ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2015


  ჩამოტვირთვა

== P. S. S ==

-გამარჯობა, სისი.
(ყველა წერილი იწყება ასე)
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ
ჩვეულებრივი გოგონა არ ხარ.
ყოველთვის მეშინოდა შენი
ჭაობისფერი თვალების
უფრო მეტად აწყლიანების.
წყლის ზედაპირზე, ხომ
ყოველვის თავისუფლად
ტივტივებს
ნაგავი.
სისი,
ჩემო ჩალისფერთმიანო სულელო,
(არ გეწყინოს, მოფერებით გეძახი)
დღემდე ცელქო და  ხიფათიანო ,
არ გრცხვენია ისევ ისე რომ გიყვარს ადამიანები?!
არ გრცხვენია ისევ ისე რომ პატიობ იოლად?!
როგორც ბავშვობაში ივიწყებდი წყენას
და მალევე უბრუნდებოდი იმათ ჟრიამულს -
ვინც კოცონი გააჩაღა და
ჯორდანობრუნობანა ითამაშა შენი თოჯინით.
ღმერთივით იყავი, სისი.
შენი სათამაშოებით ამარაგებდი პატარა ინკვიზიტორებს.
ეს ცელქი ბოროტუნებიც გებრალებოდა,
სათამაშოებიც
და საკუთარი თავიც,
იმიტომ, რომ კარგავდი...
კარგავდი :
თოჯინებს -სამუდამოდ,
მეგობრებს - ცოტა ხნით, (პატიებამდე)
და იძენდი ტკივილის და სიბრალულის
მოურჩენელ გრძნობას.

სისი,
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ
ჩვეულებრივი ბავშვი არ ხარ.
ყოველთვის მეშინოდა
შენი ჭაობისფერი თვალების
კიდევ უფრო მეტად აწყლიანების.
დაუდევარი ტურისტებისგან
დატოვებული ნაგავი
წყლის ზედაპირზე ხომ უფრო
თავისუფლად ტივტივებს.

სისი, ბავშვობაშივე დაეკარგე
ცხოვრებას, რომელიც
აბინძურებს.
თავიდანვე არ გამოჰყევი ჩვენს ნაბიჯებს,
რომლებსაც იქ მივყავდით,
სადაც ახლა ვდგავართ.
უნდობლობასთან,
დანის ალესილ პირებთან,
უსიყვარულობასთან,
უერთმანეთობასთან.
სისი, ამიტომაც არ გითხარი სიმართლე.
არ გითხარი, როგორ მიკვირდა
შენი მეგობრების დამეგობრება
შენს მტრებთან
და ვერ ამეხსნა,
რატომღა რჩებოდნენ ისინი
შენს გარემოცვაში.

P.S
სისი,
ერთხელ მაინც გაუბრაზდი.
ერთხელ მაინც არ შეუნდო ღალატი.
ერთხელ მაინც გაიფიქრე, რომ
მეგობრები, რომლებიც,
შენს მტრებთან მეგობრობენ
არ არიან ღირსები
დამწვარ თოჯინებზე მეტად გიყვარდნენ.

P.S.S სისი,
უთქვამთ:
"ჩემი მტრის მტერი -
ჩემი მეგობარიაო";
ჩვენი მტრების მეგობრები
რაღა გამოდიან, სისი...?
ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ,
ოდნავ მაინც თუ... თუ...
ეგრე გულით მაინც ნუღა გაუღიმებ,
სისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები