 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2018 |
ვინც ჩემი რწმენის გველეშაპს მოჰკლავს, შუბით განგმირავს, ხმლით გაკვეთს თუ ხელით მოახრჩობს, ხახადაბჩენილს, ხრამპირიანს, და ხორხგესლიანს, განიბანება ღიღინით ნელით, ტკივილს ხერხემლით გამოაწრთობს, ტყავს ქვაზე დასწვავს, ცეცხლით შიგნეულს გამოუხმობს, ის, ჩემთან მოვა...
ვინც ჩემი ღამის მგლებს დაადუმებს, ტყეს გაუკაფავს, რკინას გაკვნეტს თუ ბრჭყალს გამოჰკრავს, მთვარეს ჩაუქრობს, კუჭცარიელს, ლეშზე მიუშვებს, მკვდარზე დაგეშილს, კვალაღებულს, თავბრუდახვეულს, ყმუილი უნდა ხორხში მოგუდოს, ჩაახშოს რისხვა გულში მწოლარე, დაუშოშმინებს წყურვილს, არნახულს, ჩემგან არ წავა...
ვინც ჩემი მითის დევს ჩააჩოქებს, მუხლს გაუტეხავს, ძვალს გაუხრავს თუ ყელს გამოსჭამს, ზურგზე წააქცევს, გააკრავს მიწას, ას თავს გაუპობს, ას მკლავს მოსჭრის, ას თვალს ამოთხრის, ქალწულთ მოსტაცებს, თმაგრეხილებს, ცხრამთასიქითებს, ხმახავერდებით, სიზმრებდამფრთხალ, გზაგამრუდებულთ, ოქროსართავით ბედის მქსოველთ, ალმასკანიანთ, მორეკავს, როგორც შესაწირ ბატკნებს, ჩემთან დარჩება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცოტა ავტორი არსებობს,ა სე გემრიელად მოყვებოდეს სიტყვა. ერთი სიამოვნებაა აქ შემოსვლა! ცოტა ავტორი არსებობს,ა სე გემრიელად მოყვებოდეს სიტყვა. ერთი სიამოვნებაა აქ შემოსვლა!
1. რა დიდებულად იყენებ ქართული ენის სიმდიდრეს და თავადც როგორ ამდიდრებ...
შემზარავად კარგია ეს.
"ის, ჩემთან მოვა.. ჩემგან არ წავა... ჩემთან დარჩება..."- ლოგიკური ჯაჭვი.
რა დიდებულად იყენებ ქართული ენის სიმდიდრეს და თავადც როგორ ამდიდრებ...
შემზარავად კარგია ეს.
"ის, ჩემთან მოვა.. ჩემგან არ წავა... ჩემთან დარჩება..."- ლოგიკური ჯაჭვი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|