ڪے ადამი და ევა ڪے
დილით სამსახურისკენ მივიჩქაროდი. პატარა გოგო და ბიჭი ჩემს წინ მიდიოდნენ, სულ პაწაწინები...ჩანთით მხრებზე და ხელჩაკიდებულნი.უცებ გოგონა გაჩერდა და ფეხი გააშვირა. თასმა გახსნოდა. ვაჟი დაიხარა და თასმის შეკვრა დაიწყო. ისე ლამაზი სანახავი იყვნენ, თვალი ვერ მოვაშორე და ღიმილიანმა ჩავუარე.
საღამოს , სავარჯიშო დარბაზისკენ მივიჩქაროდი... ქალ-ვაჟი სკამზე იჯდა, ხელები ჩაეჭიდათ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ....ვაჟი ხელებზე ეფერებოდა და თან გაყინულ თითებს პირიდან გამოსული ორთქლით უთბობდა. დილით ნანახი გამახსენდა.... ...და იქნება სულ მუდამ ასე.....
ڪے გოგონა ڪے
ლამაზი გოგონაა...გაკვეთილზე რამდენჯერ გამშტერებია მისკენ თვალი და მის ლამაზ სახესთან ერთად, დალაქავებული და გადახუნებული კოფთის ნაცვლად , ტანზე და ულამაზეს მკერდზე შემოტმასნილი ის კოფთები და ზედატანები წარმომიდგენია, უამრავი რომ კიდია ჩემს კარადაში, ზოგი ჩემი და ზოგიც ჩემი შვილის მიერ დაწუნებული და ხელგაუყრელი...
თვალი არ გამისწორებია, ისე ვაჩუქე... თუმცა დარწმუნებული არაფერში ვიყავი... დარცხვენილღიმილიანმა გამომართვა... ერთი კვირის თავზე მის ტანზე ნაცნობ კოფთას მოვკარი თვალი , საშინლად უხდებოდა, ლამაზი მკერდის სისავსეს ამხელდა და მისით კეკლუცობდა. მისკენ გახედვის შემრცხვა და დანაშაულზეწასწრებულივით გავიძურწე.
ڪے ოცი წლის წინ ڪے
ოცი წლის წინ უდიდესი ტანჯვით, დიდი ტკივილით და ტირილით დავშორდით ერთმანეთს... იყო წვიმა და ვტიროდით ორივე. მანამდე სულ ჩემთან იყავი...სულ ჩემთან და ჩემში... სულ მენატრებოდი... მაშინაც , როცა ჩემს გვერდით იყავი...მიყვარდა შენი სუნი, შენი თვალები, შენი სიცილი და გაბუტვა. ძილშიც კი შენს სუნთქვას ვუდარაჯებდი. დაუნანებლად ვიღებდი გულს და შენ გიყოფდი. ახლა ერთად აღარ ვცხოვრობთ და ძალიან მენატრები. ყოველწამს ვფიქრობ შენზე და მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ.
ოცი წლის წინ უდიდესი ტკივილით დავშორდით ერთმანეთს და შენ დაიბადე...ოცის გახდი შვილო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თითოეულ მათგანში რამდენი სითბოა <3 ++ თითოეულ მათგანში რამდენი სითბოა <3 ++
1. მომეწონა:) საშინლად მოხდენა ---- სწორი ფორმაა? მომეწონა:) საშინლად მოხდენა ---- სწორი ფორმაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|