ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2017


,,ობოლი საქართველო“

ერთი თვის წინ საქართველოდან სტუმრად საქართველოშო ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ, ღვთის მადლით, ტაო-კლარჯეთი მოვილოცე.
    ბანა, ოშკი, ხახული, ოთხთა, პარხალი, შატბერდი, პარეხი, ბერთა, ტბეთი, დოლის ყანა, ხანძთა... ამ შესანიშნავ ტაძრებზე შემიძლია დაუსრულებლად ვწერო. ყველა ტაძარში სიხარულით მიდიხარ და სევდიანი ბრუნდები. საოცარი სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა, როდესაც მიუვალ, ულამაზეს უღელტეხილებს გადავივლიდით და იქ მასპინძლად ქართველი გმირების ოფლით ნაშენი, უზარმაზარი ეკლესიები მასპინძლებივით გვხვდებოდა. ჩემში ყველა ეკლესიამ წაუშლელი, მადლიანი კვალი დატოვა. მინდა რამდენიმე მათგანი გამოვყო და ჩემი განცდები ორიოდე სიტყვით გადმოქცეთ.
აღმართში საცალფეხო ბილიკს მიუყვები, ზევიდან ქართული, ლურჯი ცა დაგყურებს, ქვევიდან კი მდინარის ხმა თითქოს გგულშემატკივრობს, რომ სულის სიმტკიცე გამოიჩინო და ამ წმინდა, მადლიან მიწაზე არ დაიღალო, სიცხემ არ შეგაწუხოს, მშვიდად იარო, არაფრის შეგეშინდეს და გულში შენთვის ილოცო.
      ბოლო მოსახვევი და მაღლა, მწვანეში ჩაფლული, ცის ფონზე სიძველით დამშვენებული ხანძთის მონასტერი მოგვესალმა. ჩვენი დანახვით გაიხარა, წმინდა წყლით, დაღლილი, დაუძლურებული გონება, გული და სული გაგვინათა, შემდეგ შინ გვიხმო, ჩვენი ლოცვა ყურადღებით მოისმინა, დაგვლოცა და ნაღვლინები გამოგვიშვა.
არ შეიძლება თვალზე ცრემლი არ მოგადგეს, როდესაც ულამაზეს ქართულ ეზოში, მყარად მდგარ ხახულის ეკლესიაში ხალიჩებია დაფენილი და მოლა ტაძარში შესვლის წინ ფეხსაცმელს გახდევინებს. ობლად დარჩენილი, ნახევრად წაშლილი ფრესკები თვალებით შველას გთხოვენ და შენ კი ვერაფერს შველი. ხახულის ქვაზე ნაკვეთ ღვთისმშობლის ხატთან დაუჯდომელი წავიკითხე, მოლამ კი სიმშვიდე დამირღვია და თავისი ლოცვით ძალიან შემაწუხა.
არასდროს დამავიწყდება იქაური ვაშლის, მსხლის, თუთის გემო. სინდისი გქენჯნის და შიში გიპყრობს, რომ მეჩეთადაა ქცეული ჩვენი წმინდა წინაპრების ნაღვაწი, სათუთად, რუდუნებით ნაგები ეკლესიები.
დიდი უღელტეხილით კლდეში გამოჭრილ წვრილ გზას ლამაზ იშხანამდე მიყავხარ. არ გვეპატიება ისიც, რომ ეზოს შესასვლელში თურქი კაცი, ქართველს ფულის გადახდას გთხოვს. ამ ყველაფრის შემყურეს, გული მეწვება.
      საოცარი სიმშვიდე ტრიალებს ბანაშიც. სამწუხაროდ, მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი, მაგრამ დიდება უფალს, რომ საკურთხეველი სასწაულად შენარჩუნებულია.
ოთხთასა და ოშკში პარაკლისი გადავიხადეთ. მამა დოსითეოზმა საოცრად იქადაგა. ლამაზი ფრესკები და ჩუქურთმები აქაცაა შემორჩენილი, რომელთაც გაფრთხილება სჭირდება. ამ ულამაზეს ადგილებსაც მარტოდ ვტოვებთ, მაგრამ ჩვენი სულები ხარობენ, რომ ამ მადლიან მიწაზე ლოცვის საშუალება მოგვეცა. არასდროს დამავიწყდება მამა დოსითეოზის სიტყვები: `ყველამ ჩვენს გულებში უნდა დავიბრუნოთო ტაო-კლარჯეთი~. ყოველი ეკლესიიდან გამოსვლისას, ერთმანეთს ნაღვლიანი თვალებით ვეუბნებოდით: _ ,,დავიბრუნებთ.~
    არ შემიძლია არ ვახსენო მუსულმანებად ქცეული ქართველები, რომელთაც თვალებში დიდი სევდა ედგათ. ძალიან ლამაზები და საყვარლები იყვნენ. ყველას უხაროდა ჩვენი დანახვა. _,,მე გურჯი ვარ!~  _ ამ სიტყვების გამგონეს, ყელში მწარე ბურთულა მეჭედებოდა.
ვგრძნობდი, თუ როგორ მომენატრებოდა იქაურობა წამოსვლის შემდეგ. არასდროს დამავიწყდება ის მადლი და სიმშვიდე, რომელიც იქ ტრიალებდა. ეკლესიის კედლებს ვეფერებოდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ის სიმშვიდე, რომელიც მე იქ მოვიპოვე, მთელი ცხოვრება გამყოლოდა.
    ყოველი ეკლესიიდან და ციხიდან ქვები წამოვიღე, რომ ჩემთან იყოს ობლად დარჩენილი საქართველოს ნაწილები.
2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს