სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები? გალაკტიონი ••• ზღვამ ისევ დაიღრიალა და ნაპირთან დაყრილ გვამებს ფეხებში გამალებით სწვდა. ჯერ თავისკენ მოქაჩა მკვდარი სხეულები, მერე ჩაფიქრდა და მარწუხები გაუშვა. არ მოეწონა მათი სიცივე, არც მათი ფერი მოეწონა და არც-სუნი. ყოყმანობდა ზღვა, მაგრამ ინსტინქტს აყოლილი, მაინც ღრიალებდა და პირქუშ ცას გამალებით უტევდა.
ისეთი ამინდია, ვიღაც მოკვდებაო, უემოციოდ იძახდნენ მაცხოვრებლები. წინაპართაგან იცოდნენ, ზღვის წყრომა უმსხვერპლოდ რომ არ ჩაივლიდა და, შუბლშეჭმუხნილები, ფანჯრებიდან შეჰყურებდნენ სიცარიელეს - სიშავეში გადღაბნილ ჰორიზონტს. „წაგვლეკა ზღვამ... წაგვლეკა დრომ. მიწამ.“ - ბუტბუტებდა თეთრი მოხუცი და ფანჯარასთან ჩამომსხდარ ბავშვებს იისფერი ღიმილით უცქერდა. „ ვერასდროს გაიგებენ... ვერა...“
უეცრად ცაზე ელვარება გაკრთა და მოულონდელობისაგან დაზაფრულ ბავშვებს რაღაც ახალი ამბავი უამბო, რაღაც ახალი ასწავლა. ტყვეობისაგან გამოქცეულ ელვას ტიტანივით შეუპოვარი, მოწითალო ქუხილი დაეძგერა და ცამ ტკივილისაგან დაიგრუხუნა. მეორე წამს ისევ იჭექა ხმამ, მაგრამ ის ძალზე ხელოვნული იყო, ადამიანის გონების ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბუნებისას.
საოცრად მშვიდი იყო მოხუცის მზერა, საოცრად ღრმა და ნათელი ცასავით შორი. ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა საფეხურებს და ავდარში გასულს, გულზე შემოაწვა ქარის სიმწარე. არაფერი ჩანდა, გარდა მაღალი, შავი პალმებისა, მათი გიჟური რხევისა. თითქოს სტკივათო - ეს გაიფიქრა მოხუცმა და სიმშვიდე გადაეცალა. სადღაც წასულიყო ნათელი და, ყურთასმენას მოღწეული ღრიალის მსგავსად, სულში რაღაცას ყვირილი აღმოხდა. ერთბაშად იცვალა მოხუცმა ფერი. იები უმზეობამ დააჭკნო და გააპარტახა.
„წაგვლეკა ომმა.“ შიში შეეპარა მშფოთვარე სხეულს. მაინც მონახა და იგრძნო თეთრმა მოხუცმა სხეულიდან გამომავალი მშვიდი, საოცრად მშვიდი სურნელი. ზვირთებივით აგორებული კაეშანი ილუზიურმა მზემ გააქარწყლა. აღარ მოერიდა გამწყრალი ბუნებისა და ნელი, მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა ნაპირს. მოხუცი ზღვის სიმლაშეს გრძნობდა, მაგრამ როცა ცხვირმა სხვა სურნელიც იყნოსა, მოხუცის სიმლაშე ზღვისას შეერია და სველ სილაზე დამჭკნარმა იებმა იწვიმეს.
ისევ გაწითლდა ცა. ისევ შეირყა სული. თეთრმა მოხუცმა თვალი გაუწორა შემზარავ პეიზაჟს, სათითაოდ ჩამოუარა სიკვდილის შვილებს, ეძებდა მას და თან არც ეძებდა. აბრუნდებდა შელახულ სხეულებს და ღვთის სახელს ბუტბუტებდა, იმწუთას სული უფრო შერყეული ჰქონდა, ვიდრე რწმენა. ზღვას ისევ გადაეწყვიტა გვამების გატაცება და ახლა უკვე მოხუცსაც ხარბი თვალით უცქერდა. და როცა მტკიცე მარწუხი მუხლზე შემოაჭდო და სილაში დაანარცხა, რაღაც სხვა იგრძნო ზღვამ, რაღაც ნაცნობი, უჩვეულო სითბოს რომ ჰგავდა და წამით მიყუჩდა.
მოხუცმა ძლივს აზიდა სხეული და ერთბაშად უკან მიბრუნდა. სანამ ნაბიჯს გადადგამდა, პოსეიდონის სამფლობელოს საბოლოოდ გახედა და თავისებური, იისფერი ღიმილი გაუკრთა სახეზე.
იმ ღამეს ქაოტურ ზღვას მეომრების გვამები გამოერიყა.
მეორე დღეს, როცა მზემ ხალხს მოწყალების თვალით გადმოხედა, მოხუცი ატირებულ ბრბოს შეუერთდა და ამბავი იკითხა. „არა, ძია კაცო, აქ არ არის. ერთი ეგაა, არც ის ვიცით, სადაა.“
უსიტყვოდ გამობრუნდა თეთრი მოხუცი და გზაში თავის მოკვეთილ ხელს სინანულით დააცქერდა. მოაგონდა მოლოდინით გატანჯული ბავშვების სახეები და აკანკალებული ხმით ჩუმად დაიძახა: „დაბრუნდი, შვილო... გელოდებიან.“
სიკვდილამდე ელოდა მამა შვილს, მაგრამ ის აღარასდროს უნახავს.
©
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. შეიძლება მოუხდა მსგავსი გაპიროვნება, შეიძლება-არა. ჩემთვის არ არის იმდენად თვალშისაცემი, თანაც, როცა ვწერდი, ზღვა ღრიალებდა :) დიდი მადლობა დრო რომ დაუთმეთ, წაიკითხეთ და შეაფასეთ <3 შეიძლება მოუხდა მსგავსი გაპიროვნება, შეიძლება-არა. ჩემთვის არ არის იმდენად თვალშისაცემი, თანაც, როცა ვწერდი, ზღვა ღრიალებდა :) დიდი მადლობა დრო რომ დაუთმეთ, წაიკითხეთ და შეაფასეთ <3
3. საერთოდ ხშირად წამიკითხავს ხოლმე ზღვასთან მიმართებით "დაიღრიალა".როგორც ჩანს ავტორსაც ამავე მიზეზით ჩარჩა ეს სიტყვა მეხსიერებაში,თუმცა მე სხვა შესატყვისს მაინც ვერ ვხედავ ... საერთოდ ხშირად წამიკითხავს ხოლმე ზღვასთან მიმართებით "დაიღრიალა".როგორც ჩანს ავტორსაც ამავე მიზეზით ჩარჩა ეს სიტყვა მეხსიერებაში,თუმცა მე სხვა შესატყვისს მაინც ვერ ვხედავ ...
2. ყველაფერი კარგია, მძაფრი ემოცია მოიტანა , თუმცა სიტყვა "ღრიალი"" არ მოუხდა. )მაპატიე და კინაღამ გამეცინა ) "ზღვამ ისევ დაიღრიალა", "მაინც ღრიალებდა"ამ ფრაზამ ვითომ უფრო დრამატული გახადა ნაწარმოები?! ყველაფერი კარგია, მძაფრი ემოცია მოიტანა , თუმცა სიტყვა "ღრიალი"" არ მოუხდა. )მაპატიე და კინაღამ გამეცინა ) "ზღვამ ისევ დაიღრიალა", "მაინც ღრიალებდა"ამ ფრაზამ ვითომ უფრო დრამატული გახადა ნაწარმოები?!
1. ბრავო,კარგია,ემოცია მოიტანა ზუსტად ზღვის ტალღასავით,წარმატებები ავტორს ++ ბრავო,კარგია,ემოცია მოიტანა ზუსტად ზღვის ტალღასავით,წარმატებები ავტორს ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|