ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2015


ტექსტები

ერთხელ დამემართა-
აივანზე მოვკვდი.
წაუქცევლად,წელში ოდნავ მოხრილი,
იდაყვებით შევრჩი მოაჯირს.
ტალღების ხმა მესმოდა ერთხანს,
მერე ისიც მინელდა,მიილია
და ბოლოს სულაც გაქრა.
მახსოვს მკვდარმა,
როგორ დავიყვირე შენი სახელი-
(რეფლერსურად) -
აგონიასთან ბრძოლისას.
და შენც არ დააყოვნე,
პასუხად:
დუმილს,პირზე აფარებული ხელები მოაჭამე.
(ეს კი გჭირს: გასაშვებად,
ბოლომდე ვერასდროს,მწირავ).
...მერე თვალები გავახილე
და მერე ტალღები ახმაურდნენ
და მერე მანქანებმაც დაიწყეს მოძრაობა.
მერე კი მზეც დავინახე -
სამეფო კობრასავით ეხვეოდა ზღვა,ყელზე.

-----------------------------------------------------
ის დრო მენატრება-
ღამე,რომ ძილისთვის არ მემეტებოდა.
ის დრო მენატრება-
გახელილ თუ დახუჭულ თვალებით
მხოლოდ შენ,რომ გხედავდი.
ის დრო მენატრება
როცა დრო არ მყოფინდა შენზე ფიქრისთვის.
. . . .
ახლა არსად აღარ ხარ.
აღარც ტანჯვაა
აღარც თეთრი ღამე
აღარც უჰაერობა
აღარც ტკივილი
და მე
ის დრო მენატრება .
. . . .
ყველაზე დიდი დარდი ყოფილა -
უდარდელობა .

-----------------------------------

ხანდახან ისე მოგეწონება ,
იმ მომენტში გინდა,რამე დაემართოს.
რამე , უმნიშვნელო ხიფათი ,
რომ მივარდე
და გადაარჩინო
რომ მივარდე
და ყველაფერი გააკეთო
მისთვის...
წიგნებში ხდება ხოლმე ასე -
ყველაფერი,შემთხვევით
და მარადიულად.
ცხოვრებაში -
ორჯერ ორი
ოთხია.
.
ჩვენც ჩამოვდივართ ავტობუსიდან და
მივდივართ -
სხვადასხვა მიმართულებით.

-------------------------------------

ჰოდა როცა არაფერი გამოდის
ვდგები და ვსვამ არაყს...
რაღაცას ხომ უნდა დაბრალდეს
ეს უიღბლობა?!
.
როგორ ამოხვალ ზღვიდან მშრალი
წყალგაუმტარ ნაჭერში
თუ არ გაეხვიე...

------------------------

ჩხაკ...
და
აღარ  ხარ.
ფოტო გადაგიღეს თითქოს ...
.
წასვლამდე ცდილობ -
დატოვო
რაღაც...
.
აზრები თიხასავითაა-
მიმოყრილი ,მშრალი,
უშინაარსო...
უნდა შეაგროვო,
ერთმანეთში აზილო
და
ფორმა მისცე...
.
სიყვარული წყალია -
სუფთა , მთიდან ჩამონადენი.
.
თიხა  თუ არ დაასველე,
ვერაფერს გამოძერწავ...

---------------------------------

ზოგჯერ გინდება რამე სისულელე გააკეთო,
შენიშვნა,რომ მოგცენ, მერე.
ასეა ადამიანი...
ზოგჯერ -
ორწამიან ყურადღებას დაეძებს
გადასარჩენად...
ზოგჯერ -
წვეთ-წვეთობით აგროვებს სითბოს,
თავისით.

-----------------------

ვის უნდა ელაპარაკო, როცა
სრულიად მარტო ხარ?
-ფურცლებს!
* * *
მათ იციან მოსმენა...
ისინი სათქმელს
მარადისობას უნახავენ
ზედმეტი კითხვებისა
და
მომაბეზრებელი რჩევების
გარეშე!
* * *
ელაპარაკეთ ფურცლებს
სწორედ მათზე გადის
საკუთარ თავთან
მისასვლელი
გზა.

-----------------------------

გავცივდი და
არყით ვმკურნალობ.
როგორ მშველის ეს არაყი , ყველაფერში...
ჩაყრი ჭიქაში ნიორს,  დააწურავ ლიმონს
დაასხამ არაყს და დალევ.
ცხოვრების უკუღმართობებზე მძიმე ჩასაყლაპი
მაინც არ არი.
* * *
დღეს გნახე...
მეათასედ,არაფერი მითქვამს.
გადავყლაპე ყველა სათქმელი სიტყვა და
დამახველა...
საშინელება იყო,სული ამოვაყოლე თითქმის...
-,,რა ჯანდაბაა?!  მგონი გაცივდი''-ო
დაასკვნეს.
მეც დავეთანხმე .
აბა ახსნებს ხომ არ დავიწყებდი :
ჩემს ბრონქებს , ნახველი კი არა -
არ თქმული სიტყვები
დააწვა-მეთქი.
* * *
ახლა  ვზივარ აქ ,ჩემთვის.
ვალაგებ სიტყვებს , რომლებიც უნდა მეთქვა
და თან არყით ვკურნალობ.
* * *
როგორ მშველის ეს არაყი,ყველაფერში...

-----------------------------------------------------


(ორი დინება)
1.
მე ერთხელ ვნახე,
სულარეული მღვდემსახური
და წამოვედი ტაძრიდან,
რადგან-
აღარაფერი იყო იქ,სარწმუნო.
2.
მე ერთხელ ვნახე
სულარეული მღვდელმსახური
და წავედი ტაძარში ,
რათა
მელოცა მისი სულითვის.

-------------------------------------

მე,
ვიჯექი
ჩემთვის
სანამ მოვიდოდა
ხალხი
და
იმ დუმილისთვის
გამასამართლებდა,
რომელიც ვერაფრით
დავიცავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები