ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
24 თებერვალი, 2015


== სასაცილო კაცის სიზმარი == (თ.დოსტოევსკი)

თავი 1

(ფანტასტიკური მოთხრობა)

  სასაცილო ვარ. ახლა შეშლილს მეძახიან. დაწინაურების მსგავსი რამ იქნებოდა უცბად რომ შეეწყვიტათ დაცინვა და ადრინდელივით სასაცილოდ  არ ვრჩებოდე მათთვის. ახლა, უკვე, აღარ ვბრაზობ. ახლა, უკვე, ვთვლი, რომ ყოველი მათგანი საყვარელია, როცა დამცინიან -იმ წუთს კიდევ უფრო მეტად საყვარელი თავისებურად.
მეც მათთან ერთად ვიცინებდი. ჩემს თავზე კი არა, უბრალოდ, მათ მიმართ სიყვარულის გამო, სევდას რომ არ მგვრიდეს მათი დანახვა.
ვნაღვლობ კია იმიტომ, რომ მათ არ იციან სიმართლე.
მე კი, ვიცი.
რაოდენ რთულია ერთადერთი იყო,- ვინც ჭეშმარიტება იცის.
ისინი ამას ვერ გაიგებენ. ვერა, ვერ ჩაწვდებიან.
ადრე ვდარდობდი, იმის გამო,  რომ სასაცილოდ ვეჩვენებოდი. ვეჩვენებოდი კი არა, ვიყავი კიდეც  ყოველთვის და ვიცი ეს. ალბათ, დაბადებიდანვე. ან, შვიდი წლიდან. მერე, სკოლაში ვსწავლობდი. მერე უნივერსიტეტში და - რაც მეტს ვსწავლობდი, მით კარგად ვისწავლე, რომ სასაცილო ვარ. ამგვარად, მთელი ჩემი საუნივერსიტეტო მეცნიერება იმისთვის იყო საბოლოოდ, რომ დამემტკიცებინა და ჩავღრმავებოდი - რამდენად და რა დოზით ვიყავი დასაცინი. მეცნიერების მსგავსად, ცხოვრებაშიც... ყოველ წელთან ერთად იზრდებოდა და მყარდებოდა შეგრძნება იმის, თუ რამდენად სასაცილოდ გამოვიყურებოდი ყოველ ურთიერთობაში. დამცინოდა ყველა და ყოველთვის. მაგრამ, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ დედამიწის ზურგზე არ იყო ადამიანი, ჩემზე უკეთ სცოდნოდა, რამდენად დასაცინი ვიყავი. აი, ეს მწყინდა ყველაზე უფრო, ეს მაშფოთებდა, რომ არ იცოდნენ. მაგრამ, ამაში თავადვე მიმიძღვის ბრალი: ყოველთვის იმდენად ამაყი ვიყავი, რომ არაფრის დიდებით, არავისთან გამოვტყდებოდი. წლიდან წლამდე იზრდებოდა ეს სიამაყე ჩემში და ისე რომ მომხდარიყო - ვინმეს გამოვტყდომოდი, იმაში, რომ დასაცინი ვარ, მგონია, იმ წუთსვე, იმ საღამოსვე გავიხვრეტდი თავს რევოლვერით.
ოჰ, როგორ ვიტანჯებოდი მოზარდობისას იმაზე ფიქრით, რომ იქნებ, ერთხელაც, თავი ვერ შევიკავო და მეგობრებთან წამომცდეს-მეთქი. ახალგაზრდობისას კი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტს ვიგებდი ჩემი საშინელი თვისების შესახებ - რატომღაც, უფრო მშვიდი გავხდი. ზუსტადაც რომ - „რატომღაც“... რადგან,  იმ სიმშვიდის მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია.
  იქნებ, იმიტომ რომ ერთი გარემოების გამო  საშინელმა ნაღველმა მომიცვა. მომიცვა მთლიანად და ვერც მოვერეოდი. ეს იყო აღმოჩენა იმისა რომ, ამქვეყნად ყველგან ყველაფერი სულერთია. დიდი ხანია ამას ვხვდებოდი, მაგრამ, საბოლოო დადასტურება ამისა მივიღე უკანასკნელ წელს საიდანღაც და უცაბედად. ვიგრძენი, რომ ჩემთვის სულერთი იქნებოდა - იარსებებდა სამყარო, - თუ არსად არაფერი იქნებოდა. ვუსმენდი და ვგრძნობდი მთელი ჩემი არსებით სიცარიელეს ჩემში. თავიდან, მეგონა, რომ სამაგიეროდ, მანამდე იყო ბევრი რამ. მერე კი, მივხვდი, მანამდეც არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მეჩვენებოდა რატომღაც. ნელ-ნელა კი, სულაც იმაში დავრწმუნდი, რომ მომავალშიც არაფერი იქნება. აი,ასე, უცბად, შევწყვიტე სიბრაზე ადამიანებზე და ნელ-ნელა მათ ვერც კი ვამჩნევდი.  ეს ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებშიც კი ვლინდებოდა. მაგალითად, მივდივარ ქუჩაში და ვეფეთები, ვეჯახები ხალხს. არა იმიტომ რომ ჩაფიქრებული ვარ. რა მქონდა საფიქრალი. საერთოდ შეწყვეტილი მქონდა ფიქრი მაშინ. არამედ, იმიტომ, რომ სულერთი იყვნენ ადამიანები ჩემთვის...
  რამდენი საკითხი გადავწყვიტე? რამდენი პასუხი ვიპოვე? - არც ერთი. არადა, შეკითხვა ბევრი მქონდა. მაგრამ, კითხვების მიმართაც გულგრილი გავხდი და ისინიც თავისთავად  ჩამომეხსნენ.
აი, ამის შემდეგ კი ვიგებ სიმართლეს. ეს გასულ ნოემბერს მოხდა, უფრო ზუსტად - ნოემბრის სამში. ყველაფერი ზედმიწევნით ცხადად მახსოვს რაც  იყო. ეს მოხდა მოქუფრულ, ყველაზე მოქუფრულ საღამოს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. თერთმეტი საათვისთვის ვბრუნდებოდი სახლში და ზუსტად მახსოვს, ვფიქრობდი, ამაზე მეტად ბნელი და მძიმე დრო - რაღა უნდა იყოს მეთქი. ფიზიკური თვალსაზრისითაც კი. მთელი დღე წვიმდა. ყველაზე ცივი და საშინელი წვეთებით, რაღაცნაირად, მრისხანე წვიმა იყო, მახსოვს.  ღიად გამოეცხადებინა მტრული დამოკიდებულება კაცთა მოდგმის მიმართ ამინდს, თითქოს.
თერთმეტი საათისთვის, კი,  უცებ გადაიღო და აუტანელი სინესტე დადგა. მეტად  აცივდა და ყველაფერს ორთქლი სდიოდა. ყოველ ქვას ქუჩაში, ყოველ ჩიხს. წარმოვიდგინე, რა იქნებოდა, არ ყოფილიყო ბუნებრივი აირი - უფრო გავმხნევდებოდი. ბუნებრივი აირით განათებულს რომ ხედავ ამ ყველაფერს - გული უფრო სევდიანობს. 
თითქმის არაფერი მიჭამია ამ დღეს. საღამოხანს ერთ ინჟინერთან ვიყავი სტუმრად, კიდევ ორნი იყვნენ იქ. ხმას არ ვიღებდი და იმათაც, მგონი, კისერში ამოვუყვანე ჩემი სიჩუმე.  რაღაც გამომწვევ თემებზე საუბრობდნენ, ერთხანს, გაცხარდნენ კიდეც. თუმცა, ვხედავდი, ეს თემები მათ სულაც არ ანაღვლებდათ და კამათობდნენ ისე, უბრალოდ. ავდექი და განვუცხადე: „ ბატონებო, თქვენთვის ეს ყველაფერი ხომ სინამდვილეში სულერთია-თქო“. არ გაბრაზებულან. ყველამ ერთხმად გაიცინა. იმიტომ, რომ იცოდნენ, საყვედურით არ  მითქვამს, უბრალოდ, ჩემთვისაც სულერთი იყო. დაინახეს რომ მართლაც სულერთი იყო ჩემთვის და ამან გაამხიარულა.

ქუჩაში, ბუნებრივ აირზე რომ ვფიქრობდი - ცას გავხედე. ბნელი იყო. მაგრამ, ცხადად გაირჩეოდა გახლეჩილი ღრუბლები და მათ შორის შავი, უძირო ლაქები. ერთგან ვარსკვლავი შევნიშნე და შევაცქერდი. ამ ვარსკვლავმა მომიმწიფა აზრი: დღეს თავი უნდა მოვიკლა.
ეს აზრი ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამიჩნდა გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ვარ - შესანიშნავი რევოლვერი შევიძინე და ტყვიებიც მოვათავსე იმდღესვე. აგერ უკვე ორი თვე სრულდება მას მერე, მაგრამ, რევოლვერი ისევ ყუთში დევს. იმდენად სულერთი იყო ჩემთვის, რომ მომინდა თვითმკვლელობა ისეთ დროს ჩამედინა, როცა, ასეთი სულერთი არ იქნებოდა. რატომ მოვინდომე ასე - არ ვიცი. ამგვარად, ეს ორი თვე სახლში ვბრუნდებოდი ფიქრით, რომ შუბლს გავიხვრეტდი. სულ ამ წუთს ველოდი. ახლა კი, ამ ვარსკვლავმა აზრი მომიმწიფა და გადაწყდა რომ ამ ღამესვე მოვიკლავდი თავს. როგორ მიმიყვანა ამ დასკვნამდე ვარსკვლავმა - არც ვიცი.
  ვიდექი და ისევ ცას ვუყურებდი იმ გოგონამ რომ სახელურზე მომქაჩა. ქუჩა უკვე უკაცრიელი იყო. თითქმის, არავინ ჩანდა ირგვლივ. მოშორებით მედროგეს ეძინა ფორანზე. გოგონა რვა წლის იქნებოდა. მხოლოდ თავსაფარი და კაბა ეცვა - მთლად გალუმპული. ყველაზე მეტად თვალში მისი დახეული, სველი ფეხსაცმელი მომხვდა. ახლაც მახსოვს. ისევ სახელურზე მქაჩავდა და მეძახდა. არ ტიროდა. ნაწილ-ნაწილ ისროდა გაურკვეველ ფრაზებს სიცივისგან აცახცახებული. საშინლად შეშინებული  და სასოწარკვეთილი გაიძახოდა :
„ დედიიკოოო! დედიკოოოო!“
სახე მისკენ მოვაბრუნე , მაგრამ, სიტყვაც არ მითქვამს. გზას განვაგრძობდი. ის კი ისევ მომდევდა, ხმაში შეშინებული ბავშვის სასოწარკვეთილება გაერია. ვცნობ ამ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს ბოლომდე ვერც ამბობდა -მივხვდი, სადღაც დედამისი კვდება, ან, სხვა რამ შეემთხვათ და ბავშვი მშველელის მოსაძებნად გამოვარდა ქუჩაში. მაინც არ გავყევი. პირიქით, მისი გაგდების სურვილი გამიჩნდა. თავიდან, ვუთხარი, წადი და ღამის გუშაგი მოძებნე-თქო. ის კი გულხელდაკრეფილი, ამოოხვრით და სულშეკრული მომდევდა და არ მტოვებდა. მაშინ კი, ფეხები დავუბაკუნე და დავუყვირე.
„ ბატონოოოო! ბატოოონოოო! “ - მხოლოდ ეს წამოიკივლა და კისრისტეხით გადაირბინა ქუჩის მეორე მხარეს. სადაც, სხვა ჩემნაირი გამვლელი გამოჩნდა...
  ავედი ჩემს მეხუთე სართულზე. ვქირაობ და ნომრები გვაქვს. ღარიბული და პატარა ოთახია. სხვენის ნახევრად რკალისებური სარკმელით. კუბოკრული დივანი, წიგნებიანი მაგიდა, ორი სკამი და მოსასვენებელი სავარძელი - ძველისძველი, სამაგიეროდ, უბრალო, რბილი, მაღალი საზურგით. ვოლტერულს რომ ეძახიან.
დავჯექი, სანთელი ავანთე და ფიქრს მივეცი თავი.
გვერდით, მეორე ოთახში სოდომი გრძელდება აგერ უკვე მესამე დღეა. იმ ოთახში გადამდგარი კაპიტანი ცხოვრობს.  სტუმრები ჰყავს, ასე, ექვსი ადამიანი, არაყს სვამდნენ და  შტოსს თმაშობდნენ ძველი ბანქოთი. წუხელ, ჩხუბიც კი მოუვიდათ. ვიცი, ორი იმათგანი დიდხანს ათრევდა ერთმანეთს თმით. დიასახლისს უნდოდა ესაყვედურა, მაგრამ, კაპიტანის ძალიან ეშინია და ვერაფერი თქვა.
სხვა მოსახლეთაგან ერთი დაბალი, გამხდარი ქალბატონია, სამი ავადმყოფი ბავშვით. ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ დაავადნენ. ამ ქალსაც და ბავშვებსაც  გულისყრამდე შიში აქვთ კაპიტნისა და მთელი ღამე ცახცახებენ და პირჯვარს ისახავენ, ყველაზე უმცროსს  ბავშვთაგან - შიშისგან შეტევაც კი ჰქონდა ერთხელ.
მე კი ვიცი, რომ ეს კაპიტანი ნევსკის პროსპექტზე გამვლელებს აჩერებს და მოწყალებას ითხოვს.
  ამ ჩვენს კაპიტანს სამსახურში არ იღებენ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ კაცთან ნაცნობობის ერთი თვის მანძილზე - მისგან არაფერი მწყენია. დიდად არ ვარ მონდომებული მასთან ურთიერთობით, არც თავად იჩენს ინტერესს, ნაცნობობის პირველი წუთებიდანვე მოსაწყენად მოვეჩვენე. მაგრამ, რამდენსაც არ უნდა ყვიროდნენ კედლის მეორე მხრიდან, რამდენიც არ უნდა იყვნენ იქ - ჩემთვის ყოველთვის სულერთია. ვზივარ ღამით ჩემთვის და სიმართლე ვთქვა, არც მესმის მათი ხმა, სანამ, არ მიმავიწყდება კიდეც მათი არსებობა ხოლმე. მე ხომ თითქმის ერთი წელიწადია გამთენიამდე არც მეძინება.
მთელი ღამე ვზივარ ხოლმე ასე, მაგიდასთან სავარძელში. არაფერს ვაკეთებ. წიგნებს მხოლოდ დღისით ვკითხულობ. არც არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ ცალკეული ფიქრი შემოიჭრება ხოლმე თავში, იმასაც თვის ნებაზე მივუშვებ და ასე, სანთელიც ჩაიწვება ხოლმე ბოლომდე.
ახლაც მაგიდასთან ჩამოვჯექი. რევოლვერი ამოვიღე, დავიდე წინ და ჩემს თავს ჩავეკითხე:
„ ესე იგი, ასე, ხო....?“  - თავადვე მტკიცე პასუხი გავეცი: „ დიახ, ასე..“ ანუ, ნამდვილად დღეს დავასრულებ თვითმკვლელობით სიცოცხლეს, მაგრამ, კიდევ რამდენ ხანს ვიჯდებოდი მაგიდასთან ასე - არც ვიცოდი.
და რა თქმა უნდა, აუცილებლად გავიხვრეტდი კიდეც შუბლს, რომ არა ის პატარა გოგონა.

(გაგრძელება იქნება)

http://www.klassika.ru/read.html?proza/dostoevskij/son.txt&page=0

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები