ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მაისი, 2014


ჰალუცინაცია

მე ფოტოფირით შეგროვილ ჰალუცინაციებზე გიამბობდი,
შენ უჩემობამ გაგძნობინა, რომ გჭირდებოდი,
მე ბგერებად ვთოვდი სიტყვებს და მერე ერთად ვაგროვებდი ლექსებად,
და ყველა ლექსი ხელიდან გულამდე მანძილში გუნდასავით დნებოდა.
მე მაინც უფრო თეთრად ვხატავდი შენს ბნელ სიღრმეებს
და ვნატრობდი უფერულობას,
მომეფერე უკანასკნელად,
დამაჯერე, რომ ყველა ამბავი დაიჯერე,
ფოტოებზეც ძველ სილუეტებს ხედავ,
რომლებიც ისევ მოძრაობენ
და ეძებენ,
და ყოველი მომდევნო წამი უფრო ქარაფშუტაა წინაზე,
თუკი ჩემს თვალებში არ იყურები.
ის სახლიც, სადაც ერთმანეთით ვსუნთქავდით,
უჩვენობას განიცდის, სულიერივით.
ნაბიჯებს ვკარგავ,
მზერით ჰორიზონტს ვიშორებ,
ვგრძნობ, როგორ ვშორიშორდებით.
"ჩვენ შორის სიშორის განცდა"
ეს არასაამო ფრაზა
ზედმეტად ჩვეული გახდა.
თითებქვეშ შავ-თეთრი კლავიშები ნახატივით წვანან, მდუმარედ,
მეც ფერების ნაკლებობას განვიცდი.
გამისხლტი ფიქრიდან, გამიშვი,
გავფრინდე ფანჯრიდან, გავიქცე,
ან იქნებ გავნივთდე, რომ აღარ დაგჭირდე
და მერე ფოტოფირს დავაჩნდე ჰალუცინაციად,
რომელსაც მხოლოდ შენ შეამჩნევ
და გეგონება, რომ გამომიგონე.

2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები