ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2018


ქოისარი

      მე-8 კლასში ვიყავით, როცა დირექტორმა კლასში ერთი შავტუხა გოგო შემოგვიყვანა, ეს ქოისარია და დღეიდან თქვენი კლასელი იქნებაო. ქოისარიო და დავიწყეთ ხითხითი, ეს სახელი პირველად გავიგეთ და ქართველი რომ არ იყო, მისი მუგუზალივით თვალებიც  მიგახვედრებდათ.   
    ეს აზერბაიჯანელი ქოისარი დაჯდა კუთხეში მარტო და რამდენიმე თვე გვერდით არავინ გაჰკარებია. აზერბაიჯანელია, აზერბაიჯანელი,-  თითით ვანიშნებდით ერთმანეთს და მასაც რომ მოეშვირა ჩვენკენ ხელი და - ქართველი, ქართველიო, -რა იქნებოდა აქ სასაცილო და სამარცხვინო არ ვიცი. მაგრამ ჩვენ მაინც გვეგონა, რომ „აზერბაიჯანელი“ დამამცირებელი ტერმინი იყო და ასე თითგაშვერილები ვიგუდებოდით სიცილით. ქოისარს კი თავი ჩაეღუნა და მერხს ჩაშტერებოდა, არც ვიცოდით, ესმოდა თუ არა ქართული, რადგან საერთოდ არ ლაპარაკობდა და მასწავლებლებისთვისაც ის იყო ნივთი, რომელსაც ტუჩაბზუებული შეჰყურებდნენ და უმეტესობა მის არსებობას საერთოდ ვერ გრძნობდა. ქოისარს არ ჰყავდა მეგობრები, რადგან არც ერთ ჩვენგანს მასთან ურთიერთობის სურვილი არ გაგვჩენია, მიზეზი ცხადია: ის აზერბაიჯანელი იყო. სკოლაში მამას მოჰყავდა, დასვენებებზე პატარა ძმასთან ერთად სადილობდა და საღამოსაც მამას მიჰყავდა სკოლიდან. ალბათ, მთელი წელი ასე გავიდოდა, რომ არა ნინო მასწავლებელი.
  დეკემბერი იქნებოდა, ჩვენი ისტორიის პედაგოგი ცუდად გახდა და მის შემცვლელად ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი სტუდენტი შემოვიდა.
-გამარჯობა, მე ნინო ვარ და რამდენიმე თვის განმავლობაში, შევეცდები, ისტორია გასწავლოთ.
  ის ჩვენზე ბევრად უფროსი არ იყო, თან გოგო და თან ძალიან ლამაზი, რაც ნიშნავდა, რომ  ისტორიის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და, როგორც ხდება ხოლმე, თქვენც ყოფილხართ ალბათ 14-15 წლის ბიჭები, მისი გაგიჟება გადავწყვიტეთ.
-მაქსიმიუმ ორი დღე,- მიჩურჩულა რომამ.
-არც,- დავუკარი კვერი, მაგრამ შევცდით, იმაზე ძლიერი და ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მის ფეხებსა და მოკლე კაბას შეეფერებოდა.
-ნინო დამიძახეთ, ძალიან დიდი სხვაობა არაა  ასაკს შორის,- თქვა და ეს იყო რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, სხვა მასწავლებლისაგან რომ არ გაგვეგონა.
  მერე ძალიან მშვიდად აგვიხსნა, რომ ჩვენ უკვე დიდები ვართ, ამიტომ სისულელე იქნება ყვირილი და ჩხუბი დაიწყოს, ვიმეგობროთო.
-ძალიან დიდები ხართ იმისათვის, რომ მე თქვენ მუქარა და ყვირილი დაგიწყოთ. თითოეული თქვენგანი უკვე პიროვნებაა და მე თქვენ პატივს გცემთ. მინდა რომ ვიმეგობროთ, ერთადერთ რამეს გთხოვთ, მე თქენ მოგექცევით როგორც თანასწორს და იმედი არ გამიცრუოთ, არ აღმოჩნდეს, რომ ჯერ ისევ ბავშვები ხართ, ვისაც, მთელი გაკვეთილი, გაჩუმდი და მომისმინე უნდა ვეძახო.
  გასჭრა.  ძალიან ვცდილობდით, რომ ნინოს თვალში დიდები ვყოფილიყავით. ის გოგოებს ესაუბრებოდა სიყვარულზე, მოდაზე, კაბებზე, სუნამოებზე, ჩვენ ფეხბურთსა და იარაღზე... მოკლედ ამ ცხოვრების აზრზე იყო, იცოდა, როგორ უნდა დავემორჩილებინეთ და ეს იყო ერთადერთი გაკვეთილი, გასუსულები რომ ვისხედით და ვნატრობდით, ნეტა დრო არ გასულიყო.
  არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მსგავს საკითხებზე ვსაუბრობდით, ჩვენ ვსაუბრობდით ისტორიაზე და არასდროს ისე არ მიგრძვნია სამშობლო, როგორც ნინოს გაკვეთილებზე. როცა დიდგორსა და ბასიანზე საუბრობდა, მეგონა, რომ ეს-ესაა ატირდებოდა და იმ წუთას შენც ბრძოლის ველზე იყავი, შენც იბრძოდი, გრძნობდი მამა-პაპის ჭრილობებს და მკერდი გეწვოდა ტკივილით.
  ქოისარი თავიდან აღმოვაჩინეთ ნინოს დახმარებით.
  -მოდი დღეს საკუთარ თავზე ვისაუბროთ, რომა დაიწყე,- გვითხრა ერთ დღეს.
  რომა ადგა და მოყვა ოჯახზე, ძმებზე, სკოლაზე, იმაზე რომ უნდა რაგბისტი გამოვიდეს.  თინიკოს დრო მოვოდა, ჟურნალისტი უნდა გავხდეო, ტელე -ვარსკვლავი. მერე ნინო მიუბრონდა და შენ რას იტყვი ქოისარო.  ყველამ სიცილი დავიწყეთ, ქოისარმა გაოცებით ახედა ნინოს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რომელიმე მასწავლებელმა მისი არსებობა შენიშნა, სახელით მიმართა და მეტიც, მისი ცხოვრებით დაინტერესდა.
  -გისმენ, ქოისარ.
  ქოისარი ადგა დაბნეული და საცაა ატირდებოდა.
-ქოისარ, გესმის ქართული?
-ცოტა,- უპასუხა ძლივსგასაგონი ხმით.
-კარგი, აბა ვნახოთ, რამდენია ეგ ცოტა. რა გვარი ხარ?
-მამედოვი.
-სადაური ხარ, ქოისარ?
-აზერბაიჯანელი.
-რამდენი ხანია საქართველოში ხარ?
- 5 წელია.
-აბა როგორ მოგწონს ჩვენი ქვეყანა?
  და ამ კითხვაზე პირველად ვიგრძენით, ქოისარი მტერი კი არ იყო, რომელიც უნდა გაგვენადგურებინა, აზერბაიჯანელი გოგონა ჩვენი  სტუმარი იყო და უნდა გვემასპინძლა.
-ძალიან ლამაზია.
  მას  შემდეგ ყველა გაკვეთილზე ცდილობდა ახალი მოსწავლისათვის ერთი კითხვა მაინც დაესვა. ქოისარი არ სწავლობდა, მაგრამ ნინო მასწავლებელი, ყოველდღე ეუბნებოდა, ქოისარ, შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, ისეთი გონება გაქვს, უნდა გამოიყენო, შენ ძალიან კარგად იცი ქართული, უბრალოდ ლაპარაკის გრცხვენია. და მერე მას აკითხებდა ხმამაღლა. თავიდან ძალიან უჭირდა, მარცვლავდა, მერე ნელ-ნელა, მართლაც, მიეჩვია. როცა ქოისარს რამე შეეშლებოდა და ჩვენ გაგვეცინებოდა ნინო ძალიან ბრაზდებოდა და გვეკითხებოდა:
-ქოისარის ნათქვამი აბა რომელიმე თქვენგანმა აზერბაიჯანულ თარგმნეთ. აა, არ იცით აზერბაიჯანული? მიდი ქოისარ ახლა შენ გაიცინე. ის სწავლობს უცხო ენას და ჩვენ მას უნდა დავემხმაროთ.
  წლის ბოლოს ქოისარი უკვე გამართულად საუბრობდა და, ჩვენდა გასაოცრად,  კარგადაც სწავლობდა, ნინოს ნათქვამმა, შენ ძალიან გონიერი ხარ, მასზე მართლაც იმოქმედა.
  გავაცნობიერეთ, რომ გადამდები დაავადება არ სჭირდა და მისი გვერდით ადგილი აღარ იყო თავისუფალი, მეტიც, ჩვენ დავმეგობრიდით და მივხვდი, მას ჰქონდა ყველაზე ლამაზი თვალები მსოფლიოში,  შავი, როგორც უმთვარო ღამე და ციმციმა, როგორც ვარსკვლავები. ქოისარს ჰქონდა ახლადგაშლილი ვარდივით წითელი და დაბურთული ტუჩები, ქოისარი რაღაცნაირი მოსული გოგო იყო, ხორცსავსე და ეშხიანი და მე ის შემიყვარდა.
  არც ისე ადვილი აღმოჩნდა  ურთიერთობა. ქოისარი არ ჰგავდა ჩემს თანაკლასელ გოგონებს,  ჭკვიანი იყო, დაფიქრებული, თითქოს დაბადებიდან სევდა ჩასდგომოდა მზერაში. ყველა სიტყვას ზომავდა, რაღაც დიდ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას გრძნობდა. მასთან მეც თითქოს უფრო დიდი ვხდებოდი, ქოისარის თვალები ფიქრს გაიძულებდნენ.
    ჩემს შავტუხას უნდოდა, ადვოკატი გამოსულიყო, მინდა, უსამართლოდ არავინ ისჯებოდესო, გოგონები მინდა დავიცვაო. მაშინ მე კარგად არ მესმოდა ტრადიციებისა და მუსულმანური სამყაროს წესები და მეცინებოდა, კაცებმა რა დაგიშავეს-მეთქი. სდუმდა, არაფერს მპასუხობდა.
  ის მუსლიმი იყო, მე- ქრისტიანი. ჩვენ რწმენაზე არ ვსაუბრობდით, მე ის მიყვარდა და საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა შუაში იყო აქ რწმენა. ერთხელ მითხრა, საქართველოში ყველაფერი სხვანაირადაა, ჩვენ ბევრი ტრადიცია გვაქვს, რასაც არ ვეთანხმები და მინდა შეიცვალოსო, მაგრამ ვერაფერი შეცვალა. მე-9 კლასის საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ  აღარ მოსულა, გაათხოვეს.
  რამდენიმე თვის განმავლობაში ვგლოვობდი შავტუხას, მერე ზაფხული მოვიდა თავისი ახალი თავგადასავლებით და მიმავიწყდა, თითქოს მიწიდან ახლადთავამოყოფილი იებისათვის ქარს ფოთლები მიეყაროს. მიიმალა ჩემს გულში ქოისარის თვალები, მაგრამ არსად გამქრალა, დროდადრო, მომაბეზრებელი ყოველდღიურობისაგან დაღლილ ღამეებში ჩნდება და თითქოს რაღაცას მსაყვედურობს. მერე სიზმრები დამფრთხალი შვლებივით ეფარებიან საბანს და მე დილამდე ვრჩები ქოისართან.  რაც დრო გადის და წლები პირველი თოვლივით მადნება მხრებზე, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ პირველ სიყვარულზე, რომელიც, უდავოდ, განწირული იყო.
  სად ხარ, ქოისარ, ახლა? ალბათ გასუქდი, განიერი თეძოებზე ჭრელი შალი გაქვს მოხვეული, იქნება ოქროს კბილიც კი ჩაისვი და ყიდი ბაზარში მწვანილს. შეეგუე შენს ტრადიციებს თუ იბრძოდი მის წინააღმდეგ? იქნება როგორი გამეტებით იცავდი საკუთარ უფლებებს და არავინ შეგეშველეთ, გვერდით დასაყრდენი ვერ იგრძენი?
  რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნათლად ჩნდება ჩემს ხსოვნაში ქოისარ მამედოვი, მუგუზლებივით რომ ენთებდა თვალები, ადვოკატობაზე რომ ოცნებობდა, პატარა გოგონების დაცვა რომ სურდა და საკუთარი თავიც ვერ დაიცვა. მახსოვს ჩემი შავტუხა  და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, აქვე, ჩვენს თავისუფალ სამყაროში, პატიმრად რომ ჰყავდა ქცეული საკუთარ ტრადიციებს და არც ერთი ჩვენგანი არ ვეცადეთ მის გათავისუფლებას, მის გადარჩენას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები