ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


რომ არ დამავიწყდეს

ქვიშისფერი დღე იყო..
მისი ფერმკრთალი აურა ჩემს განწყობასაც მისცხობოდა, თუმცა მთლად ტოტალურად მაინც ვერ ახერხებდა მისთვის ფერების გამოძალვას.
განწყობაც  ცუდსა  და  მოკარგოს შორის ბორძიკობდა..
შინაგან ნეიტრალიტეტს ცოტა ხნის წინ ნაყიდი სიცოცხლით სავსე კაბის  სიხარული მირღვევდა..იდეაში მიხაროდა, რადგან ვთვლიდი,  ეს კაბა ზუსტად ისეთი იყო, ფერადი სიხალასის სიფრიფანა მოციქულად რომ  მაგრძნობინებდა თავს, სათანადო ამინდში...
კაბა კი სასიამოვნო ნიუანსი იყო, თუმცა ამინდი და ავტომატურად ჩემი განწყობაც, საგრძნობლად კუწუნწრახობდნენ ყუათიანად დადებითი მუხტების გამოფენაში...
იმ დღეს სხვა ხელმოსაჭიდი პოზიტივი არ მეგულებოდა და მხოლოდ კაბის ეიფორიებით დაწნილი თოკით ვექაჩებოდი განწყობას სილაღის სალონში, რომ თვითნებურად მაინც შემელამაზებინა იგი ხალისის მაკიაჟით, თუმცა ის მაინც ჯიუტად ინარჩუნებდა ნელთბილ, უღიმღამო ელფერს..და  მეც აღარ გავუძალიანდი..უნებლიეთ შევეგუე..
მოვდიოდი..
ირგვლივ ხალხმრავლობა დუღდა..
ოღონდ ეს დუღილიც ამინდივით ცოცხალ–მკვდარი და ზანტი იყო..
ქვეცნობიერად  ვბრაზობდი, რომ ყველა და ყველაფერი უსიცოცხლობით ინფექცირებული მეჩვენებოდა.. და,ალბათ, მეც ასეთივე  ვჩანდი..
თუმცაღა..
თურმე მხოლოდ მოჩვენებითი იყო იმ დღის ასეთი უნიათობა...
რადგან ამ გაცრეცილი აურის პარალელურად, თურმე ჭიანჭველისოდენა დისტანცია მაშორებდა გიგანტურ პოზიტივს, რომელსაც მთელი ჩემი გრძნობების დასახლება უნდა გაეჩახჩახებინა თავისი  გულწრფელად მნათობი პროჟექტორებით...
და სიმბოლურად მოხდა, რომ ასეთი განცდების გარემოცვაში ყველაზე სადა და სპონტანური გზით აღმოვჩნდი..
კიბეზე უნდა ავსულიყავი..
რამდენიმე საფეხურიც და კიბეს უკან მოვიტოვებდი..
სისწრაფე მიაბიჯებდა ჩემს ნაბიჯებში..
და მომენტალურად შევფერხდი..
კიბეზე შემომხვდა მოხუცი  ქალი, რომელიც ორმაგი სირთულის კლანჭებში მოქცეულიყო– ერთდროულად უნდა გამკლავებოდა კიბეზე თავისი ასვლის სიძნელეს და ,იმავდროულად, საკმაოდ მოზრდილი სუნკის ათრევის გაჭირვებას..
ამის დანახვიდან ალბათ, მეოთხე–მეხუთე წამში ეს სუნკა უკვე ჩემს ხელებში იყო,  გასასვლელის სიმჭიდროვის გამო კი მოხუცი ბებო უკან მომყვებოდა, კეთილგანწყობილი და შვებამიგვრილი მზერით..
„კოლიდორი“ რომ გავიარეთ,  ბებოს შევთავაზე, რომ ბარემ ტრანსპორტამდე მივაცილებდი.
–ევრაზიის უკან რომ მაღაზიაა, იქ მივდივარ შვილო;
–კარგით, ჰოდა მაქამდე მიგატანინებთ;
–შენ გაიხარე შვილო, ამ ჩემს ჯანმრთელობას რა ვუთხარი.. ოპერაციაც გავიკეთე, მაგრამ ვერა ვარ კარგად..ფეხები მტკივა..
მოხუცის ასეთი მდგომარეობა ისედაც შესამჩნევი იყო..
რომ მისი მოკუნტული სხეული სიბერის სტანდარტული მარწუხებით არ შემოიფარგლებოდა..
ჩუმად შემეცოდა..
–არაუშავს ბებო,კიდევ იმკურნალებთ და აუცილებლად გამოჯანმრთელდებით,–
დამაჯერებელი დაიმედებით ვცადე მისი გამხნევება..
–ღმერთმა ქნას შვილო.. მე შენი ტოლა შვილიშვილი მყავს, გურულია..
მოხუცის საუბარში  ოდნავ რუსული აქცენტი ფიგურირებდა, ხოლო ხმის ინტონაცია განსაკუთრებულად თბილი და ფაქიზი ბგერებით ჰქონდა გამთბარი..
ცოტათი კიდევ განვავრცეთ ჩვენი დიალოგი, რომელშიც ყველაზე ნიშანდობლივი მისი ღიმილ მოუშორებელი სახე და სითბოთი გაპიპინებული თვალები იყო..
ვგრძნობდი, ჩემს მზერაშიც იჭერდა სითბოს ნაპერწკლებს და ეს უფრო აგულიანებდა, ანთებდა, ძალას აძლევდა ჩემს (ზოგადად, ინსტიქტურ ჩვევად დაჩემებულ) და იმ მომენტშიც უკონტროლოდ სიჩქარეშეპარულ ნაბიჯს აყოლოდა შეხამებულ რიტმში..
მოვდიოდით და გარე თვალისათვის ბებიასა და შვილიშვილის ილუსტრაციას ვქმნიდით ჩვენდაუნებურად..
მე შევიგრძნობდი ამ ილუსტრაციის ზებუნებრივ სითბოსა და სილამაზეს...
იმასაც ვგრძნობდი, რომ მის თვალებს ვუყვარდი..
მართლა ვგრძნობდი..
სუნკა ცოტათი მიუხერხულებდა მოკლე კაბით მოძრაობას, მაგრამ ის მაინც მთავარი ობიექტი იყო მე და იმ უცხო მოხუცში უცებ აღმოცენებული, თანაზიარი ჰარმონიისა..
ამასობაში, მივედით კიდეც იმ მაღაზიასთან..
–აი, აქ დადე, შვილო;
მეც ფრთხილად დავდე და ჩემსა და მოხუცის ცხოვრებაში ერთმანეთის გაელვების უკანასკნელმა წუთმაც დაიწყო ათვლა..
ეს წუთი კი იმ წუთად დაგვირგვინდა, რომელიც, ალბათ, მარადიულად შეინახება ჩემი მოგონებების კარადაში..
უნდა დავმშვიდობებოდით..
ბებოს დანაოჭებული სახის ნაპრალებს ისევ ღმილის ბზინვარება ავსებდა, რასაც ღია ცისფერი თვალების შუქი და ფერით ფითქინა კანის სიკამკამე ერთვოდა და საერთო ჯამში, მისი სახით ჭარმაგი, თუმცა სხივჩაუმქრალი ვარსკვლავის ასოციაცია იქარგებოდა..
მის მზერაში ბევრი რამ იყო ამოტვიფრული, თუმცა გულდასმით დაკვირვების დრო აღარ იყო... უნდა გამოვბრუნებულიყავი...
უკვე გამოსამშვიდობებელ სიტყვებში ვიქექებოდი, რომ მოხუცმა კიდევ ერთხელ, უფრო ფართედ, უფრო ბევრი ნაოჭით და უფრო მეტი სხივით გამიღიმა და გულში მიმიხუტა ორივე ხელით...
ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩახუტება..
ეს იყო ამოუცნობად თბილი სითბოს ჩაბნევა გულის უძირო ფიალაში...
ასე უსიტყვოდ, თუმცა მთელი გრძნობით დამემშვიდობა უცხო მოხუცი..და თითქოს ამ ჩახუტებას მიანდო ჩემთვის ყველა იმ სიტყვის და ემოციის გადმოცემა, რაც მას დასტრიალებდა..
მეც იგივე ინერციით ჩავეხუტე..
საოცრად მიხაროდა ის ღირსშესანიშნავი წამები...
მინდოდა მეც მასსავით ბეჯითად და ოპერატიულად გამომეხატა მოჭარბებული სითბო...
ეს სიტყვიერად მაინცდამაინც ვერ შევძელი, რადგან დაბნეული ვიყავი თავზე დაპენტილი სითბოს ექსტრემისაგან..
–ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ უფალმა,– ვუთხარი მოწიწებულად აჟიტირებული ტონით და დავტოვე თავის სუნკასთან...
სახე ღიმილით მქონდა დაფარული..  ეს ღიმილი წამოსვლიდან კიდე გარკვეულ ხანს გამიგრძელდა...
ისევ მოვდიოდი..
ამინდი ისევ ისე ფერებშემოძარცულად გამოიყურებოდა..
თუმცა ახლა ჩემი განწყობა მას აღარ ექვემდებარებოდა..
პირიქით!  მეგონა აქეთ ამინდს გამოიცეკვებდა თავის საუფლოში გამართულ ფერების კარნავალზე...
რომ იცოდეთ, რა კარგი შეგრძნება იყო...
მე ხომ პოზიტივის თვალუწვდენელ ცათამბრჯენზე ვიყავი შემოსკუპებული...

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა მარტივია,  გიყვარდეს, გიხაროდეს, გეღიმებოდეს.. საამისოდ ,ერთის შეხედვით, შეუფერებელ ვითარებაშიც კი...
მხოლოდ და მხოლოდ "ერთის შეხედვით" .... :)))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები