 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2016 |
თბილისში თითქმის ერთი კვირაა აუტანელი სიცხეებია. შეწუხებული ხალხი ქშენა-ოხვრით მიუყვება სოლოლაკის აღმართს. სამსახურიდან დაბრუნებულებს ერთი სული აქვთ ეზოში მდგარ ონკანს დაეწაფონ, რათა დიდი ხნის გამოუყენებელი ფიალასავით გამომშრალი ყელი გაისველონ. ქვაფენილიც ისე გამოშრა, ლამისაა წუწუნი დაიწყოს გამაგრილეთო. ქუჩის კუთხეში თონეა, საიდანაც მუდმივად ისმის ხაბაზი ოტიას ლანძღვა-გინება, რაც სიცხით გადაღლილ მაცხოვრებლებს შვებისმაგვარად ამხიარულებს. პური ჩაკრული არა აქვს, გამოვარდება ხოლმე გარეთ და თონესთან წამოწოლილ კუნძზე ჩამოჯდება. არასდროს ავიწყდება სველი ცხვირსახოცი, რომელიც აუცილებლად კისერზე აქვს შემოხვეული და გაზეთი, რომელიც მარაოს მაგივრობას უწევს ამ პაპანაქება სიცხეში. როდის უნდა აგრილდეს? მოჰყვებოდა ბუზღუნს და გაუჩერებლად იქნევდა აქეთ-იქით გაზეთს, თითქოს სხეულზე ცეცხლი უკიდია და აქრობსო. ლეილა ბებო, მას შემდეგ რაც ქმარი დაეღუპა, მზესუმზირას თონის მოპირდაპირე მხარეს ყიდის. „ჩემი ბაღნები რომ მოვლენ, რაღაცით ხომ უნდა გავახარო. ერთს ბოვშვს კანფეტი მოუნდება, მეორესა ნაყინი და ამიტომა ვზივარ აქა, თან მეტი რა საქმე მაქვსო ეუბნებოდა ხოლმე ოტიას „შესვენების“ დროს. მხტვარი გოგია, რომელსაც სულ ორი დღის წინ შეუსრულდა 60 წელი, ყოველთვის პირველი ბრუნდებოდა სამსახურიდან. ხატვა თორმეტი წლისამ ისწავლა და მასთან სახლში რომ შეგახედათ, ადგილს ვერ ნახავდით, სადაც მის ნახატებთან ერთად დავინჩის, პიკასოს, ვან გოგის, სანტისა და სალვადორ დალის ნახატები არ იყო. როგორც ყველა ხელოვანი, ისიც სიდუხჭირეში ცხოვრობდა, თუმცა იმ საქმეს ემსახურებოდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა. სოლოლაკში მდებარე 47-ე სკოლაში პატარებს ხატვას დიდი მონდომებითა და სიყვარულით ასწავლიდა. ხაბაზი ოტია, ლეილა ბებო და გოგია თითქმის 25 წელია, რაც ერთ ეზოში ცხოვრობენ. ყოველ საღამოს შემოუსხდებიან ხის მაგიდას და სიცილ-კისკისით იხსენებენ ხოლმე სხვადასხვა ისტორიებს. ლეილა ბებოს მიერ მოხალული მზესესუმზირა ძალიან უყვართ ოტიას და გოგიას და ეს ძალიან კარგად იცის ბებომ. სახელდახელოდ მოხალავს ხოლმე მზესუმზირას ეზოში გამოსვლამდე, დაყრის გაზეთზე და გაშლის მაგიდაზე. მათ საუბარს კი აკომპანიმენტს მზესუმზირის გარჩევით გამოწვეული წკაპა-წკუპი უქმნის. -ოტიააა... ოტიიიაა... გამოყავი თავი, შე ოჯახდასაქცევო, რაღა დროს ძილია?! -ჰოო, რა ხდება, შე კაცო? -დღეს ხომ შაბათია, არ ვმუშაობ, შენც ისვენებ, ხოდა საღამოს ჩემთან გელოდები, არ დამაღალატო იცოდე. -რა ხდება, კი მაგრამ? -წამო, წამო და გაიგებ... -კაი ჰო, ჯანდაბას შენი თავი, ოღონდ ცოტა მაცადე ძილი, მთელი ღამე არ მძინებია... -რატომ, ხო მშვიდობაა? -გეტყვი, რომ მოვალ... -კარგი აბა, და 6-ზე ჩემთან იყავი... მართლაც მთელი ღამე არ სძინებია ოტიას. თონეში ჩაკრულ პურსავით ტრიალებდა აქეთ იქით საწოლში, მაგრამ ძილი არაფრით მიეკარა. სიყვარული ადამიანს აბედნიერებს, მაგრამ ხშირად ეს ბედნიერება ხდება ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზი. უზომოდ შეყვარებული ოტია, დაკარგულ სიყვარულზე ფიქრმა შეიპყრო, რომელსაც თავი ვერაფრით დააღწია. ოტია ასევე იმ მეგობრებზე ფიქრობდა,როლებმაც ისე მიატოვეს, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. შარლოტა ბრონტემ სწორად თქვა: „მეგობრებს ყოველთვის ავიწყდებათ ისინი, ვისაც ბედი გასწირავს“. იწვა გულაღმა და ძალიან ბევრს ფიქრობდა, ყველაზე და ყველაფერზე. ამ ფიქრებშივე ჩაეძინა, ხოლო შემდეგ გოგიას ხმამ გამოაღვიძა. ყველაფერის მიზეზი კი სწორედ ეს იყო. ოტია დათქმულ დროს მივიდა მეგობართან. გოგიას პატარა ხის მაგიდაზე კიტრი, პამიდორი, ყველი, პური და ერთი ბოთლი ღვინო დაედო. მოდი, შე კაცო, გავიხსენოთ ახალგაზრდობა, შეჰყვირა გოგიამ და სკამისაკენ მიუთითა ოტიას. -ლეილა არ მოვა? -წნევა მაქვს დაბალი და მირჩევნია ვიწვეო. -რა დროს მაგის წნევაა, ახალგაზრდა გოგოა ჯერ. რამდენიმე ჭიქა დალიეს და პატარა-პატარა ისტორიების გახსენებას მოჰყვნენ. -რაო მთელი ღამე არ მძინებიაო?-შეეკითხა გოგია ოტიას, როდესაც დრო იხელთა ამის საკითხავად. -ხოო, ვერაფრთ ვერ დავიძინე... -რატომ, კიმაგრამ? ცუდად ხომ არ იყავი? აუხსნა ყველაფერი ოტიამ, რა და როგორ იყო. იჯდა იდაყვზე დაყრდნობილი მხატვარი მაგიდასთან და ცრემლნარევი თვალებით უსმენდა მეგობარს. როდესაც ოტიამ საუბარი დაასრულა, გოგია ადგა, გულში ჩაიკრა ოტია და უთხრა: -ბიჭო, 60 წლის მანძილზე ტკივილის მეტი არაფერი მინახავს ამ ქვეყანაზე. ბედნიერი წუთებიც კი ცუდად მეჩვენებოდა და იცი რატომ? ღმერთს ყოველთვის ცაში ვეძებდი და ვერ ვიპოვნე. მის გარეშე კი, მითხარი, როგორ უნდა მეცხოვრა, ოტია? რამდენი ბედნიერი წუთი მქონია, მაგრამ სწორედ მაშინ ვკარგავდი ღმერთს, როდესაც კარგად ვიყავი. გული ხომ გიცემს არა? ხოდა მაგ გულმა ყველას სიყვარული უნდა დაიტიოს, ხომ გამიგე? ცაშიც შეგიძლია აიხედო იმისათვის,რომ ცისარტყელა, ლამაზი ცა და ფრინველები დაინახო, მაგრამ როცა გტკივა, გულში ჩაიხედე ოტია. როცა გიხარია, გულს მოუსმინე. ღმერთს გულით უნდა ატარებდე, მეგობარო. ღმერთი შენ უნდა იპოვნო. ის შენს გვერდითაა სულ, მაგრამ შენ თუ არ იპოვნე, იცი რას დაემგვანება? იმ წუთებს, რომელსაც არ აფასებ და როდესაც კარგავ, მერე იწყებ მის დაფასებას. სიყვარულით იცხოვრე ოტია. ხოდა, არდაფასებულ სიყვარულს გაუმარჯოს ახლა. სიყვარული ყველას არ შეუძლია. არც ადამიანობაა ადვილი. ადამიანობა ყველაზე დიდი განძია მთელს კაცობრიობაში, რომელიც მიწაში არ მარხია. ის შენს გულშია. დაიმახსოვრე ეს. ოტიამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. დიდი ხნის განმავლობაში ისხდნენ სუფრასთან უდიდესი სიყვარულით აღვსილნი. მაშინ, როდესაც წამოსვლის დრო დადგა, ოტიამ შენიშნა, რომ მისი მეგობრის სახლი თითქოს დაცარიელებულიყო. ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, მაგრამ კითხვა მოერიდა.. გადაეხვივნენ მეგობრები და ერთმანეთს მშვიდი ღამე უსურვეს. იმ დღეს მთვარე ძალიან ლამაზად გადმოჰყურებდა თბილისს. სამეზობლო სისხამ დილას ფანჯრის რაფაზე დაცემული წვეთების ხმამ გამოაღვიძა. ეს კი თბილისში გამეფებული სიცხეების დასასრული იყო. სოლოლაკის დაღმართი ადიდებულ მდინარეს მოგაგონებდათ, ისე მოჰქროდა წყალი. პატარა ეზოებში ძალიან ბევრი გუბე იდგა, რის გამოც ხტუნვა-ხტუნვით უწევდათ მცხოვრებლებს სამსახურისკენ გზის გაკვლევა. სახლებს ქუდებივით ეხურა კრამიტები და სწორედ ამ კრამიტებიდან ჩანჩქერივით მოედინებოდა წყალი. ოტია თონეში ხელებაკაპიწებული კი თავის ჩვეულ საქმეს აკეთებდა, თან ლანძღვა-გინება ახლაც არ ავიწყდება. როდისღა უნდა დათბეს? სულ უნდა იწვიმოს? ლანძღვა-გინების მიზეზი არასდროს დალევია მას. ყოველთვის რაღაც არ მოსწონდა და თავის აზრს ასე ხმამაღლა გამოხატავდა. თანაც მეტად „ზრდილობიანად“. ლეილა ბებოს ამინდის გამო სახლში მოუწია დარჩენა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა კითხვა და სწორედ ამას მიჰყო ხელი. პატარა სახლში ცხოვრობდა, მაგრამ მაინც იტევდა მის უსაყვარლეს წიგნებს მომცრო ოთახი. დრო ისე გაეპარა, ვერც კი შეამჩნია. წამოდგა ფეხზე, შევიდა სამზარეულოში და მჭადების ცხობა დაიწყო. ბევრის დაცხობა მოუწია, რადგანაც ყოველთვის სამ თეფშზე უწევდა გადანაწილება. ოტიას ბედნიერებით აევსო თვალები, როდესაც დაღლილმა და მშიერმა თავისივე თონეში ლეილა ბებო დაინახა,რომელსაც ხელში ცხელ-ცხელი მჭადები და ყველი ეკავა. პურს წამოგიღებდი ოტია, მაგრამ ნამეტანი მეუხერხულა, შენი ჭირიმე. აი, აქანე დავდებ ამას, შეჭამე, სანამ ცხელია, თორე ცივს რა გემო აქვს, შენც კარგად გეცოდინება. წავალ მე, ერთი გოგიასაც შევუვლი, დღეს არ გამოჩენილა და გავიგო იქნებ რა უჭირს. გამოემშვიდობნენ ერთმანეთს მეგობრები. ოტიას კი მშიერი და დაღლილი სახე სწაფადვე გამოუკეთდა.თბილისს კი შემოდგომა ნელ-ნელა უახლოვდებოდა.. ბებია ოტიასგან წამოვიდა თუ არა, პირდაპირ გოგიას სახლისაკენ გაეშურა. რამდენიმე მეტრი აშორებდა უკვე მის სახლამდე, როდესაც გოგიამ თავადვე გააღო კარი. ბებოს და მისი თვალები კი ერთმანეთს შეეჩეხა. გოგიას თვალები ძალიან სევდიანი ჰქონდა, რაც ცოტა არ იყოს ბებიას ეუცხოვა. -გოგი, შე მაგარო, როგორ ხარ? -კარგად, ლეილ, რა მიჭირს. შენ ხომ ხარ კარგად? -რა ვიცი, წნევები მაწუხებს ბოლო პერიოდია....გოგი, აი ცხელი მჭადი და ყველი მოგიტანე, მშიერი იქნები. მიდი, შეგეჭამა, სანამ ცხელია და მერე წასულიყავი, სადაც მიდიხარ. -ლეილ, რომ მოვალ, მერე შევჭამ კარგი? ძალიან მეჩქარება. -საით გაგიწევია? -ძველი მეგობარი უნდა ვნახო. რამდენი ხანია არ მინახავს, მომენატრა ეგ ოხერი. -ეს ნახატებიც მას უნდა ანახო? - ხო, შევპირდი მზესუმზირებს განახებ-თქო. უყვარს ძალიან ვან გოგი. ერთი ჩემი ნახატიც მინდა ვაჩვენო. იმედი მაქვს მოეწონება. -კარგი, მაშინ აი გამომართვი, რომ მოხვალ გეშიება და შეჭამე. თბილად ჩაიცვი, აცივდა უკვე, ხომ ხედავ. -მადლობა ლეილა. აბა დროებით. რამდენიმე სკუპი გააკეთა გოგიამ და ჩრდილივით გაუჩინარდა ეზოდან. სოლოლაკი ძალიან დიდ სევდას იტევდა. ცაზე კი ლამაზმა ცისარტყელამ გამოიჭყიტა.
გოგია ნელი ნაბიჯით ჩაუყვა დაღმართს. იმდენ რამეზე ფიქრობდა, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ მიადგა ყველაზე მტკივნეულ ხიდს. ძნელია ამ ხიდზე გაღიმებული ადამიანის დანახვა. ყველა ჩაფიქრებული და ნაღვლიანია. ყველას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ რაღაც ძვირფასს კარგავს. ძვირფასს, რომელიც დიდი წვალებით აქვს მოპოვებული. გოგიაც სწორედ მშრალ ხიდზე იდგა. ხელებზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მოემტვრეოდა, როდესაც გასაყიდად წამოღებულ ნახატებს ტროტუარზე მისაყუდებლად ამზადებდა. -ჩემი ქრიზანთემები... რამდენი ღამე მაქვს გათენებული მის დახატვაში. როგორ ძალიან მიყვარს. 48 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ნახატი მაქვს დახატული, მაგრამ ეს უძვირფასესი ნახატია ჩემთვის. ნახატი, რომელიც დედაჩემს მახსენებს. ეჰ, როგორ უყვარდა დედას ქრიზანთემები... ტროტუარზე ჩამომჯდარი გოგია, რომელიც ფიქრებში იყო გართული, ხანშიშესული კაცის ხმამ დაბრუნა რეალობაში. -გამარჯობა მეგობარო, ეს ვისი ნახატია? -გაგიმარჯოს ძიაკაცო. ჩემი გახლავთ. - ძალიან ლამაზია. რას აფასებ აბა? იმედი მაქვს მოვრიგდებით. -რამდენს მომცემთ, ბატონო? -20 ლარი მაქვს ახლა. თუ გაწყობს წავიღებ, თუ არა და, სხვაგან ვნახავ რამეს. -კარგი წაიღეთ, მაგრამ ერთი პირობით. - რა პირობაა? -ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით. ხომ გაუფრთხილდებით? -აბა რას ვიზამ შე კაცო. აი გამომართვი ფული. წესისამებრ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე. გოგიას აღარ ჰქონდა ცარიელი ჯიბეები, მაგრამ თვალები მალე აევსო ცრემლით... ამინდიც უცბად შეიცვალა... თბილისმა კი ქუდად შავი ღრუბელი დაიფარა... ეზოში რომ შეაბიჯა გოგიამ, ლეილა ბებო იქვე მდგარ ონკანთან ჭურჭელს რეცხავდა. -ვინც მოვიდა, გაუმარჯოოს... -ლეილ არ გძინავს? მეგონა გეძინა უკვე. -რა ვიცი ვერ დავიძინე,ხან იმას მოვედე, ხან ამას და ხომ ხედავ, ახლაც ფეხზე ვარ. ოტიაც ცოტა ხნის წინ მოვიდა. ძალიან დაღლილი ვარო და დაწვა უკვე. შენ რა ქენი ნახე მეგობარი? -ხო ვნახე. ძალიან შეცვლილი იყო. დრო რას უშვება ადამიანს.. -შენი ნახატები? -ქრიზანთემები მას ვუსახსოვრე. ვინ იცის კიდევ როდის შევხვდები. ვან გოგის ნახატი კი აქ მაქვს. -კი, მაგრამ... - მშვიდობიანი ღამე ლეილ... დავწვები ხვალ სკოლაში ვარ წასასვლელი.. დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. კედლები თუ ადრე ნახატებით იყო გაფორმბული, ახლა მხოლოდ ძველი შპალერი მოსჩანდა. გოგია დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა სახლიდან. ძვირფასს მეგობრებს ხან რა მიზეზს ეუბნებოდა, ხან რას. ერთ კვირაზე მეტი გავიდა. უჭმელობისაგან ძალან გახდა და სიარულის თავიც აღარ ჰქონდა. სკოლაშიც ოტია გააგზავნა უთხარი დირექტორს, რომ ცუდად ვარ და ვერ ვახერხებ სირულსო. ერთ დღესაც ლეილა და ოტია რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძახდნენ გოგიას, მაგრამ პასუხის ნაცვლად ყრუ სიჩუმე გამოდიოდა სახლდან. ოტიას შეეშინდა, კარი შეამტვრია და ერთადერთი სურათი, რაც ერთგულ მეგობრებს დაცარიელებულ სახლში დახვდათ, ეს იყო გოგიას ცხედარი. იატაკზე ალბომიდან გადმოყრილი სურათები ეყარა. მაგიდაზე გადაშლილი ბიბლია და ღვთისმშობლის ხატი იდო. გარდაცვლილ გოგიას კი ხელის თითები დედის სურათზე ელაგა. ხმის ამოუღებლად იდგნენ ლეილა და ოტია. დაიღუპა მხატვარი, რომელმაც თავისი ცხოვრება და განცდები სიკვდილის შემდეგ დახატა. დასაფლავებაზე არ იყო ხალხის სიმრავლე. სასახლის ამწევებზეც კი შეიქმნა პრობლემა.საბოლოოდ კი, როგორც იქნა, მიაბარეს მიწას გოგია... სასაფლაოდან მომავალი ლეილა და ოტია ჩუმად მიჰყვებოდნენ სოლოლაკის აღმართს. ნიავი ხიდან მოწყვეტილ ფოთლებს აფრიალებდა... ოტიას კი თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა... იპოვა ნეტავ კი სიკვილის წინ ღმერთი? ღმერთო შეუნდე ყველაფერი, ღმერთო შეუნდე..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ასე მგონია, ემოცია დააკლდა ნაწერს თქო.
ასე მგონია, ემოცია დააკლდა ნაწერს თქო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|