ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


საცალო ბილიკი

ქარს ვგავარ მე ახლა, უგზოს და უმიზნოს,
ეს სუნთქვა ცხელია უდაბნოს ხვატივით,
დღეს ჩემი ღიმილი სინანულს გულისხმობს
და ცრემლის გემო აქვს, თუმცაღა არ ვტირი.

მე ახლა საკუთარ ლექსებში ვბინადრობ,
სულის სტრიქონები შიშველ ხეს მოსავენ,
ვმადლობ ყველაფრისთვის, რაც მომითმინა დრომ
და ვიმკი წარსულის სევდაუხვ მოსავალს.

მხურვალე განცდები საფეთქლებს მიწვავენ,
თვალებით დავეძებ სიმშვიდის ნაპერწკალს,
ზეცაზე მოფიქრალს, თავდახრილს მიწამდე,
რამდენი იმედი გულიდან გამექცა...

და მაინც, ასეთი უთქმელი მიმიკით
ბგერებდაფანტულს და მშფოთვარეს ქარივით,
შემომრჩა შენამდე საცალო ბილიკი
და ერთიც ოცნება, რომ მასზე გავივლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები