 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 2 მაისი, 2015 |
ორი სიტყვა,იქამდე სანამ კითხვას დაიწყებდით.ეს ამბავი მოპარულია tom waits-ს სიმღერიდან little rain. ტექსტს ყველა თავისებურად იგებს.ქვემოთ მოყვანილი ნაწერიც იმ ემოციების გადმოცემის მცდელობააა,რომელსაც მე ვგრძნობ,სიმღერის სმენისას.
-რა ჰქენი ელიოზ,იპოვე შენი ნატვრის ხე?-შევეკითხებოდი ღიმილით. -ვერა,მაგრამ ვნახავ. -ტყეში რომ ცივა,რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ ტყეში? -მა როგორ გინდა შე ოჯახაშენებულო?
გიორგი ლეონიძე - ნატვრის ხე.
სველ ქუჩაზე ზურგჩანთამოკიდებული კაცი მოდიოდა.სქელი ქურთუკი,ლურჯი ჯინსი,რამდენიმე დღის გასაპარსი წვერი,მოკლე თმა,ფართო მხრები.სქელძირიან,სამგზავრო ჩექმებს ღონივრად აბიჯებდა ასფალტზე და ძირს იყურებოდა.შორიდან რომ შეგეხედათ ცალი თვალით,მაშინვე მიხვდებოდით რომ მოგზაური იყო,უფრო მეტიც,რაღაცის მაძებარი მოგზაური და ამ ალაგ-ალაგ მოზანზარე ადგილშიც რაღაცის საპოვნელად მოსულიყო. დაიქუხა,შორს,მთებში,მაგრამ წვიმა მალე აქაც მოაღწევდა,რადგან ჰაერი იხუთებოდა და გარშემო ნესტის სუნი დგებოდა,რომელიც სინამდვილეში დასველებული მტვრის სუნია.კაცმა ცარიელ ქილას ფეხი გაჰკრა და გაბრაზებული ტროტუარზე გადავიდა,მაგრამ მისი გაბრაზების მიზეზი მხოლოდ უდროო წვიმა არ იქნებოდა.მიმოიხედა,ფიქრობდა ,სად შეფარებოდა ავდარს.ამ პატარა,უსახელო ქალაქში ბევრი არ იქნებოდა ასეთი ადგილი,სულ,რამდენიმე პატარა ქუჩა,ბენზინგასამართი სადგურით,მაღაზიითა და ადმინისტრაციის შენობით გაქუცულგაზონიან მოედანზე.სადმე საოჯახო სასტუმროც,მაგრამ სასტუმროსი არც ფული ჰქონდა და არც ამდენ ხანს აპირებდა აქ გაჩერებას,ამიტომ ქუჩის ბოლოსკენ წავიდა,სადაც ლიანდაგები ჩანდა,ეს ქალაქიც ამის გამო აეშენებინათ ძველ დროში,მატარებლის სადგური ყოფილიყო.მაგრამ ახლა ჩქაროსნული ლოკომოტივები აქ აღარ ჩერდებოდნენ და მატარებლის ფანჯრიდანაც მხოლოდ ერთი წამით თუ შეავლებდნენ თვალს აქაურობის ჩანაცრისფრებულ კედლებს. ქუჩას როგორც კი გასცდა,რკინიგზას გახედა,რომელიც წიწვოვანი ხეების კორომში იკარგებოდა.ხეებს შორის შენობა დაინახა და იქით წავიდა.ლიანდაგებს მიჰყვებოდა,რადგან შენობა თითქმის მის პირზე იდგა.კიდევ ერთხელ დაიქუხა,ამჯერად უფრო ახლოს და ხმამაღლა,კაცმა ცას ახედა და დაინახა,რომ ბინდისფერი ღრუბელი ქალაქს უახლოვდებოდა. ნაბიჯს აუჩქარა და თითქმის სირბილით ახტებოდა ხის მორებს.მალე მიუახლოვდა შენობას.ლიანდაგებიდან გადავიდა,მცირე დაღმართი ჩაირბინა და რამდენიმე ნაბიჯში უკვე ორ სართულიანი კვადრატული ნაგებობის უკან იყო,კარი ვერ იპოვა,ამიტომ შემოუარა და კედელზე დაკიდებული ლურჯი ნეილონის აბრა დაინახა,რომელიც მომსვლელს ამცნობდა რომ აქ იყო ბარი.აბრა არც ისე გამართულად მუშაობდა და ნარწერები გამაღიზიანებლად ციმციმებდა. დაინახა გზაც,რომელიც ქალაქიდან მოდიოდა ან იქით მიდიოდა.გზის პირზე,პატარა ავტოსადგომზე ძველისძველი სედანი იდგა.მის გვერდით კი ჯორი.კაცი გაოცებული მიშტერებოდა ცხოველს,რომლისთვისაც უცნაური ტვირთი აეკიდათ.ყინულის ორი უზარმაზარი კუბი,ყინული ნელა დნებოდა,ძირს წვეთავდა და ჯორის ფეხებთან პატარა გუბე იდგა.ის კი,ვითომც არაფერიაო,ყურების პარტყუნით ალაგ-ალაგ ამოსულ გამხმარ ბალახს ციცქნიდა.“რა ოხრობაა“ გაიფიქრა კაცმა,რომელსაც საკმაოდ ბევრი ენახა და გაეცინა.ნამდვილად უცნაურ ადგილზე მოხვდა.ცოტა ხანს ათვალიერა ჯორი და შესასვლელისკენ წავიდა. შენობას წინიდან გადახურული ვერანდა ჰქონდა.სადაც სარწეველაში მოხუცი იჯდა და თავჩაქინდრული თვლემდა.კაცი ახლოს მივიდა და ვერანდის კიბეებზე ავიდა.საფეხურების ჭღიალმა მოხუცი გააღვიძა და მომსვლელ მიაჩერდა.კაცმა თავი დაუქნია,მოხუცმაც უპასუხა და მოაჯირზე ლუდის ქილას დასწვდა.დაიქუხა,ჭახუნით.ორივემ ცას გაჰხედა. „იწვიმებს“თქვა მოხუცმა.“ალბათ“ უპასუხა კაცმა და კარი გამოაღო.ცხვირში მაშინვე ალკოჰოლის,სიგარეტისა და ოფლის სუნი ეცა.სუსტად განათებულ მოზრდილ ოთახში,სასმელების ბართან,მრგვალ მაგიდებს შორის ჯუჯა ზოლებიან მაისურში და პატარა,ალბათ ცხრა-ათი წლის გაჩხიკული ბიჭი ენერგიულად ცეკვავდნენ და იცინოდნენ სიმღერაზე,რომელსაც ოთახის კუთხეში მჯდარი გიტარისტი ასრულებდა ჩახლეჩილი ხმით. ერთ-ერთ მაგიდასთან ორი დიდი მეზღვაური იჯდა,ზედ უკვე დაეხვავებინათ ცარიელი ლუდის ჭიქები და ახლა დიდი ხელებით და დიდი მონდომებით ტაშს უკრავდნენ.მისი შემოსვლა ვერავინ შეამჩნია,ამიტომ წყნარად მივიდა ბართან და ერთ-ერთ მაღალ,უზურგო სკამს მიუჯდა.ბარის ზედაპირი ერთიანად დაჩხაპნული იყო.ვიღაცას მთლიანი ფრაზაც ამოეკვეთა არც თუ ისე ოსტატურად.ბარმენი ჩუმად მიუხლოვდა და წინ დაუდგა.ქათქათა ნაჭრით ჭიქას აპრიალდებდა .კაცი მიესალმა და ლუდი სთხოვა,მაგიდაზე კი ჯიბიდან ამოღებული ხურდები დაყარა.მის სისაბრალეს სასმელი ვერ უშველიდა,ამას უკვე მიხვდა დიდი ხანია,მაგრამ უნდოდა რამით დაკავებულიყო,რახან აქ შემოვიდა.ბარმენმა მაღალი უყურო ჭიქა ონკანს შეუშვირა და ქაფქაფა სითხით შეავსო.შემდეგ ძირი ნაჭრით გაუწმინდა და კაცს დაუდგა წინ.თითით კი მაგიდაზე დატოვებული მონეტებიდან რამდენიმე გადაიყარა მუჭში.კაცმა მადლობა გადაუხადა,როცა კათხიდან პირველი სამი,დიდი ყლუპი მოსვა.ესიამოვნა,იგრძნო როგორც გაიგნო გზა ცივმა სასმელმა კუჭისაკენ. ის ტიპი ისევ უკრავდა და მანაც მოცეკვავეებისაკენ გაიხედა.შემოსვლისას,სუსტი განათების გამო ვერ შეამჩნია,მაგრამ ახლა,როცა კარგად დააკვირდა,დაინახა,რომ მარცხენა ხელზე არცერთი თითი არ ჰქონდა,მაგრამ მაინც ყოჩაღად უფხაკუნებდა სიმებს.სიმღერა მთავრდებოდა:“დილით კი გავქრები,დილით კი გავქრები“ ამოიხრიალა უკანასკნელი სტრიქონები უთითო კაცმა და მელოდია რამდენიმე ენერგიული აკორდით დაასრულა.ყველამ დაუკრა ტაში და კაციც მათ შეუერთდა.ჯუჯამ და პატარა ბიჭმა,რომელსაც ტანზემოთ გაეხადა,ერთმანეთს ჩასჭიდეს ხელი და აუდიტორიას თეატრალურად დაუკრეს თავი.დიდხელება მეზღვაურები ისევ იცინოდნენ.ერთ-ერთმა დაიყვირა რომ მოცეკვავეებისათვის ლუდი ჩამოესხათ. და სანამ ჯუჯა და ბიჭი ბარისაკენ მოდიოდნენ გაოფლილები,მაგიდაზე ორი ლუდით სავსე ჭიქა დადგა ბარმენმა.ისინი კი,ძლივს აბობღდნენ სკამებზე და სასმელს დაეწაფნენ.ჯუჯა დიდ ხანს სვამდა,დიდი ყლუპებით,ეტყობოდა გამოცდილება.ბიჭმა კი მოსვა და დაიჭყანა.მისმა მეგობარმა გაიცინა და უთხრა,რომ ალბათ ჯერ ადრე იყო მისთვის სასმელი,მაგრამ როცა მან თავისი მოკლე ხელი გასწია ჭიქის გამოსათმევად,იჭმა არ დაანება და სასმისი ორივე ხელით გულზე მიიხუტა.მაშინ ჯუჯამ ურჩია,რომ დაელია,სანამ ლუდი გაცივდებოდა.ბიჭმაც მოიყუდა და სმა დაიწყო,როცა დაამთავრა,ჭიქა თითქმის დაცლილი იყო,ბიჭს კი ლოყები უწითლდებოდა.ჯუჯამ და მეზღვაურებმა შეაქეს,უთხრეს რომ უკვე კაცი იყო,ამიტომ ბიჭმა დარჩნილი სასმელიც გადაჰკრა,შემდეგ კი ცარიელი ჭიქა ამოატრიალებული დაიჭირა თავს ზემოთ და გამარჯვებლი სახით მიმოიხედა.როცა ბიჭმა კაცს შეხედა,ეს უკანასკნელი მიხვდა,რომ ბავშვს უკვე მოჰკიდებოდა სასმელი.,მაგრამ მან კიდევ მოსთხოვა ბარმენს ლუდი,პატარა თითები დააკაკუნა ბარის მაგიდაზე,გაიმეორეო,ამის პასუხად ბარმენმა ჭიქა გამოართვა და გასარეცხ ჭურჭელში ჩადო,ბიჭს კი თავში წამოარყა,.მას შეწინააღმდეგების თავიც კი აღარ ჰქონდა,ამიტომ რაღაც ჩაილუღლუღა და მაგიდაზე ჩამოდო შუბლი.კაცმა ჩაიცინა...
*** სცენა N1.სახლი,სამზარეულო.დღე,17:00 ქმარი დგას სამზარეულოს შემოსასვლელში,უყურებს ცოლს,რომელიც ზის სამზრეულოს მაგიდასთან და ეწევა. ქმარი:სად არის. ცოლი (სიგარეტის კვამლში გახვეული): ვერ პოულობ. ქმარი: სად არის. ცოლი (სკამთან მჯდომი): ვერ იპოვი. ქმარი: სად არის. ცოლი(საფერფლეში სიგარეტის სრესს): შენთვის ის დაკარგულია. <...>
***
ბარში სიჩუმე ჩამოწვა.აღარავინ ხმაურობდა.დიდხელება მეზღვაურები თავისთვის ბუბუნებდნენ,ჯუჯა ცარიელ ჭიქას აგორავებდა ხელით და დაბალის ხმით ღიღნებდა რაღაცას,უცხო ენაზე.ბარმენმა მაგიდის ქვეშიდან გაქუცული ყავისფერი პირსახოცი ამოიღო და პატარას მხრებზე დააფარა.პირსახოცშიც კი გააარჩევდით,როგორი გამხდარი იყო ის და როგორ ამოყროდა ბეჭები. კაცი მას უყურებდა და თვალს ვერ სწყვეტდა.რაღაცა ახსენდებოდა,რაღაცაზე ფიქრობდა.ჩვენთვის,უცხო თვალისთვის შეუმჩნეველზე.არ ემჩნეოდა,იმიტომ რომ ის კაცი იყო,ყველაფერს გულზე იხვევდა.იჭმუჭნიდა და ნეკნებს გარეთ არ უშვებდა. ბარმენს კი ამასობაში ლანგარზე საჭმელი დაეწყო და უთითო მუსიკოსისაკენ მიდიოდა მაგიდების გვერდის ავლით.საჭმელი წინ დაუწყო,სკამზე და მხარზე ხელი დაადო,მან მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭამა დაიწყო.ერთ ხელში ბუტერბროდი ეჭირა,მეორეს ნარჩენით კი როგორღაც ჭიქას იკავებდა და იქიდან ხვრეპდა სასმელს.კაცმა მუსიკოსიდან მზეა მის თავზე ჩამოკიდებული ძველი ნუარის აფიშაზე გადაიტანა.რამდენიმე ამდაგვარი სხვაგანაც ეკიდა ხის თხელ ჩარჩოებში.კედლებზე კი ოდესღაც მწვანე შპალერი ეკრა,რომლისთვისაც დროს და სიგარეტის კვამლს ფერი დაეკარგვინებინა.საერთოდ აქ ყველაფერს დაჰკარგვოდა ფერი,თთქოს დაძველებული ფილმი ყოფილიყოს.მხოლოდ ორ რამეს შერჩენოდა სიხასხაზე,სასმელს თაროებზე და მძინარე ბიჭს.უთითო მუსიკოსმა ჭამა დაამთავრა და ისევ დაიწყო დაკვრა,მაგრამ ამჯერად უფრო ნელა,თან ჩახლეჩილ ხმას აყოლებდა.
„მზე წითელია,მთვარე არეული. მამა წავიდა და აღარ მოვა. არაფერია შენი სამუდამოდ, ამიტომ დახუჭე თვალები და დაიძინე და თუ მე მანამდე მოვკვდი, სანამ შენ გაიღვიძებ, არ იტირო,გთხოვ არ იტირო. ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც შენ გგონია. აჰყევი შენი ოცნებების კიბეს. და თუ მანამდე მოვკვდი, სანამ შენ გაიღვიძებ, არ იტირო,გთხოვ არ იტირო. არაფერია შენი სამუდამოდ, ამიტომ დახუჭე თვალები და დაიძინე
*** <...> ქმარი:სად არის. ცოლი (საფერფლეს ისვრის): შენ მე მომკალი! ქმარი:სად არის. ცოლი(ახალ ღერს იღებს): მასაც კლავდი,მაგრამ ვერ მოასწარი. ქმარი:სად არის. ცოლი (კვამლის უშვებს ფილტვებშ): დაგასწრო და გაგექცა.
****
სიჩუმეში კვლავ გაისმა ქუხილის ყრუ გრუხუნი,ეს შენობა ხმას და დროს აკავებდა. -იწვიმებს,-თქვა ხმამ მის გვერდით. კაცი გაოცებული შეტრიალდა მთლი ტანით.მის მარჯვნივ ვიღაც იჯდა.უპასუხა,იმის შემდეგ რაც გაკვირვებისაგან გამოერკვა. -ვერ შეგამჩნიე. -პირველი არ ხარ,ეგ არაფერი,-თქვა ხანში შესულმა კაცმა,რომელსაც სახე ქვაბში გაციებულ შვრიის ფაფას მიუგავდა.ალბათ შეუმჩნევლად შემოვიდა,სანამ ის ფიქრობდა.მაგრამ ახლად შემჩნეულს წინ უკვე ნახევრად დაცლილი წიქა ედგა.თვითონ გულზე დაკრფილი ხელები მაგიდაზე ჩამიეწყო,თავი მხრებში ჩაერგო და გვერდულად უცქერდა ოდნავ ღიმილით. კაცმა ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა,ამიტომ მხოლოდ ცალყბად გაუღიმა და ისევ ბავშვისაკენ მიიხედა.მაგრამ კეფაზე უცნობის მზერას გრძნობდა. -მეგობარო,იცი სად მიდიან მკვდარი კატები?- უკნიდან ისევ მისი ხმა მოესმა ღიმილი ვერ შეიკავა,ამ ადამიანისაგან ყველაფერს მოელოდა ამის გარდა. -არა,არ ვიცი. შვრიის ფაფის სახიანმა კაცმა მუხლზე ხელი დაირტყა და დანანებით ჩაილაპარაკა: -დამწყევლოს ეშმაკმა.ახალგაზრდობაში მკითხა ერთმა ბოშამ.იმის მერე ვცდილობ გაგებას.მეგონა გეცოდინებოდა,შორიდან ჩამოსულ კაცს ჰგავხარ. კაცმა კვლავ გაიღიმა,მოსწონდა ეს ტიპი.ეტყობა საუბრის აწყობას ცდილობდა. -არა,ჩვენ მხარეშიც არ იციან სად მიდიან მკვდარი კატები. -ესეიგი შორიდან ხარ. კაცი მიხვდა საით მიყავდა საუბარი,ამიტომ კითხვა შეუბრუა და თავი კარისკენ გაიქნია: -ყინულებიანი ვირი შენია? -როზიტა?ჰო ჩემია,ჩემი სიყვარული,-გაიცინა კაცმა და ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტის კოლოფს ძირში წკიპურტი ამოჰკრა,ამოვარდნილი ღერი ჰაერშივე დაიჭირა თითებით და დაკაწრული სანთბელით მოუკიდა ცეცხლი.სახე სიამოვნებისაგან გაუცისკროვნდა.თავი უკან გადასწია და ბოლი ჭერში გაუშვა. -პატარა სიამოვნებები,აი რა მიყვარს,-თქვა მან და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე გაუცურა კაცს.კოლოფი იყო დაჭმუჭნული,ჯინსის წინა ჯიბეში ნადები,სახურავმოხეული,შიგნით ოთხსიგარეტდარჩენილი.მანაც ამოიღო ერთი ღერი.უჩვეულოდ ძლიერმა თამბაქომ მაშინვე თავბრუ დაახვია,იფიქრა,ლუდის ბრალიც იქნებაო.გამოსაფხიზლებლად თვალები ფართოდ გაახილა რამდენჯერმე და ყბა გაამოძრავა. -ესეიგი მეყინულე ხარ,-უთხრა სიგარეტის პატრონს და კოლოფი უკან დაუბრუნა,-აღარც მეგონა თ კიდეც არსებობდა ეს საქმე. -ჰომ,ბევრი აღარ ვართ,-მხრები აიჩეჩა ყინულის კაცმა,-აღარავის უნდა მთის ტბის ყინული. -არ გიფიქრია პროფესიის შეცვლაზე? -ჰაჰ,როგორც კი სკოლა დავამთავრე,მამაჩემმა სასწავლებელში გამაგდო ოთხი წლით,არ მინდა ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებდეს,რამაც მე მომკლაო.თვითონ ყოველდღე მთაში ადიოდა,საწყალი კაცი,ფეხები სულ გაშავებული ჰქონდა,მაგრამ ყოველთვე იმდენ ფულს მიგზავნიდა,თავი რომ გამეტანა,თან ყველა წერილში,არ დაბრუნდე აქაო,მწერდა.ოთხი წელი კანონებს ვსწავლობდი და სამართალს.მერე მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ტყუილია და დავბრუნდი.კარი რომ გააღო და დამინახა,ტანსაცმლის საკიდზე ჩამოდიკებული ვირის მოსართავი გადმომიგდო.იმ დღეს პირველად ამოვჭერი ყინული და მივხვდი,რომ რამდენიც არ უნდა ისწავლო და სადაც არ უნდა გაიქცე,ბოლოს მაინც ისე მოხდება,როგორც იმ ძუკნას უნდა. -ძუკნას?-ჰკითხა კაცმა და ბარმენს რაღაც ბოთლზე ანიშნა,ორი ჭიქაო. -ჰომ,ცხოვრება,მეორენაირად რომ ვთქვათ, ძუკნაა,სულ უნდა რომ უკან სდიო,არ გაეკიდები და ერთი შენიც! - მეყინულემა მუხლზე დაირტყა მუშტი,-თუ გაეკიდები და იქნებ კიდეც დაგანახოს რა აქვს კაბის ქვეშ ერთი-ორჯერ.დანარჩენ დროს კი უკან უნდა მისდევდე და ცდილობდე მისი თმის სუნი მაინც იყნოსო.
*** ქმარი:როდის წავიდა. ცოლი(იატაკზე აფერფლებს): დილით ქმარი:სად წავიდა. ცოლი (მხრებს იჩეჩავს):არ ვიცი,ვიღაცას ჩაუჯდა ფურგონში. ქმარი:უცხოს გაატანე. ცოლი(ყვირის):შენთან ყოფნას ყველაფერი სჯობს. ქმარი:ვიღაც მაწანწალას. ცოლი (ოდნავ შეცბუნებული ხმით):შენთან ყოფნას...
სცენის დასასრული.
***
კაცმა თავი დაუქნია და პატარა სქელძირიანი ჭიქა გაუცურა მაგიდაზე. უსმენდა მას და უნდოდა რომ მასაც ასე შესძლებოდა ყველაფერზე ლაპარაკი.სადღაც ბარში,გადაკარგულში.უცხოებთან,ბოლომდე ამოიღებდა და ამ დაჩხაპნილ დახლზე დაახეთქებდა,ისე რომ საბოლოოდ გადაეგდო,რომ ვეღარ შეეწუხებინა და ვეღარ გეღვიძებინა ღამე.ამეებს ფიქრობდა კაცი,მაგრამ არ შეეძლო,ამიტომ ჩაიდო გულში და შემდეგ ნეკნები ხის სქელი ფიცრებით ამოიჭედა,კარგად რომ დაეგმანა და დანარჩენი ამბები,რომლებსაც გულისკენ უნდოდათ წასვლა, ამ ფიცრებს ყრუ ბრახუნით ეხლებოდნენ,შიგნით კი ვერ აღწევდნენ.შიგნით ის იყო დარჩენილი,იზრდებოდა და კედლებსაც აწვებოდა მტკივნეულად,რითაც თავს ახსენდებდა,აქა ვარ,შენი სამუდამო ამბავი და გპირდები რომ ერთ საათსაც კი ვერ დაიძინებ მშვიდი ძილითო. -ეგრეა,-უპასუხა მცირე პაუზის შემდეგ. -რაც კარგია,კარგია!-თქვა მეყინულემ ხელების ფჩვნეტით,იმის შემდეგ რაც ორივემ ერთად გადაჰკრეს სასმელი.სიგარეტი პირის კუთხეში ედო და ლაპარაკისას თვალმოჭუტული ეწეოდა. -ხოდა რას გეუბნები,ესენი ცდილობენ ბოლომდე გაიმარტივონ ცხოვრება.ელექტრონით გაკეთებული ყინული.ჰაჰ.გონიათ რომ ეგრეა.მარტივად გაკეთებული საქმისგან მიღებული სიამოვნება გინახავს?მე არა. მეყინულემ ნამწვი სველძირიან საფერფლეში ჩაასრისა შიშინით და კოლოფიდან ახალი ღერი ამოაგდო. -ქვეყანამ რომანტიკა დაკარგა მეგობარო,რომანტიკა და პირისგემო.ნამდვილ ყინულს ასეთ ბუნაგებში თუღა იპოვი.ბოდიში შენთან გერასიმე,-ბარმენს აუწია ხელი პატიების ნიშნად,-ესეც იმიტომ მართმევს,რომ წარსულ არის ჩაბღაუჭებული კბილებით და მეც ვეცოდები ალბათ ცოტა. ბარმენმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ თვალი ჩაუკრა ცალყბა ღიმილით.თუ მის დაწესებულებას დააკვირდებოდით,ნამდვილად შეამჩნევდით,რომ არაფერი ეცხო აწმყოსი,ეს ნებით ხდებოდა თუ ძალით,ღმერთმა იცოდეს. -ასეა ამბები,-აგრძელებდა მეყინულე სევდიანი ღიმილით სახეზე,-ცუდია ეს?რავიცი.მგონია,რომ უბრალოდ ასეა და მორჩა.ალბათ თავიდან ორთქმავალსაც ასე უყურებდნენ ჩემნაირი წარსულის გადმონაშთები. კაცმა თავი დაუქნია.სასმელი უკვე საკმაოდ ეკიდებოდა და მის საუბარს აღარც უსმენდა.ბარის ფერები ედღაბნებოდა,ამავე დროს კი მაგიდაზე დაყრილი ფერფლის ნაწილებს განსაკუთრებულად მკვეთრად ხედავდა.ისევ მასზე ფიქრობდა,ეძებდა,მაგრამ წინასწარ არ იცოდა რა უნდა ეთქვა,როცა იპოვიდა.ამაზე არ ფიქრობდა.ალბათ უბრალოდ უნდოდა რომ ეპოვნა.ანდაც არ უნდა უთხრა,იმას ვინც შენგან გაიქცა.არ იცოდა.იქნებ სულაც არ დარდობდა და უბრალოდ დაკნინებული ღირსების აღდგენას ცდილობდა .მაგრამ მეყინულის ლაპარაკი მოსწყინდა.ერთი სიტყვის გაგონებას აღარ უნდოდა. -გაჩუმდი!-დაიყვირა მან და ჭიქიანი ხელი ბარის მაგიდაზე დაარტყა,-ყველამ ხმა ჩაიგდეთ! მის მოსაუბრეს სიტყვა პირზე შეახმა და ახლა ჭკუანაკლულივით უყურებდა.სიგარეტი გაშეშებულ ხელში დარჩენოდა.ბიჭს გაეღვიძა,გაშტერებულმა წამოყო თავი და ახლა მას ეძებდა თვალებით,ვინც ყვიროდა. -შენი აზრით ფეხებზე არ მკიდია შენი პრობლემები?!თურმე ყინული აღარ უნდათ.ერთი შენიც!ბავშვი ვერ მიპოვია! ერთ-ერთმა დიდხელება მეზღვაურმა სკამი გამოსწია ხმაურით და ფეხზე ადგა,რათა ამ უზრდელი უცნობისათვის ჭკუა ესწავლებინა. -დაჯექი! - თითი გაიშვირა კაცმა მისკენ და დაინახა რომ შეკრული ხელისგულიდან სისხლი სდიოდა.დიდხელება კი გაჩერებას არ ფიქრობდა.“ჩხუბი მომიწევსო“დანანებით გაიფიქრა კაცმა და მომზადება დაიწყო.მართალია ის მასზე დიდი იყო,მაგრამ უარესებსაც მორეოდა,ამის არ ეშინოდა.მეზღვაურმა კი მის ზურგს უკან რაღაცას გახედა და გაჩერდა. კაცმა ახლაღა შეამჩნია,რომ ფეხზე იდგა და გარშემო ყველა მას უყურებდა.შერცხვა.უცებ საშინლად ასტკივდა თავი,აქედან გაქცევა უნდოდა.ბარისკენ შემოტრიალდა და უღონოდ დაეგდო სკამზე.ბარმენი მის წინ იდგა,ერთი ხელი მაგიდაზე ედო,მეორე კი მის ქვეშ შეეყო.კაცმა იფიქრა,რომ ან კეტი ეჭირა ანდაც რამე უარესი.
*** სცენა N2.იმავე სახლის ეზო.საღამო. (ქმარი ეზოში გადის.მოკირწყლულ ბილიკზე დგას.ეზო მოვლილია.ყველაფერი თავის ადგილზე.კაცი არაფერს უყურებს.თხელი ცისფერი პერანგი წვიმისგან ინამება.ცოლი კარში დგას.ეზოში არ გადის.) ქმარი:სადღაც სველდება ახლა. ცოლი(ღიმილით):ნუ ღელავ,პატარა წვიმა არავის აწყენს.
სცენის დასასრული.
***
-მაპატიე,-თავი ხელებში ჩარგო და მაგრამ ამოისრუტუნა,-კაი ხანია არ დამილევია,- სხვებსაც გახედა და ძალად გაიღიმა,-ბოდიში ყველას.დავიღალე უბრალოდ ვეძებ,ვეძებ და არაფერი. -ვერაფერი ვერ გავიგე,-ამოთქვა ჯუჯამ,რომელიც დაბნეულად იქექავდა კეფას. კაცი დაიხარა,ზურგჩანთა აიღო,მუხლებზე დაიდო და ერთ-ერთი ჯიბიდან პატარა,გაქუცული წიგნი ამოიღო.წიგნის ფურცლებში სურათი იდო.სიგანე წიგნზე მეტი ჰქონდა,ამიტომ გვერდი მოჰკეცვოდა.კაცმა ფოტო ამოიღო და უსიტყვოდ დაუდო წინ ჯუჯას.მან ჯერ საგულდაგულოდ შეიწმინდა შარვალზე ხელი და მხოლოდ შემდეგ მოჰკიდა ორი თითი მარჯვენა ქვედა კუთხეში,ისე თითქოს წმინდა ნაწილი ყოფილიყოს.პატარა ბიჭმაც შეხედა და თავის ქნევით თქვა:“ლამაზია“.კაცს გაეღიმა.ჯუჯამ მეყინულეს გადააწოდა ფოტო.მან ხელის გულზე დაიდო და ისე უყურებდა.ასე შემოიარა ფოტომ მთელი ბარი,ერთი მეორეს აწოდებდნენ და ბოლოს ისევ მეყინულეს დაუბრუნდა სურათი. -რამდენი წლისაა,-თქვა თვალებმოუცილებლად. -თხუთმეტის მაგ სურათში,ახლა არ ვიცი. -მართლა ლამაზია.დიდი ხანია ეძებ? -ვეძებ. -მოძებნე,არსებობოს რაღაცეები,რომელთა გამოც ქვეყანას შემოივლი,-ბეჭზე ხელი დაადო მეყინულემ. კაცმა თავი დაუქნია.ფიქრისაგან თავი გაუსკდებოდა მალე.საკუთარი უღონობა შიგნიდან ახრჩობდა და ნაწლავებს უგლეჯდა.ბარმენმა ჭიქა დაუდგა წინ და შიგნით იგივე სასმელი ჩაუსხა,რაც მეყინულეს ედგა.შემდეგ კი სუფრის საწმენდ ტილოს გვერდი ჩამოახია და ისიც მიაწოდა.მან ჯიბეში ჩაიყო ხელი ფულის ამოსაღბად,მაგრამ ბარმენმა ხელები გაასავსავა და თითი მკერდზე მიიდო. -ჰო,გმადლობთ,-მიუხვდა კაცი ჟესტს და თავი დაუქნია.ნაჭერი კი ხელზე გადაიხვია.
*** უთითო გიტარისტი ახალ სიმღერას იწყებდა.პატარა ბიჭი სკამიდან ჩამოხტა და სწრაფ მელოდიას ტანი ააყოლა.ჯუჯამაც რაღაც შესძახა უცხო ენაზე და მას მიჰყვა.ყველაფერ ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა,დიდხელება კაცებმა ისევ დაიწყეს სიცილი,ბარმენი ისევ წმენდდა ჭიქებს თავისთვის. კაცი ფოტოს დასწვდა.მეყინულეს თვალი ჩაუკრა და კარისკენ წამოვიდა.ვერავინ შეამჩნია,რადგან მოცეკვავეებს უყურებდნენ.მათთვის ის არავინ იყო და მისი ამბავიც ფეხებზე ეკიდათ.არც ამტყუნება,რთულია სხვისი დარდი მოიხვედრო გულზე,როცა შენიც ბევრი გაქვს აკრული აქეთ-იქიდან. ვერანდაზე გასულს ცივი ჰაერი ესიამოვნა,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაისუნთქა,ნდომით.შორს,მთებს გახედა..წვიმა კი,პირიქით,სულ ახლოს იყო და უკვე მის თავზე ანჯღრევდა ღრუბლებს ჭექა-ქუხილი. „იწვიმებს“თქვა მოხუცმა,რომელიც მოჭრიალე სარწეველაში იჯდა. კაცმა თავი დაუქნია,-ჰო,პატარა წვიმა არავის აწყენს,-უთხრა მან და ვერანდიდან ჩავიდა.პირველი მლაშე წვეთები კი მის ფეხებთან დაეცა.
დასასრული. 15.04.1996.
გამოყენებული ლიტერატურა: Tom waits – little rain Tom waits – lullaby. და ა.შ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ტომი ჩვენი არსობისა
კარგია. დიახ დიახ ტომი ჩვენი არსობისა
კარგია. დიახ დიახ
4. ჩემი უხეში თარგმანით,ესაა
ყინულის კაცის ჯორი გარეთ, ბართან აყენია. სადაც უთითებო კაცი უცნაურ გიტარაზე უკრავს გერმაელი ჯუჯა ყასბის შვილთან ერთად ცეკვავს. და პატარა წვიმა არავის აწყენს და პატარა წვიმა არავის აწყენს.
სახურავზე ცეკვავენ და ჭერი ინგრევა. მე ჩემი ნიჩბითა და ტყავის ხელთათმანებით მძინავს. პატარა უბედურება რომელიც ღირს წასვლა. და პატარა წვიმა არავის აწყენს.
ხო,მსოფლიო მრგვალია და მეც გავყვები. უნდა გარისკო იმისათვის რაც ღირს. ხო,მე ძლიერი ხელები მაქვს აქ ნებისმიერ კაცს მოვერევი. თუ წასვლად ღირს. ღირს რომ წახვიდე (If it's worth the going It's worth the ride- მგონი ესე ითარგმნება)
სულ თხუთმეტი წლის იყო და ოკიანეც კი არ ენახა. მანქანაში ჩაუჯდა ვიღაც მაწანწალას, და მისი უკანასკნელი სიტყვები "დედა მიყვარხარ" იყო.
და პატარა წვიმა არავის აწყენს. პატარა წვიმა არავის აწყენს. ჩემი უხეში თარგმანით,ესაა
ყინულის კაცის ჯორი გარეთ, ბართან აყენია. სადაც უთითებო კაცი უცნაურ გიტარაზე უკრავს გერმაელი ჯუჯა ყასბის შვილთან ერთად ცეკვავს. და პატარა წვიმა არავის აწყენს და პატარა წვიმა არავის აწყენს.
სახურავზე ცეკვავენ და ჭერი ინგრევა. მე ჩემი ნიჩბითა და ტყავის ხელთათმანებით მძინავს. პატარა უბედურება რომელიც ღირს წასვლა. და პატარა წვიმა არავის აწყენს.
ხო,მსოფლიო მრგვალია და მეც გავყვები. უნდა გარისკო იმისათვის რაც ღირს. ხო,მე ძლიერი ხელები მაქვს აქ ნებისმიერ კაცს მოვერევი. თუ წასვლად ღირს. ღირს რომ წახვიდე (If it`s worth the going It`s worth the ride- მგონი ესე ითარგმნება)
სულ თხუთმეტი წლის იყო და ოკიანეც კი არ ენახა. მანქანაში ჩაუჯდა ვიღაც მაწანწალას, და მისი უკანასკნელი სიტყვები "დედა მიყვარხარ" იყო.
და პატარა წვიმა არავის აწყენს. პატარა წვიმა არავის აწყენს.
3. არ მქონია მოსმენილი :)
ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგე, რაზე მღეროდა, იმას ხომ არა, რასაც უთითო მუსიკოსი ჩახლეჩილი ხმით?
კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ შესანიშნავად გადმოგიციათ ამ სიმღერით გამოწვეული თქვენი ემოცია.
არ მქონია მოსმენილი :)
ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგე, რაზე მღეროდა, იმას ხომ არა, რასაც უთითო მუსიკოსი ჩახლეჩილი ხმით?
კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ შესანიშნავად გადმოგიციათ ამ სიმღერით გამოწვეული თქვენი ემოცია.
2. https://www.youtube.com/watch?v=CooufUoi2qs https://www.youtube.com/watch?v=CooufUoi2qs
1. არ ვიცი ის სიმღერა- little rain, იქნებ, მოსმენილიც მაქვს...
მოთხრობის კითხვისას კი სულ რაღაც მელოდია მესმოდა, შავ-თეთრი ფილმების კადრებსაც ვხედავდი.
ძალიან მომეწონა.
დაწერის თარიღიც შთამბეჭდავი იყო :)
არ ვიცი ის სიმღერა- little rain, იქნებ, მოსმენილიც მაქვს...
მოთხრობის კითხვისას კი სულ რაღაც მელოდია მესმოდა, შავ-თეთრი ფილმების კადრებსაც ვხედავდი.
ძალიან მომეწონა.
დაწერის თარიღიც შთამბეჭდავი იყო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|