ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2014


Trance in motion

                Vol. 56

მე ისევ იმ თვალებით გაგისწორებ თვალს,
ბავშვობის ფოტოსურათიდან,
რომ მისწორებენ თვალებს...
მაგრამ აღარ არიან ისეთი მშვიდები,
როგორც იმ ფოტოსურათში...

ახლა ისინი აკვირდებიან
რუკას,
რომელზეც შენი სხეული
გადმოცემულია მცირე მაშტაბით
და გამზადებული - წერტილოვანი დარტყმებისთვის...

ეს არ არის გენერლის გათვლა
და არც თვალები ეკუთვნის გენერალს...

მე, არ გეტყვი იმას,
რომ
იმიტომ დავდივარ ქალაქში,
იქნებ სადმე გადაგაწყდე
და ეს მოვლენა
შემთხვევითობას კი არა,
საკუთარ ილიუზიურ
მომავალს დავაბრალო...
მე ვერ გეტყვი ამას,
რადგან ეს ასე არ არის.
მაგრამ  შემიძლია გესაუბრო
შენი სულის იმ მცირე ნაწილზე
(რომელსაც გულისყურით ვუსმენ),
რომელიც ჩამოჰგავს
იტალიური ეზოს ჭიშკარს,
რომელსაც შეაღებ
და რომლის მიღმა შეგხვდება სიმშვიდე
მისტიური გარემო,
სადაც დაკარგული სულები სახლობენ...
სადაც ჭეშმარიტი ქალაქია...
სადაც შემთხვევით კი არა,
განგებ მივდივარ...
სადაც შეგხვდები...
სადაც ვიგრძნობ შენი კანის სურნელს,
რომელსაც ძვირადღირებული სუნამოსა
და დუშგელის კი არა,
დამტვერილი თაროს სუნი ასდის,
რომელზეც წიგნები არ აწყვია,
მხოლოდ სილამაზისთვის...
იქ, საერთოდ აღარაფერია შენ გარდა,
იქ, არავინ არის შენ გარდა
იქ, ხარ მხოლოდ შენ...

მე, ისევ ვკითულობ დაძაბული თვალებით
ამ სტრიქონებს
და არ ვიცი, რომელ მიმდინარეობას მივაკუთვნო...
თუმცა უეჭველია,
რომ ეს სტრიქონები
მიმდინარე თვის
მიმდინარე რიცხვში დაიწერა...

და აჰა, მიიღე, როგორც საჩუქარი კი არა,
როგორც პოეტის ხმამაღალი განცხადება კი არა,
არამედ, როგორც სუნთქვა -
- უბრალო მეფრინველისგან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები