 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 17 ივლისი, 2014 |
ხე კეთილი, ნაყოფიერი, მსხმოიარე. ჯვარედინი სიცოცხლის ლაბირინთი. უკუსვლა უშედეგო, გზაა პირდაპირი, გამბიტი არსებობასთან. კვადრატულ საცობებთან გამორიცხვა ფალკბეერის. თემა განსხვავებული. სვლა პირველი, მოხელთებული. შეწირვა არასრულფასოვნებას. სურვილი ინიციატივის ფლობის. დედამიწის უხეცესობა. სხვადასხვა წყობილებები. ეტაპები განვითარების. წარმოშობის თეორიები. სიცოცხლის უეცარი გაელვება, მოლანდებებივით გაუჩინარებულნი. თეოგონია. მარაზმი. სიღრმეში ჩანთქმა. თვალს მიფარება. იყოს მარადი შენი ყვავილოვანი მუშკის სურნელება. საკმეველივით აღმგზნები გონების. საცეცხლურიდან ნისლად რომ ეფინება წმინდანთა გაშეშებულ ნაკვთებს, გაოგნებულ სახეებს. აღმტკინებელი. ერთთავად შეშლისთვის წყლის შეყენება. ფინიკივით ტკბილი და კაქტუსივით მსუსხავი, მათრობელი, ალკოჰოლური საშუალება, მსუბუქი ტეკილა.
სახელი: ონომასტიკონი, რომელიც კიდევ საჭიროებს საუკუნოვან კვლევას, უზუსტობათა გამოსარიცხად. თუმცა პირველადი სახე მისი, არეკლილი მზის პროფილში - მშვიდობა. შორისდებულთა და სახელდების თეორიების ზედმიწევნობა მცდარი. მოსაზრებების სიმკაცრე, უარსაყოფი. კრძალვა, დროებით ჩვილივით ჩაძინებული. ნებიერი. აზრთა სხვადასხვაობა.
გვარი: ანტროფონიმი, სინონიმური სისტემისთვის შესაბამისობაში მოსული. შესატყვისი. მეთოდოლოგია მსგავსი. უშეღავათო. განვრცობას და განხილვას არ საჭიროებს.
მოქალაქეობა: რთული საკითხი, დამთრგუნველი. პირობითი ან იქნებ დროებითი ადგილსამყოფელი - საქართველო. სამყაროს ცენტრი, ეპიცენტრი უმნიშვნელოვანეს მოვლენათა, მსოფლიო დონეზე. ყოველთვის მოძრაობა. ტანჯვა. მიწა საოცნებო სიმდიდრის. ცოცხალი მკვდრების. განუყოფელი და გასაყოფი. ნაკლული ნაჭრები უგემრიელესი, მადისაღმძვრელი კერძის. ნარჩენი უმომავლო. არათუ ერთიან კავკასიის, არამედ განცალკევებით, ჩამკვდარი ცალკეული განხრა და ნაწილი. ტერიტორიები გაუდაბურებულნი, დახავსებულნი. თავდაყირა მდგარი, შესაცოდებელი, გულისწამღები. სათარეშოდ გადაცემული, როგორც ოქროს მედალი, უკიდურეს ზომების მომხრე, ექსტრემისტებისათვის, გულზე დაკიდებული, მბრწყინავი, თავზეხელაღებულთა და ავანტიურისტთა სათამაშო მოედანი, აფიორათა უმაღლესი გამოვლინება, მეტიც, წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. პოლიტიკური ფანდი. განურჩევლად მოტყუებულნი. ამ სივრცეში არსებობა, თუნდაც კონკრეტული ინდივიდების, წინასწარ განსაზღვრული დაღუპვა, ჩახუთულობა მასაში. მენტალიტეტი დაბალი ნიშნულის მაჩვენებლი, IQ - უფრო შესამჩნევად. ბორკილი, მონაჩმახი, აზროვნებაშეფერხებული, ფანატიკური მოძრაობები. არაფერი პირადული. უფლების უქონლობა, ჯაჭვი სამარცხვინო.
დაბადების თარიღი: 1∞.0∞.19∞∞. ჰიჯრით დაახ. ٥/٠١/١٤٠٩ სავარაუდოდ მუჰარრამის თვე, ოთხშაბათი (იამულ- არბიყაი). უცნობი.
უიმედობა
დრო. არავინ იცის რამდენი ფორმა ხდება საცნაური მასში გამოკეტვით, სივრცეში საცხოვრებელი. ვერც ერთი ანალიზის საფუძველზე ვერ დამტკიცდება ათვლის წერტილი. სავარაუდოა, მხოლოდ წარმოსახულ, უკვე არსებულ, ან გამოგონილ დასკვნებზე დაყრდნობით, ამავე დოზით არასწორ პასუხამდე მისვლა. ფორმა მისი ლეგენდიდან ბიბლიის, დაცემის შემდეგ. მტერი დაუძინებელი, დაუმორჩლებელი და შეუჩერებელი. არ არის გზა, რომელსაც ვერ გააგნებს, ვერ შეცვლის და ვერ აუქცევს მხარს. როგორც სიკვდილი, არ წაბორძიკდება მსხვეპლის ძიებაში. მოქმედება შეთანხმებული. ღიმილის მომგვრელი, იშვიათად. აი, ეს განაჩენი კი, ნამდვილად არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ერთადერთი ქვა საფლავის. სარკის ეფექტით, გამოგონილი. შეუვალი. მყარი. საერთო დროის სისტემაში მოქცეული არსებობა, მოჭრილი სავალი გზებით, გაუთვითცნობიერებელი უარეს შემთხვევაში. დროის ბიოლოგიური შეცნობა. სხეულის დრო. სულის გაფანტვა. უსარტყელობა. სახურავზე დაცემული წვიმის წვეთივით, საწვიმრად ღვარად წამოსული. ბომბივით მიწაზე დახეთქებული. ჰაერში მოზუზუნე, გამაბრუებელი რამ. გაჰაეროვნება, მაინც სიმძიმე. ჯეტ ლეგი. უფრო იაფფასიანი ხრიკი და ოხუნჯობა, ნათელმოფენის გაბუნდოვანებისთვის, ერთი შეხედვით. აღქმა საკითხის სუბიექტური. ხელშეუხებელი. განსაზღვრულობის გარეშე. წმიდათა წმიდა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, კითხვები პასუხგაუცემელი. გადაჭრით საუბრის ან საბოლოო დასკვნის დადების აბსურდულობა, მკრთალი რკალივით შემოსაზღრავს თეთრ ციფერბლატს საათის, მონაკვეთი დაუსრულებელი, ბნელი გვირაბივით. სამყაროსეულ ტყუილთა კვერთხი და გვირგვინი.
პირადი ნომერი: ნებისმიერ ციფრთა კომბინაცია, უწესრიგო განრიგი და განლაგება. უახლესი სამყაროს შესაქმნელად. პიროვნებები, რომელთათვის ყოველი მოძრაობა, იოტისოდენი გადახრაც კი, ფორმულებრივი ცვლილებაა. თუნდაც არაწესისმიერი. იგი მიანიშნებს უკმარ მიგნებას. მათთვის უსასრულობამდე მისულ, გამოუცნობ განტოლებებს. სავსე არიან ისინი ლოდინით. არ არსებობს შეუქცევადი პროცესი. ალამი აწეული. ცაიტნოტი მიტელშპილში. სავალალო მდგომარეობა. ნახევარ გზაზე ზურგში მოწეული ტყვია, არ ნიშნავს იდეის განადგურებას ჩანასახშივე. იდეა, როგორც ფორმულა, ან ტიპთაგანი ზუსტი თვლის სისტემის, აუცილებლად იქნება ათვისებული სხვათა და სხვათა მიერ, რომელიც შეიძლება თავისუფლლად ჩაითვალოს აზროვნებაში ჩაყვინთვად, უჟანგბადოდ. გაიოლება. ციფრებთან მოთამაშენი, ბნელი გონებიდან დანახულნი, საშიშნი. ცოცხალთა ცხოველური ჟინი, ლატარეა. მცდარი მათემატიკური მიმართება. არასწორი ჭრა. გადატანითი მნიშნელობა. გაურკვევლობა. თავად რიცხვებში, უკიდეგანო ოკეანეში, როგორც ვულკანი მისივე შაგულიდან უეცრად ამომსკდარი, მექანიკაში აღქმულ აბტრაქტულ ფიქრს სისხლში შეჭრილს, ნებისმიერ წამს შეიძლება შეეჯახოს სტატისტიკური წინაღობა, მოულოდნელი, სადაც, ტალღების სიმაღლეში, თავით გადაშვების აუცილებლობის კოეფიციენტს თვალს არიდებენ. არც შიშის ფაქტორით და პირიქით - გამბედაობით. ციფრები, რომლებიც ერთობიან, უღიმიან და მიღმურიდან, ათადან და ბაბადან მოყოლებული, სდუმან. უკანასკნელი ძალებით ელიან პირველ სხივს გამთენიის, პერიოდს აღზევების. გასვლა მართი თვალის ბუდიდან, იქნება ზრდა შემეცნების. ნათელთან დაახლოვება. თუ რა თქმა უნდა, შესაცნობი საგანი პირობითად, სულ მცირე ჰიპოთეზის დონეზე მაინც არსებობს.
მისამართი: მისმართის გარეშე, უმისამართო. ფაქტობრივი მისამართი - მიუკვლეველი.
გლოვა
როდემდე უნდა ხარობდეს მტერი შენი უბედურებით შენითვე?! კარი უფლისკენ მიმავალი დახშული. თვალი - ახვეული, ყური - დავსებული, ენა - გაუმართავი. შესაწირი მიუღებელი. განდგომა. განკვეთა ფესვებიდან. გათქმა. ცოდვა, ყოფითობა დამასამარებელი. უიარაღო, როგორც ხილული ავისმოსურნენი შენდამი, ანდა გამკრთალნი, მოციმციმენი, მოპარპალე სანთლები ჩაწვამდე, ჩანთქმადე წამით ადრე, ან ღამეულ კოშმარებში ჩაბუდებული ავი სულები, მოჩვენებები მოგკივიან სულის გამაწვრილებლად, შემოგცქერიან მკაცრად და უტეხად, გაიძახიან და გულში იხვევენ: ‘’ დაეცემი! ‘’. დიდგულობენ და მძლავრობენ. არ ეშინიათ თავზე დასატეხ უბედურებათა ყელსაბამის სამართლიანობის. შეკრულან შენი ნების წინააღმდეგ, ერთაზრ და ერთგონ. შეჰხარიან შენს მიღმა მიქცეულ ღმერთის მრისხანე სახეს. ერთ დროს მონები, საუკუნოდ დაგიმორჩილებენ შენ და შენს შვილებს, ცხოვრობენ შენს სამყოფელში. მიირთმევენ შენს საზრდოს. ბილწავენ მოსასვენებელ, ცრემლებით მრავალჯერ დანალტობ ბალიშსვნებიან ღამეების შემდეგ. როდემდე უნდა გსერავდნენ მათი ბასრი, ორლესური თვალები, როგორც იატაგანი ძლიერი მკლავით ჩამოქნეული, შენზედ აღზევებული, ძლიერო ქანდაკებავ ებრაელთა, კერპო სათაყვანებელო?! გაორებით გამოსასვლელო ქვეცნობიერიდან, მსხვერლო ძალმომრეობის, ჭურჭელო სპილენძის, გულო, ნეტარი ღვინით აღსავსევ, სულო ქარტეხილთა მიერ დაცემულო, სხეულო გვემულო. ნორჩო ბალახო, ნორჩივე ჩვილის მუხლებქვეშ მოქცეულო, გასრესილო, წვენდადინებულო, გათელილო. ტკბილო სასმელო, ოდეს მომჟავო, როგორც მხცოვანი დედის რძე. როდის იქნება დაამსხვრიო მათი ბროლის მისტერიები, გაითავისუფლო თავი შენი და მოდგმა შენი გამოიხსნა, სახლი შენი დაიბრუნო განმგებლობით და სარჩო შენი, შენვე გეკუთვნოდეს, როდისღა უნდა აღავლინო ლოცვა, ღმერთის შენის მიმტოვებელის?!
სქესი: მდედრობითი, პოლიგამი, შეგნება, რომელიც ქალის აზროვნებაში საჭიროებს მთელ რიგ გარდამტეხ პროცესებს, როგორც რევოლუცია, შეუკავებელი მასები ჰორმონების.
ახსნის ან გამოცნობის დადგენის მცდელობაც კი არარეალურად მიმზიდველია. თუმცა, პირქუში.
გამოცხადება
თვე ნებისმიერი, მხოლოდ ნაადრევად წამოსულ ტყემალთა და მსხალთა კვირტები, აღებენ პირს, ენით ეხებიან და ხარბად ყლაპავენ წვიმებს. მწყურვალნი. ქარისგან, თუნდაც ურბილეს, როგორც ჭრელ ბუმბულს, ისევენ მომავალი ნაყოფის მშვენიერებას, სულმოუთქმელნი. მათ ფესვებთან, მუხლზე ჩაჩოქილი, როგორც გრაფიკული ნახატი, ადვილი წარმოსადგენი, ნებივრობისას, ცხადზე - ცხადი, გამჭირვალე, თითქოს დ.ნ.მ.-ის კომპიუტერული ხვეულებში, როგორც გაუშიფრავი კოდი დაბადების, მოლეკულათა ნაცვლად, თეთრ-ვარდისფერ ნამსხვრევებს შორის, რომლებიც ჰგავდნენ დათოვლილ და ნაეროზიებ მთათა სისტემას, რომლის ცენტრიდან ამოსული ურჩხული, რქებიანი, კუდს სცემდა ფერდებს, ამსხვრევდა უმძლავრეს ძვლების ბმას, როგორც თავის ქალის და მის ფარგლებში შეჭრილი, ნაღალატევი, მითოსური ექო, როგორც გაბმული, პერიოდული, ყრუ ყმუილი, ვნებიან კვნესას ქალისას, სიამოვნებისას აღმომხდარს, მსხვერპლს, გაუცნობიერებელს, როგორც ცრუმორწმუნეთა შიშველ სხეულს, ხრიდა გარკვეული გრადუსით, დამრეცად თუ დიაგონალზე, წნევით, ფართოდ, განზე აშლევინებდა ხელებს, თითქოს ვიღაც შორეულს მოელოდა გულში ჩასაკრავად. ჯიუტად, თუმცა კი, არავინ სჩანდა. ხშირია გადახრა, რამეთუ ცვალებადია ადამიანის სქესობრივი ტაქტი. ვნება დაუძლეველი ქარიშხალმა დაამხო, როგორც ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურა, როგორც ნივთიერებათა ცვლის სინქრონი, სამყაროსეული ბრუნვა. განსხვავებული ფონი კი, საჰარმონიკე, სხვაგვარი ელფერი სდევს მას, როგორც შესავალს, დებიუტს კუნძულ ლესბოსზე, მათ შორის თუნდაც ამორძალად შერევას, ანდა განვლილი სიცოცხლის გაგრძელების შემდგომ ეტაპს.
ავტორისეული თხრობა, არასოდეს მინიშნებული შეგნებულად, მიამიტურ ჭრილში ისედაც განიბნევა, მტვრად ან უდაბნოდან განდეგილთა ნამღერი ლოცვის მსგავსად, როგორც მიცვალებულის სახე, დახეული თეთრი ნაჭრით დაფარული, ან ნარკოტიკშეყრილი, ნაკვთთა გამომკვეთი, მკრთალი. პორტრეტი, ამჯერად გუაშით შესრულებული, ან სულაც პურის ფქვილი, როგორც ერთადერთი საზრდო და ხსნა, ყვითელგულა განშრების გვირილების, ორხელისგულ ფოთლებ შეფენილი და მათი დარი. როგორც მასალა, არაფერზე დაფუძნებული, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სპეციფიკურ და სკრუპულოზურ შესწავლას.
თმები, კემე, დაწყევლილი. გეჰენიის გარდამავალი ფერით, შავ - წითელში, უკარება. მასა ერთიანი, ზავთი ერთგვარი. მწამებელი უსამართლოდ. ადუღებული, რომელსაც ზურგს უმაგრებს თავის ქალის გავარვარებული მეტალის ნატეხი. შიშხინა.
ქერტლი, ძუნწად მომიყრილი, კრისტალების მსგავსი, ჩამლღვალნი ერთიანად, შესაბამის ტემპერატურაზე. არც ისე რთულია მათი მოპოვება, თუმცა აკრეფა დიდი ვერაფერი სიმდიდრეა. ხშირად წარმოდგენილი, როგორც ძირდამპალი ჭინჭრები, სახის მსუსხავი, უცნაური შეგრძნების შემყრელი, თითქოს ნაყვავილარი. შეკრული იშვიათი გამონაკლისი, როგორც ძვირფასი საცავის გასაღები, ან ძველეგვიპტური, ნილოსის დელტა. გზა და მიმართულება ყოველივე საუკეთესოსკენ. უფრო ახლოდან, ბუდისებრი, აბდა - უბდა, ნისკარტით ნაქარგი, როგორც ზათქს, აფრქვევს მომაჯადოვებელ სურნელებას.
შუბლი, ესტუარი, ზღვაში ჩაყრილ ყოველგვარ ნაგვის გამომტანი, არაძაბრისებური, თუმცა საშიში სატყუარა სიცოცხლისათვის. დაყრილი და დაწინწკლული, შეფაკლული ატამივით, მომწიფებული, ან მელნით წერისას შხეფებით დასვრილი თითები, ანდა საბეჭდ მანქანაზე მუშაობისას, კალკზე მკრთალი კვალი. წიგნის ყდა უსათაურო.
წარბები, ქამარი შავი, ასეთი ქამრით იკრავენ კიმონოს, წელზეშემოსარტყმელი, გაზნექილი, მათრახი გაცრეცილი, მძლავრ ხელებში დაუოკებლად მსერავი შემხვედრთა სხეულის. გაწეწილი. ძნელმოსავლელი, რომლითაც სცემდნენ ზანგ მონებს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, ან ქურდობისთვის. მათ შორის ცარიელი ადგილი ხშირად იყრება ქოქოსისებური ქერქით, თუმცა გარდამავალი ეფექტით. შუა, ხევი, ისიც ციცაბო, მასზე აცოცება მოითხოვს ენერგიას და გამოცდილებას, ძალას, ამ სიმაღლის დამლაშქვრელისგან, მეტად საჩოთირო საქმე. აქა - იქ წაყრილი ნაფესვარები, გიქადიან ეკლიან ბილიკს, სისხლიანს.
წამწამები, ბუნებრივი, შეკრულნი, ახლო დისტანციის მქონე, მკაფიოდ გამომხატველნი ემოციების. მხოლოდ დილაადრიან, ერთმანეთზე მიკრულნი, ათასში ერთხელ, ასევე უცხოთა მიმკვრელნი საუცხოო წებოთი, მტვრის შესაკრავი, ან თვალზე დაკრული ღერი, როგორც გუბეში ერთადერთი მცურავი ფოთოლი, ქარის მოტანილი. ტუში, დაშორიშორებულნი, როგორც კატის სანადირო ულვაში, შორ მანძლზე მეძებარი, არასტანდარტულად მბზინავი, თუმცა მიმზიდველი, აპრეხილი, როგორც თეთრი მზის ქოლგის, სინები შავი, მყარი, ნათელგაუმტარი.
ქუთუთო, ტილო, რომელიც ხშირად იღებება სტილისდა მიხედვით, ყოველ დახამხამებას თან სდევს ნახატის ცვლა, როგორც სახატავი მასალის და ფურცლის, ასევე. თვალების დახუჭვისას, მოთეთრო, როგორც ცომი, საფუარით ამოყვანილი, ცხელ თონეში ჩასაკრავი, გახუხული. რბილი, როგორც საწოლი პუფის, ნებისმიერ ფორმაში მოსაყვანი.
თვალები, ტბორი, სიზმრად მნახველი კივილთა ველის, ნისლიან სტეპში, გაუვალ გზაზე, დამდგარი ცერად, მიწაში, როგორც ჩაქცეული სისხლი, ტვინის ნაოჭში, ნაჭაობარი. ათას სისაძაგლის შემდეგ, გამონათების ძალა, ვიზუალური. გარდასულ ომთა ყუმბარები, სავსე ასაფეთქებელი ნივთიერებებით, როგორც მოგრძო დინამიტი, უდეტონატორო, ნებისმიერს მისი შეხეთქება ნაცარტუტად აქცევს. მისგან შერჩენილი ნამსხვრევები შექმნიან საზარელ სურათებს დაზარალებულთა, რომელთა თავმოყრა ერთჯერად გამოფენად გამოსადეგარია. მოულოდნელად გაყინული, გაშეშებული მზერა, გადასროლა წარსულში, გადასახედი მუქი, პლაცდარმი მჩატე, არაპროგნოზირებადი შედეგით, რომლებიც ხელებს უპატიოსნოდ უფათურებენ სიღრმეში, უქონლობაში, მიუთითებს გონების გაფანტვაზე, დაბნეულობას, გაუწონასწორებლობას. ჩაცვენილი, როგორც მიწანაკლული საფლავი.
უპე, ლურჯი მეთანის ღრუბელი, უძლობისგან, ნერვულ სტრესისგან, ანდა მოყავისფრო, ალერგიული შეტევისას.
ცრემლები, როგორც დასიცხულ მდელოზე, რქამოლაპლაპე ჯიხვების ხროვა გადამრბენი, შეუფერხებელნი, დაძრულნი, მიწის უგუნებობით შემდრკალნი, ერთიანად ჰყრიან მტვერს და ბზინავენ.
ცხვირი, მილი, ორი სადინარით, გაჭედილი. წნევით სატუმბი, შემხუთავი. გათავისუფლებისას ჰაერის გამფილტრავი და დამატრიალებელი, როგორც კონდიციონერი. ორლულიანი პისტოლეტი, გასროლის შემდეგ დაშვებული. ასევე, როგორც ძველებური ღუმელის, ზამთარში მოგიზგიზე, ჩაკეტილ სივრცეში, მოგუგუნე, საკვამური, ნაფოტგაყრილი, რომელიც საჭიროებს გაწმენდას თუ გაფერთხვას, ან, ბუხრის საკვამური გაჭვარტლული, რომელშიც არასოდეს ჩამოიპარება სანტა - კლაუსი და საახალწლო ღამის სიმშვიდეში არ დატოვებს ძვირფას საჩუქრებს წინდებში ჩაწყობილს. ჩაფერფლილი, ცივი.
ლოყები, ოკეანე გაშლილი და შეუზღუდავი, ეპილაციამდე, მასზე აყრილი დაბალტანიანი ბეწვი, ჰგავს წყალმცენარეთა ლანდს, წებოვანს, ან ლიფსიტა თევზების ჯოგს, ვულკანური წყალშიგა ამოფრქვევებისგან დამფრთხალნი. ეპილაციის შემდეგ, როგორც ნარნარი, თავთავთა რწევა, წყალი დამდგარი და მშვიდი, გაწონასწორებული, დიადი ღელვის შემდეგ, რომლის ზედაპირზე შესაძლებელია თავის ამოცნობა, უფრო კი სილუეტის ან ანარეკლის.
ყვრიმალები, პატარ - პატარა აისბერგები, დიდ ყინულოვან კუნძლთა ნამსხვრევები. ჩასაწრეტი სიღრმეში, ოდნავ ცივი, დამღუპველი.
ყურები, დინამიკები, უმძლავრესი ვატით, აკუსტიკის ფორმატი გაურკვეველი, სისტემის დიაპაზონის სიხშირე ათასობით გეგაფერცი, კორპუსის მასალა, ნაჭერი თხელი, ბოლოგახვრეტილნი, თითქოს კაბელის შესაერთები, რომლებიც მშვენივრად მოიხდენდნენ დრიმ ქეთჩერს.
ტუჩები, მოყვანილობით არაბული ‘’ მიმ ‘’ (م), ღიმილისას ცალმხრივ გაშლილი, სასიამოვნო, თბილი. შეფერილი კონტურით, რომელიც მთლიანად სხლტება სახეზე და ვარდისფერ მდინარეებად იღვრება ჭრილებში. წითელი ტუჩსაცხის დომინირებისას, ტოვებს შთაბეჭდილებას თანამედროვე პანკის ან როკერის.
კბილები, ცუნამის შესაკავებელი ჯებირები, ბიჯგით გამაგრებული, რკინის ბრეკეტი, რომლის გადალახვა ნიშნავს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნას.
ენა, მოცეკვავის ცერებში ჩასმული რეზინი, რომელიც იცავს კანს გადატყავებისგან, სქელი, ელასტიური, დამყოლი. მისით უამრავი სისაძგლის გადმოცემაა შესაძლებელი, რომელიც მოკლებულია შაქარლამას, თუმცა ტკბობისას, ისეთივეა, როგორც თურქული რაჰათ - ლუხუმი.
მხრები, ცილინდრული ქუდის ტიპი, რომელიც ურბილეს ქსოვილებს და უფაქიზეს ნერვულ დაბოლოებებს გადაჰფარებია, ბლოკავს აღგზნებას.
კისერი, ლარნაკი გამჭირვალე, მინდვრის, დროებით დაუმჭკნარი ყვავილებით სავსე, ოთახის ცენტრში თავმომწონედ მდგარი, ფაიფური, როგორც რენესანსის დროინდელი ქანდაკება, ხელოვნურობისაგან დაცილებული, სტატიკური.
ადამის ვაშლი, ჩაჭრილი დირე, მზის ჩასასვენები, ჰოიას თითებით ნაზელი პლასტენილისგან, შეგნებულად გამოყვანილი, ჭრელად გადაწყვეტილი.
ლავიწები, ორმაგი სახელური ჩემოდნის, ძაფწვრილი. შეიძლება მისი სხეულიდან ამოგლეჯა მარტივად. ფრანი, ძუაზე შებმბული, ქარსმიმყოლი. ფერადი ბუ, სხივთაამთვისებელი. საჭე, სამართავად რთული, თუმცა ალღოს აღების შემდეგ, უმარტივესი.
მკერდი, აფხაზური ფორთოხლები, წვნიანი შიგთავსით, სავსე, მადის აღმძვრელი, ცხადად ციტრუსის სუნით გაჯერებული. ვნებიანი.
მუცელი, მუყაო, რომელშიც ქუჩაში ბედის ანაბარა დატოვებული ბავშვები ათევენ ღამეებს. ეს მათი თავშესაფარია, ბუნებრივი თუ არაბუნებრივი მოვლენებისგან, რეალობიდან გასაქცევი ერთადერთი საშუალება. მათი თვალები ვერასოდეს ნახავენ მოწმენდილ, უღრუბლო ან ვარსკვლავებით გადავსებულ ცას, რომელიც არაფერს და არავის ელის.
ფერდები, ნაშალი ქვები, წყლით გამოწრთობილი. ნაპირი, შემაღებული ადგილი, საიდანაც სიამოვნებით ეშვებიან თავით ფსკერამდე. ბოლო ნაბიჯი სრული, თავაშვებული თავისუფლებისაკენ.
ნეკნები, კავისებური ბოლოთი, ჩახვეული, სასურველ ნაყოფის ტოტზე გამოსადები, მოსაზიდი. ადვილად მოსაპოვებლად, რომელიც გაშვებისას, უმეტეს შემთხვევაში, არ განიზიდება. დრეკადობის დამკარგავი, გაბზარული.
ჭიპი, ჭოგრიტი, მონოკულარი მხოლოდ, კარგი საშუალებაა შორს საჭვრეტად. სიღრმით, საჩვენებელ თითის ფრჩხილამდე. მინი აუზი მოზარდთათვის.
თეძოები, გაცვეთილი, ხავსწაყრილი კლდის რიფი, რომელთა წრე ქმნის ქარიბდესებრ გაუვალ ჩიხს, განა შესაძლებელია სხვა რამის პოვნა აქ გარდა ნეტარების?! გზა გარდაუვალ აღზევებამდე მიმცილებელი, რომელსაც გზამკვლევი არ სჭირდება. დინება პირდაპირი, თამამად მისაყოლი, მშვიდი იერით, შეგვიყვანს უცხო სამყაროში. ძველედემური მოვლენა და გადმონაშთი.
ფეხები, ხრახნით მიმაგრებული, ახასიათებს რობოტისებური , მექანიკური მოძრაობა, ოდნავ ჩახრილი, ნელი სვლა, აბდა - უბდა, ჩაკეტილი. ანდა პირიქით, შედარებით თავისუფალი, თითქოს თავმომწონე, შეგნებული მარში მოდელის. საერთოდ მწყობრი, ზუსტი მიმართულებით მავალი.
ბარძაყები, პლასტმასის ჭურჭელი სავსე, დახეთქვამდე მისული. პირქვედამხობილი აკვარიუმის მსგავსი.
მუხლები, შუააზიურ კუთა ზურგის ბაკანი, ძვლოვანი, მძიმე. ჰგავს გაშლილ ტბასთან ქვაში ჩამდნარ თავშესაფარ სოკოს, ჩამონგრეულს, დაბზარულს ალაგ - ალაგ, რომლის რკინები, მოსუსტებული ისევე ირყევა ქარში, როგორც წყალში ჩამხრჩვალი ბამბუკები.
წვივები, რკინა გამათბობლის, რომელიც წელზე მოხვევისას გაუსაძლის ტკივილს გაყენებს, ერთმანეთის მიყოლებით ადვილად ფხვნის ნეკნებს და თითქოსდა ჟელედ, რაღაც მისდაგვარ სითხედ აქცევს ან გამდნარ შაქრის გრანულად ენაზე დადების შემდეგ.
ტერფები, კრამიტი, გაცვეთილი უამინდობით, მოვალეობის პირნათლად შემსრულებელი მაინც, რომელიც გიჩენს სურვილს, მის წინაშე მუხლზე დამხობის და თაყვანისცემის, ამბორის. სწორი, რომელიც თავისუფლად ატარებს მიმავალთ, ბავშვისთვის მშვენიერი ყინულის სასრიალო, მარხილით დასაშვებად.
ხელები, ხიდი, განზე გაშლილი, მაჯებჩამოყრილი - საწყისებჩაშლილი. ხოლო მრთელი - ჩასახსნელი, არც ისე თეთრი, ქმნის დიდი ხნის მოუხნელ თაბაშირის შთაბეჭდილებას, უკვე გაყავისფერებულს, თუმცა მსუბუქი, რომელშიც ვენები, როგორც ჩვენებური დაწნული ყველის ცხვირწამეხილი ზონარები, დაძენძილი, უწესრიგოდაა მიმოფანტული.
იდაყვები, ტრასაზე შეხვედრილი მარტოკა გორაკი გადასალახი.
თითები, ამავე გზების ალტერნატივა, დაგვირაბებული, დაუსრულებელი, ერთი შეხედვით მუშტუკისებრი, თხელი, გამოყვანილი, ნაკვეთი ხისგან, არც ისე ურიგო ნამუშევარი. სხვა მხრივ, ჩამწვარი სიგარეტი, საფერფლეში როგორც მინიმუმ, სანჯერ გადანაკეცი, წვრილი, როგორც იტალიური სპაგეტი.
ფრჩხილები, ქერქი, გამტარი, მგრძნობიარე. უფერული. დამცავი შრე, ატმოსფეროსებრი.
ნუნები, მახეში გაბმულ თაგვის კუდი, მოვარდისფრო და მქრალი.
ზურგი, ნაჭერი ერთიანი, რომელზეც სხვადასხვა კომპოზიციებია შესრულებული, იქნება ეს, ლეღვი გადახლეჩილი წითელგულა, ხალთა რემა თუ მთვარის ზედაპირი და სხვ.
ხერხემალი, სპილოს ეშვი, დაუმუშავებელი, უხეში, წელში მოხრილი ოდნავ.
ხმა, ძლიერი და ხშული, რომელიც ფარავს ნახევარ დასავლეთს, მის ყოველ კუთხეს, რომლის მოსმენაც შესაძლებელია რადიო ტალღაზე FM ესა და ეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. :)
წა ვი კით ხე
:)
წა ვი კით ხე
4. ძალიან, ძალიან მომეწონა, არის უამრავი საუკეთესო ფრაზები, რომელი ერთი გამოვყო, ფართო აზროვნების ავტორს ვხედავ აქ, თვითეული სტროფში სიბრძნე დევს,
წაიკითხეთ ხალხნო,! წაიკითხეთ! ძალიან, ძალიან მომეწონა, არის უამრავი საუკეთესო ფრაზები, რომელი ერთი გამოვყო, ფართო აზროვნების ავტორს ვხედავ აქ, თვითეული სტროფში სიბრძნე დევს,
წაიკითხეთ ხალხნო,! წაიკითხეთ!
3. მადლობა, ისე, ნაწილ-ნაწილაც დავდე, თუმცა, ცოტა, თუმცა კომპეტენტური მკითხველი თუ გადახედავს.
ძალიან მიხარია, მე, ეს ცოტა და კომპეტენტური მკითხველი... მადლობა, ისე, ნაწილ-ნაწილაც დავდე, თუმცა, ცოტა, თუმცა კომპეტენტური მკითხველი თუ გადახედავს.
ძალიან მიხარია, მე, ეს ცოტა და კომპეტენტური მკითხველი...
2. ავტორი არ უჩივის წარმოსახვას და არც ნიჭს! სამწუხაროა რომ აქ ამზომის ლექსებს ნაკლებად კიარა მგონი სულაც არ კითხულობენ!
კარგად აწყობილი კადრებია!
+5 ავტორი არ უჩივის წარმოსახვას და არც ნიჭს! სამწუხაროა რომ აქ ამზომის ლექსებს ნაკლებად კიარა მგონი სულაც არ კითხულობენ!
კარგად აწყობილი კადრებია!
+5
1. მიყვარს და იყოს... მიყვარს და იყოს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|