ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა__
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2016


ეს მუსიკაც ჩაამთავრებს სივრცის გაპობას ...

დრო გადის.. და  მე მაინც ფანჯრიდან გავყურებ
ჭრელა-ჭრულა ხეებს, ხშირფოთლიანს,
ალაგ-ალაგ დახვეული,
ფოთლებს შორის ჩაბნეული ჰარმონიებით,
ობერტონებით , გაბერილი თუ გადამსკდარი აკორდებით სავსეს. ახლა უკვე ფანჯრის გამოღებაც არ მჭირდება და არც დაორთქლილზე ხელის გასმა-გამოსმა . იმდენად ახლო და ნამდვილია , თავის ერთი გატრიალება ყოფნის , ერთი გაფიქრება ,რომ სახეში შემომეყაროს , ხელისგულები დამიფაროს, პირი და თვალები გამიფხრიწოს , ჩემს შიგნეულობას მოედოს და გადაფაროს .ხანდახან, მგონია, ეს ფოთლები მაშენებდნენ ამდენ ხანს, მაგრამ საძირკვლის ჩაყრა დაავიწყდათ, ან ,,რომელიმე დღის, რომელიმე ქარს ემსხვერპლა''.
დრო გადის ... გადის
და მე მაინც ბრამსს ვუსმენ , ინტერმეცოს, ჩემი სიზმრების , სავსემთვარეობის , აწყლიანებულ-აცრემლებული შეგრძნებების ხურჯინს .
არ იცვლება.. არც ერთი მომატებული წელი არ ცვლის ამინდს , ჩასუნთქული ჰაერის გემოს , ნაბიჯების სიღრმეს და მათ შორის ინტერვალს ... სანამ ჩემს ფანჯარას , უკანასკნელი ხის, უკანასკნელი ფოთოლი არ მოასკდება და არ ჩაამსხვრევს ამოხუთულ მინას, სანამ თავსხმა წვიმის ბოლო წვეთი არ იქნება უკანასკნელი ჩემს უპეებზე , სანამ საძირკველს დააფრენს უმისამართოდ ჩემი თვალები - ასე იქნება .
ალბათ ყველაფერს ეშველება...

ეს მუსიკაც ჩაამთავრებს სივრცის გაპობას და ჰაერი ნაწილ-ნაწილ,
მარცვალ-მარცვალ დამეფშვნება თმებზე , სახეზე ... ცხვირის წვერი და უპეები აისხლიტავს , კიდე-კიდე ჩაივლის კისერს , ლავიწისა და მკერდის ძვლის სიახლოვეს დაგროვდება , ხორცს გაფხრეწს და დაიგულებს გულის მფეთქავ მხარეში ალაგს ; ბუბუნით შეუერთდება სისხლის მიმოქცევას, ყველა უიმედოდ დარჩენილ ქსოვილს მოივლის, გამოკვებავს, ასუნთქებს, აამოძრავებს ...
ეს მუსიკაც ჩაამთავრებს სივრცის გაპობას და ყველა ჩამომწყდარი ნოტი მიიკრავს დაბერილ ქუთუთოებზე შეზრდილ მარილებს, მოივლის სხეულის რუკას და დამთავრდება ხელისგულებზე , თითების ბალიშებზე გაიდგამს გვირილების ფესვებს , აყვავილდება , გაიფურჩქნება ათასფერადი ფურცლები , თითები კიდეებით ერთმანეთს მიედ-მოედება , გასმა-გამოსმით ჩამოფცქვნილი გვირილები ტრიუმფით გააპობს  სივრცეს ისევ , ფესვებით მოხაზავს ნოტების ოვალებს , კუდებს.. და მუსიკის ღმერთები უდირიჟორებენ უიმედო სიყვარულის მბჟუტავ სიმფონიას და ნაცრისფერ, უყვავილოდ დარჩენილ თითებს .
ყველაფერს ეშველება...
ეს მუსიკაც ჩაამთავრებს სივრცის გაპობას და მე,  ფეხისწვერებზე მდგარი, მზისკენ სახემიშვერილი , ყოველ ვერამღერებულ , თუნდაც ცის კიდურზე გაჩხერილ მელოდიას დავკრეფ , ბღუჯად შევკრავ , ჩემს ნათითურებს დავატყობ და ისე მოვიტან შენამდე... რომ გაახარო ,  რომ მორწყა და გამოაზაფხულო , მერე ყველაფერს ეშველება , რადგან იარსებებს ჩემი და შენი მელოდია , მოგიზგიზე , მათრობელა , მწველი და ყველაზე მკვეთრი ოვალებით მოხატული ნოტის მუცლებით, კუდებით და ყველაზე მკვეთრი, გულისფანცქალებით გაბერილი, ხუთი ხაზით...
...
ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა ...
მე მხოლოდ შენით შემიძლია, მბჟუტავ , ფერდაკარგულ, რომელიღაც პლანეტის კიდეზე დაკიდებულ ჩემს თავს ჰაერი ვასუნთქო , სიარული ვასწავლო და მოვასმენინო მოწყვეტილი გვირილების,
გაცრუებული იმედების სიმფონია...
ეს მუსიკაც ჩაამთავრებს სივრცის გაპობას ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები