ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2014


შავთეთრი კადრი (ჩემი სახლი)

კარადის თავზე , რაც თავი მახსოვს
სულ მუდამ დევს პირქვე დამხობილი
მუყაოს ქაღალდზე დაკრული ფოტო,
უკან_გაკრული ნოხით.
ფოტოზე _ორი სილუეტი
მარცხნივ_მამაკაცი შავი ჩოხით
სასიამოვნო ულვაში და წვერი,
მარჯვნივ_  პირისახე თეთრი
კაბაზე _ვარდისფერი  ნაყში.
მუხლზე _ხელის ნატიფი მტევნები
მარჯვენა ხელზე  ბეჭედი
სახე _სათნო და ყირმიზი
უხერხული_ ოდნავ ასაკიანი
მამაკაცის გვერდით.


მხოლოდ ეს გვაკავშირებს
იმ ადამიანებს
ჩვენს დაბადებამდე რომ
აგვიშენეს სახლი
(მუხა და თელა)
სახლი_ჩვენთვის  უკვე მშობლიური.
ახლა საუკუნეს მიღწეული
სახლი_ თბილი და მყუდრო,
შთამომავლობისთვის  ერთადერთი.


უტყვი ფოტოები ვერ გვიყვება
როგორ  ცხოვრობდნენ ბებია და ბაბუ.
რა  გარჯით ზრდიდნენ ოთხ შვილს
სამ ქალს და ნაბოლარა ვაჟს
მაგრამ მათი ხელების სითბოს
ახლაც ვგრძნობ ბუხრის კედლებზე,
ოდესღაც ჭვარტლისგან გაშავებულს
საკვამური რომ აქვს ატყორცნილი ცამდე.

ზამთრის გრძელ ღამეში ბევრჯერ წარმოვსახავ
ბებიას სიფრიფანა მხრებს
ბუხარში რომ აწყობს თელის ჯირკებს
ცეცხლს მიაფიცხებს კეცს.
მერე ტაბლაზე აწყობს მცირე ვახშამს
აღვიძებს ნაბოლარა ვაჟს
ვახშმის სამზადისში ტკბილად ჩაძინებულს
შუბლზე გადასახავს ჯვარს.

ალბათ, ამ ჯვრის მადლი დააბრუნებს
სამჯერ ტყვიით  დაჭრილს, ომიდან
სამჯერვე სასწაულად გადარჩენილს
ამ  სახლის დაობლებულ მფლობელად.
დააბრუნა, რომ გვქონდეს სახლი წინაპრების
უკვე საუკუნეს მიღწეული
სადაც მუდამ სითბოა და
სადაც მუდამ სიყვარული.

თაროზე ისევ დევს სქელი ფოტო
უკან_გაკრული ნოხით.
ფოტოზე _ორი სილუეტი
მარცხნივ_მამაკაცი შავი ჩოხით
სასიამოვნო ულვაში და წვერი,
მარჯვნივ_ ყირმიზი პირისახე
კაბაზე ვარდისფერი  მაქმანით
მარჯვენა ხელზე  ბეჭედი
სახე _სათნო და ყირმიზი
უხერხულად_ ოდნავ ასაკიანი
მამაკაცი უზის გვერდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები