ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

== შ ე შ ლ ი ლ ი ==

ქარია;
ჩემი ფანჯარა იადონივით სტვენს
რომელიღაც სევდიან მელოდიას,
რომელიღაც სევდიანი მოტივით
და
შემოჰყავს სიცივე ოთახში.
ხანდახან, მინდა ჩემი მგალობელი ფანჯრები გაჩუმდნენ.
იმდენად მინდა,
რომ მზად ვარ პური, ან, საკენკი დავუყარო,
რომელიც არ გვაქვს.
ოღონდ, ცოტა ხნით მაინც
ქარივით ჩადგეს ოთახში
ეს ნაღვლიანი სიმღერა,
ცოტა ხნით მაინც, არ ისმოდეს
სიღარიბის ჰიმნი, ან, ოდა.
მზად ვარ,
ფანჯრებს
მინის დაბზარული ნისკარტები ამოვუვსო
ჩემი საქორწილო კაბის ნაკუწებით
და შემდეგ,
დაგუბებულ სიჩუმეში აღმოვაჩინო,
რომ უნივთობისგან გაზვიადებულ სივრცეში
ვცხოვრობ.
ოთახში, სადაც არაფერია, გარდა ჩემი მეუღლის ნაჯახისა,
რომლის ალესილი პირიც მუდამ მე მიყურებს.
რომლის ალესილი პირი ელოდება,
როდის მიმაძინებენ იადონი-ფანჯრები
სევდიანი სიმღერით.
რომლის ალესილი პირი ისეთივე ბასრია,
როგორც ჩემი მეუღლის გამოხედვა.
მას ჩემი მოკვლა სურს.
მას უნდა მომიშოროს თავიდან,
როგორც უსარგებლო ნივთი.
როგორც ავი წინათგრძნობა და ცოდნა იმის,
რომ ზამთარში, ფანჯრების ნისკარტები უფრო გაიხსნებიან
და უფრო მეტი საკენკი დასჭირდებათ სიღარიბის სიმღერის
ჩასახშობად.
ღმერთო, როგორ მეშინია მისი.
როგორ მეშინია მისი მოთმინების.
როცა, მე ვტირი და ის ჩუმად მიხუტებს.
როცა, მე ვეჩხუბები იადონებს და ის ცრემლად იღვრება.
როცა, მე მეტ სივრცეს ვპოულობ
დამტვრეული ნივთების ხარჯზე
და ის მშვიდად ყრის ნამსხვრევებს.
ღმერთო, როგორ მეშინია მისი მოთმინების.
იმიტომაც დავუტოვე ნაჯახი.
იმიტომაც არ დავლეწე  ნაჯახი.
იმიტომაც არ ვეხები მის ნაჯახს.
იმიტომაც ვიცი, რომ მას ჩემი მოკვლა უნდა,
ან, თუ ჯერ არა - მოუნდება მაინც აუცილებლად.
იქნებ, ერთხელაც,
იქნებ, სულაც მალე
სიყვარულიც,
მოთმინებაც
მობეზრდეს
და ...
ჩემი სხეულის ნამსხვრევები გაიტანოს
ოთახიდან,
სადაც,
ქარია და
ფანჯრები იადონებივით
სტვენენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები