ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2016


შაკო და ზაზა

თბილისში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს. დამძიმებულმა ფოთლებმა თავები დახარეს და სიჩუმეს უსმენენ. სახურავზე ორი ბეღურა ერთმანეთზეა მიტუზული და გადაჰყურებენ დასველებულ ქუჩებს. ამაღლებული ადგილებიდან ძლიერი ნიაღვარი მოედინება, რაც პრობლემას უქმნის მაცხოვრებლებს სახლში დაბრუნებისას. აქა-იქ დარბიან უპატრონო ძაღლები, რომლებიც თავშესაფარს სადარბაზოებსა და ავტობუსის გაჩერებაზე, მოსაცდელებში პოულობენ. წვიმის მიუხედავად, კორპუსის წინ მდგარი გადაფარებული მაგიდის ქვეშ სხედან უბნის ყველაზე მსმელი საზოგადოების წარმომადგენლები და პატრიარქის მიერ დალოცვილი ლუდით მიირთმევენ უსახლკაროთა და ომში დაღუპულთა სადღეგრძელოებს. წვიმის მიუხედავად ქალაქში აუცილებლად წააწყდებით ქოლგით მსხდომ ბებოებს, რომლებსაც მუშამბით გადაფარებული მზესუმზირა და სხვადასხვა სასუსნავი უწყვიათ წინ. წვიმა გადაღებას არ აპირებს.. მოფარებულში კარდონზე სხედან მუხლებში თავჩარგული ბავშვები, რომლებიც სიცივით კანკალებენ და ერთადერთი ოცნება რაც ტვინში უტრიალებთ, თბილი სახლია, სადაც ყოველთვის ღია გულით დაელოდება ვიღაც. როგორი სევდიანი და ამასთან თბილი დასანახია, ტროტუართან მსხდომი მეყვავილენი. ბევრი წყვილად სეირნობს ქალაქში, ბევრი ეხუტება ერთმანეთს, ბევრიც გიჟობს და დარბის სველ ასფალტზე. ბევრი კი გაყინულ-გათოშილი მარტო მიუყვება ცარიელ ქუჩებს და შვებას მარტოობაში პოულობს. ანდაც მარტოობას უახლოვდება და ცდილობს, არ იგრძნოს თავი მარტოდ. ქალაქში ისევ წვიმს.. გარედან დანახული ბედნიერება და სილამაზე კი თითქოს წვიმამ ჩამორეცხა..
- შაკო გცივა? - ჰკითხა სულმთლად დასველებულმა ზაზამ შაკოს.
- ძალიან. ღმერთო, ნეტა მალე გადაიღოს რა..
-აჰა, ჩემი მოსაცმელი. მაჯებთანაა ცოტა სველი. აკეცე და ზურგს გაგითბობს..
-არა, გეცვას შენ..
-მოიცვი-მეთქი. - მკაცრი ტონით უთხრა მეგობარმა მეგობარს და თავისი ჟაკეტი მოახურა.
-მომშივდა იცი? მიდი რა პარკში პატარა პური დევს. ამოიღე და ვჭამოთ.
-მე ნაჭამი ვარ, ზაზა. შენ ჭამე, მიდი. - გაუღიმა შაკომ და წამიერად აკანკალდა.
- ნაჭამი, შენც ეხლა შემწვარ-მხორაკულით არ იყო გამაძღარი რა. გამომართვი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. - უთხრა ზაზამ და პური გაუწოდა. გემრიელად შეექცეოდა  საკვებს ორი მეგობარი. წვიმამ კი, როგორც იქნა, ცოტა გადაიღო.
შაკომ და ზაზამ ერთმანეთი  ბავშვთა სახლში გაიცნეს. პატარაობიდანვე ერთად იზრდებოდნენ იქ და ერთმანეთის გარეშე გაძლება დღესდღეისობით შეუძლებლად მიაჩნიათ.
ზაზა 4 წლის იყო, როდესაც მშობლებმა ეკონომიური მდგომარების გაუარესების გამო დატოვეს შვილი ინტერნატში. მუდმივ მონატრებაში იყო პატარა ბიჭი. ყოველღამ ხმამაღლა ტიროდა დედას ძახილით. მომვლელებს კი ყელში ამოუვიდათ მისი ტირილი და ერთ დღესაც ბუზის საკლავი ჯოხით სცემეს. ვერ ეგუებოდა ბიჭი ამ ყველაფერს. დაწვებოდა გადაიფარებდა ბალიშს თავზე და გაუჩერებლად ქვითინებდა. ბოლოს კი ტირილისაგან დაღლილს ჩაეძინებოდა და სიზმრებში ხედავდა ბედნიერებას. ბედნიერება, რომელიც დაუკითხავად წაართვეს.
შაკო, ზაზასგან განსხვავებით, თვეების იყო, როდესაც ბავშვთა სახლის კარი გაიღო მისთვის.,დედა მშობიარობას გადაჰყვა.,მამამ კი ამ ფაქტს ვერ გაუძლო და ფსიქიკურად შეიშალა.,ეს ამბავი თვითონ შაკომ არ იცის და დღემდე ადანაშაულებს მშობლებს იმის გამო, რომ მიატოვეს. ზაზა 12 წლის არის ახლა. შაკო კი 13-ის. რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო მცირდება შენს მიმართ ყურადღება. ასეთი წესია ბავშვთა სახლში უკვე წლების განმავლობაში,რ ომლის გამოსწორებასაც არავინ ცდილობს. ბევრჯერ შემოაგზავნეს სხვადასხვა დაწესებულებებმა თბილი ტანსაცმელი, თუმცა ბავშვებს მაინც დაფლეთილი სვიტერები და შარვლები ეცვათ. ისე უჩინარდებოდა სამოსი, რომ ვერავინ ატყობდა სად ან ვის მიჰქონდა. თუმც როდესაც წამოიზარდნენ ბიჭები, ყველაფერი გასაგები იყო მათთვის. ბევრჯერ ისეთ საჭმელს დაუდგამდნენ წინ, რომ სუნი გაგხიდა პირველ რიგში ცუდად. თუმც შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ, შექცეოდნენ ბავშვები ამ საკვებს სახის მანჭვითა და გულისრევის შეგრძნებით. მომსახურე პერსონალის ოთახიდან კი მუდამ მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა. ერთ ღამეს ზაზა დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა ჭერს და ფიქრობდა. ვერაფრით შეძლო დაძინება. ბოლოს კი შაკოსკენ გადაბრუნდა და ჩურჩულით დაუწყო გაღვიძება.
-შაკოო. გაიღვიძე რა.. - ეუბნებოდა და თან ხელს ფრთხილად ახებდა ზურგზე.
-რა ხდება? - ამოილუღლუღა შაკომ და თვალების ფშვნეტა დაიწყო.
-არ გინდა გავიპაროთ?
-გაგიჟდი?  სად უნდა წავიდეთ. ან ვისთან. დაიძინე რა და დამაძინე მეც.
-ვეღარ ვძლებ შაკო... ხომ ხედავ როგორ გვექცევიან. არ ჯობია ჩვენ თვითონ მივხედოთ თავს? თან პატარები ხომ აღარ ვართ. სადმე ვიმუშავებთ, ცოტა ფულის შეგროვებას შევძლებთ. მერე კი იქნება რამე.
-ვერ ხარ კარგად რა... დაიძინე-თქო გეუბნები. მოეშვი მაგ ფიქრებს.  ცოტა ხანიც გავუძლოთ და წავალთ მერე ისედაც. სულ აქ კი არ ვიქნებით. ჩვენც ხომ გვაქვს უფლება ბედნიერნი ვიყოთ. - თქვა შაკომ და ხელის ზურგით მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი.
გადაბრუნდნენ მეგობრები აქეთ-იქით ისე, რომ ზურგი შეაქციეს ერთმანეთს. ორივეს უჭირდა დაძინება. ორივე შეიპრყო ფიქრებმა. სამი საათი იყო დაწყებული, როდესაც შაკომ ამოიღო უკვე პირველად ხმა..
-ზაზ. ჩაგეძინა?
-არა.
-ადექი მივდივართ.
-რაა?
სწრაფად იცვალა გვერდი ზაზამ და შაკოს მიაშტერდა. თუმცა ვერ შეძლო სიბნელის გამო მისი დანახვა.
-ხომ გინდოდა გაპარვა? ხოდა წავედით.
ბედნიერმა ზაზამ ჩუმად გადაიხადა საბანი და შაკოსთან ერთად  საწოლზე გადაკიდებული ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. ცდილობდნენ ძალიან ჩუმად ემოქმედათ, რათა არავის გაეგო მათი ჩანაფიქრი, ვინაიდან ეს თუ მოხდებოდა, მათი ცხოვრება იმაზე მეტად გაუარესდებოდა ვიდრე ახლაა.
-წვიიმს? იკითხა შაკომ..
-არ ვიცი. ვნახავ აბა.
ზაზამ ფრთხილად შემოაღო ფანჯარა და ხელი გაყო. რამდენიმე წვეთი კი სწრაფად შეეხო მის მტევანს.
-წვიმს..
-არა უშავს. იმედია ძალიან არ დავსველდებით.
-სად მივდივართ?
-არ ვიცი. მართლა არ ვიცი.
ახლა უკვე მთლიანად შემოაღეს ბიჭებმა ფანჯარა. ლამპიონი ისე ანათებდა, რომ არ გაჭირებიათ ბიჭებს დანახვა, თუ როგორ ეცემოდა წვიმის წვეთები ასფალტს გაუჩერებლად.
-წავედით !!
ორივემ ერთდროულად უთხრა ერთმანეთს და ფანჯრიდან ისკუპეს. ეზო განათებული იყო და ამიტომ ფრთხილად მიიწევდნენ ჭიშკრამდე. სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ იმისათვის, რომ საპირისპირო მხარეს აღმოჩენილიყვნენ. რამდენიმე მეტრი გაირბინეს. შემდეგ წამიერად გაჩერდნენ. უკან შემოიხედეს და უდიდეს სიხარულთან ერთად ნაღველი შემოაწვათ. ეს არ იყო მონატრების ან გულისდაწყვეტის შეგრძნება. ეს იყო დაკარგული ბავშვობის ტკივილი, რომელიც ამ კედლებმა გაიზიარეს. ეს იყო დაკარგული ბედნიერების ტკივილი, რომელიც გულში ჩაესვენა ტალღებში მიმალული მზესავით. შემოტრიალდნენ ისევ და ახლა უკვე სწრაფად გაიქცნენ. გაიქცნენ იქ, სადაც თავადვე უნდა მოეძებნათ ბედნიერება.
-შაკო, ნანობ, რომ გამოვიქეცით?
-არა. რატომ უნდა ვინანო?
-ნახე, რა დღეში ვართ... რა უნდა ვქნათ? ზამთარია უკვე. სიცივეები კიდე უფრო მოიმატებს.
შენზე ვდარდობ თორემ ჩემთვის სულერთია.
-კაი რა. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ის გავაკეთეთ, რაც სწორად მიგვაჩნდა. მიდი ასანთი მომაწოდე. კარდონს წავუკიდებ და გავთბებით ცოტა..
  მართლაც რამდენიმე წუთი შეძლეს მეგობრებმა გაყინული სხეულის გათბობა. ასე გრძელდებოდა დღეები. თბილისში კი საგრძნობლად იმატა სიცივეებმა. ხეებს ენა რომ ჰქონდათ, ისინიც ამოიღებდნენ ხმას რამე მოგვახურეთო. ხალხი თბილად იმოსებოდა. გაყინულ ხელებს კი მეგობრები ერთმანეთის შენაცვლებით ათბობდნენ.
-ზაზ, მე არ მცივა. მოდი მე დაგიზელ და გაგითბობ.
უთხრა აკანკალებული ხმით შაკომ მეგობარს და დაუწყო ხელების ზელვა, თუმცა მასაც ისე ჰქონდა გაყინული, რომ ძლივს ახერხებდა ამას. თბილისში კი უფრო და უფრო მატულობდა ყინვები. წყლის მილები გაიყინა და ხალხი რამდენიმე დღით დარჩა წყლის გარეშე. მანქანებში ანტიფრიზის ჩასხმას ვერ აუდიოდნენ მძღოლები. ახალი წელი მოდიოდა და ისეთი პირი უჩანდა, რომ აუცილებლად ითოვებდა. ხალხს კი ეს ფაქტი ძალიან ახარებდა. სიცივის მიუხედავად სავსე იყო ბაზრები. ზოგი გოჭს ყიდულობდა, ზოგი ინდაურს, ნიგოზს და ათას რამეს. ოთახებს საახალწლო სუვენიერებით რთავდნენ პატარა ბავშვები. ნაძვის ხე ლამაზ-ლამაზ ფერებში იყო განათებული და  მშვენიერი სურნელი ტრიალებდა სახლებში. ახალი წელი მოდიოდა.. გარეთ კი  ყინავდა...
  მართლაც ახდა ხალხის ვარაუდი და ახალი წლის ღამეს ითოვა. თბილისმა სამოსი გამოიცვალა და ულამაზესი მოსასხამი მოიცვა. ბედნიერი თვალებით იღვიძებდნენ პატარები და ნაძვის ხის ქვეშ ლამაზად დაწყობილ საჩუქრებს სიხარულით ხსნიდნენ. ისმოდა ნასვამი ხალხის სიმღერა.ზოგან კი გაწევ-გამოწევის ხმა. სწორედ ამ გაწევ-გამოწევის დროს გადაწყვიტა რამდენიმე ძმაკაცმა ნანგრევებში შესვლა და ხალხისაგან განცალკევებით საქმის გარჩევა. თოვა გრძელდებოდა. ნანგრევებში შესულ ბიჭებს კი სული შეეხუთათ და თვალებზე შავი ბინდი გადაეკრათ, როდესაც ორი მცირეწლოვანი ბიჭი ერთმანეთზე მიწოლილნი დაინახეს, რომელთაც სახე თოვლივით თეთრი ჰქონდათ. უნდოდათ სწრაფად მისულიყვნენ მათთან, მაგრამ ვერაფრით შეძლეს ეს. ხელის კანკალით დარეკა ერთ-ერთმა სასწრაფოში და რამდენიმე წუთში ბრიგადა მოვიდა.
-პულსი არ არის.
-მიმართა ახალგაზრდა ქალმა. - ხანში შესულ კოლეგას.
-გაყინულან საწყლები.
-ნიკა, მოდი მოგვეხმარე დავაწვინოთ საკაცეზე. - მიმართა ახალგაზრდამ მძღოლს..
-ღმერთო ჩემო.
აღმოხდა ამოძახილი ნიკას. ქუდი მოიხადა და დაიჩოქა.
შაკოს ძლიერად ჰქონდა ხელი მიყინული ზაზაზე. ნელა დააცილეს ერთმანეტს მეგობრები. დააწვინეს საკაცეზე და მორგში გადაიყვანეს. გარკვეული პროცედურების შემდეგ კი ერთად მიაბარეს მიწას. ახლაც კი არ გაყოფილა მათი გზები..
  თბილისში თოვა გრძელდებოდა. პატარა ბავშვები თოვლის ბაბუებს აკეთებდნენ ეზოებში. გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს და სიცილ-კისკისში ატარებდნენ მთელ დღეს. ლამაზად თოვდა უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზეც.  შაკომ და ზაზამ კი თეთრი საბანი გადაიფარეს და მიწიერ ცხოვრებაში ვერნაპოვნი ბედნიერება  იპოვნეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები