 | ავტორი: ტობი ჟანრი: პოეზია 17 დეკემბერი, 2014 |
*** ამ ნიშნით აღნიშნული ლქსები გამოყენებულია მოთხრობაში _ "ფერადი აპერიტივი".
სულისკვეთება
ერთხელ მესიზმრა რძისფერი ზეცა _ შეღებილიყო ოჯალეშისფრად, მზე სიწითლეში გარდატეხილი _ შავ ზღვაში იყო გამდნარი, მე მომაგონდა ჩემი ხის ოდა, სადაც მელოდა, ცხელ-ცხელი ღომი და შიგ სულგუნი ჩამდნარი. მაგრამ ძლიერი ზათქის შხრიალი _ ზღვის სურნელება... ჩემ სულს შეერწყა _ ზღვა მეძახოდა მე ბობოქარი! წავიღიღინე მეგრული ჩელა და თუთარჩელა ტალღის ქიმზე მყოფს დამყურებდა, თან ქროდა ქარი. რა კარგი იყო ღამე ტალღებში _ ნაპირს დავშორდი, არ მეშინოდა, ვერ მერეოდა მელანქოლია, ირმის ნახტომის გალაქტიკაში მყოფი არსება, შორს მივცურავდი და გზას მიკვლევდა თეთრი თოლია.
სამხრეთამერიკული რომანტიკა
მოგორიული ვარდის სურნელით მთვრალი ვიყავი, შორით მოჩანდა იდუმალება ლურჯი ატლანტის, უმალ სიმთვრალე გავიძლიერე წითელი თვალით, და გამახსენდა მშვენიერება მწვანე პამპასის. მერე ღრუბლები შეიყარა ლამაზ ჟრუნ ცაზე, ღლოფო მოვარდა _ ცისა ფერი იქცა შავთეთრად, ფიქრებში წაველ _ იგუასუს დავტრიალებდი და უცაბედად ღრუბლის ქულები ყვითლად აფეთქდა.
ტობავარჩხილი
ვიდექ კოლხური ხოხბის ყელივით ლამაზ ადგილას, ჩემ წინ ციკანი იბრაწებოდა მთაში გაზრდილი, შვიდფერი თაღი გამოისახა ცის კაბადონზე, ფერთა პალიტრას ირეკლავდა ტობავარჩხილი. თლაშო შევავსე საუცხოო თაფლის არაყით, ღვთიური სხივით იწვებოდა შავი აჩრდილი, ზურმუხტისფერი ღაღანებდა კოლხურ მიწაზე და ჭიხვინებდა ლურჯა ცხენი ფაფარაშლილი. მოვერცხლისფრო ტბას ცაშკიბული გადმოჰყურებდა, არწივს სივრცეში მეფურად ჰქონდა ფრთები გაშლილი, ხეობებისკენ ჩანჩქერებად გადაშვებული, დედოფლისდარად ბრდღვიალებდა ტობავარჩხილი.
მშვიდი ღამე
ზღვის სურნელება მოიტანა საღამოს სიომ, მოლურჯო ზეცა იაგუნდისფრად იმოსებოდა, ლიმნის კვირტები მომნუსხველად აყვავებულნი, თეთრი ვარდების თვალწარმტაც ფონზე იხატებოდა. როცა დაღამდა ტაროსი იდგა მშვიდი, უძრავი... ასკილის ტოტზე შემომჯდარ ბულბულს ემღერებოდა, ლელის ბულულში მობინადრე ქათქათა გედი, ბულბულს ღამეულ მელოდიებში ეჯიბრებოდა. ბურთივით მთვარის მკრთალი კიაფი _ ბაღის აუზში, ოქროს თევზებით შეფერილ წყალში ირეკლებოდა, რიყის ქვის ჭაში ლუდი მქონდა ჩაციებული და მშვიდი ღამე თამბაქოსავით იფერფლებოდა.
*** შენ და გაზაფხულად გარდაქმნილი ზაფხულის მიწურული
მარიამობის თვე მიდის და ზაფხული იწურება, მალე შემოდგომა მოვა, ყურძენი დაიწურება, გიორგობის თვეც ჩაივლის, დადგება ცივი ზამთარი, დათოვლილ ტყისაკენ წავალ, როგორც მშიერი აფთარი, გაზაფხულზე მზე ინათებს, გაფერადდება აპრილი, მინდვრად ლურჯ იას ექნება ტანი ლამაზად აყრილი. აისს დაისი მოსდევს და მოყვება დაისს აისი, მერცხალი ბუდეს იშენებს, მზისა ფერია მაისი, ბარში ვარდი გაიფურჩქნა, მთას შვენის ედელვაისი, ზღვას გავყურებ, გარეშემო ზღვისა და შენი ხმა ისმის. გაზაფხულია, მთები გამწვანდა, მზე გაკაშკაშდა, მოდის ზაფხული... მე შემოგხედე _ შენ სილამაზე გქონდა ქალღმერთის, ჯერ არნახული.
*** გორგასალი
კოლხეთში დღესაც მიჰქრის თეთრონი და უერთდება შავ ზღვას რიონი, ალაზნის პირას ვაზი ყვავილობს, კახეთს დაჰყურებს კავკასიონი. მცხეთას ვილოცე სვეტიცხოველში, დედაქალაქში მელის სიონი, მეტეხთან ცხენზე ამხედრებული დგას ვახტანგ მეფე _ სდუმს თალპიონი. _ დურ აზ გორგასარ! _ მოერიდეთ თავსა მგლისასა! _ გაჰყვიროდნენ ერთ დროს სპარსელნი და იყო ბრძოლა, სისხლისღვრა, ომი... მგლისთავა მეფე მუსრს ავლებდა ურიცხვ ლაშქარს და ხმლით ჩეხავდა ურჯულოებს, ვითარცა ლომი. დღესაც დაქრიან თეთრი რაშები, დღესაც ჩვენა ვართ სამშობლო ვაზის, საქართველოში კვლავ გაჩნდებიან მსგავსნი გორგასლის და ფარნავაზის.
დავითი ერწუხის ბრძოლაში
დავით მეოთხე თურქებს დაუხვდა ფარით, მახვილით და ქეიბურით... ნაცრისფერ ღრუბლებს პირი შეეკრათ იმ დღეს ერწუხში დილით. ქართველი მეფე მომხვდურთ შეება _ ატყდა გმინვა, ჯახი, ბაგბაგი... და მოლაშლაშე სისხლისმსმელ სვავებს, სვე დაებურათ ნისლით. აღმაშენებელს ფიცხელ ბრძოლაში სამი უბადლო ცხენი მოუკლეს, ნაცრისფერ ღრუბლებს პირი შეეკრათ იმ დღეს ერწუხში დილით. მეფე ამხედრდა მეოთხე ცხენზე და ქართველებმა თურქებს მოუგეს! უებრო გმირმა ხასხასა მოლი შეღება მტრების სისხლით...
გიორგი ბრწყინვალე
ძეგლისა დებით ჩაახშო მტრობა, ერთ მუშტად შეკრა ყველა მთიელი. მონღოლთა ურდოს დაუდგა მედგრად, განძასთან მოსპო გადამთიელნი. ვეფხვივით უდრეკს ხმალი უჭრიდა, იყო ჭკვიანი _ სულით ძლიერი, მის ნამოქმედარ უამრავ საქმეს, ბრწყინვალებისა ჰქონდა იერი!
წითელი ღვინო და ვნება
წითელი ღვინით თასი შევავსე და ვადღეგრძელე, ჩემ გვერდით მჯდომი ლამაზი ქალი ფერებ-ფერებით... სუფთა ნაჟური ჩემ სისხლს შეერწყა _ გარეთ კი თოვდა, დედა ბუნება იმოსებოდა ღია ფერებით... ბუხარში წიფლის ხმელი შეშა ტკაცატკუცობდა, ჯიხვის მჭლე მწვადებს შამფურებზე სდიოდა ცვარი, წითელმა ღვინომ ძარღვებში სისხლი გადამიდუღა, თან გვერდში მყავდა ვნების აღმძვრელი ლამაზი ქალი. ქალმა, რომელსაც შვლის ნუკრის დარი ჰქონდა თვალები, დაცალა თასი _ თასი სავსე ალადასტურით და როს თვალებში ჩავხედე მე ვნებისწადილით, მისმა ცისფერმა თვალის გუგებმა მომცეს დასტური.
დახატული ლექსი
მზის თბილი სხივი მოეალერსა ნაირფერ წალკოტს, წყნარი რიჟრაჟი გალამაზდა შაშვის გალობით, ნაზი ნიავი ნაზად არხევდა ვარდების ფოთლებს, აკაციები ვერ ძღებოდნენ ფუტკრის ამბორით. გასრულდა დღე და შავმა ღამემ კვლავ დაიბუდა, ზღვას გადაეკრა იდუმალებით მოცული ფერი, მთვარეარეკლილ ჩამუქებულ შავ ზღვასთან ვიჯექ, კოცონი მენთო და დამყურებდნენ მაღალი მთები. რიბირაბოს ჟამს წამოვიდა შხაპუნა წვიმა, შავი თუთები შეერივნენ მღვრიე გუბურებს, ფიჭვის სურნელით გაიჟღინთა გრილი ჰაერი და ეს სურნელი აბრუებდა მგოსან ბულბულებს.
*** პატარა მწყემსის ოცნება
როცა ეოსი ნათელს მოფენს ტყეებს და ველებს, ზურგქარს აჩუქებს ამფიტრიტე აფროსან გემებს, გადაუფრენენ თოლიები გემებს და ნავებს, პატარა მწყემსი მინდვრად გარეკავს თხების თეთრ არვეს. როცა მგლისფერი გადაეკვრება ნამგლისებრ მთვარეს, პატარა მწყემსი ჩუმად ჩაუვლის ცხენების თავლებს. თეთრ რაშს მიაპყრობს მრავლისმეტყველ უზაკველ თვალებს და გაუყვება მისთვის ნაცნობ ქარვისფერ ჭალებს. შინ დაბრუნდება, სახლის სარკმლიდან გახედავს გორებს, შემდეგ სიზმარში ნახავს თეთრ რაშს და ჯიხვის ფოთრებს. გარეთ ქარბუქი ხეებს გააცლის ოქროსფერ ფოთლებს და ხამარი ვიეხაში გამოცლის ბოთლებს. ღამე დადგება, ალბათ, მალე წვიმაც წამოვა, ირიჟრაჟებს, გამოიდარებს, მზე ამოვა; მზე ცას მოსწყდება, დაეშვება, ზღვაში ჩამოვა, ზღვა გათბება, ღრუბლებიდან კი მთვარე გამოვა. და როს ეოსი ნათელს მოფენს მთებსა და ბარებს, პატარა მწყემსი მინდვრად გარეკავს თხების თეთრ არვეს.
*** სადღეგრძელო
სისხლით მორწყულო დიდგორის ველო, ბაბილოვანო ვენახის ჩეროვ, ლომებრ მდვრინავო ერო და ბერო, ლეკვნო მგლისანო, მუხავ ბებერო, ტკბილო ნექტარო _ წყაროვ მთისაო, ფიჭვნარში მდგარო ოდავ ხისაო, წმინდა ტაძრებო, ძეგლნო ქვისანო, ჯიხვებო შვილნო სალი კლდისანო, თეთრო თეთნულდო, თეთრად მნათობო, მიწავ წყლიანო, დილავ, ცვრიანო, ვეფხისტყაოსნის უკვდავო სიბრძნევ, რუსთველის სიტყვავ, ენაწყლიანო, შენ გადღეგრძელებ, ალმასისდარო, მოოქროვილო, მხარევ მზიანო!
ტყის ჰარმონია
ყრუდ მოისმოდა მატარებლის ნაცნობი ხმები, მუქი ლურჯი ცა, ცის მნათობებით მოკირწყლულიყო... სავსე ბადრ მთვარეს უყმუოდნენ მშიერი მგლები, ალუბლის ტოტი ტყის მგალობლებით დახუნძლულიყო. ტოროლა, შაშვი და იადონი ჰანგებს აფრქვევდნენ, ჭრიჭინა მინდვრის ყვავილთა დასში შეყუჟულიყო, ფრინველთ გალობა და გაბმული ჭრიჭინი ღამით ვერხვის ფოთოლთა შრიალის ხმებში შერეულიყო.
გარითმული კონტრასტი
ზღვისპირეთს შვენის მაგნოლიების ფერთა გამა _ მათი სურნელი, ეგრისის ქედის უმაღლეს მწვერვალს დაფენია _ თეთრი ღრუბელი. ოქროს სხივები მიწას ათბობენ _ მზე ყვითელია, ზურმუხტ-ქარვისფრად მოქარგული კუმსი მტევანი _ რქაწითელია.
--- ლექსები დაწერილია: 2012-2013 წლებში ---
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +++. 18/12/14წ. ნექტარი. +++. 18/12/14წ. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|