 | ავტორი: მრ-001 ჟანრი: პროზა 6 დეკემბერი, 2008 |
დირექტორი მიკროდეტექტივი
– მოვკლავ – გაიფიქრა სერგომ და ამ ფიქრმა უჩვეულო გრძნობა მოუტანა. არა, უჩვეულო არა, უფრო დიდი ხნის წინ დავიწყებული და დაჩლუნგებული ღირსების შეგრძნება. თვითონვე გაუკვირდა უცებ, ამ ერთმა სიტყვამ რამდენი რამ დააყენა თავის ადგილზე მის გრძნობებში და ცხოვრებაში. შეჰყურებდა მის თავისთავში დარწმუნებულ, ამპარტავან სახეს, გველის სასტიკი მზერით რომ მოჩერებოდა და ცხოვრებაში ალბათ პირველად არ დახარა მის წინაშე თვალი. მოვკლავ – გაიფიქრა ეხლა უკვე მტკიცედ, ბეჭებში გაიმართა და გივის კაბინეტიდან უხმოდ გავიდა. გივი ამ ფირმაში სერგოს მოყვანილი იყო, ყოფილი ცოლის ნათესავს, დიდი ხნის თხოვნის შემდეგ უარი უბრალოდ ვეღარ უთხრა. მოიყვანა და კარგ ადგილზეც მოაწყო. თვითონ დღე–დღეზე ელოდებოდა დირექტორის ადგილს და იფიქრა რას დამიშლის, ერთი ნათესავი მაინც მეყოლება ცოლის მხრიდან მადლიერიო. გადაწყვეტილი ქონდა პირველივე შეცდომაზე გაესტუმრებინა ისევ უკან. ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. გივის, ადამიანთა დარწმუნების იშვიათი ნიჭის მქონეს, სულაც არ გასჭირვებია მალევე მოეპოვებინა ფირმის მეპატრონის ნდობა. დაუახლოვდა, პატივისცემით ექცეოდა, ლამის სახლშიც გაეცილებინა.. სერგო ხედავდა მაგრამ არაფრად აგდებდა ამ ყველაფერს. იფიქრა – აი, დამნიშნავენ დირექტორად და შემდეგ როგორღაც მოვუვლი მაგ ფარისეველსო. იმ დღესაც როცა უფროსმა დაიბარა და კაბინეტში შესულს გივიც იქ დახვდა, არაფერი უეჭვია. იცოდა დირექტორი მალე აპირებდა წასვლას და იფიქრა ჩემი დანიშვნის შესახებ უნდა მაცნობოსო. უფროსმა კი – შენ და შენი ნათესავი ერთად იმუშავებთ, ყველაფერს შეასწავლი, ახალი დირექტორი გვჭირდება კარგად იცი და გადავწყვიტეთ გივი დავნიშნოთო.. გუშინდელივით ახსოვს ყველა სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებმა კარგახანი ვერ გამოაფხიზლა, ისე ახსოვს ყველაფერი თითქოს ეხლა უფროსის კაბინეტიდან გამოსულიყოს. მაშინ ბედს დანებდა, ან რა უნდა ეთქვა, ჩემი მოყვანილი კაცი სანდო არაა და ნუ დანიშნავთო? ეხლა მწარედ ნანობდა, მაგრამ.. ეხლა ამას ვეღარაფერს უშველიდა. გივიმ თავიდანვე შეიძულა, გრძნობდა სერგო მის მიმართ რა გრძნობითაც იყო განწყობილი. დასაწყისში ბევრი არაფერი, მაგრამ დირექტორად დაინიშნა თუ არა სისხლი გაუშრო. სერგო თვითონაც ხვდებოდა ამ ფირმაში ორივენი რომ ვერ დაეტეოდნენ მაგრამ როცა წამოსვლა უნდოდა, უფროსმა არ გამოუშვა. შემდეგ კი თვითონვე აღარ მოინდომა უკან დაეხია. მთელი ძალებით ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა გივის ზიზღისმომგვრელ თვალებს და მის მიერ ოსტატურად დაგებულ ხაფანგებს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ენა ვერ იტყვის რამდენი დამცირება და შეურაწყოფა გადაიტანა ამ წლების განმავლობაში. ყველა ხედავდა მათ ურთიერთობას, მათ შორის ფირმის მეპატრონეც, მაგრამ რატომღაც ჩარევას არასოდეს არ ცდილობდა. სერგო ბოლომდე ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ დღეს... ბატონი ჯუმბერის ფირმაში არსებობდა ერთი დაუწერელი წესი. სამსახურებრივ კიბეებზე მაღლა მდგომ თანამშრომლებს შეეძლოთ ფირმისთვის მოყვანილი კლიენტიდან, სოლიდური პროცენტი აეღოთ. რა თქმა უნდა თანხას ძირითადად ის კონტრაქტი წყვეტდა რაც ფირმისა და კლიენტს შორის იდებოდა მაგრამ ეს თითქმის ყოველთვის საკმაოდ კარგი თანხა იყო. დღეს გივიმ სერგოს მიერ მოყვანილი – ფირმისთვის ყველაზე კარგი და მუდმივი კლიენტი ისე გადაიბარა რომ ამ უკანასკნელს შეწინააღმდეგება ვერაფერში გამოუვიდა. საქმე ის კი არ იყო რომ სერგომ მნიშვნელოვანი თანხა დაკარგა, არა.. მთავარი ისაა რომ ამის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა. კაბინეტიდან გამოსული თავს ისე გრძნობდა თითქოს ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი ყოფილიყო, სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად უბანს რომ აწიოკებდნენ. მაშინ იმდენად იყო ქუჩას და ქუჩის ცხოვრებას შეგუებული რომ ალბათ ის საქმე რომ არა, ვინ იცის რა ცხოვრებით იცხოვრებდა ეხლა. კაცი შემოაკვდა, მამამისმა და იმისმა ფულებმა გადაარჩინეს იმ დროს. თვითონაც კარგა ხანს მთელი გულით ნანობდა. ეკლესიაშიც კი დადიოდა ერთი პერიოდი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სხვანაირი გახდა, უფრო დამთმობი და ჩაკეტილი. ყოველშემთხვევაში დღემდე ასეთი იყო, დღეს კი – გრძნობდა როგორ უბრუნდებოდა ყმაწვილური ჟინი სისხლში და ეს ოდნავადაც აღარ აკრთობდა. პირველად როგორც კი გაიფიქრა მაშინვე მიხვდა უკან აღარ დაიხევდა და ეს რაღაცით სიამოვნებდა კიდევაც. აქამდეც ბევრჯერ უფიქრია გივის სიკვდილზე. წარმოდგენაში ხედავდა მის სისხლიან, დაჩეხილ სხეულს, მაგრამ არასოდეს არ გასჩენია სურვილი თვითონ მოეკლა. ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. საღამომდე სული ძვლივს მიატანა. სამსახურიდან სწრაფად გამოვიდა და თავის ძველი მეგობრისაკენ გაეშურა. სახლში გვიან, მთვრალი დაბრუნდა. პატარა დიპლომატი მაგიდაზე დადო და ხელი ნაზად გადაუსვა. შიგნით მაყუჩიანი მაკაროვი და ორი სავსე მჭიდი ედო.. ორი დღეც არ დასჭირვებია სერგოს კარგი გეგმის დასამუშავებლად. თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, გივისაც უხმაუროდ მოკლავდა და მშვენიერი ალიბიც გარანტირებული ჰქონდა. გივი ბოლო ორი წელიწადი სასტუმროში ცხოვრობდა. ან რატომ არ იცხოვრებდა, მშვენიერ ხელფასს უხდიდნენ და ამას გარდა – თავისი ინტრიგებით მთელი ფირმა ხელში ჰყავდა გამოჭერილი. თავს ვერ დადებდა, მაგრამ სერგო თავის გულში იმასაც ფიქრობდა – ბატონ ჯუმბერისაც უტეხავს ფულსო. მართალია ფაქტზე არასოდეს ჰყავდა გამოჭერილი მაგრამ.. ეჭვი ნამდვილად ჰქონდა. სხვანაირად წარმოუდგენელი იყო ასეთ ძვირფას სასტუმროში ეცხოვრა და ახალ–ახალი ავტომობილებით ევლო ყოველ წელიწადს. სერგოს იმ სასტუმროში სადაც გივი ცხოვრობდა ძველი მეგობარი ყავდა, რომელიც ადმინისტრატორად მუშაობდა ღამის საათებში. სწორედ მასთან შეთანხმებით შეადგინა ისეთი გეგმა, რომ მას ვერც სასტუმროში შესვლისას და ვერც გამოსვლისას ვერავინ დაინახავდა. ამ ორი დღის მანძილზე ერთხელაც არ შეუცვლია თავის გადაწყვეტილება, პირიქით – უნდოდა რაც შეიძლება მალე მორჩენილიყო ყველაფერი, სწორედ ამიტომ, გეგმის შედგენიდან მალევე, სამსახურიდან წამოვიდა თუ არა, სახლში დიდხანს არც გაჩერებულა. ნაცნობ ადმინისტრატორს დაურეკა გამოვდივარო, თავისი მაკაროვი პიჯაკის ჯიბეში მოხერხებულად დამალა და სასტუმროსკენ გაეშურა. მეგობარი ადმინისტრატორი, როგორც შეთანხმებულები იყვნენ, სასტუმროს შესასვლელიდან ოდნავ მოშორებით ელოდებოდა. შეპირებისამებრ სასტუმროში ისე შეიყვანა, თითქმის არავის რომ არ დაუნახია. სახანძრო–სამაშველო კიბეებთან მიიყვანა და საჭირო სართულზე შესასვლელი კარების გასაღებიც ჩააბარა. ამის შემდეგ სერგოს უკვე მარტოს უნდა ემოქმედა. პირველად იგრძნო შიში. სუსტად განათებულ კიბეებს აღმა მიუყვებოდა და ცდილობდა უხმაუროდ ევლო. რამდენჯერმე ლაპარაკი შემოესმა და კედელზე აკრულმა სუნთქვაც კი შეწყვიტა. დაძაბულობისგან ეგონა საუკუნე გავიდა სანამ მეშვიდე სართულამდე მიაღწევდა. სწორედ ამ სართულზე ცხოვრობდა გივი. კარებში გასაღები მოარგო, გადაატრიალა და კარები გამოაღო – გამოაღო და მოულოდნელობისაგან ადგილზე გაშეშდა. ფართო დერეფანში ბატონი მალხაზი მოაბიჯებდა, მის ზურგს უკან კი გივი მოდიოდა და როგორც მიმიკებზე და ხელების ქნევაზე ეტყობოდა, ალბათ რაღაცას გამწარებული უმტკიცებდა. კიდევ კარგი ფირმის მეპატრონეს თავი გივისკენ ჰქონდა შეტრიალებული თორემ ალბათ ის ერთი თუ ორი წამი რაც სერგოს გონს მოსასვლელად და უკან მოსაბრუნებლად დასჭირდა, არ ეყოფოდა დასამალად და მათი აქ შეხვედრა სერიოზულ ეჭვს გამოიწვევდა ორივეში. ბოლომდე არც ეხლა იყო დარწმუნებული დაინახეს თუ არა. კიბეების მოაჯირთან კედელზე იყო აკრული და ცდილობდა გაერკვია კარების იქით რა ხდებოდა. მალე დამშვიდდა რადგან ლიფტისკენ მომავალი ჯუმბერი და გივი ისევ გაცხარებული კამათობდნენ რაღაცაზე. ხმა ესმოდა მაგრამ სიტყვებს ვერაფრით არჩევდა. მალე ლიფტის კარებების დახურვის ხმა გაიგონა და კამათიც შეწყდა. სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ სერგო კიდევ კარგა ხანს დარჩა თავის ადგილზე. ცდილობდა აკანკალებული სხეული დაემორჩილებინა. ბოლოს შეეშინდა ამ კიბეებზე არავინ დამინახოსო და კარები ფრთხილად გამოაღო – დერეფანში არავინ იყო. სწრაფი, მაგრამ უხმაურო ნაბიჯებით მიდიოდა სასტუმროს პრესტიჟულ ოთახებს შორის სანამ გივის კარების წინ არ აღმოჩნდა. აქ ახალი სიურპრიზი ელოდა – კარები ღია იყო. იგრძნო ისევ რომ აუკანკალდა სხეული, იდგა და თვალს არ აშორებდა კარებსა და ჩარჩოს შორის დარჩენილ პატარა შავ სივრცეს.ალბათ ისევ უკან დაიხევდა თავისთავზე რომ არ გაბრაზებულიყო. საშინლად გაბრაზდა.. თავის თავს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. მის წინ ღია კარი იყო, უკანასკნელი რომელიც მას და მის ყველაზე დიდ მტერს ერთმანეთისგან აშორებდათ და მას კიდევ ეშინოდა... ზიზღი იგრძნო – ყველაფრის და ყველას მიმართ საშინელ ზიზღს გრძნობდა. კარებს ხელი ჰკრა და ოთახში თამამად შევიდა. მოკლე დერეფანში არავინ დახვედრია, ოთახში შევიდა, შუაში გაჩერდა და აქეთ–იქით მიმოიხედა. უცებ ზურგიდან ხმამაღალი ტკაცუნი შემოესმა და მოტრიალება სცადა – მისდა გასაკვირად მიხვდა სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. მაშინღა იგრძნო ზურგში საშინელი ტკივილი. უკანასკნელი შემორჩენილი ძალებით უკან შემოტრიალდა და მუხლებზე ჩაიჩოქა. თავზე გივი ედგა მაყუჩიანი მაკაროვით ხელში. – გეგონა ვერ დაგინახე არა? – ჩაიცინა და მკერდზე მუხლი მიარტყა. სერგო უკან გადავარდა. გაბუჟებულივით იყო, ვერაფერს გრძნობდა ერთი დიდი, ყრუ ტკივილის გარდა მკერდში. – შენ ჩამიშვი ხომ? – ისევ ირონიულად ჩაიცინა გივიმ. – არადა სერგომ არაფერი იცისო. დირექტორობა მოგინდა ბიჭო? – ეხლა ხარხარზე გადავიდა. – ხოდა ეგდე მასე ღორივით. რა გინდა, დირექტორის საკადრის ოთახში კვდები შე ძაღლო.. – სერგოს ეხლა არარაფერი აშინებდა. არც გივის საზიზღარი ხარხარი აწუხებდა. მარტო ერთ რაღაცაზე ფიქრობდა სანამ შეეძლო.. დიდ – სამყაროსავით დიდ კითხვის ნიშანზე. მალე სხეულში საშინელი სიცივე იგრძნო და სამყაროც ნელ–ნელა ბურანში ჩაიძირა. გივი კი ლანძღვას განაგრძობდა – ვერ მოითმინე ხვალამდე და დღესვე მოხვედი სვავივით? – არ გამოგივა ახვარო – წიხლიც მოუქნია ისევ მაგრამ მიხვდა მკვდარს ურტყავდა და შეჩერდა. კიდევ ერთხელ შეიგინა, პისტოლეტი ცხედარზე დააგდო და ოთახის კუთხეში ბარისკენ გაეშურა. * * * ჯუმბერი სასტუმროდან გამოვიდა და მის ფეხებთან გაჩერებულ გრძელ მერსედერსში ჩაჯდა სადაც მისი მეგობარი და კომპანიონი – გ... ელოდებოდა. – წავედით გასძახა მძღოლს ჯუმბერმა და მეგობარს მოუტრიალდა – აზრზე ხარ? ბოლომდე თავს იცავდა ეს ახვარი, ვერაფრით გავტეხე ტო.. – ხოო? და ამდენი დანაკლისები რითი ახსნა? – ახსნა რო? უაზროდ მიედმოედებოდა რაღაცეებს.. მე თვითონ ვარ დებილი მაგ ნაბიჭვარს რომ ვენდე.. თავიდანვე სერგო რომ დამენიშნა არაფერიც არ მოხდებოდა. ფუ მაგის.. – გულიანად შეიგინა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. – ბიჭებო გუშინ რომ ვილაპარაკეთ იმ საქმეზე ვრეკავ. თავის ნომერშია და იცოდე ხვალ აღარ უნდა გაიღვიძოს გასაგებია? ტელეფონი დაკეცა და მეგობრისთვის ყურადღება აღარც მიუქცევია, გარეთ დაიწყო ყურება.
2008 წ. ლაშა კანდელაკი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გაიხარეთ :) აუ არ გადამიხედია და ალბათ მაგიტომ :( ვახო მაგრადაა კარგო კაცო.. შენ როგორ ხარ? გაიხარეთ :) აუ არ გადამიხედია და ალბათ მაგიტომ :( ვახო მაგრადაა კარგო კაცო.. შენ როგორ ხარ?
2. საღოლ ძმაო! :) ( ერთ - ორ ადგილას სახელებია არეული და გაასწორე)
როგორ ხარ? ვახო როგორაა? საღოლ ძმაო! :) ( ერთ - ორ ადგილას სახელებია არეული და გაასწორე)
როგორ ხარ? ვახო როგორაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|