ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრუნჰილდ
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2015


უცნაურ მელოდიაზე

ისე ვარ ახლა,
თითქოს სასკოლო კაბა მეცვას,
ჯადოსნური ფერის ქსოვილი.
ერთი სული მაქვს,
დავუბრუნდე ბილიკს შინისკენ,
ლიანდაგს შორის
ლამბგადავლილი ძაფივით რომ მიუყვება
ბავშვობას ჩემსას
ჯერ არნახული,
უსაშველოდ უთავბოლო
შორისდებული.

ნაპირი ორი, ხიდიც ორი,
საცალფეხო, სამატარებლო.
სკოლა და სახლი,
უბრად მყოფი მეზობლებივით.
შესარიგებლად,
კვლავ ძველი თემა__
თეთრი ქობა ახალ კაბაზე,
მოჩითულზე,
მაჩიტელას ზაფხულის ფერით.

"დიდია უკვე.
აღარ არგებს წელს შარშანდელი",__
თვალდახრილი ჩურჩულებს ერთი.
მეორეს უკვე ჩამოუცვამს
თითზე სათითე
და თბილ კალთაში შეუქუჩავს
შვილის კბილა
მეზობლის გოგოს
ბავშვობის წლები...
და დაწინწკლული ყვავილები
სულ გულყვითელა გვირგვინებით
საგულედან უნდა ფაქიზად
ამოალაგოს.
კვალი გაავლოს.
დალიანდაგდეს.
დადგეს.
დაქალდეს.
ქარებს გაუძლოს!

ძალიან ახლოს
(ისევე, როგორც ყურთასმენას
ძელქვის შრიალი),
მიშარაშუნობს,
მიშრიალებს ხიდ-ქვეშ მდინარე__
წარსული წლები.
ძაფების ჭრელი გორგალიდან
გზას იკვლევს ფერი,
თითქოს მეისრემ მზე წამოსწია
ქურთუკიდან ნეონისფერი.
დაეშვა ხელი.
მატარებელი.
ბექობიდან იშლება ხედი.
ბავშვობის ხედი.
რიგები ხეთა...
და ყველაფერი ხელთავიდან.
მობუტბუტე ქარში ჩრდილებიც,
შუბლზე წაკრული ხილაბანდით
ფანჯრის რაფასთან,
გვირისტებში ჩაშლილი მზერით.

ანათებს მზე და...
ბებერ "ზინგერ"-ს
უთბება ძვლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები