ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2015


ჩემი სალამი, მოთმინებავ!

ჩემი სალამი, მოთმინებავ!

მე, ჯერ-ჯერობით,
ისევ აქ ვიმყოფები,
ამ სამყაროში,
ამ გამოფიტულ და ბებერ მიწაზე,
სავალდებულო სიკვდილს გამოღმით,
სადაც ადამის უხეირო ასლს,
შავი ჭირივით ემუქრება თეთრი ფსიქოზი,
უმზემთვარობის ცივი სითბო და
თერმობირთვული დაზამთრების ცხელი სიცივე.

ჩემი სალამი, მოთმინებავ!

ერთი შენ იცი,
რომ ჩემნაირი დაწყევლილის ბედნიერება,
როგორც კუთვნილ გზას აცდენილი
გვიანი მგზავრი,
გაჩენის დღიდან მუდამ გზაშია,
და ერთნაირი ფერის თვალებით,
ერთმანეთისთვის გაჩენილები,
ისე მოვკვდებით ცალ-ცალკე და გადავეგებით,
რომ ვერასოდეს ვერსად შევხვდებით.

ჩემი სალამი, მოთმინებავ!

შენ ერთს ძალგიძს და შენ შეგიძლია,
მასესხო, ანდა, შთამბერო ძალა,
რომ ამ გულიდან, ამ დალუქულ სკივრიდან და ფოლიანტიდან,
ამოვაწყო და ამოვალაგო
გადანახული სიტყვის ლოდები,
რომლებიც მკლავენ,
სუნთქვას მიხშობენ
და ყელზე სევდის მარყუჟჩამოცმულს,
როგორც ზღვის ფსკერზე, ისე მძირავენ,
ზე-სკნელის მაღალ სახრჩობელადან,
ქვე-სკნელის დაბალ სახრჩობელამდე.

ჩემი სალამი, მოთმინებავ!

ასე მგონია,საცნაურიც და უცნაურიც,
ყველა ერთბაშად,
ერთდროულად,
გაერთებულად,
ნიშნისმოგების ნოტით დასრულდა.

რას ვიფიქრებდი, რომ სიყვარული,
მე-მისი ენით მეტყველს კი არა,
მოლაპარაკე დუმილსაც თუ გამიუტყვებდა...

და რადგან,
მოჩანს მიღმიეთის უჰაერობა,
და რადგან,
უკვე იკეცება ბოლო გზა-შარა,
გამოტირებულს ერთხელ კიდევ გამოვიტირებ.

ჩემი სალამი, მოთმინებავ!

ეს,
რახანია,
გამჩენს,
(ამაოდ),
ხის ნერვებსა და რუხი ქვის გულს ვემუდარები!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები