ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2015


  ჩამოტვირთვა

== რ ე მ ი ს ი ა ==

შეგრძნება საოცარი.
როცა,  დგახარ და უყურებ,
როგორ გივლიან გვერდით დინებები
ცხოვრების,
თუ ინფორმაციების,
თუ ადამიანების,
იქსების და იგრეკების კომბინაციები,
ფორმულები...
და იცი,
ერთ დროს, ეს დინებები შენში გადიოდა.
შენში იკვეთებოდა ყოველი მხრიდან,
ქმნიდა მორევს,
დგებოდა ახალი ფორმულები.
შენებურად ხედავდი შენს შიგნით ადამიანებს,
შენს თბილ, ან, ცივ დინებებში ძირავდი,
შენზე გავლით და შენში მიედინებოდა ცხოვრება,-
სადგომად ისეთი ადგილი გქონდა შერჩეული.
მერე,
ერთი ნაბიჯი განზე გადგი.
ჩამოიწურა,
ჩამოიწრიტა შენგან ყველაფერი,
რითაც იყავი სავსე,
რაც ქმნიდა მორევებს,
რაზეც გჭირდებოდა მორევა.
და წყლისგან ამორეცხილმა
სიპი და პრიალა ზედაპირით
აირეკლე სიცარიელე.
ექოს და ვიბრაციის ამარა დარჩენილი,
უკვე გვერდიდან ხედავ:
ვინ რა ამოხსნა,
ვინ რა გადაჭრა,
ვინ ვის შეეკედლა,
ვინ,კი, შეიკედლა.
ვინ ტალღღის დაჭერა მოინდომა,
ვინ შეძლო,
ვინ - ვერ.
იქსები და იგრეკები ვინ
მოიმრავლა,
ან,
მოიშინაურა ახალი ფორმულების
გამოსაყვანად.
ვინ მარტო დარჩა,
ვინ გაორდა;
ვინ ისწავლა წყლის ჩაგუბება,
ვინ, პირიქით, -  ხმაური.

შენ დგახარ განზე.
ტელესკოპი ხარ.
შორს ხედვის ხელსაწყო.
შენს წინ ბრუნავენ გალაქტიკები,
ვარსკვლავები ფეთქდებიან,
ახლები იბადებიან,
ნისლეულები ბრწყინავენ;
ზოდიაქოები იცვლებიან;

და სულ ერთი ნაბიჯი
ისევ იგივე მიმართულებით-
დაგიბრუნებს ჭავლს და სისავსეს
ხავსმოდებულ გამოქვაბულად ქცეულ
"შენში".
ისევ ისე გადაგკვეთენ წყაროები,
ნაკადულები.

მაგრამ -არა.
ახალი მდინარეებია საჭირო.
თუ სხვა არ იქნება გამოსავალი,
მირჩევნია, მილიონი წლის
და მილიონი ერის შემდეგ,
აღმომაჩინონ ქვის ქანში ჩარჩენილი
რეპტილიის ძვლებივით.
ან, ნიჟარებივით,- ყველაზე
მოულოდნელ ადგილას,
რაც ადამიანებს დაუბრუნებს
ზღვის რწმენას,
ანუ, ერთგვარი სუბსტანციის,
განზომილების,
სადაც, დინებები ერთდებიან,
ფორმულები იხსნებიან,
ქრებიან ადამიანები
და რჩება მთავარი:
უმაღლესი ცნობიერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები