ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


მაქსი

მაქსი,
უბრალო ცხოვრების მოყვარული,
რომელიც ოთხკუთხედ, გამჭირვალე ყუთში მოეწყო,
და რომლის ბედი სულაც არ ბრუნავდა წრეზე,
სიამოვნებით მიირთმევდა ყოველგვარ ბოსტნეულს,
განსაკუთრებით კი გახეხილ სტაფილოსა და ჭარხალს,
მადიანად რომ პირის ცმაცუნით აკნატუნებდა,

ყოველთვის ერიდებოდა შფოთს და ალიაქოთს,
ნაკლებად იზიდავდა კამათი,
ქალთა და  ცისარტყელა უმცირესობათა უფლებებზე,
დაკარგულ ტერიტორიებზე, პოლიტიკაზე,
შეთქმულების თეორიაზე და ასე შემდეგ,

თანაბრად დალტონიკი საკუთარი თავისა და
პატრონის მიმართ, რომელსაც ხშირად
კალთაში აოხრებდა,
იბრძოდა მთელი არსებით
თავი დაეღწია ტყვეობისაგან,
ფეხაუდგმელი ბავშვივით ყველგან დაცოცავდა,
და თითქოს პირველკბილწამოსული ერთნაირად ღრღნიდა
რკინას, ტვინსა და ნერვებს, თუმცა,

მიუხედავად ამისა, მას მშვენივრად ესმოდა, რომ
საკუთარი ნეხვი შინ უნდა მიეტანა და ეცხოვრა ისე,
ამ გავერანებულ საზოგადოებაში, როგორც მტაცებელს,
რომ არ დაერღვია სოციუმის სტანდარტი,
და ამიტომაც დაასრულა მან, გარშემო მყოფებისაგან
არაფერით გამორჩეული და საკვირველი ბოლოთი,

გუშინწინ,
კანაქერცლილმა და საოცრად აყროლებულმა,
ნახერხით სავსე კუბოდან,
სანაგვე ყუთში,
მეტად კომფორტულად
განაგრძო სრულიად არაფრისმთქმელი
უკვდავება.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები