არსებობს ასეთი მეცნიერული თეორია, რომ ადამიანი არის სხეული და მასში მოძრავი ენერგია, როდესაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტვინის მთლიანად გამოყენებას, ადამიანი გასცდება სხეულს, შეეძლება მისი ენერგიის გარეთ გატანა და საბოლოოდ ის გარდაიქმნება მოძრავ, მუდმივ ენერგიად, აღარ დასჭირდება საზღვრები, ანუ სხეული. თუ ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს სიკვდილს შემდეგ სიცოცხლე, რომ ის არ ქრება და ის არ არის მხოლოდ მიწის გროვა, რომ ის ერთადერთი არსებაა, რომელსაც აქვს უკვდავი სული, მაშინ გვაინტერესებს, თუ როგორია ეს სიცოცხლე, რა არის სიკვდილს შემდეგ და ამ თეორიით, ვფიქრობ, რომ ამის ახსნა შეიძლება. ადამიანის უსასრულობის, უკვდავების. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ მანძილზე გავიგოთ ხმა, მაგრამ როცა შორს ვართ, ხმა იკარგება და ჩვენამდე ვერ აღწევს. ერთი შეხედვით ეს ასეა, მაგრამ სინამდვილეში ხმა ხომ მოდის ჩვენთან, არსებობს მოწყობილობა, რომელსაც ასობით მეტრზე შეუძლია ჩურჩულის მოსმენაც კი, ანუ ხმა ჩვენამდე მოდის, უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია გაგება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, სიტყვა, სუნთქვა, ხელის გაქნევა არ იკარგება, უსასრულოა. ჩვენ რომ ჟანგბადს ჩავისუნთქავთ, ის ჟანგბადი იყო ნახშირორჟანგი, რომელიც სხვა ადამიანმა ამოისუნთქა, შემდეგ მცენარემ გადაამუშავა და მოვიდა ჩვენამდე, ჩვენი ამონასუნთქიც ადრე თუ გვიან სხვა ადამიანამდე მივა. რა არის პეპლის ეფექტი, დედამიწის ერთ "ბოლოში" პეპლის გაქნეულმა ფრთამ, ამ უმნიშვნელო ძალამ, შესაძლოა მეორე ბოლოში მიწისძვრა გამოიწვიოს. ერთი შეხედვით ჩვენს სამყაროში ყველაფერი წარმავალია, არაფერია უსასრულო, ყველაფერი სიბერისთვისა და სიკვდილისთვის, დასასრულისთვისაა განწირული. მე ამის არ მჯერა. მდინარეებიდან და ზღვებიდან წყალი აორთქლდება, წარმოიქმნება ღრუბელი, გაიბერება, დაიწყება წვიმა და წყალი ისევ დაუბრუნდება ზღვებს და მდინარეებს. ათასწლოვან საფლავს დაეცემა ვაშლის თესლი, რომელიც იკვებება მიწით, ეს მიწა კი ოდესღაც ვიღაცის ძვლები იყო, ამ ძვლებით გაიზრდება ხე და მოისხამს ნაყოფს, რომელსაც მოწყვეტს ბავშვი და შეჭამს, მიიღებს ენერგიას, რომელიც ათასი წელი მიწაში იმალებოდა. დასასრული იგივე გარდაქმნაა, ყველაფერი ბრუნავს დედამიწაზე, ისევე როგორც თვითონ. შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ იმედის ძებნაა და მეტი არაფერი, იმ იმედის, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები, მეგობრები არ გამქრალან, მათი სიტყვა, საქმე და სხეულიც კი ისევ ბრუნავს დედამიწის გარშემო. შესაძლოა ეს ყველაფერი ტყუილია, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ სიკვდილს შემდეგ მართლაც ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|