ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2016


უღელტეხილი

ეს ნაბიჭვარი თებერვალი რომ გაგაცურებს,
როგორ მაჭამა,
რომ მეგონა გადავთოვლეთქო,
რიკოთზე კვლავ დევს,

ყველგან ხრამია,
საითაც კი ნაბიჯს გადადგამ,
მდინარეებზე გადებული ბეწვისხიდებით,
საცალფეხოა,
როგორც გზები მართალი კაცის,
გახვალ მშვიდობით ან ჩავარდები,

მოულოდნელად იცის თურმე წყალმა მოვარდნა,
ამინდები თუკი გაცუდდა,
და ქედზე თოვლი დადნა ისე, როგორც ნაყინი,

ხეები გრძნობენ პირველიო, ამას, ამბობენ,
წამეხებული თავების ქნევით,
საწყლებს ფესვებით უჭირავთ მიწა,
იარებივით ამჩნევიათ დამსკდარი ტანი,
ნაჯახდაკრული,

აგერ, ბიჭებმა, ბეჭით - წელამდე,
სხვადასხვა ფერის ნაფლეთებით
გაკოჭილებმა,
კუზიანებს რომ ჰგვანან,
როგორც კვიცებმა, ამ ცივ წყალში
ოთხით შეცურეს,

თევზი დაუფრთხეს მებადურებს,
მზის ამოსვლისას,
მოსულთ ამ ხევში,
დილიდან რომ დაფათურებდნენ,

მხოლოდ ერთს მარჯვედ,
ჩანგალი რომ მიება ხეზე,
დაუჭერია დამფრთხალი კობრი
და ტუსაღივით უჭირავს ხელში.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები