე რვეულიდან ამოწერილი კოდი აკრიფა. რამდენიმე დაძაბული წამის შემდეგ, სიგნალიზაცია მთელს სახლში გამოირთო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა. კარიც იმავე კოდებით გავაღეთ და სახლში შევედით. შევიპარეთ თუ არა, მაშინვე სეიფისაკენ წავედით, რომელიც როგორც გოჩას რვეულიდან ვიცოდით, მფლობელის კაბინეტში, მეორე სართულზე იყო დამონტაჟებული. არც აქ გვიმტყუნა ბედმა, სეიფი მართლაც იქ დაგვხვდა სადაც გოჩას ნახაზები მიუთითებდა. უზარმაზარი ნახატი რომელიც შავ ფოლადის კარას ფარავდა, გვერდზე გადავდგით და სეიფის წინ გავჩერდით. რატომღაც გავჩუმდით, ვერ ვბედავდით სეიფს შევხებოდით. – თქვენ მილიონი გელით! – ვცადე გახუმრება. გიომ შემომიბღვირა. ხუმრობისთის მართლაც რომ არ გვეცალა ეხლა. გულში რა თქმა უნდა ყველას გვქონდა იმედი რომ გოჩას კოდები აქაც გვიშველიდა, მაგრამ სეიფი ჯერ ისევ გაუხსნელი იყო, ჩვენ კი ისევ უფულოდ ვიდექით მის წინ. გიომ რვეული ამოიღო და ხელის კანკალით შეუდგა საკეტის გახსნას. ერთხელ.. ორჯერ.. სამჯერ.. საკეტის მსუბუქი წკაპუნი უკვე თითქოს შიგ ტვინში მირტყავდა. – არ იხსნებაო – მოგვიტრიალდა გიო. ეხლა გელამ დაუწყო ჩხიკინი. როცა ისიც იმედგაცრუებული სახით შემოტრიალდა მივხვდით გოჩას კოდები ვეღარაფერს ვერ გვიშველიდა და ყველაფერი ასე ადვილად რომ არ დამთავრდებოდა. უკან დახევა არც კი გვიფიქრია მიუხედავად იმისა რომ, როგორც მერე აღმოჩნდა გული თურმე ყველას ცუდს გვიგრძნობდა. თითქმის გათენებამდე ვეჯაჯგურეთ ხან გელამ და ხან ჩვენ – სეიფს გასატეხად. დილისთვის უკვე ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ როცა დიდი წვალების შემდეგ სეიფის კარები გამოვაღეთ და შიგნით სიცარიელე დაგვხვდა, რეაქცია აღარავის ქონია. მხოლოდ გელამ შეიგინა გამწარებით და სადაც იდგა იქვე ჩაჯდა იატაკზე. მივუახლოვდი და საგულდაგულოდ გავჩხრიკე. არც სამალავები, არც საიდუმლო უჯრები.. სეიფი უბრალოდ ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე საქაღალდე ეწყო ქვედა თაროზე. საქაღალდეები გავხსენი და ამოვატრიალე. მხოლოდ რაღაც ციფრები და ჩანაწერები აღმოჩნდა. საიფში ერთი თეთრიც კი არ იდო. სახლიც და კაბინეტიც მანამდე გვქონდა შემოვლილი სანამ სეიფს გავხსნიდით. სხვა სეიფი სახლში არ არსებობდა. ეს ზუსტად ვიცოდით. რა უნდა გვექნა, ხელსაწყოები ჩანთებში ჩავაწყეთ და სახლიდან გინებ გინებით გამოვედით. ალბათ მიხვდებით ვის ეკუთვნოდა ამ გინების უმეტესი ნაწილი. დაკვირვებული ვარ ადამიანი რომ ერთხელ ცუდს გადაეყრები მერე კარგს აღარ უნდა ელოდო. მანქანამდე 10 მეტრი გვქონდა დარჩენილი რომ პოლიციამ გაგვაჩერა ქუჩაში. სანამ ინსტრუმენტების მოშორება მოვასწარით თავზე წამოგვადგა პატრულის მანქანა. რაღა უნდა გვექნა, ჩავხტით მანქანაში და გავიქეცით. საიდან გამოხტნენ ამდენნი აზრზე არ ვარ, ყველა მოსახვევში მაგათი მანქანები იდგა. რაღა თქმა უნდა ბევრი ვირბინეთ თუ ცოტა აგვიყვანეს. ისიც მალევე დაადგინეს იმ ინსტრუმენტებით რასაც ვაკეთებდით იმ ღამეს. ეგ კიდევ არაფერი, ყველაზე ცუდი ის არის რომ 37 მილიონის მოპარვა შემოგვტენეს. სიკვდილს ძვლივს გადავურჩით, ცალკე პოლიცია და ცალკე ქურდები ჩაერივნენ საქმეში. ხანდახან მწარედ მეცინებოდა ხოლმე, 37 მილიონი ზუსტად ის თანხა იყო, გოჩას რვეულში რომ იყო მითითებული. * * * დაჭერიდან 5 წლის მერე გოჩას წერილი მივიღე, ჩუმად შემომიტანა ერთმა ზედამხედველმა. დაველოდე სანამ გავიდოდა და მერე გავხსენი. კონვერტში ფოტოები და რაღაც ნახაზები იყო წითელი ჯვრით აღნიშნული. შეხედვისთანავე ვიცანი ჩვენი ძველი სახლი. ნახაზი ამოვატრიალე და უკნიდან მინაწერი გამოჩდა: "თქვენ მილიონი გელით!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სუსტია მგონი საერთოდ არ ჩანს ამ მასტმა ფული რანაირად მოიპარა, ან საერთოდ რა უნდოდა :) მე ვერ დავინახე, ყოველშემთხვევაში
თუ ის ვერსიაა, რომ ფული მანამდე მოიპარა და მერე საქმე ამათ შეტენა და ეს ვისაც ემეგობრებოდა წილში გაიყვანა მაინც სუსტად მეჩვენება და ისიც, რომ ზედამხედველს შეაქვს განძის ადგილსამყოფელის მინიშნება, ცოტა გულუბრყვილოა ასეთი წერილები თუნდაც ნაცნობობით შეტანილი იჩითება ;)
თხრობა კარგი გაქვს 3 ქულა სუსტია მგონი საერთოდ არ ჩანს ამ მასტმა ფული რანაირად მოიპარა, ან საერთოდ რა უნდოდა :) მე ვერ დავინახე, ყოველშემთხვევაში
თუ ის ვერსიაა, რომ ფული მანამდე მოიპარა და მერე საქმე ამათ შეტენა და ეს ვისაც ემეგობრებოდა წილში გაიყვანა მაინც სუსტად მეჩვენება და ისიც, რომ ზედამხედველს შეაქვს განძის ადგილსამყოფელის მინიშნება, ცოტა გულუბრყვილოა ასეთი წერილები თუნდაც ნაცნობობით შეტანილი იჩითება ;)
თხრობა კარგი გაქვს 3 ქულა
6. რია ვიცი მაგრამ მაინც 5 რია ვიცი მაგრამ მაინც 5
3. 4-ში რა ხდება? 4-ში რა ხდება?
2. 4 დეკემბრამდეეეეეეე
შემეშალა :D 4 დეკემბრამდეეეეეეე
შემეშალა :D
1. 4 ნოემბრამდე აუცილებლად უნდა წავიკითხო ლაშას სამივე დეტექტივი პირობას ვდებ 4 ნოემბრამდე აუცილებლად უნდა წავიკითხო ლაშას სამივე დეტექტივი პირობას ვდებ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|