ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2015


ქარავანს მოყოლილი ამბები (თავი 7)


თავი 7
„ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი,
 რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.“
***
მივიღოთ ყველაფერი პოზიტიურად და შეუსრულებელიც არაფერია.
მე ანუ მე და მე.
და მე და მე და მე და ა.შ.
ხედავ რა ბევრნი ვართ...
სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედე და კიდევ ერთხელ გადავისვი თმაზე სავარცხელი... „ჰო, მე!“.
თამაში მინდა:
ვიხილები და მოვდივარ... ხმამაღლა ვყვირი, ჩემმა ლურჯთვალა დაიკომ რომ გაიგოს.
ცხოვრებაში ალბათ მასზე მეტად საკუთარი თავიც კი არ მიყვარს. მესმის მისი ჩაფხუკუნება და კარადის კარის ჭრიალი.
მაშასადამე: ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო.
***
მეგობრობა ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. მეგობრებს , ვისაც ერთმანეთის სიყვარული გააჩნიათ და მართალნი არიან ერთმანეთთან მიმართებაში, ყველა სიმძიმე სიყვარულით გადააქვთ; როგორც მაგალითად ჩვენ... უკვე ერთ გუნდად ვიყავით შეკრულნი და საუბრის წამოწყებაც აღარ გვერიდებოდა.
–მაინც რამდენ ხანს უნდა ვიაროთ კიდევ ამ უდაბნოში?
–იმდენ ხანს, რამდენიც თოლიას სჭირდება ზღვის გადასალახად. არ დავაყოვნე პასუხი.
–აჰ, თოლია ლივინგსტონზე ვსაუბრობთ? ჩაგვეჭრა ამბიციურიც. რაღაცით გავს ჩვენი მოგზაურობა მას, ცხოვრება შეცნობა, აღმოჩენა და თავისუფლებაა მართლაც, როგორც თოლია ლივინგსტონითვის. აქ ხომ ყოველი ჩვენგანიც რაღაც მიზნის გამო მოვხვდით.
–საინტერესო აზრი წამოგეჭრათ, ბატონო ჩემო.  გაეღიმა მექარავნეს.
- „ნებისმიერ მანძლზე და ნებისმიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ“ – ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა ეს, თქვა ფილოსოფოსმა. ჩემი გულის წიგნია და რიჩარდ ბახის პატარა მოთხრობა მართლაც ამოაცურა გულის ჯიბიდან.
–კარგი, კარგი. ამ საღამოს ვიცი, რა ზღაპარსაც მოგიყვებით, ჩაეღიმა მექარავნეს.
–ჩემი კი „პატარა უფლისწულია“. და მე ჩემი წიგნი ვაჩვენე მეგობრებს. ჩემი მეგობარი მეორე სამყაროდან მეუბნებოდა, ძალიან მეოცნებე ხარ, მიწაზე არ დადიხარ, ადამიანების ცნობაც არ იციო, დაანებე ამ „პატარა უფლისწულს“ თავიო, არადა მართლა მგონია, როგორც კი დავივიწყებ მის არსებობას, მაშინვე გავიზრდები. ერთხელ ვცადე, ისე გამიჭირდა რეალობასთან შეგუება, უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
– მე მესმის შენი, მითხრა მწვანეკაბიანმა. ყველას როდი ესმის, რომ სამყარო ისეთია სინამდვილეში როგორსაც ჩვენ ვხედავთ, ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს, ზოგთან ბევრი ტკივილია, ზოგთან ბევრი უფროსი, შენთან მაგალითად ბევრი ოცნება... არაუშავს, რა მოხდა მერე, თუკი ყველა ვერ გაგიგებს. ამ ცხოვრებაში ისედაც ცოტახნით ვართ, ამიტომაც ყველამ ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც ჩვენ გვინდა.
–არადა, რამდენი გრძელცხვირა ადამიანი ვიცი. გაეცინა ამბიციურს.
–მე გრძელფეხება მამილო მიყვარს.
– არ არსებობს!!! გაოცებულებმა შევხედეთ ყველამ ერთმანეთს, ჩვენმა მორიდებულმა ნაწნავებიანმა გოგომ ხმა ამოიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში რაც უდაბნოში ვიყავით, მისგან ამდენი სიტყვა არ გაგვიგია, მხოლოდ ნაწნავების ვარცხნილობას იცვლიდა ყოველდღე, ხან ერთი ნაწნავი ჰქონდა და ხან ასი.
–მერე? ჩავეკითხეთ გაოცებულები.
–არც რა,მხრები აიჩეჩა.
ჩამავალი მზის სხივები ოქროსფრად, უფრო ალბათ ნარინჯისფრად ციმციმებდა ქვიშაზე. თანდათან წითლდებოდა. კაქტუსების ქვეყანაში ოაზისთან ვბანაკდებოდით. როგორ მიყვარს ეს წუთები, ალბათ ვერც წარმოიდგენთ და არც მე შევეცები სიტყვებით გადმოვცე ის განცდა. ხომ არის განცდები, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემთ, სწორედ ასეთს მიეკუთვნება  რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ საბანაკე ადგილში „ჩამობარგება, კარვების გაშლა, აქლემების დაბმა, კოცონის დანთება და ზღაპრის მოსასმენად მოკალათება.“
ძალიან დიდი ხნის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ საუბრობდნენ ადამიანები და ცხოველები ერთმანეთთან, ცხოვრობდა ტასილი და მისი მეგობარი ტანრეკი.
დღეს თეთრი ბამბის პირსაფარის გაკეთება გადაეწყვიტა. მისმა ლურჯმა თვალებმა კიდევ უფრო გამოანათა, თეთრი კანი კი თითქოს ქსოვილს შეერწყა. ოთახი ტრადიციულად ჩაებნელებინა, არავის რომ არ მოეკრა თვალი მისი სახისთვის, ასეთია ტუარეგების წესი. არადა რა ლამაზი იყო რომ იცოდეთ ტასილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თეთრი პირისახის შავთმიანი ყმაწვილი. მხოლოდ პატარა ტანრეკი ადევნებდა თვალს, რაც თავი ახსოვს სულ მის გვერდითაა ამ დროს. მამის პირველი საჩუქარი. შორეული ქვეყნიდან ომში გამარჯვების ნიშნად ჩამოეყვანა პირველი ვაჟისთვის. მიუხედავად იმისა რომ ღამის ცხოველია და მხედველობა სუსტი აქვთ, ტანრეკებს ეს ხელს სულ არ უშლით ნადირობაში. სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდნისას, მათ საბრძოლოდ მზადყოფნაში მოჰყვათ  ეკლები, რომლებსაც თავის და სხეულის მკვეთრი მოძრაობებით თავდამსხმელს პირდაპირ სახეში და თათებში ”ესვრიან”. სწორედ ტანრეკები დახმარებიან ტუარეგებს ომში და მამასაც ამიტომ წამოეყვანა ვაჟიშვილთან.  ჩვეულებრივი უტყვი ტანრეკი იყო ყველასთვის, მაგრამ არა ბიჭისთვის, რომელსაც უკვე კარგა ხანია შესრულებოდა 18 წელი  – მამაკაცობის ასაკი. ტანრეკთან კი   ისევ ძველებურად საუბრობდა, ისიც კვლავ ასწავლიდა ჭკუას და რჩევებსაც არ იშურებდა. სწორედ ტანრეკის წყალობით იყო, რომ ტასილს ტომში „პატარა ბრძენად“ მოიხსენიებდნენ, რადგან ბავშვობის ასაკიდან ბევრ გადაუჭრელ საკითხზე გამოუთქვამს თავისი აზრი და მისი რჩევის გათვალისწინებით საქმეც მოგვარებულა. ტანრეკს და ტასილს ყოველთვის ერთად მოიხსენიებდნენ, როგორც ძმებს, მიუხედავად იმისა რომ ტანრეკის ხმა ერთხელაც არ გაეგოთ, ტასილი კი მუდამ მას „აბრალებდა“ ამ ბრძნულ რჩევებს.
დღეს პირველად უნდა გახდეს ქარავნის ლიდერი, ახლა მას ევალება ოჯახის ტრადიციის გაგრძელება. დედამ უკვე დალოცა, ლოდინის მეტი აღარაფერი დარჩენია.
–საჭიროა დარღვეული მშვიდობის აღდგენა. უთხრა ტანრეკმა.
– მართლაც მძიმე დროა, შეხედე, ეს მოხუცი კაცი ისევ ჩაის მიმზადებს, თვალებში კი კვლავ არ მიყურებს, თითქოს რამეს აშავებდეს. არა, რატომ არ მიყურებს? ვერ ვიტან ესე რომ იქცევა. არადა თავის შვილიშვილთან ყველაფერი პირიქითაა, ზედმეტ სიტყვას არ ათქმევინებს.
– თავი აარიდე სხვის განკითხვას. რამდენჯერ გითხარი. თითქოს იღიმოდაო ისეთი სახით ეჩურჩულებოდა ტარნრეკი. შენს გვერდით იქნებიან სხვადასხვა კასტის წარმომადგენლები და თავი არ დაკარგო. სიმშვიდე ტასილ, ნუ იქნები უკიდურესად დაჟინებული საკუთარ აზრსა და სურვილებში, თავს მათზე ჭკვიანად ნუ ჩათვლი, მერე რა, რომ სხვა ფენას ეკუთვნიან, წლების გამოცდილება აქვთ. მაგრამ შენ ბატონი ხარ და პატივს გცემენ, შენ კი მათ პატივისცემას დააფასებ და თბილად ისაუბრებ, მათგან ცხოვრების საიდუმლოებებს გაიგებ.
ზოგადად ადამიანები ისე ცხოვრობთ, როგორც მიედინება თქვენი ცხოვრების მდინარე - ანუ ვნებების კარნახით და ხშირად თავსაც იმართლებთ ასეთი ხასიათის ვართო, ასეთი ტემპერამენტი გვაქვსო, სხვანაირად არ შეგვიძლია და რა ვქნათო. მაგრამ შენ დაინახავ  იმდენნაირ ადამიანს და ხასიათს, წარმოდგენაც რომ ვერ გაგწვდებოდა. ბევრი შეგხვდება ისეთიც, შენს დამოძღვრას რომ მოინდომებს, მაგრამ თავისავე აზრებს თავისი თავისთვის ვერ იყენებს, თუმცა ალალად და სწორად საუბრობს, მაგრამ მხოლოდ შენთვის, თვითონ კი იმ ყველა ცოდვას სჩადის, რასაც განიკითხავს. შენ კი მხოლოდ მშვიდობა ეძებე და მისკენ ისწრაფე.
გახსოვს ბავშვობაში დედა გიკითხავდა ერთ ზღაპარს:
კუმ რომ გაფრენა მოინდომა, ჯერ ჩიტებს მიადგა. ფრენა მასწავლეთო.
ჩიტებმა ჰკითხეს:
–სანაცვლოდ რას მოგვცემ?
– რა უნდა მოგცეთ, ამ ჯავშნის მეტი არაფერი მაქვს.
–ვერ გასწავლით, სხვა მონახე. უთხრეს კუს.
ახლა ბუსთან მივიდა, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, მასწავლე ფრენაო.
–და შენ რომ ფრთები არ გაქვს, როგორ გინდა იფრინო? ჰკითხა ბუმ.
კიდევ ბევრ ფრინველთან მივიდა, მაგრამ ყველამ უარით გამოისტუმრა. ბოლოს ქარს სთხოვა და ქარმაც არ დააყოვნა პასუხი: მე ფრენას გასწავლი, შენ კი შენს ჯავშანს დამიტოვებო. დასთანხმდა კუ. აიტაცა ქარმა, მაღლა და მაღლა, ღრუბლებს იქეთ, უეცრად ჩადგა და კუმ დედამიწისკენ იყო დაშვება. ეგონა მიფრინავდა, ქარის სიცილი რომ მოესმა: როდის იყო კუები დაფრინავდნენო და ჯავშნის გარეშე კი როგორღა იცხოვრებო.
აზრზე მოსულმა კუმ გულისმომკვლელად წამოიყვირა:
რაც არ ხარ,  რაც არ გაგაჩნია და რისი ძალიც არ შეგწევს, სწორედ იმას შევნატრით, თუმცა ამის მიღება კი ყოველთვის არ ყოფილა საჭირო.
–მე დავიმსახურე ჩემი ახლანდელი მდგომარეობა, რა შემიძლია გავაკეთო ფრთებით ან ღრუბლებით, როცა მიწაზეც კი ძლივს ვმოძრაობდი? თუ ყველაფერი აგიხდა რაზეც ოცნებობდი, მაშინ ამ ოცნებებმა შეიძლება დაგღუპონ კიდეც, როგორც დღეს მე ვეწირები ჩემს ოცნებას.
– მსგავსი ზღაპარი სადღაც წამიკითხავს, თავი წამოვყავი.
–თითოეული ჩვენგანი იმაზე მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს, ვიდრე საჭიროა. ამიტომაც როდესაც ვინმე გაბედავს და სათანადო პატივს არ მოგვაგებს, ვბრაზდებით, ვჩხუბობთ. გვგონია, რადგან ადამიანი რამეს იტყვის, აუცილებლად მართალია და ის სიტყვა ისევე შესრულდება, შემდეგ კი ტყუილის თქმას ვწამებთ და სამაგიეროს გადახდას ვცდილობთ. ამყვა ფილოსოფოსიც.
– ახედეთ, როგორი ვარსკვლავებიანი ცაა, უკვე ახლოს ვართ გზის დასასრულთან, საფრთხეც აღარ იქნება და ყველანი მშვიდობით დაბრუნდებით თქვენს ოჯახებში. მაგრამ გირჩევთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რაც არ უნდა მოხდეს. ტკბილი ძილი ბავშვებო. დაგვემშვიდობა მექარავნე.
მართლაც საოცრად ვარკვლავებიანი ცა იყო, იმდენი ვარსკვლავი ცვიოდა, დათვლას ვერ ვასწრებდით. ალბათ თქვენც იცით, ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აუცილებლად აგისრულდებაო, ჰოდა ზუსტად მაგას ვაკეთებდით ჩვენც გვიანობამდე, სანამ ცეცხლში ბოლო ნაკვერჩხალი არ ჩაიწვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები