ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2009


Sagrada, Barca და…

მე ისევ არსად ვარ... ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად,
უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.

ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს,
წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად,
ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს,
ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.

წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს Sagrada,
გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან,
ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ
ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.

გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა,
მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა,
ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა,
მელანქოლიურად ვიქეცი, ამინდად.

ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა,
სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა,
შენგან განსხვავებით, ჩემში ვერ მოხერხდა
უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.

და ისევ არსად ვარ... ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად,
მერე, _ მთვარეულმა, გაგცვალე ლექსებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები