ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2015


ფერადი აპერიტივი

ფერადი აპერიტივი*


ბუნებას ათასგვარი თეორიით ვუდგებით, ის კი ყველა მათგანს უკუაგდებს
                                                                                            პიერ ოგიუსტ რენუარი.

                                         
                                        ბროკენის ლანდი** და ედელვაისი

ფრანკო ნერი სტუდენტობის პერიოდში მთამსვლელობით იყო გატაცებული და თუმცა ევერესტი არ დაუპყრია, სამაგიეროდ: მონბლანის, მონტეროზას და მატერჰორნის მწვერვალები დალაშქრული ჰქონდა.
ერთხელ, როდესაც მთაში იმყოფებოდა, ცისარტყელათი გარშემორტყმული მოჩვენების მსგავსი ადამიანის სილუეტი შენიშნა. ეს სილუეტი, სინამდვილეში, მისი ჩრდილი იყო, რომელიც ღრუბლის მოლეკულებს ეცემოდა, ხოლო ღრუბელში შემავალი წყლის წვეთები მზის სინათლეს პაწაწინა ცისარტყელებად შლიდა და მის ლანდს ნაირფერ შარავანდედად ასხივოსნებდა.
ფრანკომ უიშვიათესი სანახაობა იხილა... ერთხანს განცვიფრებული იდგა, მერე გვერდზე გაიხედა და ედელვაისი შენიშნა.
_ რა საოცარია და ლამაზი ეს სამყარო, ვინ ჩაწვდება მის საიდუმლოებას? _ გაუელვა ფიქრმა.

                                                 

                                            პატარა მწყემსის ოცნება

როცა ეოსი ნათელს მოფენს ტყეებს და ველებს,
ზურგქარს აჩუქებს ამფიტრიტე აფროსან გემებს,
გადაუფრენენ თოლიები გემებს და ნავებს,
პატარა მწყემსი მინდვრად გარეკავს თხების თეთრ არვეს.
როცა მგლისფერი გადაეკვრება ნამგლისებრ მთვარეს,
პატარა მწყემსი ჩუმად ჩაუვლის ცხენების თავლებს,
თეთრ რაშს მიაპყრობს მრავლისმეტყველ უზაკველ თვალებს
და გაუყვება მისთვის ნაცნობ ქარვისფერ ჭალებს.
შინ დაბრუნდება, სახლის სარკმლიდან გახედავს გორებს,
შემდეგ სიზმარში ნახავს თეთრ რაშს და ჯიხვის ფოთრებს,
გარეთ ქარბუქი ხეებს გააცლის ოქროსფერ ფოთლებს
და ხამარი ვიეხაში გამოცლის ბოთლებს.
ღამე დადგება, ალბათ, მალე წვიმაც წამოვა,
ირიჟრაჟებს, გამოიდარებს, მზე ამოვა,
მზე ცას მოსწყდება, დაეშვება, ზღვაში ჩამოვა,
ზღვა გათბება, ღრუბლებიდან კი მთვარე გამოვა.

თამადის ლექსი


                                                  ტონი ნერი

ტონი ნერი კუნძულ სიცილიის უკიდურესი დასავლეთ ნაწილის, ტრაპანის პროვინციის ამავე სახელწოდების ქალაქში იზრდებოდა და ათი წლიდან უკვე თხებს დაატარებდა საბალახოდ. საძოვრებიდან, სადაც დღის დიდ ნაწილს ატარებდა, ზღვა მოჩანდა. მისი ფიქრებიც ზღვის ირგვლივ ტრიალებდა _ ოცნებობდა გემის კაპიტანი გამოსულიყო და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ემოგზაურა.
ტონის მამას ვენახი ჰქონდა. პატარა მწყემსიც, როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, თამაშის ან დასვენების მაგივრად, მამას ეხმარებოდა ვენახის მოვლაში. განსაკუთრებით ყურძნის კრეფა-დაწურვის პროცესი უყვარდა.
ერთხელ ტონის დაესიზმრა, თითქოს თავისი სახლიდან, დაახლოებით ერთი კილომეტრით დაცილებული თავლის წინ მინდვრად გამოსულ თეთრ რაშზე ამხედრებულიყო, უკან თავისი გულისსწორი კლაუდია შემოესვა და თავი ამაყად ეჭირა, როდესაც გამვლელ-გამომვლელთა მზერა მის თვალებს მისწვდებოდა ხოლმე.
დილით გამოეღვიძა და გული დასწყდა, რაკი ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდა. იმ დღიდან მისი ფიქრები ზღვის ნაცვლად უვკე თეთრ რაშს დასტრიალებდა. ამის შემდეგ ის სიზმარში ხშირად ხედავდა თეთრონს...
წლები წლებს მისდევდნენ და როდესაც ტონის ცხრამეტი წელი შეუსრულდა, ისევე, როგორც მისმა მრავალმა თანამემამულემ, ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა.
1913 წლის ადრიანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ტონი ნერიმ კურსი ნიუ-იორკისკენ აიღო, გემით ატლანტის ოკეანე გადალახა და ამერიკაში ჩავიდა. სამშობლოდან წამოღებული სამი ბოთლი, რომელშიც მის მიერ დაყენებული სიცილიური ღვინო მარსალა ესხა, _ ტონიმ გემზე მყოფ სხვა სიცილიელებთან ერთად გამოცალა.
ჩასვლისთანავე ნიუ-იორკის პორტში მტვირთავად დაიწყო მუშაობა, _ ერთ წელში კი ევროპაში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.
მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე იტალიიდან, განსაკუთრებით კი სიცილიიდან ბევრი წავიდა ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. მათი დიდი ნაწილი სრულიად გაუნათლებელი _ წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ისინი ამერიკის სხვადასხვა ქალაქების ერთ უბანში სახლდებოდნენ, ცხოვრობდნენ ღარიბად და დამნაშავეობის ჭაობში ეფლობოდნენ.
ფეხის ხმას ტონიც აჰყვა და მართალია, ნიუ-იორკის პორტში მტვირთავად რამდენიმე წელი იმუშავა, სამსახურზე გული მაინც აიცრუა და ოთხკაციანი ბანდა ჩამოაყალიბა. მათთან ერთად ათამდე სახლი გატეხა და ცოტაოდენი ფულიც მოაგროვა. რაც მთავარია, პოლიციელებს ერთხელაც არ ჩავარდნია ხელში.
ცოტა ხანში იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთმა გავლენიანმა დონმა შეამჩნია და სამსახურში აიყვანა. ორიოდ დღეში ამერიკაში მშრალი კანონიც ამოქმედდა. როგორც ალკოჰოლიანი სასმელების კარგი მცოდნე, _ დონმა ის სპირტიანი სასმელების არალეგალური სახდელის უფროსად დანიშნა და მაღალი გასამრჯელოც დაუნიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ სროლაც კარგად ემარჯვებოდა, ბუნებით მშვიდობისმოყვარე ტონის განგსტერობა მაინცდამაინც არ ხიბლავდა, _ ის კმაყოფილი იყო რასაც აკეთებდა...
ტონიმ საკმაო კაპიტალი დააგროვა, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს _ 1933 წელს მშრალი კანონი გაუქმდა. ამ მოვლენიდან რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში მაფიოზებს შორის სიტუაცია მეტისმეტად დაიძაბა, _ ზოგი ლეგალური საწარმოების ჩამოყალიბების მომხრე იყო, ზოგს კი, მათ შორის ტონის ბოსს, რომლის ძირითად საქმიანობას რეკეტი, აზარტული თამაშები და მშრალი კანონის პირობებში ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაცია წარმოადგენდა, მაფიის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგებოდა.
მალე შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ამ კონფლიქტმა დონი იმსხვერპლა _ ის ქუჩაში, საკუთარ სახლთან ახლოს თავის ორ მცველთან ერთად დაცხრილეს.
ამ მკვლელობიდან დაახლოებით ერთ თვეში ტონიმ მოახერხა და ამერიკა მიატოვა _ იტალიაში დაბრუნდა, მაგრამ მშობლიურ ტრაპანიში ცხოვრება აღარ ისურვა და ქალაქ ბრინდიზში დასახლდა. დაგროვილი ფულით სახლი და ვენახი იყიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი პატარა ღვინის საწარმოც აამუშავა, მერე ოჯახი შექმნა, _ ცოლად თავისზე ექვსი წლით უმცროსი მონიკა სენტიმენტი შეირთო, რომელიც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. მალე მათ ტყუპი ქალ-ვაჟი _ ბრუნო და მარია ეყოლათ.
ტონის საქმე სულ უფრო წინ მიიწევდა. ის, მართალია, გამჭრიახი და მშრომელი კაცი იყო, მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იღბალიც თან სდევდა. ამერიკაშიც ბევრჯერ გაუღიმა ბედმა, _ არც იტალიაში და სხვაგან უქცევია მისთვის ფორტუნას ზურგი.
იმ დღიდან, რაც პირველად ჩამოისხა ღვინო “ტონი ნერის” სახელწოდებით, სამი წელი იყო გასული და ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ტონი ნერის სამარკო ღვინომ, რომელიც აპერიტივს განეკუთვნებოდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.
ტონის ალკოჰოლიანი სასმელების ქარხანაში მაღალი თანამდებობაც შესთავაზეს და კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის პირობით ეს ქარხანა, ხუთი წლის განმავლობაში, ტონი ნერის სამარკო ღვინოებს გამოუშვებდა, რისთვისაც ყოველწლიურად მას საკამოდ დიდ თანხას გადაუხდიდნენ.
ტონიმ ბრინდიზში თავისი პატარა ღვინის საწარმო გაყიდა, ოჯახით საცხოვრებლად ჩილეში გაემგზავრა და ერთ წელიწადში ევროპაში მეორე მსოფლიო ომიც გაჩაღდა.
ტონიმ მაინც აისრულა ბავშვობის დროინდელი ოცნება და ჩილედან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანდალუსიური*** ჯიშის თეთრი ცხენი იყიდა. ცხენს პიზანელო დაარქვა.
                                                           
                                                                 

                                                      ფრანკო ნერი

და აი, გათენდა! მზემ თავისი მცხუნვარე სხივებით ნათელი მოფინა იტალიის მშვენიერ მხარეს _ აპულიას. ამ რეგიონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს სალენტინის ნახევარკუნძულს უწოდებენ, რომელიც ჩექმის ფორმის იტალიის ქუსლს წარმოადგენს. სალენტინის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვის პირას მდებარეობს ქალაქი ბრინდიზი. იტალიურად ბრინდიზი სადღეგრძელოს ნიშნავს და ამ სახელწოდების შინაარსობრივი დატვირთვა სრულ ჰარმონიაშია სინამდვილესთან _ აპულია ხომ განთქმულია მეღვინეობით.
როგორც ვთქვი, გათენდა. მზემ სხივები ბრინდიზის მკვიდრის, ფრანკო ნერის საძინებელი ოთახის სარკმელსაც სტყორცნა... ფრანკოს გამოეღვიძა, საწოლიდან წამოდგა, მაგიდასთან მივიდა და წერა დაიწყო. ცოტა ხანში შიმშილმა შეაწუხა, თუმც კუჭმა ვერ გადაწონა წერის სურვილი და მაინც მშიერმა განაგრძო ჯიუტად მუშაობა. ორიოდე საათში დაასრულა ერთი კვირის წინ დაწყებული მარათონი, _ კომპანია “ტონი ნერის” ჩამოსხმული გრაპა**** დაისხა ჭიქაში _ ორ სიტყვიანი სადღეგრძელო თქვა: საქართველოს გაუმარჯოს!!! _ და სასმელი გადაკრა. ამ რიტუალით დალოცა საქართველო და თავისი ნაშრომი, რომელიც ათ დღეში დაიბეჭდა ჟურნალ „ტონი ნერის“ ფურცლებზე სახელწოდებით _ ,,ფერადი აპერიტივი''.
ეს ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა, მისი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ფრანკო ნერი გახლდათ და განსაკუთრებული პოპულარობით აპულიასა და აპულიას მეზობელ სამხრეთ იტალიის რეგიონებში: მოლიზეში, კამპანიაში, ბაზილიკატასა და კუნძულ სიცილიაზე სარგებლობდა.
ფრანკოს ოჯახში ჰყავდა დედა _ ორნელა ბერტოლინი, მამა _ ჯოვანი, ორი წლით უფროსი ძმა _ მატეო, რომელიც ცოლშვილიანი იყო და პაპა მამის მხრიდან _ ბრუნო ნერი. მატეოს ჰყავდა ულამაზესი მეუღლე _ ილარი და ექვსი წლის ტყუპი ქალ-ვაჟი _ კონსტანცა და პიეტრო.
ფრანკოს ძმა მამასთან ერთად მართავდა კომპანია ტონი ნერის და საკამოდ წარმატებითაც. მათი ბიზნესი დღითიდღე წინ მიიწევდა, _ ნერის ოჯახის ჩამოსხმულ ღვინოებზე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მომხმარებელთა მოთხოვნა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ოჯახურ ბიზნესში ფრანკოც იყო ჩაბმული _ მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი რედაქტორიც ბრძანდებოდა ჟურნალისა, რომლის ძირითად თემას ღვინო წარმოადგენდა, თუმცაღა მრავალნაირი ისტორიული ჟანრის მასალაც მოიძიებოდა და რაღა თქმა უნდა, საკუთარი ფირმის რეკლამირებასაც ისახავდა მიზნად. ჟურნალმა განსაკუთრებით ბოლოდროინდელ წარმატებებში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი.
ერთი სიტყვით, ფრანკო შეძლებული ადამიანი იყო, _ ცხოვრობდა მარტო, ორი წლის წინ შეძენილ სამსართულიან ვილაში და მაინცდამაინც ცოლის მოყვანასაც არ ჩქარობდა, თუმცა რჩეული უკვე ჰყავდა, _ თავის მომავალ ცხოვრებასაც ფიქრებში სოფია ტრიჩელასთან ერთად წარმოიდგენდა ხოლმე. სოფია ფრანკოზე ოთხი წლით უმცროსი, ოცდარვა წლის, საშუალო სიმაღლის გოგო იყო, რომლის სახეც სამხრეთ იტალიურ ტემპერამენტს ასხივებდა და თავის დროზე თავისი ეშხიანობით მონუსხა კიდეც ამ ამბის მთავარი გმირი.
ფრანკო, მამისგან, ძმისგან და მოხუცი პაპისგან განსხვავებით, დიპლომიანი ენოლოგი***** არ ყოფილა. ფრანკოს პაპამ, თავისი ასაკის გამო, კომპანია “ტონი ნერის” მართვის სადავეები ამ რამდენიმე წლის წინ მთლიანად შვილს, _ ჯოვანის გადააბარა და ახალ სამსახურად თავისი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული შვილიშვილის მასწავლებლობა დაისახა. გულმოდგინე მეცადინეობების შედეგად ფრანკო კარგად გათვითცნობიერდა მეღვინეობის საკითხებში და ცოტა ხანში მისი დარი ჭაშნაგირი მთელს აპულიაში სანთლით საძებნელი იყო. დიპლომიანი ენოლოგი არც ტონი ნერი ყოფილა, _ კაცი, რომელმაც თავის დროზე უდიდესი შრომის შედეგად დააარსა პატარა ღვინის საწარმო. ტონი ფრანკოს დიდი პაპა იყო.
ფრანკოს იმჟამინდელ საქმიანობასთან შედარებით, სრულიად განსხვავებული პროფესია ჰქონდა _ ლოზანის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ ერთხანს სამეცნიერო-კრიმინალისტიკური სამსახურის აგენტად მუშაობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ამ საქმით გადაიღალა და პროფილის შეცვლა განიზრახა. ის ხუთ ენაზე საუბრობდა, _ მშობლიური იტალიურის გარდა ფლობდა: ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს და მოგვიანებით ქართული ენის შესწავლაც არ გასჭირვებია. ფრანკოს უყვარდა მხატვრობა და წიგნების კითხვა. გამორჩეულად მოსწონდა ბაროკოს პერიოდის მხატვრები: იტალიელი კარავაჯო, ჰოლანდიელი რემბრანდტი და ფლანდრიელი რუბენსი, ხოლო რაც შეეხება ესპანელი დიეგო ველასკესის სურათს _ ,,ვენერა სარკის წინ'' _ საუკეთესოდ მიიჩნევდა და შიშველ ვენერას ქალის სილამაზის ეტალონად აღიქვამდა. ვენერას სარკეში არეკლილ სახეს, თავისი შეყვარებულის სოფია ტრიჩელას სახესაც კი ამსგავსებდა.
მწერლებიდან გერმანელ ერიხ მარია რემარკს, ამერიკელ ედგარ ალან პოს, რუს ლევ ტოლსტოის და იტალიური წარმოშობის ამერიკელ მარიო პიუზოს ანიჭებდა უპირატესობას. ბავშვობიდან გამორჩეულად მოსწონდა, _ ედგარ ალან პოს დეტექტიური ჟანრის მოთხრობების პერსონაჟი, განსაკუთრებული ანალიტიკური აზროვნების ნიჭით დაჯილდოებული შევალიე შ. ოგიუსტ დიუპენი. წიგნებიდან პიუზოს ნათლიას გამოარჩევდა და ისევე როგორც სოფიას შემთხვევაში, ამ წიგნის ერთ-ერთ მთავარ გმირს ვიტო კორლეონეს ხასიათით თავის პაპას ბრუნოს ამსგავსებდა. მართლაც ბრუნო ნერის ჰქონდა რაღაც ისეთი პიროვნული მომხიბვლელობა, _ საუბრის წარმართვის და მოვლენების ანალიზის ისეთი განსაკუთრებული უნარი, როგორც ნათლია კორლეონეს. აკი ის 1967 წლიდან მოყოლებული მთელი ორმოცი წელი ღირსეულად უძღვებოდა ქალაქ ბრინდიზში მამამისის მიერ ხელმეორედ დაარსებულ ღვინის უკვე დიდ საწარმოს, _ “ტონი ნერის”.

                                                             

                                                    საქართველო

ფრანკო სამზარეულოში კაკლის ხისაგან დამზადებულ მაგიდასთან იჯდა, დედის მომზადებულ ტირამისუს კაპუჩინოს აყოლებდა, შემეცნებითი ხასიათის ლამაზად ილუსტრირებულ ახალ ჟურნალს ფურცლავდა და სოფიას მოსვლას ელოდებოდა. ჟურნალის ერთ-ერთ გვერდზე ფრანკომ წაიკითხა, რომ საქართველოს ძველ ნაქალაქარ დმანისში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ევრაზიაში ყველაზე ძველი ადამიანის ძვლები. ის ამის შემდეგ დაინტერესდა საქართველოთი, სხვა ისტორიული ცნობებიც მოიძია და ბევრი რამ შეიტყო ამ ქვეყანაზე. მისი ინტერესი განსაკუთრებით გააძლიერა შემდეგი სახის ისტორიულმა ფაქტებმა:
_ ელიოზ მცხეთელმა და გაიოზ კარსნელმა, რომლებიც ეროვნებით ებრაელები იყვნენ, ჯვარცმული ქრისტეს კვართი პალესტინიდან საქართველოს მაშინდელ სატახტო ქალაქში, _ მცხეთაში ჩაიტანეს. ელიოზის დამ სიდონიამ გულში ჩაიკრა მაცხოვრის კვართი და გარდაიცვალა. ამ ადგილას სვეტიცხოველის ტაძარია აღმართული.
_ მას შემდეგ რაც ქრისტე აღსდგა და ზეცად ამაღლდა, ღვთისმშობელმა მარიამმა და ქრისტეს მოციქულებმა წილ იგდეს საქართველოს გაქრისტიანება. საქართველო წილად ხვდა ღვთისმშობელს.
_ ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელზე საქართველოში დაახლოებით 365 ეკლესიაა აშენებული.
_ მეხუთე საუკუნეში მსოფლიოში მოქმედებდა მხოლოდ ექვსი დამოუკიდებელი ეკლესია: რომის, კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, იერუსალიმის და ქართული.
_ დღესდღეობით მოქმედი სამი ათასზე მეტი ენიდან მხოლოდ თოთხმეტს გააჩნია საკუთარი დამწერლობა და ამ თოთხმეტი დამწერლობიდან მხოლოდ ქართული ანბანია დამოუკიდებლად შექმნილი.
_ ქართველებს მრავალ ბრძოლებს შორის მოგებული აქვთ დიდგორის ბრძოლა. _ 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე გაერთიანებული მუსლიმანური სამყაროს სამას ათასიან ლაშქარს ორმოცდათხუთმეტი ათასმა უმამაცესმა მებრძოლმა, დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის სარდლობით, მუსრი გაავლო.
_ საქართველო კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ერთ-ერთი ძირითადი კერაა და ამ ქვეყანაში აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, ძვ-წ.VII-VI ათასწლეულებს განეკუთვნება.
_ ქართველთა განმანათლებელმა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ ჯვარი ვაზისაგან გააკეთა (ასეთი ჯვარი ქართველებში შორეული წარსულიდან იყო მიღებული და აღსანიშნავია, რომ სხვა ქრისტიან ხალხს ვაზის ჯვარი არ ჰქონდათ).
***
ფრანკომ კიდევ ბევრი რამ გაიგო ამ საინტერესო ქვეყნის შესახებ და მეტისმეტად მოიხიბლა საქართველოთი. გადაწყვიტა ქართული ესწავლა, წასულიყო ამ დიდი სიწმინდის და ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაში, თავისი თვალით ეხილა ის საოცრება, რაც მხოლოდ წაეკითხა და გაეგონა და თავის ჟურნალში აღეწერა განცდილი შთაბეჭდილებები.
ახალგაზრდა მხატვარი, ფრანკოს მეგობარი ჯუზეპე იცნობდა ერთ ქართველ მხატვარს ნიკოლოზ ფერაძეს, რომელიც აგერ, უკვე მეხუთე წელი სრულდებოდა, რაც ოჯახით ბრინდიზში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იტალიურად მშვენიერი მოუბარიც იყო და მას შეეძლო, ფრანკოს ქართული ენის ათვისების საქმეში ეთამაშა გადამწყვეტი როლი.
ჯუზეპემ ნიკოლოზი თავის მეგობარს გააცნო და თითქმის ერთწლიანი გულმოდგინე მეცადინეობების შემდეგ ფრანკო თავისუფლად წერდა, კითხულობდა და ლაპარაკობდა ქართულად. ეს არც იყო გასაკვირი, იგი ხომ უცხო ენების ათვისების საუცხოო უნარს ფლობდა.
და აი დადგა ეგზოტიკური მოგზაურობის ჟამიც. ფრანკომ, მადლობის ნიშნად, ნიკოლოზს ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი ბაჯაღლო ოქროს საათი აჩუქა, დაემშვიდობა და თავის მეგობარ ჯუზეპესთან ერთად გეზი საქართველოსკენ აიღო, _ ქათქათა ავიალაინერი თეთრ თოლიასებრ ნარნარი ფრენით დაეშვა საქართველოს დედაქალაქის, თბილისის აეროპორტში.
                                           
                                                       

                                          ნაწყვეტი ფერადი აპერიტივიდან

მე და ჯუზეპე ძველ თბილისში, პატარა ლამაზ სასტუმროში დავბინავდით. ძველ თბილისად ქალაქის ისტორიულ ნაწილს მოიხსენიებენ. ეს ქალაქი ღირსშესანიშნავი ადგილების სიმცირეს, რომ არ უჩივის, ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი ხდება მნახველისთვის.
მე და ჯუზეპემ ცოტა დავისვენეთ და საღამოს ქალაქის დასათვალიერებლად გავედით. სიარულით გული რომ ვიჯერეთ, ჩვენს სასტუმროსთან ახლოს მდებარე რესტორნისკენ გადავუხვიეთ. გამომგზავრებამდე ქართულ სამზარეულოს ინტერნეტით გავეცანით და რამდენიმე კერძის სახელწოდებაც კი დავიმახსოვრე.
რესტორანი აგურით იყო მოპირკეთებული, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და მთელი ტერიტორია ანტიკვარული ნივთებით გაეწყოთ. მე, როგორც ქართულად მოსაუბრემ, ჩვენი არჩევანი ოფიციანტს გავუზიარე და მალე მაგიდა ნაირნაირი კერძებით შეივსო. ოფიციანტმა ჯერ საფერავის ჯიშისაგან დამზადებული ღვინო _ მუკუზანი მოგვიტანა. ღვინოს შოთის პურები და ყველის ასორტი მოყვა, რომელიც სამი სახის: მეგრული სულგუნის, თუშური გუდის და იმერული ყველისგან შედგებოდა... შემდეგ მაგიდა მრავალგვარი ხორაგით ერთიმეორის მიყოლებით დამშვენდა: ნიგვზით შეზავებული კიტრისა და პამიდვრის სალათით, ტყემლის საწებლით, მეგრულად მომზადებული კუპატით, შამფურზე აგებული მწვადებით და აჭარული ხაჭაპურებით...
ჩვენს გვერდით ქართველები ქეიფობდნენ. უცებ მხიარული ყიჟინა შეწყდა, თამადამ, რომელსაც ღვინით სავსე ფიალა ეკავა ხელში, _ სახელოვანი ქართველი მეფის, თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის სადღეგრძელო წარმოთქვა ლექსად:                         


კოლხეთში დღესაც მიჰქრის თეთრონი
და უერთდება შავ ზღვას რიონი,
ალაზნის პირას ვაზი ყვავილობს,
კახეთს დაჰყურებს კავკასიონი.
მცხეთას ვილოცე სვეტიცხოველში,
დედაქალაქში მელის სიონი,
მეტეხთან ცხენზე ამხედრებული
დგას ვახტანგ მეფე _ სდუმს თალპიონი.
დურ აზ გორგასარ! _ მოერიდეთ თავსა მგლისასა!
გაჰყვიროდნენ ერთ დროს სპარსელნი
და იყო ბრძოლა, სისხლისღვრა, ომი...
მგლისთავა მეფე მუსრს ავლებდა ურიცხვ ლაშქარს და
ხმლით ჩეხავდა ურჯულოებს, ვითარცა ლომი.
დღესაც დაქრიან თეთრი რაშები,
დღესაც ჩვენა გვაქვს სამშობლო ვაზის,
საქართველოში კვლავ გაჩნდებიან
მსგავსნი გორგასლის და ფარნავაზის.


მეტეხის ეკლესიის წინ, მოედანზე, ცხენზე ამხედრებული გორგასლის ძეგლი, რომელიც მედიდურად გადაჰყურებს მდინარე მტკვარსა და ძველი თბილისის შესანიშნავ ხედებს, ჩვენი რესტორნის სარკმლიდანაც ჩანდა.
მაგიდაზე დახვავებულ ხორაგს ბოლომდე ვერ მოვერიეთ, მაგრამ გასინჯვით, ყველაფერი გავსინჯეთ. ქართული სამზარეულო ძალიან მოგვეწონა, თუმცა ბოლომდე ჭამა-სმა არც დაგვცალდა _ ჩვენს გვერდით მოქეიფე ქართველებმა გაიგეს, იტალიელები ვიყავით და თავიანთ სუფრასთან მიგვიპატიჟეს. მასპინძლებს შევატყვე, ესიამოვნათ ქართულად კარგად, რომ ვსაუბრობდი და უფრო გულითადად დაიწყეს ბაასი _ ამასობაში თამადას, როგორც შემდეგ გავარკვიე, ლიტრანახევრიანი ყანწი შეუვსეს. ის ფეხზე წამოდგა, დაგვლოცა მე და ჯუზეპე, ადღეგრძელა ჩვენი სამშობლო იტალია და ღვინო ბოლომდე გამოცალა. სუფრის დანარჩენმა წევრებმაც დაგვლოცეს და ყანწი რიგრიგობით დააცარიელეს... ჯერი ჩვენზე მიდგა, ცოტა არ იყოს, შევშფოთდით ამხელა სასმისის დანახვაზე, მაგრამ უკან აღარ დავიხიეთ, ქართველებს მივბაძეთ და რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ტიბაანით ყელი ჩავიკოკლოზინეთ.
რამდენიმე წუთში მერიქიფემ ჯიხვის რქის ყანწი ისევ ბოლომდე შეავსო და თამადას გაუწოდა. თამადა წამოდგა და თავის სამშობლო დალოცა. ეს სადღეგრძელოც ლექსად გამოთქვა:

სისხლით მორწყულო დიდგორის ველო,
ბაბილოვანო ვენახის ჩეროვ,
ლომებრ მდვრინავო ერო და ბერო,
ლეკვნო მგლისანო, მუხავ ბებერო,
ტკბილო ნექტარო _ წყაროვ მთისაო,
ფიჭვნარში მდგარო ოდავ ხისაო,
წმინდა ტაძრებო, ძეგლნო ქვისანო,
ჯიხვებო შვილნო სალი კლდისანო,
თეთრო თეთნულდო, თეთრად მნათობო,
მიწავ წყლიანო, დილავ, ცვრიანო,
ვეფხისტყაოსნის უკვდავო სიბრძნევ,
რუსთველის სიტყვავ, ენაწყლიანო,
შენ გადღეგრძელებ, ალმასისდარო,
მოოქროვილო, მხარევ მზიანო!

როდესაც აპლოდისმენტები მიწყნარდა, რომელსაც ჩვენც დიდი სიამოვნებით შევუერთდით, თამადამ ომახიანად დასჭექა _ საქართველოს გაუმარჯოს!!!
ყანწი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა, დანარჩენებმაც გამოცალეს. მე და ჯუზეპეს ფერი გვეცვალა, მაგრამ რა გაეწყობოდა? _ იგივე რომ არ მოგვემოქმედებინა, ჩვენგან აშკარად უპატივცემულობა გამოვიდოდა. ჯერი ჯუზეპეზე მიდგა _ მისი სადღეგრძელო გადავუთარგმნე ქართველებს და ჩემმა მეგობარმაც პატარა სასწაული მოახდინა _ ლიტრანახევარი ღვინო ისევ ერთი მოყუდებით გამოცალა. აღარ მახსოვს, როგორ აღმოჩნდა ღვინით დამძიმებული ყანწი ჩემს ხელებში. ღრმად ამოვისუნთქე, ძალა მოვიკრიფე და საქართველო ვადღეგრძელე... თავდაპირველად ავღნიშნე, რომ ჩვენ იტალიის ქალაქ ბრინდიზიდან ვიყავით _ ქალაქიდან, რომელსაც სახელად სადღეგრძელო ჰქვია, _ ღვთაებრივი სასმელი, ღვინო, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობი და ახლობელი რომ არის, ესეც აღვნიშნე. თამადას სრული გულწრფელობით ასე მივმართე:
_ მე, სადღეგრძელოში მცხოვრებ კაცს, დღემდე არ გამეგო ასეთი გულშიჩამწვდომი, შინაარსიანი, ლექსად ნათქვამი სადღეგრძელოები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. გავიგე როგორი ისტორიის, სიწმინდისა და სიძველის ქვეყანაა თქვენი სამშობლო, მაგრამ ერთი რამ დღეს აღმოვაჩინე!.. საქართველოს მთავარი ხიბლი, უპირველესად ყოვლისა, თქვენშია _ ხალხში, ქართველებში... დღეს მე თქვენთან ერთად ვარ და ისეთ შთაბეჭდილებას ვიღებ, როგორიც არსად განმიცდია, _ მაშ, გაუმარჯოს ამ ლამაზ ქვეყანას, თავისი ლამაზი ხალხით!!!
ყანწი მოვიყუდე და ჯერ ღვინო ბოლომდე გამოცლილი არ მქონდა, ქართველებმა ხალხური ჩაკრულო შემოსძახეს! სწორედ ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც „ნასამ“ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნა.
დასასრულს თამადამ თავისი ლექსთა კრებული გადმომცა და წიგნს ავტოგრაფად მიაწერა: „პატივისცემით ჩემს ახალშეძენილ იტალიელ მეგობარს _ ავტორისაგან“. _ წინადადების წერისას ამომხედა, თავის ავტოკალამზე მიმითითა და რადგან მასთან საუბარში უკვე ნახსენები მქონდა, ერთხანს სამეცნიერო-კრიმინალისტიკური სამსახურის აგენტად რომ ვმუშაობდი, ჩემ ძველ საქმიანობასთან დაკავშირებული ნაცნობი ტერმინოლოგიით მომმართა, _ ეს დნმ-იანი****** კალამიაო. უფრო გასაგებად რომ განვმარტო, კალმის რეზერვუარში, მელანთან ერთად, მისი ნერწყვიც იყო შერეული. საერთოდ, ზოგი ცნობილი ადამიანი დნმ-იან კალამს ხელმოწერის გაყალბების გამოსარიცხად იყენებს. თამადას გულითადი მადლობა გადავუხადე და მეგობრობის ნიშნად გადავეხვიე.

                                                         

                                                დრო ნავივით მიცურავს

გათენდა, მზე თავისი მცხუნვარე სხივებით კვლავ მოეალერსა იტალიის მშვენიერ მხარეს აპულიას და მის ლამაზ ქალაქს _ ბრინდიზს. ფრანკომ გაიღვიძა, მაგრამ კარგა ხანს ბურანიდან ვერ გამოერკვა. ძალიან უცნაური სიზმარი ნახა. დაესიზმრა საქართველოში გაცნობილი თამადა თითქოს მისი დიდი პაპა ტონი ნერი იყო და მან, რომელიც ისეთივე ფერადი შარავანდედით გარშემორტყმულიყო, როგორითაც მთაში ფრანკოს ლანდი იყო გარშემორტყმული, ესეთი წინადადებით მიმართა _ დრო ნავივით მიცურავს.
ფრანკოს რამდენიმე დღის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ეს სიზმარი და სულ რაღაც სამი სიტყვისგან შემდგარი ქარაგმული წინადადება. ერთ დღეს, როდესაც ის, ქართველი თამადის ლექსებს კითხულობდა, ყურადღება მიაქცია ლექსს, რომელსაც სათაურად ერქვა _ „პატარა მწყემსის ოცნება“. მას გაახსენდა პაპის _ ბრუნო ნერის ნაამბობი ტონი ნერის შესახებ, მათ შორის, ამბავი, უფრო სწორედ სიზმარი პატარა მწყემსისა, რომელმაც თეთრი რაში ნახა და ოცნების სრულ მშვენიერებას ჩასწვდა. მოგვიანებით, როცა მოაგონდა თამადის დნმ-იანი კალმით წიგნზე მიწერილი სამახსოვრო წარწერა, იმ სამსიტყვიან წინადადებასაც მოუძებნა ახსნა. მოკლე ფრაზამ _ „დრო ნავივით მიცურავს“ _ ფრანკოს გადააწყვეტინა თამადის და თავისი გენეტიკური ანაბეჭდი ერთმანეთისთვის შეედარებინა, ვინაიდან ამ წინადადების შემადგენელი სიტყვების აბრევიატურა დნმ-ად იშიფრებოდა.
ჰო-და განზრახვა აღასრულა და მოხდა სასწაული! მათი ანაბეჭდები ერთმანეთს დაემთხვა, არადა, ორი პირის გენეტიკური ანაბეჭდის დამთხვევის ალბათობა მილიარდიდან ერთია.
ამ ამბებიდან ბევრი დრო არ იყო გასული და ფრანკო დაქორწინდა. ცოლად, რაღა თქმა უნდა, თავისი მიჯნური სოფია ტრიჩელა შეირთო. ჯუზეპემ, რომელიც ფრანკოს მეჯვარე ბრძანდებოდა, ქართველებისგან მიღებული გამოცდილება ქორწილში გამოიყენა _ საქართველოდან წამოღებული ჯიხვის რქის მოზრდილი ყანწით ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო შესვა. ნაირნაირი საჭმელ-სასმელით დახუნძლულ სუფრას DOC-ის******* კატეგორიის "ტონი ნერის" სამარკო ღვინო L'ARCOBALENO ამშვენებდა. ქორწილში ნიკოლოზ ფერაძეც იყო ოჯახითურთ. მან ღვინის იდენტური სახელწოდების სიმღერა შეუკვეთა მუსიკოსებს. მალე L'ARCOBALENO (რომელსაც ადრიანო ჩელენტანო შესანიშნავად ასრულებს) აჟღერდა და საყოველთაო მხიარულება კიდევ უფრო მეტად გაალამაზა.
ფრანკომ და სოფიამ თაფლობის თვე საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გაატარეს. აგვისტოს ცხელ დღეებს მათი ვნებიანი ურთიერთლტოლვის სიმხურვალე აჭარბებდა. თავადაც ზღვისპირაქალაქელებმა, ზღვაში ცურვა სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოახერხეს, რადგან ძირითადად ბათუმის თვალწარმტაც ბულვარში სეირნობდნენ, დანარჩენ დროს კი ერთმანეთის მოფერებას უთმობდნენ.
თაფლობის თვის ბოლოს თბილისსაც ესტუმრნენ და სამი დღე დარჩნენ. ფრანკომ თბილისში ჩასვლისთანავე თამადა მოიკითხა, მაგრამ მისი მონახულება ვერ მოხერხდა. თამადა ნიუ-იორკში წასულიყო სამუშაოდ.
იტალიაში დაბრუნებამდე, ერთი დღით ადრე, ფრანკო და სოფია მეტეხის ეკლესიის წინ, მოედანზე, ცხენზე ამხედრებული გორგასლის ძეგლთან ახლოს იდგნენ და გადაჰყურებდნენ მტკვარს, რომელიც მათ ქვემოთ ზანტად მიედინებოდა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ნამგალა მთვარე კიაფობდა. ფრანკომ სოფიას აკოცა და თამადის ლექსი წაუკითხა მეუღლეს. ეს ერთერთი იყო თამადის იმ ოთხი ლექსიდან, რომელიც ფრანკომ ზეპირად იცოდა.


მარიამობის თვე მიდის და ზაფხული იწურება,                                                                       
მალე შემოდგომა მოვა, ყურძენი დაიწურება,                                                                     
გიორგობის თვეც ჩაივლის, დადგება ცივი ზამთარი,                                                       
დათოვლილ ტყისაკენ წავალ, როგორც მშიერი აფთარი,
გაზაფხულზე მზე ინათებს, გაფერადდება აპრილი,
მინდვრად ლურჯ იას ექნება ტანი ლამაზად აყრილი,
აისს დაისი მოსდევს და მოყვება დაისს აისი,
მერცხალი ბუდეს იშენებს, მზისა ფერია მაისი,
ბარში ვარდი გაიფურჩქნა, მთას შვენის ედელვაისი,
ზღვას გავყურებ, გარეშემოოო...
ზღვისა და შენი ხმა ისმის.
გაზაფხულია, მთები გამწვანდა,
მზე გაკაშკაშდა, მოდის ზაფხული!
მე შემოგხედე _ შენ სილამაზე
გქონდა ქალღმერთის, ჯერ არნახული.

                                                 

                                                გროტესკული******** სიზმარი

მომდევნო ერთი წლის მანძილზე, ფრანკოს ცხოვრებაში რამდენიმე ღირსახსოვარი მოვლენა მოხდა. ის ინტერნეტით დაუკავშირდა თამადას და უჩვეულო ამბავი უამბო. მონაყოლით გააკვირვა, რამდენიმე დღეში კი ძმასთან და მეგობარ ჯუზეპესთან ერთად (რომელსაც თავისი პროფილით ჟურნალ „ტონი ნერიში“ დაეწყო მუშაობა) ნიუ-იორკში ეახლა.
თამადამ სტუმრებს ნაქები ქართული სტუმარ-მასპინძლობა ამჯერად ამერიკაში უჩვენა და მართალია, მშობლიური კერძების ფართო არჩევანი ვერ შესთავაზა, სამაგიეროდ, ქართული ღვინით დიდად მოხიბლა ღვინოსთან ძალზე გაშინაურებული იტალიელთა სამეული. ხვანჭკარით შეზარხოშებულ ფრანკოს ერთი იდეა მოუვიდა თავში და ეს იდეა მეორე დღეს ჯერ ძმას გაუმხილა, შემდეგ კი, ლურჯი ვეშაპების ცქერისას, თამადასაც გაანდო.
ნიუ-იორკში გატარებული ოთხი დღის შემდეგ, _ მატეომ, ფრანკომ, ჯუზეპემ და თამადამ დასავლეთისკენ აიღეს გეზი და ქალაქ საკრამენტოში ჩაფრინდნენ. ღვინომ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ კომპანია „ტონი ნერის“ ენოლოგებმა დააყენეს მრავალფეროვანი კუპაჟირების********* მეშვეობით და რომელსაც ფრანკომ „ფერადი აპერიტივი“ უწოდა (ისევე, როგორც საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად ჟურნალ „ტონი ნერიში“ გამოქვეყნებულ მასალას), საკრამენტოში გამართულ ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ამის შემდეგ იტალიელები და მათთან ერთად თამადაც საკრამენტოდან სან-ფრანცისკოში გადავიდნენ, სან-ფრანცისკოდან კი სამხრეთისკენ დაეშვნენ და ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ. კალიფორნიაში ათი დღე მოუწიათ გაჩერება და ამ ხნის განმავლობაში ყველა დროის ყველაზე დიდი ცხოველების, თითქმის ოც სპილოზე მძიმე ლურჯი ვეშაპების „თარეშსაც“ უცქირეს წყნარ ოკეანეში.
როდესაც გემიდან ლურჯ ვეშაპებს********** გაჰყურებდნენ, თამადამ ჩაილაპრაკა _ რა საოცარია და ლამაზი ეს სამყარო, ვინ ჩაწვდება მის საიდუმლოებას? სწორედ ასეთმა აზრმა გაუელვა ფრანკოსაც _ ბროკენის ლანდისა და ედელვაისის დანახვაზე შვეიცარიის ალპებში.
ორიოდ წუთში ფრანკომ ქართველ მეგობარს კომპანია “ტონი ნერიში“ მუშაობა შესთავაზა და ისიც სამ კვირაში თავის იტალიელ მეგობარს ბრინდიზში ეწვია. თამადამ მონდომებით დაიწყო იტალიური ენის შესწავლა, ხოლო სანამ იტალიურს კარგად დაეუფლებოდა, ინგლისურს იშველიებდა თანამშრომლებთან სასაუბროდ.
ფრანკო კმაყოფილი იყო მეღვინეობის საკითხში თამადის აგრერიგად განსწავლულობის გამო. ის კარგად ერკვეოდა ალკოჰოლიანი სასმელების კუპაჟების გაანგარიშებებში, რომლებიც მათემატიკური ფორმულებითა და ციფრებით იყო გამოსათვლელი. მან კომპანია „ტონი ნერიში“ _ ინჟინერტექნოლოგად დაიწყო მუშაობა, ხოლო საქმეს გულისყურითა და შემართებით შეუდგა.
ქართველი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პიროვნებაც აღმოჩნდა. ყველაფერთან ერთად თითქმის პროფესიულ დონეზე ერკვეოდა ბევრ დარგში: ლიტერატურაში, მხატვრობაში, ქიმიაში, კრიმინალისტიკაში, პოლიტოლოგიაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში და ასე შემდეგ... მრავალმა საერთო ინტერესის თანხვედრამ კიდევ უფრო მეტად დაახლოვა ერთმანეთს ფრანკო და თამადა.
ფრანკოს ცხოვრებაში სხვაც ბევრი რამ მოხდა აღსანიშნავი. მან, დიდი პაპის მსგავსად, თეთრი ცხენი შეიძინა. არაბული ჯიშის უზადო აღნაგობის თეთრონს შაგალი დაარქვა და ცხენზე ჯირითმაც ძლიერ გაიტაცა.
ფრანკომ დაწერა მოთხრობა და სათაურად _ „დრო ნავივით მიცურავს“ _ უწოდა. წიგნს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოყვა, მოკლე ხანში ბესტსელერად იქცა და ნაწარმოების მიხედვით კინოს გადაღებაც დაიგეგმა. რაც მთავარია, ფრანკოს და სოფიას შეეძინათ ვაჟი, მშობლებმა ახალშობილს, წმინდა ნიკოლოზის პატივსაცემად, ნიკოლა დაარქვეს.

***

ერთხელ, ფრანკო მისაღებ ოთახში ტყავის რბილ სავარძელში მოკალათებულიყო და ენიო მორიკონეს მუსიკას უსმენდა. ბროლის ჭიქა, რომელშიც კოქტეილი ბრონქსი ესხა, დროდადრო პირთან მიჰქონდა, რათა ყინულით გაციებული ჯინის, წითელი ტკბილი ვერმუტის, ფორთოხლის წვენის და მშრალი ვერმუტის ნაზავით ყელი ჩაეგემრიელებინა. ცოტა ხანში რული მოერია, ძილს სავარძელშივე დანებდა და ასეთი რამ ეზმანა:
_ ვითომდა, იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კირქვა-დოლომიტის მთების ძირას ჩამომჯდარიყო და ხელში ქარვის კრიალოსანს ათამაშებდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისედაც მძინარეს ჩაეძინა და დაესიზმრა, თითქოს თეთრ თმა-წვერიანი მოხუცი ტბა გარდაში ნავით შეცურებულიყო და ნაპირისკენ იყურებოდა, საიდანაც რამდენიმე ბოჯოჯღი*********** ხე მოჩანდა. მოხუცს უძველესი წიწვოვანი ხეების გაქვავებული ფისისგან დამზადებული ქარვის კრიალოსანი ეკავა ხელში. ზონარზე ასხმულ ერთ-ერთ ქარვაში მწერი იყო მოთავსებული, რომელიც ოდესღაც ფისზე მიკრულა. რაღა თქმა უნდა, წესით მწერი მკვდარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სიკვდილის არაფერი ეტყობოდა. მწერად გარდაქმნილი ფრანკო ცოცხალი თვალებით შეჰყურებდა მოხუცს.
                                             



                                                               

                                                      ეპილოგი

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 30 ფუტზე გადახტომა შეუძლებელია, მაგრამ მე მაგათ ნათქვამს არ ვუსმენ. ფიქრი თუ დავიწყე, ფეხები დამიმძიმდება.
                                                                                            კარლ ლიუისი.


ადამიანის ფილოსოფიური აზროვნების უნარი და ზოგადად, მეცნიერების ერთ-ერთი დარგი _ ფილოსოფია, გარკვეულწილად, ეხმარება ადამიანს რელიგიური მოძღვრების სიღრმისეულ წვდომასა და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაში. ნებისმიერი მრწამსის აღმსარებელი ადამიანი სწორედ ამ ღრმააზროვანი წვდომის შედეგად ხდება კეთილშობილი _ ის სულიერად გასხივოსნდება და იმის მიუხედავად, რომ იდეალურ ანუ ღვთაებრივ სრულყოფილებას მაინც ვერ მიაღწევს, _ სამაგიეროდ, არასდროს ჩაიხშობს სრულყოფილებისაკენ სწრაფვის ჟინს... სამყაროსეული მთავარი საიდუმლოც ხომ სრულყოფილებაში იმალება.
ერთი შეხედვით, არ არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი ისეთი ორი ცნება, როგორიც მეცნიერება და რელიგიაა, მაგრამ საფუძვლიანად თუ დავაკვირფებით, მათი სამოქმედო დიაპაზონიც არ არის პატარა. მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა განვითარდეს მეცნიერება, ვერასდროს იპოვის სამყაროს მთავარი საიდუმლოს ამოსახსნელ გასაღებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მატერიის უმცირესი ნაწილაკი _ ატომი. მას ზომით წყლის ერთი პატარა წვეთიც ხომ უთვალავჯერ აღემატება... აქედან გამომდინარე ლოგიკურად ისმის კითხვა...
_ მაშ, როგორ შეიქმნა ატომი?
სავარაუდო პასუხის გაცემისას, სავსებით ბუნებრივად იბადება ტვინის მღრღნელი ახალი შეკითხვა...
_ კი, მაგრამ ბუნებაში საიდან გაჩნდა ის მასალა, რომლისგანაც შემდეგ ჩამოყალიბდა ატომი?..
და ამის შემდეგ მომდევნო ლოგიკური შეკითხვები ისევე გაგრძელდება უსასრულოდ, როგორც თავად სამყაროა დაუსრულებელი...
მეცნიერები ვერასდროს გამოიტანენ ისეთ უცილობლად ამომწურავ დასკვნას, რომლითაც ამ ყოველივეს მოჰფენენ ნათელს, თუნდაც იმიტომ, რომ თვით ადამიანი ამ უკიდეგანო სამყაროში სწორედ იმ პაწაწინა ატომივით მცირეა და მასზე უფრო პატარაც. იქნებ სწორედ ჩვენი ეს სიპატარავეა იმის მიზეზი, რომ ადამიანის შვილი ვერასდროს ვერ აღწევს ღვთაებრივ სრულყოფილებას.


***

ბოლოს კი ორიოდ საინტერესო ამბავს კიდევ მოგახსენებთ:
_ ტონი ნერის საყვარელი ჩიბუხის გამოკვლევით აღმოაჩინეს, რომ თამადისა და ფრანკოს გენეტიკური ანაბეჭდები დაემთხვა ტონი ნერის გენეტიკურ ანაბეჭდს.
_ ფრანკო ნერიმ, რომელიც მიღებული მასონის ტიტულს ატარებს ანუ ფრანკმასონია და მოქმედ ქვის მთლელთა ლოჟის წევრად ითვლება, _ საქართველოში მონაწილეობა მიიღო თავისი საგვარეულო ღვინის მწარმოებელი კომპანიის _ „ტონი ნერის“ _ ფილიალის დაფუძნებაში, ხოლო ნიუ-იორკში კალატოზად მომუშავე თამადა, რომელსაც ამერიკაში მიაგნო, ამ ფილიალის ხელმძღვანელად დანიშნა.

--- 2012 წელი ---

სქოლიო:

*აპერიტივი _ სუსტი სპირტიანი სასმელი, რომელსაც მადის აღმძვრელი დანიშნულება აქვს.

**ბროკენის ლანდი _ ბროკენის ლანდი ცისარტყელათი გარშემორტყმული მოჩვენების მსგავსი ფიგურაა, რომელსაც ზოგჯერ მთამსვლელები ხედავენ. „ლანდი“, სინამდვილეში, დამკვირვებლის ჩრდილია, რომელიც ნისლის ან ღრუბლის მოლეკულებს ეცემა. მის გარშემო „შარავანდედი“ მაშინ ჩნდება, როცა ნისლში ან ღრუბელში შემავალი წყლის წვეთები მზის სინათლეს პაწაწინა ცისარტყელებად შლის.

***ანდალუსია _  ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1981 წლიდან.

****გრაპა _ იტალიური არყის სახელი.

*****ენოლოგი _ სწავლული მეღვინე, მეღვინეობის სპეციალისტი.

******დნმ _ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა. ნუკლეინის მჟავების ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც უნივერსალური გავრცელება აქვს ცოცხალ სამყაროში. იგი შედგება ნუკლეოტიდებისაგან, რომელთა შემადგენლობაში შედის აზოტოვანი ფუძეები: ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი, ნახშირწყალი დეზოქსირიბოზა, აგრეთვე ფოსფორის მჟავას ნაშთი. დნმ თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს გენეტიკური ინფორმაციის შენახვასა და რეალიზაციაში. დნმ-ის სტრუქტურა და მისი შენების სპეციფიკა 1953 წელს დაადგინეს ფ.კრიკმა და ჯ.უოტსონმა.

*******DOC _ Denominazione di Origine Controllata _ ამ კატეგორიის ღვინოები მზადდება განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მოყვანილი და სპეციალური ვაზის ჯიშის ყურძნისაგან.

********გროტესკული _ მხატვრული აზროვნების მეთოდი, მანერა ხელოვნებაში, რეალურისა და ფანტასტიკურის, მშვენიერისა და მახინჯის, ტრაგიკულისა და კომიკურის გაერთიანების ხერხი.

*********კუპაჟი _ სხვადასხვა ხარისხის ღვინოების ერთმანეთში შერევა.

**********ლურჯი ვეშაპი _  ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია.

***********ბოჯოჯღი _ ტოტებიანი, ბორჯღლიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები