ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2014


(ყოველთვის ხდება ის)

ყოველთვის
ხდება ის,
რასაც გული მიგრძნობს ხოლმე...
და ახლა იმას ვგრძნობ,
რომ სუსტი ჯანმრთელობა მომიღებს ბოლოს...
ეს არ არის წუწუნი,
ან თავის მოკატუნება,
ეს სიცხადეა,
რადგან
წუხანდელი ნოემბრის
შლეგიან ღამეს,
სანამ გამვლელი მთხოვდა
ერთ ღერს,
საშინელი ტკივილი დამეწყო
ნაოპერაციებ ადგილზე
და
შალიკაშვილის ხიდზე ვჩურჩულებდი -
- ოღონდ აქ არა,
ოღონდ აქ არ ჩამკეცო,
ცოტაც მაცადე,
მაცადე კიდევ რამის თქმა,
ჩემს სიტყვას არ აქვს საუკუნეების ამბიცია,
რადგან
თვითონ საუკუნე დარჩება
ჩემი სიტყვის ერთგული...
ოღონდ ახლა ნუ დამკეცავ...
ნოემბრის ამ შლეგიან ღამეს
ვიცი,
რაც მომიღებს ბოლოს,
ეს არ არის წუწუნი,
ან თავის მოკატუნება...
ყოველთვის ხდება ის,
რასაც გული მიგრძნობს ხოლმე...
და ახლა იმას ვგრძნობ,
როცა დრო მოვა,
შენ იქნები ჩემი
ყველაზე ხშირი სტუმარი...
ჩემი სიტყვა არ ფიქრობს საუკუნეებზე...
ჩემი სიტყვის ჭეშმარიტი ამბიცია,
შენი სუფთა გულის
პატარა ადგილია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები