ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2014


მამას

                                                "ალცჰაიმერი"__მოგზაურობა მზის ჩასვლამდე ღია ზღვაში ნიჩბების გარეშე. 
                                                                                                                                                                  (გაზეთიდან) 
                                                                                                                                                                                                                                                     



მე არ მახსოვს შენი სიბერე,
არც ბავშვობა, სიყმაწვილე და სიჭაბუკე.
მე შენი შუადღის მზეს ვიცნობ მხოლოდ,
შუბისტარზე წამოგებულს და
ოფლით შუბლდაცვარულს,
დამპურადებელს შვილების მშიერი სტუდენტობის.
აღდგომის კვირაც მახსოვს,
მზე რომ ნაშუადღევისკენ გადაიხარა და
აპრილის ნასესხებსაც არ შეუშინდა.
ჩამავალი, მკვდრის მზე კი აღარ მინახავს.
არც ის საღამო,
ცხოვრების შემოდგომას რომ უწოდებენ უფროსები.
შენ სულ სხვა გზა აირჩიე და
მზე ორბიტიდან ზურგშექცევით შეატრიალე.
უჩინარი ხელი კი, განგების,
საათის ისრებს უკან აბრუნებდა და
ყველაფერს შლიდა.
მერე ბავშვობასთან შეჩერდა.
ვერ გაიმეტა წასაშლელად.
იმდენი რამე გახსოვდა იმ წლებიდან.
ისეთი ლამაზი იყო და ისე ახლოს,
სულ ერთი ხელის გაწვდენაზე,
ხუჭუჭა ბატკნებს ადევნებული
ფეხშიშველა ბავშვობანა,
რომ საწუთროს წყარომდე მისასვლელად
ისევე ის ნაცნობი ბილიკი აირჩიე
ბავშვობის გავლით.
წამოდექი და
აწმყოს ჭიშკარი გაიხურე
მომავლის გასაწარსულებლად.

მერე მთელი აპრილი დაგვემალა მზე.
არადა არ გამოიდარა!
თურმე, რას გამოიდარებდა,
შენ დაგიდარებია...
და მიგორავდა,
ჯადოსნური ვაშლივით მიგორავდა
იმ გზებზე,
ბავშვობაში მტვრად რომ გედებოდნენ
გადაყვლეფილ მუხლებზე.
სასექტემბროდ ქალაქში წასულს კი,
ერთგული ძაღლივით აგედევნებოდნენ ხოლმე.
მიგორავდა და
ხელუკუღმა გიტრიალებდა შავ-თეთრ კადრებს
წარსულის ბოლოებმოკბეჩილი ფირებიდან.
ბებერი ძელქვაც დაგხვდებოდა აღმართში,
ბებერი ძვლებით,-
ადგილის დედასთან მიქუჩებული
ძველი გრეხილებით
და შენ, ჯერ არ ბებერს, ჯერ არც მოხუცებულს
(ხანშიშესულს, ვითომ?),
თავის ყველაზე მხცოვან ფესვსაც შემოგთავაზებდა
სულის მოსათქმელად.
მაგრამ შენ ჩქარობდი...
ნასახლარზე ეულად დარჩენილი საფეხურები, -
ერთგული დარაჯები შენი ბავშვობის ნაფეხურების,
გელოდებოდნენ გულის ფანცქალით.
კარს კი ვერავინ გაგიღებდა,
რადგან ნასახლარი იყო,
კიბის მიღმა უსასრულოდ ავდრიანი დღეებით.

არც ბებია გეგულებოდა შინ.
აღდგომის კვირა იყო, წვიმიანი და
წინაპრებთან ერთად სოფლის სასაფლაოზე
მარმარილოს და გრანიტს კი არა,
უბრალო ქვებით ნაშენებ მოსაცდელს
შეფარებოდა რახანია.
თავის ჭრელ თავსაფარს გიქნევდა ალბათ,
რაღაცას განიშნებდა,
მაგრამ შენ ხომ ბავშვი იყავი უკვე და
სიმბოლოების არაფერი გაგეგებოდა.
საგზალიც არ გქონდა
და მაგიერ ხმიადი პურის
ცოლის თითებით დაკეცილი
ცხვირსახოცი გედო ჯიბეში.
მარტო მაგ მხარეს არ გციოდა ალბათ
(ზუსტად არ ვიცი,
უბრალოდ, მინდა, რამეს გაეთბე
იმ კუნაპეტ და წკვარამ ღამეში).
ვინ გაგიშვებდა?
წინკარშიდაც არ გაგიშვებდნენ უმეთვალყუროდ,
მართლა ბავშვი რომ ყოფილიყავი,
მაგრამ სამოცდახუთი გაზაფხულით გულის ჯიბეში,
ვინ დაგიშლიდა ნააღდგომებს სოფელში წასვლას?
მიიჩქაროდი და
ქვაღორღიან ბილიკებზე შენი ბავშვობის,
ჭრელ რუკაზე გადაკარგული შვილებისას ეძებდი სავალს.
იქნებ, ჩვენ მაინც დაგხმარებოდით
მაგ უსასრულო გზების ძებნაში
და ტყისკენ მაინც არ წაგვეყვანე,
იქ, საიდანაც ვერ ბრუნდებიან
დიდი ბავშვები.

გახსოვს?
ძილისპირს ზღაპრებს გვიყვებოდი
და გვასწავლიდი,
თუ როგორ უნდა მოაბნიო ხახვის ფურცლები
უცხო ბილიკზე,
რომ შინ მშვიდობით დაბრუნდეს ბავშვი
უღრანი ტყიდან.
მაგრამ აღდგომას ხახვის ფურცლებს არ არიგებენ...
წითელ კვერცხს ეძებდი მარჯვენა ხელით გულის ჯიბეში, 
რომ სულ მარტო არ შეხვედროდი სიკვდილის წვიმას.
დაიღალე და
ჩამუხლული გიპოვეს ხის ქვეშ
და გავდი თურმე იმ ბებერი ძელქვის სველ ფესვებს,
გამოდარებას რომ ელოდება.
...
მე არ მახსოვს შენი სიბერე,
არც დედას, არც ძმას.
ეს ყველაფერი
იმ ცხვირსახოცზე ამოვიკითხეთ,
ჩვენს მაგივრად რომ ხელი ჩაგკიდა
და შენთან დარჩა.

                                          2012 წ.



                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები