ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2014


(როგორც ყოველთვის)

როგორც ყოველთვის,
როცა ფერმიდან ვბრუნდები
სახლში,
იმდენად დაღლილი ვარ,
რომ სხეული
ავტომატურად ითიშება...

ახლა წვიმს...
ვზივარ რომელიღაც
სველ ტროტუარზე,
ფერმიდან წამოსული
და სახლს
რამოდენიმე კილომეტრით მოშორებული...
ვაკვირდები გამვლელებს
და ვფიქრობ იმის შესახებ,
თუ რამდენად უცნაურები არიან...

მე,
გაცილებით
უცნაური
და
სასაცილო
ვარ იმათ თვალში...

ვზივარ რომელიღაც
სველ ტროტუარზე
და წარმოდგენილი მაქვს
ჩემი თავი
არყიანი ბოთლით და უზომოდ მთვრალი...

წარმოდგენილი მაქვს
რომელიღაც სახინკლის
მიმტანი გოგო,
მისი ნაძალადევი ღიმილი,
რომელიც ყოველთვის
შეურაცჰყოფის მოლოდინშია,
ვიღაც გამძღარი იდიოტებისგან,
რომელთა რიცხვში მეც ვყოფილვარ...

ვზივარ ტროტუარზე
სახლსა და ფერმას
რამოდენიმე კილომეტრით
მოშორებული
და ვიცინი უაზროდ,
მარტო,
ჩემთვის,
სრულიად სველი
და ვუყურებ ჩემი სიცილით
გაოგნებულ გამვლელებს,
ვხედავ ჩემი სიცილით
გამოწვეულ უხერხულობას...
იქიდან ერთი-ორი
თუ მიხვდება,
რომ იმათ კი არა,
საკუთარ თავს დავცინი...

არაფერი განსაკუთრებული...

უბრალოდ
ისე მინდა დავთვრე,
რომ
მარტომ
ვერ შევძლო
გადაადგილება...

რომ
ვინმე გამვლელმა
მომკიდოს ხელი
და მიმაცილოს
სახლამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები