ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2015


შინდაბრუნება

მე ქარზე მეტად წვიმა მიყვარს.
ამ დროს ქუჩები
ცარიელ რვეულს ემსგავსება... წყვეტილებიანს...
ჭირს წავუღივარ... ალბათ ვეღარ გადავურჩები
ღამეს, რომელსაც ფარვანებიც ეწირებიან...
მე ხშირად ვფიქრობ, სხვისთვის უცხო,
სულ სხვა თემებზე
და, ამიტომაც, მერამდენედ გარდავიცვალე.
შენ იცი, თამ, როგორია გარდაცვალება?
ამას, ყველაზე უკეთ, ის კაცი ხვდება,
ბაქანის კიდეზე  ნახევარი სხეულით რომ დგას.
და ელოდება მატარებელს ბნელი ხვრელიდან...
და ბოლოს, როცა გრილი სიო დაუკაწრავს მოთენთილ სახეს,
მაშინ მიხვდება, თუ როგორი სუნი აქვს სიკვდილს..
და იგრძნობს შვებას
შინდაბრუნების...
ძნელია იცხოვრო და წარსული არ გაიხსენო..
ძნელია ისე ჩაიარო ექვსას ორმოცი ვიწრო და სწორი საფეხური, რომ ერთხელ მაინც არ მოიხედო...
რომ კიდევ ნახო აქამდე ვინ მოგყვებოდა...
ან ახლა ვინ დგას ამ შენი წვრილი გაღუნული გვიმრის ტოტივით  ხერხემლის უკან...
აი, ასეა ცხოვრებაც...
ადიხარ მაღლა ან ეშვები ქვესკნელისაკენ...
მე ვდგავარ ექვსა ოცდამეჩვიდმეტე საფეხურზე
და ვერ მივდივარ წინ...
ვიხედები უკან და ბევრი არაფერი არ ჩანს.
ჩამოჯდომისაც მეშინია, რომ შემთხვევით სხვისი ფეხის ბინძური მტვერით არ დავისვარო..
შენ დგახარ ოცდამეთხუთმეტე
ოცდამეთექვსმეტე
ოცდამეჩვიდმეტე
ოცდამეთვრამეტე
ოცდამეცხრამეტე
შენ არ დგახარ და არ გეშინია...
არც მე ვიდექი ადრე...
სანამ არ მივხვდი, რომ ამ ცხოვრებას, ისედაც თავის ნელი ბიძგებით სადღაც მიყავხარ
და ბოლოს, მაინც იქ მიგიყვანს სადაც გელიან...
არ მინდა ვთქვა ოდესმე, რომ ჩვენ ვგავდით ორ ნაცნობს,
რომლებიც ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად მეტროთი მგზავრობა არჩიეს და
ექსკავატორზე შეხვდნენ ერთმანეთს...
შემთხვევით, რა თქმა უნდა,
რადგან თბილისი პატარაა, როგორც იტყვიან..
და გამარჯობის თქმაც ვერ მოასწრეს,
ისე ჩაუარეს ერთმანეთს მათმა საფეხურის ნომრებმა.
მხოლოდ თვალებმა,
თვალებმა თქვეს თავის სათქმელი.
და სინანულით გაიხედეს სხვა და სხვა მხარეს...
... შენ მაღლა მიდოდი გასასვლელისკენ.
მე დაბლა.
და ველოდი შინდაბრუნებას...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები