ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სხვა სამყარო
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2014


@@@

მკლავს ილუზია -
კაკუნი კარზე...
მე ცივ საწოლში უშენოდ მძინავს...
ძილმცენარეებს ვიმაგრებ ტანზე
და მთვარეს, როგორც ლორნეტის მინას,
ვუმზერ.
ამ გრძნობას სუნი აქვს დენთის.
გულზეც... ჩემს გულსაც ჭვარტლავს და ბოლავს.
რომ აღარ მოხვალ, ვიაზრებ ჩემთვის,
მე უფრო ველი ედგარ პოს „ყორანს“
ვიღვიძებ, მერე ძლივს ვახელ თვალებს,
ვიხსენებ გალას: „სიკვდილი ქალით!“
და წყალში მკვეთრად არეკლილ მთვარეს
ფოთოლი სადღაც აწვება ტანით...
ვარსკვლავებს იშრობს ეს ცა და მისხალ
სიზმრებიც მიწას ტოვებენ უბრად,
ქარი სალამურს აკეთებს მზისგან
და რაღაც ნაცნობ მუსიკას უკრავს.
...და ისევ ღამე!
სულს ითქვამს ძლივსღა -
დილის ხაფანგში გაბმული თაგვი.
აკი გიყვარდით, გახსოვართ ვისღა?..
ძილს უფრთხობს ქუჩას მანქანა ნაგვის.
ძილმცენარეებს ვიშორებ ტანზე
და მთვარეს, როგორც ლორნეტის მინას,
ვუმზერ. კვლავ  არის კაკუნი კარზე...
ეს შენ კი არა - სიკვდილი გმინავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები