„ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.“
*** სიხარულმა ამიტანა... ვნახოთ რა სიმაღლიდან მომიწევს ვარდნა. შვებულება დამეწყო. 1 წლის თავზე როგორც იქნა მივიღე დამსახურებული ათი დღე. მე კი არ ვიცი, მინდა თუ არა მებადურის კუნძულზე დაბრუნება. ვიცი მამა ან ბუხართან დამხვდება, ან ზღვის პირას ანკესით ხელში… გაუხარდება ჩემი ნახვა... თავიდან მეც როგორი გახარებული ვიყავი ჩემი სამსახურით. ახლა არ ვიცი, ნაკლებად დატვირთული ვარ. საკუთარი თავი მებრალება ძალიან. მე თვითონ არ ვიცი რა მინდა. შენი ბედი შენს ხელშია – ვკითხულობ განცხადებას... მოდი ეს ათი დღე გავერთობი, მამა არ მიწყენს, შესაძლოა ხუმრობაც კია, მაგრამ დღეს საღამოსაა შეკრება. მწვანე კაბა გადავიცვი სახელდახელოდ, არ მომეწონება და ღამის მატარებელს გავყვები კუნძულისაკენ.
*** რამდენად არსებობს გზები უდაბნოში?! ჩემთვის რომ გეკითხათ და დღემდე ასე ვფიქრობ, აქ იღბალს უფრო მიჰყვები, ვიდრე ბილიკს. ეს რომ მექარავნეს ვუთხარი, ისეთი სახით შემომხედა უნებურად ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან. – როგორ ფიქრობ, ამდენი სულელი ბავშვი იღბლის იმედზე წამოგიყვანეთ? შენ რა ისევ თამაში გგონია ეს ყველაფერი? მე ვცდილობ ცხოვრება გასწავლოთ, თქვენ კი... აღარ დაამთავრა სიტყვა ისე გაბრუნდა. ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი, იმ დღეს აღარავის დანახვა აღარ მინდოდა, მჭიდროდ შევიკარი ჩალმა, სათვალე გავიკეთე და საღამომდე ხმაც აღარ ამომიღია. გაღიზიანება ფეთქებად ნივთიერებას ჰგავს, ერთი ნაპერწკალიც კმარა, რომ რისხვაში გადაიზარდოს. არ ვიცი ამ დროს ადამიანი რომ ნაწყენია თუ შერცხვენილი, მხოლოდ მისთვის მძიმდება გარემო თუ რა, მაგრამ ამ სიცხეში ასე მეგონა მძიმე ნისლი ჩამოწვა, თვალებს რომ მიწვავდა და გულსაც. გარშემო თვალის მიწვდენის ადგილზე ერთადერთი ხე იყო, სწორედ მასთან დავბანაკდით. საღამოს მექარავნე მოვიდა და ბოდიში მომიხადა, ზედმეტი მომივიდა, მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც ვუშვებ შეცდომებს, არ მეგონა ასე თუ გამომივიდოდა. მაშინვე გულზე მომეშვა... როდესაც აქლემებს ფეხები დავუბით, დავინახე მექარავნეს იღლიაში ტყავის ხალიჩა ამოეჩარა და მიდიოდა, ხალიჩა თურმე მისი ბაბუის ბაბუას ეკუთვნოდა და შთამომავლობით გადადიოდა. მასში ჩაის მოსამზადებელი აღჭურვილობა ჰქონდა გახვეული. ერთი გაცვეთილი ვერცხლის ლანგარი, ორი ვერცხლისავე ფიალა და ჩაიდანი. ზუსტად ბანაკის შუაში გაშალა ეს ყველაფერი და ჩაის რიტუალიც დაიწყო. ცნობისმოყვარე სახეებით მაშინვე გარს შემოვეხვიეთ და ისიც გავიგეთ რომ თითოეულს სამი ჭიქა ჩაი გვერგებოდა. რაც უფრო მაღლიდან დაასხავ ჩაის, როგორც სანახაობრივად, ისე გემოს მხრივ სულ სხვაა. ტრადიცია ყოფილა ასეთი. პირველი ჭიქა ჩაი – ნაზია, როგორც სიცოცხლე, მეორე ჭიქა – ძლიერი, როგორც სიყვარული, მესამე კი მწარე, როგორც სიკვდილი, აგვიხსნა მექარავნემ. ხშირად ჩვენ შეიძლება ველოდეთ ზღაპარს, რომელიც რაიმე სიბრძნეს გვასწავლის ან სწორ დროს იქნება შერჩეული. დღევანდელი ამბავი კი არ ვიცი, რამდენადაა შესაფერი ამ მოგზაურობისა, მაგრამ... მოდი დავიწყებ და რაც გამოვა, გამოვა... ჩემი სახლის ფანჯრიდან ყოველ დილას ვხედავდი ქუჩის სკამის კიდეში ჩამომჯდარ გოგონას. არაფერს ისეთს არ აკეთებდა, უბრალოდ იჯდა თავის შავ და ყავისფერთვალება ძაღლთან ერთად და სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი. ზუსტად ორ საათს იცდიდა და შემდეგ წყნარადვე მიდიოდა. ხანდახან მეგონა თვალებს არც კი ახამხამებსთქო... თანდათან ჩვევაში გადამექცა თვალის დევნება. გავიღვიძებდი თუ არა, ფანჯრიდან გადავიხედავდი და ვამოწმებდი. ჩანაწერებად ჰქონდა ფიქრები გაკრული ოთახში და ასეთ ფიქრიან ოთახში იჯდა ხოლმე, მოწყენილი. ცვლიდა რისი შეცვლაც შეეძლო, თუ არა და იღებდა როგორც იყო. ზაფხული ციცინათელებთან ერთად რომ მიიპარება სწორედ ის პერიოდი უყვარდა, ამინდიც რაღაცნაირად წვიმიანი. ზოგჯერ სიცოცხლესაც ეთამაშებოდა, რომ დავაფასოო, ადამიანები ხომ სანამ არ დავკარგავთ, არ ვაფასებთ დანაკარგსო, ამბობდა. ენატრებოდა, მოლოდინი ენატრებოდა, როცა ელოდა წერილს, გაგზავნილ კითხვაზე პასუხს, ან უბრალოდ მის აზრს რაიმეზე. წვიმდა. ისე თითქოს თვითონ ცა ჩამოსულიყო დედამიწაზე. კაფე "ინტერნაციონალში" იჯდა (როგორც ყოველთვის) და ფიქრობდა. ფორთოხლის ხე ფრთხილად ირხოდა. არ წუწუნებდა, მერე რა რომ ყველაფერი ისე არ იყო, ხომ შეიძლება ყველაფერი უარესად ყოფილიყო, ეს ანუგეშებდა. როცა ბუნების ნაწილი გახდა, აი მაშინ დაიწყო სიჩუმს მოსმენა. ყოველღამე ადიოდა ქალაქის ხედზე გადასახედთან, სადაც მუდამ უამრავი ხალხი ირეოდა. არ ვიცი ერთფეროვნებას გაურბოდა, თუ იქნებ მხოლოდ აქ შეეძლო ესმინა საკუთარი თავისთვის, ათასი ჯურის უცხო ადამიანთა შორის.ყოველ ღამეს საოცარი იყო. ყველაზე საინტერესო კი რა იყო იცით? ამ ორი საათის განმავლობაში ძაღლიც უმოძრაოდ იჯდა პატრონის გვერდით და თითქოს ისიც ამ "უცნაურ" წერტილს სივრცეში მისჩერებიაო. თურმე ბოლოჯერ მინახავს - ცხოვრებაში მთავარი როლი უნდა შეასრულოო, რომ მითხრა. ამინდი იყო ისეთი, რაღაცნაირად წვიმიანი. როგორც მჩვეოდა, გავიღვიძე და ფანჯიდან გადმოვიხედე, ფერადსიზმარნანახი და ბედნიერი სახით, ღიმილი შემეყინა, ის იქ აღარ იყო... გაუაზრებლად გავვარდი გარეთ, არც ვიცი რატომ. ადგილი შეეცვალა, ქუჩის ბოლო სკამზე, შუაში იჯდა მარტო. რომ დამინახა, მოდიო დამძახა, მე - პერანგიანი და თმაგაწეწილი, ფერადსიზმარღიმილიანი სახით. -სათქმელი ბევრი არ არის, მაგრამ ემოციას აქვს გაშლილი ფრთები.ზოგჯერ თურმე ბევრი ზიანის მოტანა შესძლებია... აღარ დაამთავრა აზრი, რომ ვკითხე რატომ-თქო. შეიძლება ისტორია ისე დაიწყოს და დამთავდეს, გააზრებაც კი ვერ მოასწრო. მის გახსენებაზე კი გულში ყოველთვის სითბო გეღვრებოდეს. –დრო გარბის მაგრამ , თუ ნაკლებად გავფლანგავთ, მეტი დაგვრჩება. ჩაილაპარაკა ფილოსოფოსმა. სიმართლე რომ გითხრათ, ობობაზე მინდოდა ზღაპრის მოყოლა... მერე კი გამახსენდა რომ დღეს 25–ია... ამდენივე წელი გავიდა...მხრების აჩეჩვით, თითქოს გვებოდიშებოდა მექარავნე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გულით მოგიკითხე ცის იქით მოსეირნევ. :)) მომენატრე შენი მარილიანი ქართულით.
გულით მოგიკითხე ცის იქით მოსეირნევ. :)) მომენატრე შენი მარილიანი ქართულით.
2. ამდენად არსებობს გზები უდაბნოში?! ჩემთვის რომ გეკითხათ და დღემდე ასე ვფიქრობ, აქ იღბალს უფრო მიჰყვები, ვიდრე ბილიკს. - დიახ, ასეა ნამდვილად.
მშვენიერი, ყოველთვის მომწონდა შენი შემოქმედება, სინამდვილის სუნი ასდის და იმიტომ. ამდენად არსებობს გზები უდაბნოში?! ჩემთვის რომ გეკითხათ და დღემდე ასე ვფიქრობ, აქ იღბალს უფრო მიჰყვები, ვიდრე ბილიკს. - დიახ, ასეა ნამდვილად.
მშვენიერი, ყოველთვის მომწონდა შენი შემოქმედება, სინამდვილის სუნი ასდის და იმიტომ.
1. საინტერესოა, ნიჭიერო გოგო. :) წინა თავებს ახლა გადავხედე და კიდევ მივუბრუნდები. საინტერესოა, ნიჭიერო გოგო. :) წინა თავებს ახლა გადავხედე და კიდევ მივუბრუნდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|