ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2015


== კიტრა. დუნიაჰ. თავკომბალები (დასასრული) ==

საქმეცაა და საქმეც. ეგეთი გულმოდგინებით ყანაში, ან, მწყემსად რომ ემუშავათ სამომავლოდ- სოფელს საამაყო მიზეზს არ დაულევდნენ. მაგრამ, სანამ ყმაწვილი ხარ და ბავშვად რჩები - გულით მოკიდება რაიმე გამოგონილ საქმეზე - ბუნებრივია და არაუჩვეულო.
  დუნიაჰი უფრო მეცადინე იყო. ინტერესიანი. აუცილებლად უნდა სცოდნოდა  რა რისგან შედგება, რატომ წარმოიქმნა -რაში შეიძლებოდა გამოეყენებინა. მის ცნობისმოყვარეობას თუ სწორ გზაზე დააყენებდა კაცი - მშვენიერი მეცნიერ-მუშაკი დადგებოდა ამისგან. თავკომბალებსაც სწორედ უფრო ამ ინტერესის, ამ ცნობისწადილის გამო ჭრიდა.
ვაჟიკია კიტრა - მეომრობაზე ოცნებობდა, ვიკინგების ძმა ვარო და მეგობარი - ყოველი გაჭრილი თავკომბალა - ერთით მეტ დამარცხებულ მტერს უდრიდა. შიგ რა ჰქონდათ და რისთვის- რა საკითხავია. სად ჰქონდა მაგის დრო ამდენი და უთვალავი გამოფატრული მტრის შემადგენლობა შეესწავლა. ან, რაში სჭირდებოდა, საერთოდ, მაგრამ, ფიზიკურად სუსტი მეგობრის ნებისმიერ საქმეში გვერდშიმდგომობაც ვაჟკაცის და მეომრის პირდაპირი მოვალეობაააო, ფიქრობდა. იჭერდა და ხოცავდა.  „გამოკვლევებში“ ეხმარებოდა დუნიაჰს.
სხვა, სხვებისგან რამით გამორჩეული არაფერი უკეთებიათ კიტრას და დუნიაჰს მთელი ბავშვობა. სხვებივით ხმაურობდნენ, ან, სხვებსავით მიყუჩდებოდნენ ღობის უკან- გზაზე ამოვლილი რომელიმე თანასოფლელის შესაშინებლად და გულგასახეთქად. დარბოდნენ. დაყიალობდნენ. ეხეტებოდნენ. აღმა...დაღმა.. ხეზე... ჩირგვებში. ყიჟინით. ჯოხების ქნევით.  უბრალოდ,  ესენი თუ უფრო მეტად დაეკბინათ კოღო-ბუზანკალებს ჭაობებში ხეტიალისას.
როგორც ყველა ბავშვმა, არც ამათ იცოდნენ სად წაეღოთ და სად გაეხარჯათ მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია.
  განსაკუთრებული რამ ნიშანი არაფერი ჰქონდათ. ყველაზე გამოცდილ მჩხიბავსაც კი რომ ჩაეხედა იმათი ბედის თასში - გაუჭირდებოდა თქმა - რომლისგან რა კაცი დადგებოდა.
მითუმეტეს, გარეგნულად, დუნიაჰი ხომ სუსტი იყო და შიშსაც ვერავის ჩაუნერგავდა თავისი იერით - ამას უფრო შეეძლო ჭკუით და მოხერხებულობით საფრთხე თუარ შეექმნა - თავშისაცემად გაეხადა საქმე ვინმესთვის. სულ იმაზე ფიქრობდა ვინმე გაეწვალებინა აბეზარი ბუზივით.
კიტრა კიდევ, ბუღა თვალებბრიალა, უფრო საშიში შესახედაობის - სინამდვილეში „მტერი“ თავკომბალების და ბაყაყების გარდა- შეგნებულად არავის აწყენინებდა და უფრო გულჩვილიც იყო, ბავშვური გუმანით თუ გრძნობდა ამას და ეშინოდა, სუსტად არ ჩაეთვალათ თანატოლებს - იმიტომაც უფრო აბრიალებდა შავ თვალებს დაურიდებლად. სანდოც უფრო მეტად, კიტრა იყო,ნამდვილად.
  ლაღი ჰქონდათ ბავშვობა. ძლივს შეელივნენ იმ წლებს.
  დუნიაჰი - სწავლობდა, ვაჟიკო - ცდილობდა.
  დუნიაჰი - გეგმებს სახავდა. კიტრა- სულაც ერიდებოდა ფიქრს.
  დუნიაჰმა ქალაქს მიაშურა. ვაჟიკია სოფელში დარჩა.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბავშვობის მოგონებების გარდა საერთო აღარფერი დაურჩათ მაშინ -  ერთ დროს განუყრელ ამხანაგებს.
წლებიც ისე გავიდა  - ზაფხულობით თუ შეხვდებოდნენ ქალაქიდან ცოტა ხნით ჩამოსული დუნიაჰი და კიტრა ერთმანეთს. ჩამოსულს უკვე სულ სხვა ინტერესები ჰქონდა, სხვას ეძებდა, სხვა სჭირდებოდა - თავკომბალების სდევის ასაკს და შეცნობის სურვილს - დიდი ხანია გასცდა გონებრივადაც და შესაძლებლობებიც უფრო მეტის ჰქონდა, უთუოდ.
ვაჟიკო, კიდევ, ისევ ის ვაჟიკო იყო - თვალებბრიალა, ბრგე და მაინც მისი აღნაგობისთვის შეუფერებლად მოქნილი. მზენაკრავი სახით და ღონიერი მკლავებით. სოფლის იმედი. აბა, რომელ მოხუცსა აქვს დასაჩეხი შეშაო? აღარც ერთსო, ვაჟიკომ მიუხედა მაგ საქმესო. დასაბარი თუა სადმე -მკლავი და მუხლი გამაშლევინეთო. - რას დაგაცდის ვაჟიკიე კიტრა - ყველას უკვე დაუბარაო. იქ ნალიაა ასაწყობი, იქ თივაა ჩამოსატანი, აქეთ - სახურავი ჩამოენგრათო, იქით - ღობე მოერღვათო. -გაიხედავდი და ვაჟიკოს ხელი დაემჩნეოდა უკვე ყველაფერს.
უყვარდა სოფელს კიტრა. ამ „კიტრა“-საც ისეთი სითბოთი ეძახდნენ, იმოდენა სიყვარულს ჩაუქსოვდნენ შიგნით, თითქოს, კიტრას კიარა - რაიმე სხვას  ეუბნებოდნენ, უფრო სანუკვარს, უფრო სასურველს რომ გამოხატავს.
ნამდვილად უყვარდა სოფელს კიტრა. იმ მშიშარა ვერონიკასაც შეუყვარდებოდა, ალბათ,  ნოეს ხნის რომ მოყრილიყო და არ წაეყვანა უფალს.
მაგრამ, დუნიაჰის მეტი პატივისცემა ჰქონდათ და რიდი. ნასწავლი კაციაო. პირველ ზაფხულს ჩამოსულს თუ უბრალო ბაფთა გაეკრა ყელთან, მომდევნო ჩამოსვლაზე ბაფთა - მოკლე ჰალსტუხად იქცა, მერე უფრო დაგრძელდა, მერე კიდევ უფრო და მაინც გაძვალტყავებულს - სასწაულებრივად ოდნავ მოზრდილ ღიპზე გადმოეფინა სულაც. ჰალსტუხის სიგრძის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა პატივისცემა თანასოფლელებისგან.
  ამას რაც უნახავსო. ამას რაც უსწავლიაო. ტვინს რომ ღონე ჰქონდეს- კიტრასაც კი გადუწევდა ხელსო. ამან უნდა გვასახელოსო. ამის მუზეუმი დაიდგმება ჩვენს სოფელშიო. ამან უნდა აგვაშენოსო. ამის ჭკვამ უნდა დაგვაბრძენოსო, ყველა ერთად.
  დუნიაჰს კიდევ, სულ არ უყვარდა ჩამოსვლა. ენატრებოდა აქაურობა, განა არა. სახლი. ხანდაზმული მშობლები. თავისი ოთახი. თავისი ღიმილი ყველაფერ ძველის გახსენებისას.
არ უყვარდა ჩამოსვლა, მარტო იმიტომ, რომ ვერ გაებედა და ვერ ეთქვა -  მერამდენედ გამორიცხეს ინსტიტუტიდან;  რომ უკვე მეშვიდე წელია პირველკურსელებს თმაშეთხელებული, კოსტუმ-ჰალსტუხიანი დუნიაჰი - პროფესორი ჰგონიათ; რომ ხშირად ატყუებს და სემესტრის ბოლოს -ჩათვლის წიგნაკებში მედიდურად უწერს -  „ჩაეთვალა“  დოცენტი: გოზალიშვილი; რომ ხან რას ჩაიდენს და ხან რას მოიმოქმედებს - ისევ მესამე კურსზე რომ აღადგინონ. ერთხელ, მესამედ თუ მეოთხედ ინსტიტუტიდან გამორიცხულმა  მანიფესტაციაც მოაწყო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეზარხოშებულმა, რესტორნიდან გამოიყოლა მთვრალი ქალაქელები და ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვეს რაღაც ისეთი, მთავრობასაც რომ ეამა, უბრალო ხალხსაც და იამაყა სრულიად ერმა. ინსტიტუში მივიდა დელეგაცია- უნდა ვნახოთ სად აღიზარდა ასეთი სტუდენტიო. აღადგინეს. რაღას იზამდნენ.
აქ ჩამოდის და - ყველას ამის რიდი აქვს. ყველა თვალებში შესციცინებს. იქ თუ დაურიდებლად მიმართავს ყოველგვარ ღონეს და ხერხს სასურველის მისაღწევად -აქ სინდისი ეღვიძება. აწუხებს. ერიდება. ვაჟიკოსთან შეხვედრაც კი არ უყვარს. მზერას არიდებს. ძველი, კეთილი მეგობრობის ხათრით. იმ ძველის და კეთილის დაკარგვა არ უნდა. არადა, ხომ შეიძლება კიტრამაც იფიქროს -დიდი კაცი გახდა და აღარ მკადრულობსო. მაინც, ურჩევნია ეგრე იფიქროს და არ იცოდეს სიმართლე.
კიტრას კიდევ, იმიტომ არ უყვარს დუნიაჰის ნახვა, რომ თუ წამით  მაინც დაიჭირა იმისი მზერა - მაშინათვე გრძნობს, მის თავს ყველაფერი რიგზე არ არის, დარდი აქვს, რაღაც ჭამს და ღრღნის და არ ამხელსო. სწყინდა, რომ მეგობარი არ გაენდო. ერთხელაც არ დასცდა საწუხარი. ერთხელაც კი არ უმეგობრა. რა გაეწყობა თუ მომიშორა, თუ ასე უფრო სჭირდებაო დუნიაჰს - შეეგუა. თვითონაც, გაერიდა. თვითონაც მიდიოდა საძოვარში, თუ დუნიაჰი უბრუნდებოდა სოფელს დროებით.

  მერე... გზები გაიხსნა. გაკეთდა. ჯერ რაიონის ცენტრს დააკავშირა მათი სოფელი. იქიდან - დედაქალაქამდე ჩასვლას ხომ სულ აღარაფერი უნდოდა. მიდიოდნენ სოფლიდან ახალგაზრდები. ზოგი ბრუნდებოდა, უფრო მეტი- აღარ. აღარც ჰალსტუხების სიგრძით იზომებოდა პატივისცემა. დუნიაჰიც აღარ იყო ერთადერთი, ვინც... უფრო მეტიც, დუნიაჰის მუზეუმი კიარა, მისი მორღვეული სახლიც შეიძლება ვერ გაეხსენებინათ. მშობლები დაეხოცა. თვითონ ფეხი ამოიკვეთა. ვაჟიკო თუ დახედავდა ზაფხულობით ეზოს და მუხლამდე მომდგარ ბალახს  თიბავდა. გველმა არ ისახლოსო მოუვლელში.
მათ შორის დამკვიდრებულმა სიჩუმემ კი, ჩვეული, „ასეც უნდა იყოს“ სახე მიიღო და არც მოუსაკლისიათ ერთმანეთი.
კიტრას ოჯახი ჰყავდა. დუნიაჰი ასე დარჩა, ბერბიჭად.
კიტრა სოფლის ჰაერით სუნთქავდა. იმის ჯანით ივსებოდა. ორღობის ჩეროს ეფარებოდა.
დუნიაჰმა ქალაქის მტვერს ანაცვალა ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. იმის ხმაურს მიაჩვია ყური.  მშობლებიც კი იქვე დააკრძალინა, თავისთან ახლოს. აღარაფერი უხმობდა. აღარაფერი ახედებდა უკან, სოფლისკენ.


* * *
საბრალო ვერონიკა. „ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ყველა მოინელაო“-იტყოდნენ იმსოფლელები. „მაგ ხნის ყვავიც არ ახსოვს იმ ბაღჩას, სადაც შენ დაიბადეო“- შეეხუმრებოდნენ კიტრას სულგულაძეების ჩეროში საფლავზე ჩამომჯდარს თუ გადააწყდებოდნენ.  ვაჟიკო უვლიდა ჯერ კიდევ ცოცხალს, ხან თვითონ გახედავდა, ხან რომელიმე შვილს მიუგზავნიდა. მაინც ვერ გაუნელდა ვერონიკას კიტრას მიმართ შიში. მაინც აზრით პირჯვარს იწერდა იმის დანახვისას.
რომ მოკვდა, თავისი ხელით გაუთხარა სამარე ვაჟიკომ.  მისსავე ეზოში. იმ ხეების ჩრდილში,სადაც ბავშვობიდან იჯდა ქალი და გზას გაჰყურებდა.  ამის მერეც ხშირად ამოდიოდა. იჯდა, ფიქრობდა და ისიც დააცქერდებოდა შარას.
თვიდანვე შენიშნა თეთრლაბადიანი. გულმა იცნო. შავი თვალები მოუცრემლიანა. ჭაღარა წარბებს ქვემოდან ააყოლა მზერა აღმა მიმავალს. არ ჩამოსძახა. დააცადა სოფელთან მისალმება დიდი ხნის უნახავს. კიდევ ერთხელ ჩასწყდა გულში რაღაც მის სახლთან აჩქარებით ავლილს რომ უყურებდა. მერე, ბალახებს რომ ებრძოდა თეთრი რაინდივით- იმ სანახაობამ შეაღიმილიანა. მერე სკამზე ჩამომჯდარს უყურა ერთხანს და უცბად მოსწყდა ადგილს. ოღონდ, იმის სახლისკენ კი არ დაეშვა - დაღმა ჩაუყვა, სამხრეთ მხარეს, ჭაობებისკენ.


* * *
  ბევრი მაინც არაფერი შეცვალა წლებმა და გზებმა სოფელში. ისევ ის გზა უნდა ამოევლო მომსვლელს, რაც თავის დროზე ტუდიფმა ამოიარა მოსასხამის ჩხარუნით. ისევ სურგულაძეების ფერდობის გადმოსახედიდანვე შეამჩნევდი მომავალს. ისევ ისე ასდიოდა ზაფხულობით ალმური შარას.
ოდესღაც სოფლიდან წასული ოდესმე დაბრუნებას თუ მოინდომებდა - ფეხი თავისით მოიყვანდა ძველებურად ნაცნობ ამ გზაზე.
  ამოჰყვა და ამოიარა. თხელი,საზაფხულო ლაბადა ეცვა. თეთრი. სვენებ-სვენებით ამოადგა სოფლის შესასვლელს. მხრებს სიმძიმე ჩამოეხსნა თითქოს. ისე იგრძნო, თორემ, ბეჭებში ისევ მოხრილი დარჩა. ღობეს ჩაუყვა, სულ ბოლომდე. კაკალს რომ გაუსწორდა, ქურდული მზერა შეავლო ვაჟიკოს სახლს და იმ ფანჯარას, სარკით მზის სხივებს რომ უმიზნებდა ოდესღაც.
რამდენადაც შეეძლო მოხუცს და დაღლილს - ნაბიჯს აუჩქარა და თავისი სახლისკენ შეუხვია.
  ჭიშკარი ადგილზეა. შეაღო. შეაბიჯა. სახლის კედლის ბზარებში ამოჩრილ ბალახს წაეტანა დუნიაჰი. ამოგლიჯა.“ დღეიდან მე ვარო მასპინძელი, ისევ, თქვენ ვეღარ იცხოვრებთო აქ“ - ფიქრით უთხრა. მეორე ბზართან გადაინაცვლა. იქაც იგივე. მერე, სახლთან მისასვლელ ბილიკს მოაწმინდა სარეველას ნადები. მერე, ჭის კოჭს მოუსინჯა ხელი. ტრიალებსო თუ მოიჟანგა? მერე ხან ღობეს მიაწყდა, ხან მარანის ნანგრევებს. ყველა კუთხე მოირა, ყველა კუნჭული. სახლში შესვლა კი ვერ გაბედა. ეზოს ხის სკამზე ჩამოესვენა, ხის მაგიდასთან. იჯდა და მსხვილ ცრემლებს ყლაპავდა. ცალი ხელით ჰალსტუხის ყულფს მოუშვა. სუნთქვა მოუხშირდა. დამძიმებული ხელები დაასვენა მუხლის თავებზე. იჯდა წლობით დასწავლილ და მიჩვეულ სიჩუმეში. წლობით დასწავლილ, მიუჩვეველ მარტოობაში.
ჭიანჭველები მიათრევდნენ შემთხვევით ამის ფეხქვეშ გასრესილი ხოჭოს შავ სხეულს. - ბავშვური ცნობისწადილით აკვირდებოდა ამათ ფუსფუსს, მათ მონდომებას. აღარც დროსი ესმოდა რამე, აღარც სივრცის. მთელი სიმძიმით დააწვა ბავშვობის სიმსუბუქე.
მაშინდელი მოგონებები.
მთელის სიცხარით ამოუწვა ცრემლმა თვალები. აუჭრა და გაუბევრა კადრი მოზაიკასავით.
გაუბევრდა ჭიანჭველა თვალშიც და სხეულშიც.
გაუასდა შავი ხოჭო თვალშიც და გულშიც.
აღარაფერი ესმოდა ერთხანს.
მერე, ნელ-ნელა მოუახლოვდა რეზინის სველი ჩექმების ჭყაპა-ჭყუპი. მოზაიკა გამოარღვიეს ფეხებმა.  მის წინ გაჩერდნენ ტალახიანი ჩექმები და ... მაგიდაზე ფრთხილად დაუდგეს ქილა ... სავსე ... თავკომბალებით.
* * *
„მიწას შესვენებულო, მუდამმთრთოლვარე ვერონიკა სულგულაძევ,
ლეგენდების და ზღაპრების გუდავ,  მოჩვენებების მასპინძელო,
დიდის სიხარულით გატყობინებთ, რომ ბაღჩაში დაბადებულმა ვაჟიკია სირაბიძე კიტრამ - არც სოფელი, არც თქვენი უპატრონო საფლავი არ მიატოვა, საკურთხი და მოხსენიება არ მოგაკლოთ და ქვეყანა, ანუ, დუნიაჰი გადაარჩინა.
ტყუილად გეშინოდათ მისი.
ტყუილად არ უთხარით მადლობა.
მისი წყალობით, თქვენ არ განეკუთვნებით უსაკურთხო მკვდრების რიცხვს, ამიტომ, გეკრძალებათ სხვა მოჩვენებებივით დედამიწაზე ხეტიალი და ადამიანების შეშინება.
მუდამ თქვენი :
            ტუდიფი“



 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები